მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობენ სახლებში, რომელთა შორის რკინიგზის ლიანდაგი გადის

09.08.2019 • 3695
როგორ ცხოვრობენ სახლებში, რომელთა შორის რკინიგზის ლიანდაგი გადის

ავტორი: მარიამ მუთიძე

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის 2 ნომერში, ადამიანები მატარებლის ლიანდაგისგან ერთი ხელის გაწვდენაზე ცხოვრობენ. დასახლება ბარაკების ტიპისაა და ბაზრის მახლობლადაა განლაგებული. 

ნათელა გურგენიძე 30 წელზე მეტია, რაც იქ ცხოვრობს. ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ მაშინ მოუსწრო, როცა ბინის რიგში იყო. 

“ამ ტერიტორიაზე მაშინ რკინიგზელების კლუბი იყო, მერე ერთ-ერთი ოთახი განთავისუფლდა და მაშინ გადმოვედი. მარტოხელა დედა ვიყავი, სამი შვილი მყავს, ახლა სამივე გათხოვილია და აქვე, ამ დასახლებაში ცხოვრობენ.”

ამ ქოხებს შორის მატარებელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადის

მაგდა ყურშუბაძეც აქ ცხოვრობს, იხსენებს, რომ ერთხელ რომელიღაც გადაცემიდან მოვიდნენ თავისი შვილის ჩასაწერად. ოთახი კი ისეთი ვიწრო და ბნელი იყო, რომ ოპერატორმა ვერ მოახერხა სახლში კადრების გადაღება.

ირინა დოლიძეს კი მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, სოციალურად დაუცველია და აქ ქირით ცხოვრობს. მისი ოჯახი 25 წელია აქაა და მთავრობისგან დახმარებას ელის. 

https://www.facebook.com/batumelebi/videos/482918878934112/

ამჟამინდელი მონაცემებით, ტერიტორიაზე ათობით ოჯახი ცდილობს ყოველდღიურად გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელთა სპექტრიც მრავალგვარია:

ანტისანიტარია

ე.წ. ბარაკის ტიპის დასახლებაში ერთი ლიანდაგი შენობებს შორის გადის, მეორე კი – დასავლეთიდან აკრავს სახლებს. ამის გამო იქ მუდმივად ბინძური ჰაერია. ბაზართან სიახლოვის გამო, მახლობლად იყრება ნაგავი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

ცხოვრება ლიანდაგებს შორის

მაგდა და ნათელა – ცხოვრება ლიანდაგებს შორის

ქვეწარმავლები

დასახლების მცხოვრებლების თქმით, ყოველწლიურად რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება, როცა გველს სახლის კართანაც კი პოულობენ.

ნათელა გურგენიძის თქმით, არიან ვირთხები, რომლებიც ბაზრის ტერიტორიიდან ხვდებიან დასახლებაში. ასე, რომ აქ ხშირად შეხვდებით კატებსაც, მათ პატრონები თაგვებთან საბრძოლველად უვლიან.

სახიფათო გარემო

ნათელა: მატარებელმა დღე-ღამის მონაკვეთში ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიაროს – დღისითაც, ღამითაც, როცა გვძინავს. იმის საშიშროებაცაა, რომ მატარებელი გადაბრუნდეს.

მაგდა: ღამე მატარებელი ისე სწრაფად ჩაივლის, ძილსაც გვიფრთხობს. რელსები ჩაწეულია და ვაგონების შეჯახების ხმა გვაღვიძებს.

კანალიზაცია

ცხოვრება ლიანდაგებს შორის

ირინა დოლიძე ახალშობილ შვილთან ერთად

ნათელა: როდის იყო? მგონი 2 წელი გავიდა უკვე, ეზოს მოპირკეთებაზე შევიტანეთ განცხადება. მერიის სამსახურიდან რომ მოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ კანალიზაციის სისტემაც უნდა მოწესრიგებულიყო. რადგანაც ძველი სისტემა სახლების ქვეშ გადიოდა, ვერ მისწვდნენ და გადააერთეს ჩვენი და რკინიგზის კანალიზაცია სანიაღვრე მილებს. ახლა წვიმა რომ მოდის, მთელი კანალიზაცია ამოდის ეზოში. ხან ჩვენ თვითონ ვრეცხავთ, ხან დასუფთავების მანქანას ვიძახებთ, მაგრამ სულ ხომ ვერ გამოვიძახებთ, ყველა წვიმაზე. ჰოდა, ძირითადად, ჩვენ გვიწევს გადარეცხვა.

ახლაც წყალი გვაქვს ეზოში მოშვებული, რომ სუნი არ ამოვიდეს. ისეთი სუნი დგება, ფანჯრებს ვერ ვაღებთ.

ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ „მაიაკოვსკის ქუჩის #2-ში წყალარინების ქსელის დაერთება ტექნიკურად ვერ ხერხდება მიმდებარედ არსებულ წყალნარინების ქსელზე. განიხილება სხვადასხვა პროექტი აქ მცხოვრები მოსახლეობის წყალნარინების ქსელზე დაერთებისთვის ალტერნატიული მიმართულებით, რომელიც დამუშავების პროცესშია“.

ცუდი საცხოვრებელი პირობები

ნათელა: ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ. სახურავების პროგრამის ფარგლებში მთავრობიდან მოსულ წარმომადგენელს ვთხოვეთ, რომ ვისაც საშუალება აქვს სამეზობლოში, ამ სახლებზე დაშენების საშუალება მოგვცენ. არავითარ შემთხვევაშიო, გვითხრეს. საძირკველი ვერ გაუძლებსო.

მაგდა: აზრი არ აქვს რემონტის გაკეთებასაც კი. მატარებელი რომ ჩამოივლის, ყველაფერი ზანზარებს, კედლებს ბზარები უჩნდება.

ნათელა: „ტუნელებივით“ ოთახებია, უჰაერო სივრცეში გვძინავს.

არაადაპტირებული გარემო

მაგდა ყურშუბაძე: ჩემი შვილი ეტლით მოსარგებლეა და სულ მეთვალყურეობის ქვეშ მყავს. გარეთ მარტოს არ ვტოვებ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მატარებელმა გამოიაროს. თვითონ მასეთ დროს სწრაფად ვერ გადაადგილდება. სულ შიშის ქვეშ ვარ მაგის გამო.

შეუფერებელი გარემო ბავშვებისთვის

იქ მცხოვრებლების თქმით, დასახლებაში 20-მდე ბავშვი ცხოვრობს. მათთვის არ არსებობს სათამაშო სივრცე. ბავშვებს დღის განმავლობაში რკინიგზის უამრავჯერ გადაკვეთა უწევთ.

ირინა დოლიძე ახალშობილის დედაა. ამბობს, რომ მატარებლის ხმაურზე ბავშვი იღვიძებს. თავიდან ჩვენც გვეღვიძებოდა, გვეშინოდა რა ხდებაო.

„ძალიან ხმაურია, როცა მატარებელი ჩაივლის.  ცოტა ჩქარა თუ ჩაივლის, მით უმეტეს საშინელებაა, შავი კვამლი ამოდის და ოთახში შეგვყავს ბავშვები. არც სტადიონია, არც სათამაშო სივრცე. „ტაჩკაზე“ თამაშობენ ბავშვები. უმეტესწილად მშობლები ვართ დაძაბულები, რომ ბავშვი სახლიდან არ გავიდეს, შემთხვევით, მაგ დროს მატარებელმა რომ არ გამოიაროს.

როგორ უნდა გავზარდო ჯანმრთელი ბავშვი, როცა სუფთა ჰაერიც კი არ არის“. 

ცხოვრება ლიანდაგებს შორის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: