მთავარი,სიახლეები

„ღამის სერენადები 2019“ ბათუმში

09.08.2019
„ღამის სერენადები 2019“ ბათუმში

ფესტივალი „ღამის სერენადები 2019“ ბათუმში 25, 27 და 28 აგვისტოს გაიმართება. საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება.

„ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი – „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.

„ღამის სერენადები“ 2 და 4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.

ფესტივალს არაერთი სპონსორი კერძო და სახელმწიფო დაწესებულება და მედიამხარდამჭერი ჰყავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.