მთავარი,სიახლეები

რა წერია „რივიერა ბათუმის“ კვლევაში და ვინ ჩაატარა ის – 5 კოშკის მშენებლობა

09.08.2019 • 3253
რა წერია „რივიერა ბათუმის“ კვლევაში და ვინ ჩაატარა ის – 5 კოშკის მშენებლობა

ორი კვლევა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით, ისევ ტოვებს კითხვებს „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. რისკებზე საუბრისას სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ბათუმის კონცხთან დაგროვილ ნატანი მიმდებარედ, ზღვაში არსებულ კანიონზე. საუბარია მდინარე ჭოროხის მიერ შემოტანილ მასებზე, რაც ბათუმის კონცხთან გროვდება. ამ მიმართულებით კვლევა 10 წელზე მეტია არავის ჩაუტარებია. შესაბამისად,  აქ დაგროვილი ნატანის სავარაუდო ოდენობაზეც კი, ამ დროისთვის არცერთ სახელმწიფო უწყებას პასუხი არ აქვს.

კანიონთან არსებული ვითარება არც 1999 წელს ჰქონდათ შესწავლილი. სწორედ მაშინ, მიწისძვრამ  კონცხზე ინერტული მასების ჩამოშლა გამოიწვია, რის შედეგად დაახლოებით 200 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანის პლაჟის ნაწილი ზღვამ მიიტაცა.

მას შემდეგ, რაც კონცხის ტერიტორიაზე შპს „რივიერა ბათუმმა“ ხუთი თაუერის მშენებლობა  დაგეგმა, კანიონთან დაგროვილი ნატანის ოდენობის შესწავლის აუცილებლობის საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგა.

შპს „რივიერა ბათუმის“ წარმომადგენელები ამბობენ, რომ კანიონთან დაკავშირებულ პროცესებს პროექტით დაგეგმილ შენობების საძირკველსა და მათ მდგრადობაზე პირდაპირი კავშირი ვერ ექნება, რადგან სამშენებლო ტერიტორია კანიონს მოშორებულია. მათ ამის შესახებ, როგორც ნებართვის გამცემ უწყებებს, ასევე ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას იტალიური კომპანიის დასკვნა წარუდგინეს. 1999 წელს ბათუმის კონცხთან პლაჟის წარეცხვის ფაქტი ამ კვლევაშიც არის განხილული და  წერია ისიც, რომ ტერიტორიის არასტაბილურობა ამ ადგილზე წყალქვეშა კანიონის არსებობით არის განპირობებული:

„არასტაბილურობის პროცესი ციკლური ფენომენია, რომელიც გააქტიურებულია დანალექის განუწყვეტელი ზრდით, რაც ძირითადად სანაპიროზე მდინარე ჭოროხის მეშვეობით გაიტანება. კონცხის მიდამოში ადგილი აქვს სხვადასხვა არასტაბილურობას: ძირითადი არასტაბილურობის პროცესი, რამაც 1999 წელს გამოიწვია მასიური მეწყერი და მეორადი არასტაბილურობის პროცესი, რომელიც დამოუკიდებელია ძირითადისგან და მოიცავს მცირე ზომის ნიადაგებს.“

რა პრობლემა შეიძლება შექმნას კანიონთან დაგროვებულმა ნატანმა

კანიონთან დაგროვებულმა ნატანს რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს რივიერას პროექტთან? – ამ კითხვაზე ორი კვლევის ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი გვაქვს:

„…დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“,  – წერია კვლევაში, რომელიც სახელმწიფომ ჩაატარა თავისი სპეციალისტების მონაწილეობთ. ეს კვლევა 2013 წელს გაერომ დააფინანსა და აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის ნაწილია.

კვლევაში მაშინ მონაწილეობდა გეოლოგი ტერიელ ტუსკიაც, რომელიც, „რივიერა ბათუმის“ დირექტორის, გიორგი კაპანაძის სიტყვებით „საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ გეოლოგად ითვლება“.

ამავე გეოლოგმა ჩაატარა კვლევა „რივიერა ბათუმის“ დაკვეთითაც. ამჯერად მის მიერ ჩატარებული კვლევების ექსპერტიზის საფუძველზე, განსხვავებული დასკვნები გამოიტანა „რივიერა ბათუმის“ მიერ დაქირავებულმა იტალიურმა კომპანია „Studio Colleselli“ -მ , რომელსაც იახტების მისადგომის ტექნიკური პირობების კომპლექსური შემოწმების ჩატარებაზე ჰქონდა დაკვეთა მიღებული. კვლევაში მითითებულია, რომ კომპანიამ შეისწავლა ტერიტორია „ბათუმი რივიერას“ სამშენებლო ფართობის მახლობლად, დაახლოებით 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, შესასვლელით რუსთაველის გამზირისა და გოგებაშვილის ქუჩის წრიული გზაჯვარედინიდან.

დოკუმენტში წერია, რომ დაგეგმილი მშენებლობის საძირკვლის ნიადაგების კვლევა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შპს Tuski Geology Group-მ აწარმოა [ამ კომპანიის დამფუძნებელია სწორედ  ტარიელ ტუსკია], შემდეგ კი მის მიერ მომზადებულ მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნა მოამზადა შპს „სტუდიო კოლისელმა“. ის დაეყრდნო ასევე ილიას უნივერსიტეტის სეისმურ მონაცემებს და თეა გოდოლაძის მიერ მომზადებულ  საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის კვლევას.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამ ზონაში არსებული ნიადაგის პირობების მიხედვით, საძირკველში ღრმა ხიმინჯების გამოყენება მიზანშეწონილია. ნიადაგის გაწყლოვანების რისკი  კი უმნიშვნელოდ ითვლება და შესაძლებელია მისი უგულებელყოფა.

დაგეგმილი 5 თაუერის პარამეტრები

„ბათუმი რივიერას“ ინფორმაციით, 42-სართულიანი კოშკის სიმაღლე, რომლის აშენებაც სანაპიროსთან ყველაზე ახლოს იგეგმება, 159 მეტრი იქნება [კოშკის ზომები – 50×50 მ]. კოშკს ექნება ღრმა საძირკვლები და 40 მ-ზე მეტი სიგრძის ხიმინჯებზე დადგება. დაგეგმილი სამშენებლო პროექტის ფარგლებში ეს ყველაზე მაღალი კოშკი არ იქნება. მეორე კოშკი, რომელიც სანაპირო ზოლიდან შედარებით მოშორებითაა დაგეგმილი, 56-სართულიანია  და მისი სიმაღლე 205,60 მეტრი იქნება – სწორედ ეს იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა.

პროექტის რენდერის მიხედვით, პირველი  კოშკი [სანაპირო ზოლთან ყველაზე ახლოს] სანაპირო ხაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 150 მ-ში მდებარეობს. კოლისელის“ დასკვნაში წერია, რომ ამ ადგილმდებარეობის გამო ინერტული მასების ისეთი მასიური ჩამოშლის შემთხვევაშიც კი, როგორსაც ადგილი ჰქონდა 1999 წელს, რთულად სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა რაიმე გავლენა მოახდინოს კოშკის საძირკვლის სისტემაზე: „მეორე მხრივ კი, შეიძლება ითქვას, რომ დატვირთვის გადატანა ფუნდამენტიდან ნიადაგზე არ იქნება ინერტული მასების ჩამოშლის მაპროვოცირებელი ფაქტორი.“ თუმცა აქვე წერია, რომ ამ ყველაფერს – ბათუმის კონცხის მორფოდინამიკურ ევოლუციას მონიტორინგი მაინც დასჭირდება და ეს კომპეტენტურმა უწყებამ უნდა გააკეთოს.

კომპანიაში განგვიმარტეს, რომ ამაში სახელმწიფო უწყებას გულისხმობენ.

მესამე 174,10 მეტრი სიმაღლის თაუერი 47-სართულიანი იქნება. სამშენებლო პროექტი კიდევ ორ თაუერს მოიცავს, რომელთა სიმაღლეები 100,60 [26 სართული] და 114,60 [29 სართული] მეტრი.

შენობების განლაგება – რენდერი

 

რენდერი

ახალი ლაგუნა

კიდევ ერთი საკითხი, რაც მისი ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით ინტერესს იწვევს, ეს ახალი, ხელოვნური ლაგუნაა. პროექტი მოიცავს შიდა ხელოვნური ლაგუნას მშენებლობას, რომელიც არსებულ ლაგუნას არხით უნდა დაუკავშირდეს. კომპანია ირწმუნება, რომ ხელოვნური ლაგუნას გავლენა კოშკების საძირკველზე იქნება უმნიშვნელო ან მინიმალური. „ახალ ლაგუნას დამაკავშირებელ არხს არ ექნება არავითარ უარყოფით გავლენა არსებულ ლაგუნას სანაპირო კედლისა და ჯებირის სტაბილურობაზე და იგი არ მოახდენს არავითარ უარყოფით გავლენას ბათუმის კონცხის მორფოდინამიკაზე და კანიონის სტაბილურობაზე“, – წერია დოკუმენტში.

ტერიტორიის  რელიეფის სირთულის გათვალისწინებით, რა გავლენას მოახდენს პროექტი გარემოზე? – ამ კითხვაზე პასუხი გარემოს დაცვის სამინისტროში არ აქვთ. უწყებაში პროექტი არ შეუსწავლიათ იმ მიზეზით, რომ სამინისტროს ამას გარემოსდაცვის კოდექსი არ ავალდებულებს.

„…იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რაც იყო წარმოდგენილი, ასეთი შეფასება მას არ სჭირდებოდა. ხელოვნური ლაგუნა არ გვაქვს კოდექსის იმ ჩამონათვალში, რომლებთან დაკავშირებითაც კანონი გზშ-ს მომზადებას ითხოვს. ათ ჰექტარზე მეტ ფართობზე თუ ხდება ურბანული განაშენიანება, ან რაიმე ტიპის განაშენიანება ამას სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის პროცედურა, ეს ტერიტორია არ არის ათ ჰექტარზე მეტი“, – გვითხრა გარემოს დაცვის სამინისტრო შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ბერაძემ.

შპს „რივიერე ბათუმის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე იტალიელი სპეციალისტების გაანგარიშებებს ენდობა. რისკებთან დაკავშირებით არსებულ მოსაზრებაზე საუბრისას ის აცხადებს, რომ, პირველ რიგში, თავად არის დაინტერესებული პროექტის მდგრადობასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რადგან მისი კომპანია არ აპირებს მილიონების დახარჯვას პროექტში, რომელსაც მომავალში საფრთხე დაემუქრება. ამავე დროს ის ადასტურებს იმასაც, რომ კანიონთან არსებულ ნატანსა და მის ოდენობაზე კომპანიას ინფორმაცია არ აქვს. „ერთი ჩაყვინთვით იქ ტონაჟობას რომ ვერ დაადგენდნენ, ცხადია“, – ამბობს ის.

ყველა კითხვაზე პასუხი არც გეოლოგ ტარიელ ტუსკიას აქვს. ის ამბობს, რომ მისი საქმე იყო გრუნტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის კომპანიისთვის მიწოდება. კონცხის სანაპიროს მდგრადობა პროექტის მშენებლობის შემდეგ, კანიონში არსებული მდგომარეობა და რისკები სეისმური აქტივობის დროს სულ სხვა საკითხია.

„ჩემს კვლევებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ჩვენ გრუნტი შევისწავლეთ და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ კომპანიას. როგორი საძირკველი უნდა ჰქონდეს შენობას, რა სართულიანობას გაუძლებს, ეს კონსტრუქტორის გამოსაანგარიშებელია. რაც შეეხება კანიონს და კანიონთან დაგროვილ ნატანს, ეს აუცილებლად შესასწავლია. იყო ასეთი სამსახური საქნაპირდაცვა, რომელსაც ყოველწლიურად ამ ტერიტორიიდან დაახლოებით 20-25 კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოჰქონდა. ათ წელზე მეტია, რაც არ ვიცით იქ რა სურათია. არის იქ ეს მასალა, დალექილია, არ არის დალექილი, ამაზე ცალკე კვლევაა ჩასატარებელი. როგორც პროფესიონალს, მეც მაინტერესებს იქ რა ხდება და ბათუმის კონცხი რა მდგომარეობაშია, თუმცა ამას მე, პირადად, მშენებლობასთან ვერ დავაკავშირებ“, – ამბობს ტარიელ ტუსკია.

საქნაპირდაცვა დიდი ხანია, რაც აღარ არსებობს. მისი ფუნქციები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეითავსა. პროექტი ამ სამინისტროშიც შეისწავლეს. რა შეფასებები გააკეთეს სპეციალისტებმა პროექტთან მიმართებაში, ამის შესახებ სამისტროს ვკითხეთ. პასუხს მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

სამშენებლო რელიეფის სირთულესა და რისკების მასიმალური გათვლის აუცილებლობაზე საუბრობს თეა გდოლაძე, რომელმაც კომპანიის დაკვეთით სამშენებლო ტერიტორიის გეომორფოლოგია შეისწავლა. მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ამ ადგილზე შპს „რივიერა ბათუმი“ 56-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს:

„ჩვენი იყო გეოფიზიკური კომპონენტი, ეს არის გრუნტის მდგომარეობა, სიჩქარე და  რა სეისმურ დატვირთვებზე უნდა აშენებულიყო შენობა. ამიტომ სხვა დეტალები პროექტის შესახებ არ ვიცი.  რაც შეეხება სეისმურ მდგარდობას, სეისმური ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტირების დროს, ამას უნდა დაემატოს გარემოფაქტორები, სეისმური კუთხით ყველაგან შეიძლება შენობის დადგმა, თუ ამის საშუალებას გრუნტის პირობები გაძლევთ. ცუდი გრუნტია, მაქ  არ არის კარგი გრუნტი. ამიტომ მთლიანად კონსტრუქციის ქცევაა მნიშვნალოვანი იმ დატვირთვებზე, რაც ჩვენ მივეცით, ერთია რა მონაცემებს მისცემ და მეორეა ის რას გააკეთებს. ვფიქრობ, საქართველოს მორფოლოგიიდან გამომდინარე ასპროცენტიანი კი არა ორპროცენტიანი დატვირთვები უნდა ავიღოთ, ამ შემთხვევაში დიდი აჩქარება ჩნდება. კომპანიას არჩევანი 100%-ზე აქვს გეკეთებული.“

ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

მთავარი ფოტო: პროექტის რენდერი გენგეგმიდან – როგორი ხედი ექნება ბათუმის შემოსასვლელს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: