სარფში 2 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 170 128.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული 2 კილოგრამზე მეტი  ოქროს საიუველირო და 399,7 გრამი ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სხეულზე მალულად მოთავსებული შემოჰქონდათ,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ხარ თუ არა მზად დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის [ტესტი]

დამოუკიდებლობა ბევრი სხვადასხვა უნარის ნელ-ნელა განვითარებას გულისხმობს. დილით ყავას თუ თავად იმზადებთ, საწოლს ალაგებთ და კვერცხსაც თავად იწვავთ, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეავსეთ ტესტი და გაიგეთ რა გჭირდებათ სრული დამოუკიდებლობისთვის.

ისარგებლეთ 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით თეგეტა მოტორსისგან

თეგეტა მოტორსი მომხმარებელებს ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში ზაფხულის საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ფილტრების, ავტოსათადარიგო ნაწილების, დანადგარებისა და სხვა ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად 20% თეგეტა ქარდზე დაუბრუნდებათ. აქცია მოქმედებს თეგეტას მთელს ქსელში 31 აგვისტოს ჩათვლით.

20%-იან ქეშბექ აქციასთან ერთად, მომხმარებელი ასევე მიიღებს უსასრულო გარანტიას Bridgestone-ის, Michelin-ის და Riken-ის ზაფხულის საბურავების შეძენისას, უსასრულო გარანტია ასევე ვრცელდება VARTA-ს აკუმულატორებსა და სამუხრუჭე ხუნდებზე. ამასთანავე მოქმედებს აკუმულატორების ჩაბარების სერვისი, ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით ფასდაკლებას მიიღებს, 20%-იან ქეშბექსა და უსასრულო გარანტიასთან ერთად. 

თეგეტა ქარდზე დარიცხული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ თეგეტას ბრენდირებული აქსესუარების, ინსტრუმენტების, ავტომობილის მოვლის საშუალებებისა და ნებისმიერი დასახელების პროდუქტის შესაძენად თეგეტას ქსელში 31 დეკემბრის ჩათვლით.

თეგეტა ასევე გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ისე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.

ვინ და რას ხატავს ბათუმის ქუჩებში

ქუჩის მხატვრობა ანუ ე.წ „სტრიტ არტი“ მიჩნეულია გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად, რომლითაც ადამიანები ამბობენ თავიანთ სათქმელს იმ მიმდინარე აქტუალურ თემებზე, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს. მხატვარმა ქუჩის პლატფორმა შესაძლოა გამოიყენოს როგორც სოციალური, პოლიტიკური, ასევე, ესთეტიკური, პოზიტიური გზავნილებისთვის. ხშირ შემთხვევაში, ქუჩის მხატვრობა არის ერთგვარი გზავნილი იმ მტკივნეულ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ.

კიდევ ერთი კანონზომიერება, რომელიც სტრიტ არტს ახასიათებს, არის ის, რომ ის შეიძლება წაიშალოს, გადაიღებოს, თუმცა გააკეთოს თავისი საქმე.

ირმა სურმანიძე პროფესიით ანიმატორია და ქუჩის მხატვრობაც აინტერესებს. ფიქრობს, რომ ქუჩა მეტ მასშტაბს აძლევს სამუშაოდ. „ქუჩაში მეტი თავისუფლება გეძლევა და კედლის მასშტაბი მაძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე გავშალო ფრთები“, – გვეუბნება ის.

ბათუმში ექვსი გრაფიტი აქვს, ასევე, ნობელების მუზეუმში მთელი ოთახი მოხატა.

„კედელზე ფუნჯით ვმუშაობ, მინდა ვაჩვენო ადამიანის ქვეცნობიერი, ვაჩვენო ბევრი ადამიანი, რომლებიც ერთ ადამიანში ცხოვრობენ. ვფიქრობ, ჩემს გრაფიტებში ჩანს ადამიანური თანაგრძნობა.

კარგია, თუ ხალხს მოსწონს შენი ნამუშევარი, თუ სათქმელი მიიღო სწორად. იყო შემთხვევა, როცა მითხრეს, თუ არ მომეწონება, საღებავს შევასხამ და არ დავტოვებ კედელზეო“, – ამბობს ირმა.

ირმა სურმანიძის კედლის მხატვრობა ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე.

ირმა ამბობს, რომ აწუხებს ქალაქის თემა – მრავალსართულიანი სახლების ზრდის დინამიკა. „ალბათ, ამ თემაზე გავაკეთებ ერთ კედელს. გარდა ამისა, ქალაქში ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს, მაშინ, როცა ბათუმი სწორედ ველოქალაქად წარმომიდგენიაო“.

ქუჩის მხატვრობა

ირმა ცდილობს  კედლები ნებართვით მოხატოს, თუმცა ფიქრობს, რომ უფრო კარგი იქნება იმ კედელზე მუშაობა, რომელიც მოსწონს.

„დაკვეთითაც ვხატავ კედლებს. ასეთ დროს, ბუნებრივია, დამკვეთის გემოვნებასაც უნდა მოერგო, მაგრამ მთავარი მაინც ხატვაა.

ირმა სურმანიძის კედლის მხატვრობა ვერანდაზე

არ მაქვს აგრესიული ტონი, რადგან პროტესტის გამოხატვა შესაძლებელია მშვიდი ტონითაც. თუმცა ქუჩის მხატვრობის აზრიც ისაა, რომ ყველა ადამიანმა, რაღაც თავისი წაიკითხოს იქ და ისინი არ არიან ამაში შეზღუდული“, – გვეუბნება ის.

მხატვარი მარიამ რამიშვილი ქუჩის მხატვრობით სამი წელია, რაც დაინტერესდა და სურს, უფრო მეტად იაქტიუროს ამ სფეროში. მისი აზრით, სტრიტ არტი ეს არის თავისუფალი, შინაგანი ძახილი, რომელიც არავის შეუძლია შეზღუდოს.

მის გრაფიტებში  ქალის თემატიკა დომინირებს,  რადგან ფიქრობს, რომ ქალების გენდერული თანასწორობის თუ სხვა ტიპის პრობლემები ჯერ კიდევ აქტუალურია.

მარიამ რამიშვილი, სტრიტარტისტი, მხატვარი
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ქალური თემა ჩემთან უფრო ახლოსაა. შეიძლება იმიტომ, რომ ქალი ვარ და ჩემგან ნათქვამი უფრო ნამდვილი, ნატურალურია. დღესაც კი, ქალებს გვიწევს იმის დამტკიცება, რომ რაღაც შეგვიძლია“, – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, გრაფიტი თუ სტენსილი პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე ჩნდება.

მარიამ რამიშვილის სტრიტ არტი ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე

„მაგალითად, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის ამბები რომ იყო, მაშინ დავხატე გრაფიტი, სადაც ასახულია ერთი ქალი ორ განზომილებაში. ერთი ჩვეულებრივ მდგომარეობაში და მეორე, სადაც ქალი არის უფრო ბედნიერი, ფრთაშესხმული… ეს არ არის რაიმეს პროპაგანდა, ვფიქრობ, ამით ვაჩვენე ის, რომ როცა ადამიანს რაიმე პოზიტივს ანიჭებს, არავის აქვს უფლება ეს თავისუფლება შეუზღუდოს“, – ამბობს მარიამი.

მარიამი გეგმავს რამდენიმე გრაფიტი მუნიციპალიტეტებშიც გააკეთოს, რადგან, მისი თქმით, ეს სივრცეები ნაკლებად არის ათვისებული. „ვფიქრობ, სოციალური იქნება თუ, ზოგადად, პოზიტიური გზავნილები, აქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, არავის აქვს უფლება ქუჩის მხატვარს რაიმე უკარნახოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხატვას მუნიციპალიტეტი ან სხვა ვინმე დააფინანსებს. ქუჩის ხიბლის არის ის, რომ ამ გრაფიტებს ბევრი მნახველი ჰყავს“.

მარიამი ამბობს, რომ მისი გზავნილები პოზიტიურია, „რადგან ისედაც დათრგუნულ, სტრესულ გარემოში საჭიროა მეტი პოზიტივი მიაწოდო ხალხს და ადამიანებსაც გაუჩინო კითხვები.

მარიამის აზრით, გრაფიტი უნდა იყოს პროტესტისა და ესთეტიკის ტანდემი. „ვფიქრობ, ჩემს ნამუშევრებს ეს აქვს“, – გვითხრა მარიამმა.

ირაკლი ადეიშვილის კედლის მხატვრობა

მხატვარი, ექსპერიმენტალისტი ირაკლი ადეიშვილი ამბობს, რომ ქუჩის მხატვრობას სააშკარაოზე გამოაქვს ის თემები, რომლებიც აქტუალურია საზოგადოებაში და შესაძლოა, ბევრი ამაზე სხვადასხვა მიზეზის გამო ხმამაღლა ვერ საუბრობდეს.

„სწორედ მხატვარმა უნდა თქვას ასეთ დროს ხალხის სათქმელი. ხელოვანი, პოპარტისტი არ უნდა ასცდეს ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს“, – ამბობს ის.

ირაკლი ამბობს, რომ ბათუმში ქუჩის მხატვრობის ფესტივალს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი „თანამედროვე ხელოვნება 41/41“-ის მიერ და 2017 წლამდე გაგრძელდა. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმში რამდენიმე კედელი მოხატეს ქართველმა და უცხოელმა ქუჩის მხატვრებმა. მათგან ყველაზე დიდი  ბათუმის პორტის კედელია:

„ამან ერთგვარი ბიძგი მისცა ბათუმში ქუჩის მხატვრობის განვითარებას და კარგი იქნება, თუ ბევრი მხატვარი გამოიყენებს ამ პლატფორმას.

ადამიანები გალერეებში იშვიათად დადიან. ამ დროს, ქუჩა გაძლევს შესაძლებლობას შენი სათქმელი უამრავ ადამიანთან მიიტანო. მთავარია, არ იყოს ვანდალიზმი“.

ირაკლის აზრით, სტრიტ არტი ეხმაურება იმ აქტუალურ თემებს, რაც მსოფლიოში ხდება. „სტრიტ  არტს აქვს თავისი კანონზომიერება – მისი ენა უნდა იყოს მარტივი, გასაგები, შეიძლება გამოიყენო მულტიპლიკაციის პერსონაჟებიც, ფერებს აქვს მნიშვნელობა და გზავნილს“.

სტრიტარტისტებმა იციან, რომ ერთ დღეს ან სულაც რამდენიმე დღეში, შესაძლოა მათი გზავნილი კედლებიდან წაიშალოს, გაქრეს, მაგრამ „მთავარი მაინც გზავნილია.“

რატომ დაიკეტა პეტრას ციხე – პროექტი, რომელშიც 1 750 000 ლარი დაიხარჯება

პეტრას ციხე 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის პირველ დეკემბრამდე ვიზიტორებისთვის დაიკეტა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მიზეზი  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი 2019 წელს მესამედ გამოაცხადა და გამარჯვებულთან – სამშენებლო კომპანია „ივერთმშენთან“ – 2019 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებაც გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 1 მილიონ 750 ათასი ლარი იყო, ზუსტად ამ თანხაზეა გაფორმებული ხელშეკრულებაც.

ტენდერის პირობის თანახმად, „სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2020 წლის პირველ დეკემბრამდე“.

ეს ტენდერი სააგენტომ მიმდინარე წლის 30 ივნისს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 5 ივლისს შეწყდა. ტენდერში, ელექტრონული შესყიდვების პორტალის მიხედვით, მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. ეს მესამე ტენდერი იყო, რომელიც სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2019 წელს გამოაცხადა.

თებერვალში გამოცხადებული ტენდერი თავად სააგენტომ შეწყვიტა. აღნიშნული ტენდერის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორმა კერძო კომპანიამ დავების საბჭოშიც უჩივლა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე: ატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი.

რაც შეეხება აპრილში მეორედ გამოცხადებულ ტენდერს, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. სააგენტოს სატენდერო კომისიის შესაბამის ოქმში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა ტენდერის მოთხოვნებს, რის გამოც მას დისკვალიფიკაცია მისცეს. პრეტენდენტი იყო „სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“, რომელიც სააგენტოს სამუშაოების შესრულებას 1 მილიონ 529 ათას ლარად სთავაზობდა [ამ კომპანიასთან მესამე ტენდერის შემდეგ კი ხელშეკრულება, როგორც აღვნიშნეთ 1 მილიონ 750 ათას ლარზე გაფორმდა, საიდანაც, ხელშეკრულების მიხედვით, 2019 წელს კომპანიას 700 ათასი ლარი აუნაზღაურდება, დანარჩენი – 1 050 000 კი, 2020 წელს.]

სააგენტოს პეტრას ციხეზე სამუშაოების დასრულების ვადად თავიდან, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდი ჰქონდა განსაზღვრული. თუმცა, სატენდერო პროცედურების გამო, ეს ვადა სამი თვით – 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გადაიწია.

ციხე-ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება.

რა სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი პეტრას ციხეზე, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

 

 

 

ზღვის წყალი 28 გრადუსამდე გათბა – ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 28-33 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 22-27 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უნალექოდ. ხილვადობა კარგი.
  • ტალღის სიმაღლე 2-7 დმ(1-2 ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსი.

13 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უნალექო ამინდი იქნება. ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი რეგიონში 15 და 16 აგვისტოს.

ვასაძემ და სხვებმა ბათუმში დიდგორობა აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 12 აგვისტოს, მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა დიდგორობა აღნიშნა ბათუმში. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო და მემედ აბაშიძის ქუჩაზე გავლით იუნკრების საფლავთან გადაინაცვლა.

სასულიერო პირებმა, რომლებიც ასევე იღებდნენ მსვლელობაში მონაწილეობას, იუნკრების საფლავთან პარაკლისი გადაიხადეს.

მსვლელობას წინ მიუძღოდა რამდენიმე ცხენოსანი და ჩოხებში ჩაცმული კაცები.

 

დიდგორობა ბათუმში ლევან ვასაძის მონაწილეობით
დიდგორობა ბათუმში ლევან ვასაძის მონაწილეობით

ავარია მახინჯაურის გვირაბთან – ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

დღეს, 12 აგვისტოს, რამდენიმე წუთის წინ, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გადაყვანილია საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ბათუმის მერიაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სად დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი

ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულზე, მემორიალური ქვა წარწერით – „აქ დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი“, 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში განათავსა. ბათუმის მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებდა. კონკურსი ამ დრომდე გამოცხადებული არ არის.

მიუხედავად მემორიალური ქვის განთავსებისა, ქალაქის მერიაში არც ის არის დღემდე გადაწყვეტილი, თუ სად დაიდგმება აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში.

„შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ძეგლის დადგმისთვის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული ადგილის დასახელება არ შეგვიძლია. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. “ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ დაახლოებით 4 თვის წინაც წერდა, რომ ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის ადგილად იუსტიციის სახლთან, გმირთა ხეივანი განიხილებოდა.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი შესაძლოა იუსტიციის სახლთან დადგან

დღეიდან პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის იკეტება

დღეიდან, 12 აგვისტოდან, პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 1 წლითა და 5 თვით იკეტება. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

“პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის პირველ დეკემბრამდე ვიზიტორებისათვის დაიკეტება. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

 

“გადადგეს საქართველოს მთავრობა” – ორი კაცის შიმშილობა ბათუმში

“გადადგეს საქართველოს მთავრობა, შეწყდეს ძალადობა თავისუფალ მედიაზე,”-  ამ მოთხოვნებით ბსუ-ს მეცნიერ თანამშრომელი უჩა ოქროპირიძე მეხუთე დღეა ბათუმში შიმშილობს. ოთხი დღის წინ უჩა ოქროპირიძის მოთხოვნებს შეუერთდა მხატვარი ჯონი ჯიჯეიშვილი. მათ ბათუმის დრამატული თეატრის წინ აქვთ კარავი გაშლილი.

“თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დავით გარეჯი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია,” – საპროტესტო ტრანსპარანტები

“ვითხოვ საქართველოს მთავრობის გადადგომას, რადგანაც ის, ფაქტობრივად, არ არსებობს. საკუთარ არარსებობას ის ვერ გრძნობს. 20 ივნისს თავის არარსებობას დაუსვა წერტილი,” – ამბობს უჩა ოქროპირიძე.

“მეოთხე დღეა აქციას შევუერთდი. თბილისშიც ვიყავი, მაინტერესებდა შიმშილობის პროცესი. თბილისში რომ ჩავედი, იქ აღარ შიმშილობდნენ. მერე აქ დაიწყო უჩამ, ჩამოვედი და დავდექი აქ. საერთო ქართული მოთხოვნაა ამ აქციის მოთხოვნა –  უნდა გადადგეს მთავრობა,” – ამბობს მხატვარი ჯონი ჯიჯეიშვილი.

ჯონი ჯიჯეიშვილი და უჩა ოქროპირიძე

კითხვაზე, როდემდე აპირებენ შიმშილობის გაგრძელებას, უჩა ოქროპირიძე პასუხობს:

“სადამდეც არ მოუვა მთავრობას გონიერი აზრი და იმაში მაინც არ დაეთანხმება ქართველ ხალხს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება”.

მოქალაქეები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ

 

ექვსმა მოზარდმა ბათუმიდან, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ბახმაროს თეატრი დააზიანა

ბახმაროს თეატრის დაზიანებაში მხილებულია 6 მოზარდი – ბათუმიდან, თბილისიდან, გურიიდან და აჭარის სხვა რეგიონებიდან. მოზარდები კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. 14-15 წლის მოზარდები თეატრში შეიპარნენ და დააზიანეს შენობის კედლები. ასევე დაზიანებულია რამდენიმე სავარძელი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა.

უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი არიან: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., 2004 წელს დაბადებული რ.დ., 2005 წელს დაბადებული მ.ხ. 2005 წელს დაბადებული ა.კ. და 2004 წელს დაბადებული ს.ჩ.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს გურიის პოლიცია იძიებს.

ექსპერტიზამ ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს ინფორმაციას.

ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან ექსკლუზიურად მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ “გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო” მეზღვაურის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მასში ასევე საუბარია დაზიანებებზე, ჭრილობასა და მათ მდებარეობაზე.

“სხეულის ხრწნის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა სიკვდილის დროისა და იმის განსაზღვრა, გარდაცვალების დრო ემთხვევა თუ არა პოლიციაში შესულ შეტყობინებას. ამის გამო სიკვდილის მიზეზი განისაზღვრა დახრჩობით გამოწვეულად. დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე, რომელიც მიღებულია მაგარი საგნით. ასევე აღენიშნება ჭრილობა წარბიდან ზემოთ, დაახლოებით, 4სმ-ში. ხოლო მაჯებზე დაზიანებები მიყენებულია ხელების ”თოკით” შეკვრისგან, სადაც ერთ მაჯაზე თოკი კარგად იყო მოჭერილი, მეორეზე – ცოტათი მოშვებული, რაც არ გამორიცხავს, რომ ქმედების განმახორციელებელმა ყველაფერი განზრახ ჩაიდინა. სხეულის დეკომპოზიციის გამო ვერ მოხერხდა ვერც იმის დადასტურება, მოხდა თუ არა მსხვერპლის გაუპატიურება სიკვდილამდე“, – წერია “რუსთავი 2”-ის მირ მოპოვებულ დასკვნაში.

რ2-ის მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. არსებული ვერსიით, სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს, მისი გადმოსვენება კი საქართველოში მხოლოდ 7 მარტს მოხერხდა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, ცნობილია თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რაიმე ახალი დეტალი ზემოაღნიშნულ საქმეზე. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ბათუმში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ნიკოლოზ ბართაშვილის 31/ფარნავაზ მეფის 55 ნომერში, მდებარეობს. აღნიშნული ფილიალი ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ფილიალი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ  წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ფილიალში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, ასევე პრემიუმ კლიენტების მომსახურების სივრცე.

ვითიბი ბანკი  საქართველოში 33  წერტილით არის წარმოდგენილი.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება. 

რეკომენდაციები ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციისთვის – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ზაფხულისთვის დამახასიათებელი დაავადებების პრევენციის მიზნით მოსახლეობას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

[checklist]

  • საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნეთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი – 24°C-ს.
  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას და ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • არ დატოვოთ ბავშვები გაჩერებულ ტრანსპორტში.
  • ატარეთ ნატურალური, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა, მზისგან დამცავი სათვალე.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
  • დაიცავით ჰიგიენური ნორმები – ხშირად დაიბანეთ ხელები.
  • დაიცავით სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოება.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით.
  • ცხოველური წარმოშობის საკვები კარგად უნდა იყოს შემწვარი ან მოხარშული.
  • კერძი მიირთვით მომზადებისთანავე.
  • მაცივარში ცალ-ცალკე შეინახეთ უმი და მოხარშული პროდუქტი.
  • არ გამოიყენოთ საკვებად ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხი.
  • არ დალიოთ აუდუღარი რძე.
  • ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ გამდინარე წყლით.
  • უარი თქვით ტორტებსა და კრემიან ნამცხვრებზე.
  • დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

[/checklist]

 

საქართველოში ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადაღებები იწყება

ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „ფორსაჟის“ ახალ სერიას საქართველოში გადაიღებენ. სცენარის მიხედვით, ფილმში მოქმედება საქართველოში ვითარდება.

ფილმის გადაღება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყება და საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია ,,Enkeny Films“-ი უზრუნველყოფს.

HBO-სა და Universal Pictures – ის წარმომადგენლებმა საქართველოში, მათ შორის, აჭარაშიც, უკვე მოინახულეს ადგილები, რომლებიც ფილმის გადასაღებად შეიძლებოდა გამომდგარიყო. გადაღების ადგილად საბოლოოდ  თბილისის ცენტრალური უბნები შეირჩა.

როგორც სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ – ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს,

ფილმში თბილისი იქნება საინტერესოდ წარმოჩენილი, რაც დიდი რეკლამა იქნება  ქალაქისთვის მთელ მსოფლიოში.

,,HBO-სა და Universal Pictures – ს აქვთ ძალიან ბევრი პროექტი. ჰოლივუდის საქართველოში შემოსვლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არის ქვეყნები, სადაც ჰოლივუდი გადაღებებზე საერთოდ უარს ამბობს, პოლიტიკური ხედვა აქვთ ასეთი. საქართველო კი მათ უკვე მონიშნეს ჰოლივუდური გადაღებებისთვის საინტერესო ადგილების რუკაზე, ეს არის ოქროს ხანის დადგომა საქართველოს საპროდიუსერო კომპანიებისთვის. ჩვენი მიზანი თავდაპირველად იყო, გაგვეცნო ჰოლივუდისთვის საქართველო, როგორც გადასაღებად საინტერესო გარემო. მომავალში ისინი, ვიმედოვნებთ, დაინტერესდებიან ამ ქვეყნის წარსულით, კულტურით და ჩვენი საბოლოო მიზანია, დავაინტერესოთ Netflix-ი და HBO გადაიღონ ვეფხისტყაოსანი.“ – ამბობს მიხეილ ხიდურელი.

პროგრამას „გადაიღე საქართველოში“  სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორციელებს.

აჭარის სანაპიროზე ძლიერი ღელვაა – აკრძალვის მიუხედავად, ზღვაში მაინც ბანაობენ

ბათუმის სანაპირო ზოლში სამაშველო სამსახურს წითელი ალმები აქვს გამოფენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. აკრძალვის მიუხედავად, ადამიანები მაინც ბანაობენ მთელ სანაპიროზე.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა არ ფიქსირდება, მაგრამ არის ძლიერი ღელვა. შესაბამისად, აჭარის მთელ სანაპიროზე გამოფენილია წითელი ალმები.

ბანაობა მხოლოდ კვარიათშია დაშვებული.

არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც 1 თეთრის შეტანა – გვარამია გულშემატკივრებს

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 40 000 ლარი გირაო შეუფარდა, თავის მეგობრებს, გულშემატკივრებსა და თანამოაზრეებს მოუწოდებს, მისი გირაოს ანგარიშზე თანხა არ შეიტანონ. ნიკა გვარამიამ მოსამართლეს სასამართლო პროცესზე განუცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის და ამიტომ აღკვეთ ღონისძიებად გირაოს ფორმას ნუ გამოიყენებს. 

„გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეცანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება.

ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის.

ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას. ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში.

მოკლედ, დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესაძლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე“.

ნიკა გვარამია ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.

 

ბოლო სამი დღეა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი უცვლელია

ბოლო სამი დღის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ არ შეცვლილა. დღეს, 2019 წლის 12 აგვისტოს, ოფიციალირი გაცვლითი კურსით:

  • 1 აშშ დოლარი = 2,9360 ლარი
  • 1 ევრო = 3,2898 ლარი.

ანალოგიური ოფიციალური კურსი იყო 10 და 11 აგვისტოს.

9 აგვისტოს, 1 აშშ დოლარი – 2,9488 ლარი, 1 ევრო კი – 3,3038 ლარი ღირდა [ოფიციალური კურსი].

“Sachkhere gardens” აგრძელებს ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკის შემდეგი ნაკადის მიღებას

სასტუმრო “Sachkhere gardens” აგრძელებს ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკის შემდეგი ნაკადის მიღებას.

ბანაკის მიზანია, ბავშვებმა გაიუმჯობესონ ინგლისური ენის დონე კომუნიკაციური სახალისო აქტივობებით,ისწავლონ,გაერთონ და გაიუმჯობესონ თავიანთი ცხოვრებისეული უნარები.

იყო ESF Sachkhere gardens ბანაკელი ნიშნავს:

[checklist]

  • ზაფხულის 10 დღე გაატარო კომფორტულ,ჰარმონიულ,მეგობრულ გარემოში გამოცდილ
    პერსონალთან ერთად.
  • დაესწრო ინგლისური ენის გაკვეთილებს.
  • ჩაერთო სპორტულ,შემეცნებით და გასართობ აქტივობებში.
  • გაიჩინო ახალი მეგობრები.
  • უპასუხო თანამედროვეობის გამოწვევებს.
  •  გამოავლინო შენი დაფარული შესაძლებლობები.
  • შექმნა შენი დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი.

[/checklist]

იჩქარეთ,რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.

ბანაკის თარიღები და ღირებულება:

ბანაკის თარიღები: 5-14აგვისტო; 16-25 აგვისტო;27.07-05.09.
პროგრამის ღირებულება: 400ლარი. (ორი ბავშვის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.)
✅ ასაკი:8-12 წლამდე;13-15 წლამდე.
✍️ რეგისტრაციისთვის:
☎️ 591 70 30 90
info@smc.ge
საჩხერე,გომართელის ქ.17

ჰოლივუდის ფილმის გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა

“პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეოგადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა “XM2 UK LIMITED-მა” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

სააგენტოს ცნობით, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდებს შორის ყველაზე დიდი გაბარიტის მქონე დრონების (3 ერთეული) მაქსიმალური ასაფრენი მასა 70 კილოგრამია.

მაღალტექნოლოგიური უპილოტო საჰაერო ხომალდებით ჰოლივუდის ერთ-ერთი ფილმის ეპიზოდების საჰაერო გადაღებები განხორციელდება.

ავიაციის სააგენტოში შუამდგომლობა ქართულმა საპროდიუსერო კომპანია “ენკენი ფილმს ფფ9-მ” წარადგინა.

გადაღებები იგეგმება სამთავრობო პროგრამის ფარგლებში – “გადაიღე საქართველოში”.

 

ახალგაზრდული ცენტრი ბათუმში ოფისის და დირექტორის გარეშე დღეს გაიხსნება

დღეს, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ხსნიან. ცენტრს ამ დრომდე არ აქვს საკუთარი ოფისი და არც ხელმძღვანელი ჰყავს. მას შემდეგ, რაც აჭარის განათლების სამინისტრომ ცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი ჩაშალა, ამ თანამდებობას მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე იკავებს. ცენტრის ბიუჯეტი 1 მილიონ 700 ათასი ლარია. ცენტრში 25 პირის დასაქმება იგეგმება.

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დავითაძე, სამი თვის წინ აცხადებდა, რომ პროგრამების დეტალური პრეზენტაცია მას შემდეგ იგეგმებოდა, როდესაც გუნდი შეიკრიბებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი არ არის შერჩეული, ცენტრი დღეს მაინც იხსნება.

მთავრობის ინფორმაციით, ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი სასტუმრო ჰილტონში 14:00 საათზე დაიწყება. გახსნას 400-მდე ახალგაზრდა დაესწრება.

16:00 საათზე  კი, საოცრებათა პარკში [ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია] გაიმართება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა: სპორტული აქტივობები [კალათბურთის, ქვიშის ფრენბურთისა და ფეხბურთის თამაშები], ფერების შოუ, ახალგაზრდა მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, თემატური კუთხეები [სილამაზის სალონი, ტატუ სალონი, სახის მოხატვა]. პარკში განთავსებული იქნება საკვები და გამაგრილებელი სასმელების ობიექტები [ბარები], მოეწყობა სხვადასხვა გასართობი თამაში [დარცი, ჯენგა და სხვა], ღონისძიების თემატიკასთან დაკავშირებული დეკორაციები, სამგანზომილებიანი მოცულობითი ინსტალაციები.

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი და ბენდები [სისაიდი, სკარლეტი, ნიუ ვანი, გუფი ლენდი].

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, გაეროს ინიციატივით, 12 აგვისტოს 1999 წლიდან აღნიშნავენ.

რაში და როგორ დახარჯავს 1.7 მილიონ ლარს „ახალგაზრდული ცენტრი“

THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს  თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.

მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

13/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

ყალბი მართვის მოწმობის დამზადება-გასაღებისთვის აჭარაში ერთი პირი დავაკავეთ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს“.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და 150 აშშ დოლარად გაასაღა ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ავტომანქანის  მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, 12 აგვისტოს, 21:00 საათამდე, ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
  • აჭარის მთიან რაიონებში კი – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 19-24 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა: კარგი; ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ (2-3 ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა: +27 გრადუსი.

13 და 14 აგვისტოს ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

 

არის თუ არა მზად თქვენი შვილი პირველ კლასში წასასვლელად – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, როცა შვილი სასკოლო ასაკს აღწევს და პირველ კლასში უნდა წავიდეს, როგორ უნდა გაიგოს მშობელმა არის თუ არა ის სასკოლო პასუხისმგებლობის ასაღებად მზად? – „ბათუმელების“ კითხვებს ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი რუსუდან ბერიძე პასუხობს.

  • ქალბატონო რუსუდან, როგორ უნდა გაიგოს მშობელმა, არის თუ არა ბავშვი სკოლაში წასასვლელად მზად, პირველკლასელს ვგულისხმობ?

რამდენიმე ისეთი საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ამას ორი სიტყვით შეიძლება ვუწოდოთ ბავშვის სკოლისთვის მზაობა. თუკი  სკოლის მასწავლებელს კარგი გამოცდილება აქვს, მან იცის ეს როგორ შეამოწმოს, თუმცა ეს მაინც, ძირითადად, ფსიქოლოგის საქმეა: თუკი სპეციალისტი კომპეტენტურია, შეიძლება ადვილად დაადგინოს,  რამდენად შეუძლია ბავშვს ახალ გარემოში ადაპტირება, მას ყველაზე მეტად სწორედ ეს უჭირს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რამდენად აქვს ფიზიკური მზაობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფსიქოლოგიური მზაობაა – სწორედ ამაზეა დამოკიდებული, შემდეგ როგორ ისწავლის ის.

თუკი ბავშვი ვერ შეეგუება ახალ გარემოს, ახალ რეჟიმს, ახალ პირობებს, მოთხოვნებს, მაშინ არ უნდა აწვალო და ნაადრევად არ უნდა წაართვა სკოლამდელი ასაკი – არ უნდა იჩქარო სკოლაში შეყვანა, რადგან ის შემდეგ ჩამორჩება და ჩამოყალიბდება სუსტ მოსწავლედ.

  • რამდენად ხშირად მოგმართავენ მშობლები იმის გასარკვევად, არის თუ არა ბავშვი სკოლისთვის მზად?

მე ვერ გეტყვით, რომ ყველა მშობელი თვლის ამას საჭიროდ, მაგრამ მომართვიანობა არის. ეს შემთხვევები ძირითადად გვაქვს მაშინ, როდესაც მშობელს ჰყავს 5 წლის ბავშვი და უნდა თავის 6 წლის შვილთან ერთად შეიყვანოს სკოლაში – ერთად რომ ჰყავდეს. ეს დიდი შეცდომაა, მაგრამ ამ შეცდომას ხშირად უშვებენ.

  • რამდენად მნიშვნელოვანია, სკოლაში შესვლისას ბავშვს შეეძლოს მესამე პირისთვის ინფორმაციის გადაცემა. თუ ეს ის დეტალია, რაც სკოლაში უნდა ისწავლოს?

რა თქმა უნდა, კომუნიკაციის უნარი უნდა ჰქონდეს. მე ბაღში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. ბაღში ბავშვებს ვუკითხავდით ზღაპარს, მოთხრობას და მას თავისი სიტყვებით ამბავი უნდა გადმოეცა, გამოეყო დადებით და უარყოფითი პერსონაჟები. ვასწავლიდით, რომ მოთხრობა ან ზღაპარი თავისი აზრით გაეგრძელებინა. ეს თუ არ იცის ბავშვმა, გაკვეთილის მომზადება ძალიან გაუჭირდება.

მე, პირადად, მქონია შემთხვევები, როდესაც შემიმოწმებია ბავშვი და მითქვამს, რომ ნაადრევია შეყვანა და უნდა მომზადდეს. ამისთვის კარგია ბაღი, სადაც ბავშვები ეჩვევიან ახალ გარემოს, უფროს ასაკობრივ ჯგუფში არის მოსამზადებელი პროგრამები – ბევრ სიახლეს ეჩვევიან, ასევე ურთიერთობებს და ეს ყველაფერი თამაშით ისწავლება, იქ მათ ამას არავინ აიძულებს. ეს, ბუნებრივია, უფრო სახალისოა და ამიტომაც უფრო ადვილად ითვისებენ სიახლეებს. შესაბამისად, უნარებიც უვითარდებათ.

  • რას ეტყვით იმ მშობლებს, რომლებიც სკოლაში წასვლამდე ასწავლიან შვილებს წერა-კითხვას?

სკოლამდელი დაწესებულების უფროს ჯგუფს, სადაც სკოლისთვის ამზადებენ ბავშვებს, აქვთ სპეციალური პროგრამა, რომელშიც არ არის გათვალისწინებული წერა-კითხვის ცოდნა. შეიძლება რამდენიმე ხმოვანი ვასწავლოთ, სიტყვის დამარცვლა, ლექსები, სურათების აღწერა, თავისუფალი საუბარი და აზრის გადმოცემა, მაგრამ არამცდაარამც წერა-კითხვა.

მე, პირადად, როგორც სპეციალისტი, უამრავ პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვი, რომელმაც უკვე იცის წერა-კითხვა, ანგარში ასის ფარგლებში და ასე შემდეგ, მშობელი ასწავლის და უხარია, რომ მისი ბავშვი სკოლაში შედის მომზადებული… შემდეგ რა ხდება? – ბავშვს აღარ აინტერესებს ის, რასაც მასწავლებელი სხვა ბავშვებს ასწავლის. ნელ-ნელა ის კარგავს ინტერესს იმის მიმართ, რაც სხვა ბავშვებმა არ იციან, ახალია და სწავლობენ. ამიტომ უყურადღებოდ ეკიდება სწავლის პროცესს. შესაბამისად, როცა გაივლის იმ პერიოდს, რაც მან იცოდა და სიახლეებზე გადადიან, შეიძლება ეს პერიოდი ვეღარ შენიშნოს. ეს ასევე ჩამორჩენას იწვევს სწავლაში.

ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა იცოდეს ბავშვმა წერა -კითხვა, ასის ფარგლებში მიმატება. უნდა იცოდნენ ის, რაც გათვალისწინებულია პროგრამით. ზედმეტი მხოლოდ ხელის შემშლელი შეიძლება დარჩეს. გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ. ბავშვმა უნდა იცოდეს ელემენტარული მათემატიკა, სურათების აღწერა, შეიძლება რაღაც პატარა მოთხრობა შეადგინოს თავისი ფანტაზიით, სურათის მიხედვით. ეს უვითრებს მას აზროვნებას.

სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვი უნდა ვარჯიშობდეს ყურადღების კონცენტრაციაზე, ემოციის გამოხატვასა და სხვისი ემოციების ამოცანებაზე. თვალის და ხელის კოორდნაციაზე უნდა ავარჯიშო, ასევე წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე. აი, ეს ამზადებს ბავშვს სკოლისთვის და არ ანბანის დაზეპირება.

  • შეიძლება თუ არა ბავშვი სრულყოფილად ვერ გამოთქვამდეს ყველა ბგერას და მაინც შევიყვანოთ სკოლაში. ხომ არ გახდება ის თავიდანვე დაცინვის ობიექტი?

თუ ბავშვი მზად არის ფსიქოლოგიურად, სოციალურად და ასაკიც უწყობს ხელს, მაშინ მშობელმა უნდა მიმართოს ლოგოპედს, რომ გაუმჯობესდეს ასოების გამოთქმა. ლოგოპედი სკოლამდელ დაწესებულებაშიც მუშაობს, მაგრამ თუ მშობელს ეჭვი შეეპარა მის კომპეტენციაში, მაშინ თავად უნდა დაეხმაროს ბავშვს სპეციალისტთან კონსულტაციით. იციან ლოგოპედებმა ბავშვს როგორ გაამართინონ საუბარი.

თუკი ბავშვი სხვაგვარად მზად არის და მხოლოდ რამდენიმე ბგერას ვერ გამოთქვამს სწორად, მაშინ არ ღირს  სკოლიდან ჩამოტოვება. ბუნებრივია, სასურველია თუ ამ პრობლემის აღმოფხვრას სკოლაში მისვლამდე შეძლებს.

  • ბავშვების სრულ უმრავლესობას ძალიან უხარია სკოლაში მისვლა. ეს განწყობა ძალიან მალე სევდით, საბოლოოდ კი სკოლის შეძულებით მთავრდება. რატომ?

ბავშვს ახასიათებს მიმბაძველობა მეგობრების ან და-ძმების მიმართ, რომლებიც სკოლაში დადიან და მასაც უნდა წასვლა. ეს რაღაც ახალია, ისინი დადიან, ესე იგი, კარგია და მასაც უჩნდება ინტერესი. იქ არის ჩანთა, კომპიუტერი, რაც იწვევს აჟიტირებას. მაგრამ შემდეგ, როდესაც რეალობის წინაშე დგება, აღმოჩნდება, რომ ეს ის არ ყოფილა, რაც ეგონა. ამას მოჰყვება იმედგაცრუება.

რუსუდან ბერიძე, ფსიქოლოგი

ბავშვებს არ უყვართ რეჟიმი, ვერ ეგუებიან მერხთან ჯდომას, რასაც მათ აიძულებენ, მასწავლებლის ნებართვის გარეშე საპირფარეშოშიც კი ვერ გადიან. მერე იწყება დავალებები, რაც ბავშვებს პირველ ხანებში ასევე უჭირთ. ვერ ეგუებიან, როცა მშობელი აიძულებს ჯდომას და მეცადინეობას. ასე ნელ-ნელა ეს აჟიტირება ქრება. არიან ისეთები, რომლებსაც ეს პროცესი სულ მოსწონთ, მაგრამ დიდი უმრავლესობას უჭირს ეს და ის სიხარული, რაც დასაწყისში ჰქონდათ, აღარ რჩებათ.

მათთვის დაწესებული დისციპლინის პირობებში ბავშვები სრულიად სხვა რეჟიმში ექცევიან. ეს მათთვის არის დიდი პასუხისმგებლობა – სახლში მისულმა  დავალება უნდა შეასრულოს. ეს ძალიან ძნელი შესასრულებელია ბავშვისთვის, თუკი ის ამისთვის მზად არ არის. ეს იწვევს იმას, რომ ბავშვი ვერ ეგუება სასკოლო პროცესს და ჩამორჩება, ანუ მთელი წლები სუსტ მოსწავლედ რჩება.

მე, მაგალითად, ჩემი შვილი შვიდი წლის ასაკში შევიყვანე სკოლაში. რაღაცაში ხელი შემეშალა და… როდესაც შევამოწმე, შევატყვე, რომ ვერ იყო მზად. ერთი წელი დავაგვიანე და მივეცი იმის საფუძველი, რომ არ გაჭირვებოდა და ნორმალურადაც სწავლობდა მთელი 12 წელი. მშობლებს რატომღაც ეს არ უნდათ, ბავშვს უშლიან ხელს იმაში, რომ ნორმალურად შეხვდეს სირთულეებს.

 

ჯარისკაცის დედა: „მომიძებნონ ჩემი შვილი“

ორი ჯარისკაცი – კაპ­რა­ლი იაგო შა­რა­ძე და რი­გი­თი გი­ორ­გი ნა­ნე­ტაშ­ვი­ლი სამი წლის წინ, 6 აგვისტოს შავ ზღვაში წვრთნებზე ყოფნისას გაუჩინარდა. ორი წლის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა დაღუპულებად. გიორგი ნანეტაშვილის დედა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ცხოვრობს, აცხადებს, რომ ის მოითხოვს მისი შვილის ძებნა გააგრძელონ.

„მე იმ დღიდან დავდივარ თავდაცვის სამინისტროში და ვაწუხებ, რომ მომიძებნონ ჩემი შვილი. მე თავს არავის ვაცოდებ, ვალდებული არიან, რომ მომიძებნონ ჩემი შვილი. იმის მერე მეუბნებიან, აი ახლა შემოვა გემები, ახლა შემოვა გემები აღჭურვილობით, რომლითაც ამ ბიჭებს მოძებნიანო“, – აცხადებს გიორგი ნანეტაშვილის დედა სესილი ნანეტაშვილი.

დედის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ „27 აპრილს ნატოს ეგიდით შემოსული 5 გემიდან ერთ-ერთს მაინც ექნებოდა შესაბამისი აღჭურვილობა“, რის შესახებაც მას თავდაცვის სამინისტროში უთხრეს. მისი თქმით, სამინისტროში ჰპირდებოდნენ კიდეც, რომ მას სამძებრო სამუშაოებს დაასწრებდნენ. „როცა შემოდის [გემი] და ვიგებ, ყოველთვის ვაწუხებ. მეუბნებიან, აუცილებლად მოვძებნითო. ბოლოს რომ იყო შემოსული უნდა დავსწრებოდი – 27-ში. დავურეკე – კი იყვნენ გემები, 5 დღით შემოვიდნენ, მაგრამ შეზღუდული ვადით იყვნენ და ისევ უნდა გასულიყვნენ. მოძებნა მოხდა, მაგრამ უშედეგოდო. მე არ ვიცი, მოძებნეს თუ არა, მე არ დამინახია. მაგათი ინფორმაცია ასეთია, რომ მოძებნეს და დამთავრდა“.

სესილი ნანიტაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროში ახლახანს შეხვდა მინისტრის მოადგილეს: „ახლაც ვიყავი თავდაცვის სამინისტროში მინისტრს პირველ მოადგილესთან ლელასთან [ჩიქოვანი]. მინისტრი აღარ მხვდება. ლელამ საზღვაო პოლიციაში გამიშვა. წყლის ქვეშ არიან მიწის ფენაში მოქცეული – აი ეგრე განმიმარტეს იქ. იქ არის ისეთი რელიეფი, რომ მათი მოძებნა ჩვენი აღჭურვილობით შეუძლებელია; ამ ძებნას ისეთი გემი შეძლებს, რომელიც ნაღმებს ეძებს, მაგრამ როდის შემოვა ეს გემი არ ვიცითო. შემოვა თუ არა ოდესმე დანამდვილებით ესეც არ იციან. თანაც მეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ გემი სპეციალურად მოვიწვიოთ და მოძებნოს. დიდძალი თანხები უნდა. ჩემ შვილს ჟანგბადის რკინის ბალიშები ჰქონდათ აკიდებული და ამით უნდა იპოვონ“.

ქალი ამბობს, რომ წვრთნის დაწყებისას სახელმწიფო უწყებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და სწორედ ამის მიზეზით დაიღუპა მისი შვილი: „მე ყველაფერზე თვალი დავხუჭე – ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ერთი კატერში 9 ბიჭი იჯდა. დამხმარე კატერი არ ჰყავდათ – მიეშველებოდა პრობლემები რომ შექმნოდათ. ლევან შავიშვილს, როგორც წვრთნის უფროსს, ევალებოდა ჩასულიყო იქ, როცა პრობლემები შეიქმნა, მაგრამ არ ჩავიდა – არც ლასტი ჰქონდა და არც ჟანგბადი.

შეიარაღებულ ძალებში ყველას აქვს თავისი კოდი.  ბიჭები წყალში ისე ჩაუშვეს, რომ კოდები არ ჰქონდათ, არ ჰქონდათ სრული აღჭურვილობა, არ ჰყავდათ ჩამყოლები. არ ჰქონდათ ის ადგილი შესწავლილი, სადაც ბიჭები ჩასვეს. ძალიან ბევრი დარღვევა აქვთ“.

სესილი ნანტიაშვილის ინფორმაციით, მისი შვილის და იაგო შა­რა­ძის დაღუპვის ფაქტზე ორი პირი გაასამართლეს  – „თემურ ძიგუა მაგის ხელმძღვანელი და სწავლების უფროსი ლევან შავიშვილი. მათ ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი გულგრილობა და ჯარიმით გამოუშვეს. მე კი არ მოვითხოვ, რომ ისინი დააპატიმრონ, მაგრამ ხომ შეუძლიათ, რომ დამეხმარნონ და ვიპოვო ჩემი შვილი“.

სესილი ნანეტაშვილი ამბობს, რომ კატეგორიულად ითხოვს, მოიწვიონ რომელიმე ქვეყნიდან – ნორვეგიიდან, ამერიკიდან… შესაბამისი აღჭურვილობის გემი და მისი შვილის ძებნა გააგრძელონ, რომელსაც თავადაც დაესწრება: „ჩაუშვეს ბიჭები მოუწესრიგებლად, არაფერი მწყობრში არ ჰქონდათ. უპატრონოდ ჩაუშვეს, ჩატოვეს და გამოიქცნენ. მომიძებნონ ჩემი შვილი. არ ვიცი, როგორ, რა სახსრებით, არ ვიცი“.

სესილი ნანეტაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი და იაგო შარაძე სახელმწიფო თურქული გემით 9 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძება 2016 წელს.

„სამძებრო გემს ახლდა ჩემი მეუღლეც, რამდენიმე წუთით. მონიტორზე აჩვენეს დაბლა ფსკერზე რა ხდებოდა. კენჭები დავინახეთო. ძირთადად მეტალს ეძებდნენ. თურქეთის გემი 3 დღით იყო შემოსული, მაგრამ გაახანგრძლივეს და მთლიანობაში 8-9 დღე ეძებდნენ.

თურქულ გემს ჰქონდა კომპიუტერული მოწყობილობა, წყალში ჩასასვლელი ესკალატორი. ეს არ გამოიყენეს, მითხრეს მინიშნება ვერ ვნახეთ, რომ იქ რკინა იყოო. კომპიუტერმა რომ ვერ იპოვა მეტალი, მორჩა ვერ ვიპოვეთო“.

მთავარი ფოტო: ზღვაში გაუჩინარებული გიორგი ნანეტაშვილი

პოლიციამ ბათუმში 30 წლის ქალი იარაღსა და საბრძოლო მასალაზე დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. უწყების ცნობით ბრალდებული არის 31 წლის ხ.თ, რომელიც ბათუმში პლაზასთან დააკავეს.

უწყების ცნობით, „სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს “პარაბელიუმის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მუსლიმებმა ბათუმში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს

დღეს, 11 აგვისტოს. დილის შვიდ საათზე, ბათუმის ორ მეჩეთში მუსლიმებმა ბაირამის ლოცვა შეასრულეს. ყურბან-ბაირამის ლოცვა აღავლინეს, როგორც ორთაჯამეში, ისე ახალ მეჩეთში, რომლის მშენებლობის უფლებას უკვე წლებია ითხოვენ მუსლიმები.

როგორც სამუფთო სამმართველოში გვითხრეს,  მუსლიმებისთვის ბაირამის დღესასწაულის მისალოცად დღეს ბათუმის ორთაჯამეში იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.

ყურბანის (მსხვერპლშეწირვის) ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა მუსლიმი ოჯახი საქონელს კლავს. ხორცი რამდენიმე ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი იმ ოჯახში რჩება, სადაც საქონელი დაიკლა, მეორე მეზობელ-ნათესავებს ურიგდება, მესამე ნაწილი კი ღარიბებს.

ყურბან-ბაირამი 2019
აჭარის მთავრობის წევრები მეჩეთში. ყურბან-ბაირამი 2019

 

„ოცნების ქალაქში“ ქოხების მეპატრონეებს სამთავრობო კომისია აფრთხილებს

„ოცნების ქალაქში“ სამთავრობო კომისიამ იმ ქოხების მეპატრონეები გააფრთხილა, რომლებიც კომისიაში დასარეგისტრირებლად არ გამოცხადდნენ. სპეციალური განცხადებები ქოხებზე გამოაკრეს და მათ დასარეგისტრირებლად ვადა პირველ სექტემბრამდე მისცეს. კომისიის ინფორმაციით, ასეთი სულ 70 ქოხია.

კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომისია ოჯახების დარეგისტრირებას პირველ სექტემბერს დაასრულებს. შემდეგ კი დაიწყება იმის შემოწმება, ფლობს თუ არა რომელიმე ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელს.

ამ დროის მონაცემებით, კომისიამ 1594-მდე ოჯახი დაარეგისტრირა.

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის ბინების მშენებლობას გეგმავს. პროექტს, რომლის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს, უკვე მზადაა.

ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზების ტერიტორიაზე ოჯახებმა, რომელთა ნაწილი აცხადებდა, რომ ეკომიგრანტები იყვნენ ან არ გააჩნდათ საცხოვრებელი, ხის ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ, თუმცა, თანდათან ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ჩაენაცვლა.

ტერიტორია, სადაც „ოცნების ქალაქია“ გაშენებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო.

ოცნების ქალაქი

სეისმოლოგი, რომელმაც რივიერას ტერიტორია შეისწავლა: „არ არის იქ კარგი გრუნტი“

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ბათუმის კონცხის გეოფიზიკური კვლევა ჩაატარა. შესაბამისი დაკვეთა ინსტიტუტმა  შპს „რივიერა ბათუმისგან“ მიიღო. კომპანია ამ ტერიტორიაზე 5 თაუერის მშენებლობას გეგმავს. ინსტიტუტის დირექტორს, თეა გოდოლაძეს ვკითხეთ, როგორ აფასებს ტერიტორიის მდგრადობას პროექტთან მიმართებაში, იმ ფონზე, როდესაც კონცხთან ახლოს მიწისქვეშა კანიონია. კონცხის სათავესთან მდინარე ჭოროხის მიერ გადატანილი ნატანის ოდენობა კი წლებია არ შეუსწავლიათ.

  • ქალბატონო თეა, ვიცით, რომ ჩართული იყავით ამ კვლევებში. თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ აფასებთ კონცხზე არსებულ მდგომარეობას, სადაც 5 თაუერის მშენებლობა იგეგმება?

კანიონზე ვერაფერს გვეტყვით. ჩვენი იყო გეოფიზიკური კომპონენტი. ეს არის გრუნტის მდგომარეობა, სიჩქარე და ის, თუ რა სეისმურ დატვირთვებზე უნდა აშენდეს შენობა. სხვა დეტალები პროექტის შესახებ მე ნამდვილად არ ვიცი. ეს არის გეომორფოლოგიის თემა. რაც შეეხება სეისმურ მდგრადობას, სეისმური ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტირების დროს, ამას უნდა დაემატოს გარემოფაქტორები. სეისმური კუთხით ყველგან შეიძლება შენობის დადგმა, თუ ამის საშუალებას გრუნტი გაძლევს – თუ მეწყრული არ არის, თუ ვთქვათ სუსტი გრუნტი არ არის და ასე შემდეგ.

მოწყვლადი გრუნტების შემთხვევაშიც შესაძლებელია გამაგრებითი სამუშაოები, ოღონდ ეს უნდა დაიგეგმოს, რამდენად სწორად არის გაკეთებული და რამდენად ექვემდებარება ადამიანის ჩარევას. მე, ზოგადად, მაღალსართულიანი შენობების ასე ჰარიჰარალოზე აშენების მომხრე არა ვარ – ჩვენ ქართველებმა მაღალი სართულების აშენების ტექნოლოგია არ ვიცით. სამშენებლო სექტორი ამ კუთხით საკმაოდ არასტაბილურია და კომპეტენციაც რეალურად არა გვაქვს. მე, მაგალითად, შიშით ვუყურებ  ქართულ მრავალსართულიან სახლებს –  როგორი მაღალი დატვირთვაც არ უნდა მისცე…  შეიძლება კონსტრუქტორმა, თუ ის არაკომპეტენტურია, ვერც დათვალოს  საერთაშორისო სტანდარტებით რა ტიპის შენობები უნდა აშენდეს. ეს არის პრობლემა.

  • „რივერა ბათუმი“ ამბობს, რომ საფრთხეებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს კონსტრუქციული გათვლების დროს. შენობებს ექნებათ ღრმა საძირკველი… 

როდესაც კონსტრუქცია დგება მხოლოდ ხიმინჯები არ არის მნიშვნელოვანი.  მთლიანად კონსტრუქციის ქცევაა მნიშვნელოვანი იმ დატვირთვებზე, რაც ჩვენ მივეცით. მაგ ადგილას ცუდი გრუნტია, არ არის კარგი გრუნტი. ერთია სეისმოლოგი რას მისცემს და მეორეა ის, რას გააკეთებს. სამშენებლო სექტორი ძალიან კომპლექსური რამ არის. მთელი უბედურება ისაა, რომ ეს რგოლები ჩვენს ქვეყანაში მოშლილია. არ ვიცოდი, თუ მაქ 40-სართულიან სასტუმროზე იყო საუბარი. ამ შემთხვევაში უგულებელყოფილია გრუნტის გაფხვიერების პრობლემა.

  • ანუ რისკები მაღალია ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე?

0,2-პროცენტიან დატვირთვაზე მაქვს მოცემული მონაცემები. მე ვარ ადამიანი, რომელიც მკაცრად მოვითხოვ საქართველოს კანონმდებლობაში დაინერგოს სისტემა, რომ ასპროცენტიანი კი არა,  2-პროცენტიანი დატვირთვები ავიღოთ მშენებლობაზე. მაგ შემთხვევაში 0,3-0,4, ანუ დიდი აჩქარება ჩნდება. სეისმურობიდან გამომდინარე მე ვთვლი, რომ შედარებით მაღალი რისკები უნდა გავითვალისწინოთ, ვიდრე ვითვალისწინებთ… კომპანიას არჩევანი უკვე აქვს გაკეთებული – 100%-ზეა გაჩერებული. მე, მაგალითად, 2%-ზე გავაკეთებდი.

მე ვაწვდი [დამკვეთს] რეალურ მონაცემს, მე ვთვლი, რომ ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ როგორ გააკეთებ შენ და რა არჩევანს გააკეთებ, ეს კონსტრუქტორის და სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

ჩემი პასუხისმგებლობაა  მივაწოდო  მონაცემი, რაც მაქვს. ეს მონაცემები შეიძლება რამდენიმე წელიწადში შეიცვალოს კიდეც. მე, მაგალიათად, რომ მცოდნოდა 50-სართულიან შენობაზეა ლაპარაკი [რივიერაზე], 0,2-ზე არ გავთვლიდი, მოვუმატებდი.

 

რა როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი საიბერპანკის მიხედვით 

ავტორი: მარიამ მუთიძე

საიბერპანკი/კიბერპანკი არის ფანტასტიკის ქვეჟანრი და მას დღეს განმარტავენ, როგორც მიმდინარეობას, რომელიც აღწერს კაცობრიობის ცხოვრებას მომავალში, სადაც ტექნოლოგია აღწევს განვითარების პიკს, ხოლო ადამიანის ცხოვრების პირობები (ეკოლოგიური, სოციალური) პირიქით – დეგრადირდება.

თავად ტერმინი კიბერნეტიკის და პანკის ნაზავია. ის პირველად ამერიკელმა მწერალმა ბრიუს ბეთკემ გამოიყენა თავისი მოთხრობის სათაურად – „საიბერპანკი“, რომელიც გამოქვეყნდა 1983 წელს.

ანა დონდუა – საიბერპანკის მოყვარული:

“საიბერპანკის პერსპექტივა უმეტეს შემთხვევაში გადმოსცემს მომავლის იმ რეალობას, სადაც ადამიანმა ერთის მხრივ შეძლო უმაღლესი ტექნოლოგიური განვითარების მიღწევა, თუმცა მეორეს მხრივ პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო, ვერ შეძლო დედამიწის რესურსების მოფრთხილება და საზოგადოებრივი თანასწორობის უზრუნველყოფა. ამის შედეგად, ძირითადად ხდება საზოგადოების რადიკალური ფრაგმენტაცია მდიდარ და ღარიბ კლასებად, რაც მეტად ამძაფრებს გადარჩენისთვის ბრძოლას კლასებს შორის“.

ანა დონდუა

ლიტერატურაში საიბერპანკის განვითარების ეპოქა ემთხვევა 1960-70-იან წლებში „ახალი ტალღის“ გაჩენას სამეცნიერო ფანტასტიკაში.

დავით ლომია – საიბერპანკის მოყვარული:

“მეოცე საუკუნის დასაწყისის ფანტასტებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კაცობრიობის ხსნას ტექნოლოგიურ განვითარებაში ხედავდნენ, შემდეგი თაობების მწერლებმა საკუთარ თავზე განიცადეს ეს განვითარება. თუმცა, როგორც ჩანს, ხსნის პერსპექტივა ნაკლებად იგრძნეს. საიბერპანკი აწმყოა, რომელშიც დრონებით გადაჭედილი ცის ქვეშ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, უმეგობრდებიან და შორდებიან ისე, რომ ერთმანეთი არასოდეს უნახავთ.”

პოპულარულ გამოცემებში საიბერპანკის განვითარების ხაზი იწყება 1968 წელს ფილიპ დიკის წიგნის გამოქვეყნებით – „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ 

ანა დონდუა – საიბერპანკის მოყვარული:

“შეუძლებელია არ გიყვარდეს ფილიპ კ. დიკის „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ ეს ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია, რომლითაც საიბერპანკის სუბჟანრთან ჩემი გაცნობა დაიწყო, მისი წაკითხვის შემდეგ ვნახე ამ ნაწარმოებზე დაფუძნებით გადაღებული „სამართებელზე მორბენალი“. ჩემი აზრით, ნაწარმოებიც და ფილმიც არის ყველა დროის კლასიკა.”

წიგნში მოთხრობილი სიუჟეტი ვითარდება დედამიწაზე, სადაც ომების შემდეგ სრულიად ნადგურდება ბუნებრივი საფარი, ცა მოცულია წყვდიადით, ადამიანების უმეტესობა კი სხვა პლანეტის კოლონიებში არიან გადასახლებულები. ამასთან, ჩანს საწარმო „ტაილერ კორპორეიშენი“, რომელიც ქმნის ადამიანების მსგავს ანდროიდებს. ისინი ადამიანებზე ძლიერები და ჭკვიანები არიან, თუმცა  ექსპლუატაციის ვადები არ აძლევთ საშუალებას განივითარონ თანაგანცდის, სიყვარულისა და ადამიანისათვის დამახასიათებელი სხვა უნარები.

საიბერპანკის ვიზუალური ესთეტიკის საწყისებიც ფილიპ დიკის ამავე წიგნის ეკრანიზაციას უკავშირდება. 1982 წელს რიდლი სკოტმა გადაიღო ფილმი „სამართებლის პირზე მორბენალი“ – ანდროიდები და მათზე მონადირე რიკ დეკარდი ცხოვრობენ ნეონის შუქით განათებულ, მაღალი კორპუსებითა და უვარსკვლავო ცით დახურულ დედამიწაზე. ფილმში 2019 წლის მოვლენებია ნაწინასწარმეტყველევი . რიდლი სკოტის ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა, რადგან რეჟისორმა გადაწყვიტა კადრებში მოქმედება არა ცენტრში, არამედ პერიფერიებში განევითარებინა. იმ პერიოდში კი მხოლოდ კვადრატული ტელევიზორები არსებობდა. ასე რომ სამყარომ Blade Runner გაიცნო ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად და დღეისთვის კინომოყვარულებისთვის საკულტო ფილმების რიცხვშია.

2017 წელს გამოვიდა  Blade Runner-ის გაგრძელება Blade Runner  2049 რომლის რეჟისორიც დენი ვილნევია.

ანა დონდუა – საიბერპანკის მოყვარული:

ჩემთვის საინტერესო და მიმზიდველია საიბერპანკის ესთეტიკა, მაღალტექნოლოგიური გაჯეტები, კოსმოპოლიტური ქალაქები, რეკლამებით და ხალხით გადატვირთული ქუჩები, უტილიტარული და თამამი ტანსაცმელი.

კადრი ფილმიდან “სამართებელზე მორბენალი 2049”

დავით ლომია – საიბერპანკის მოყვარული:

“ჩვენ არ გვყავს მფრინავი მანქანები, მაგრამ გვაქვს მასობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი ათასგვარი გაჯეტი და კომუნიკაციის საშუალება, რომელთა შესაძლებლობები სცდება იმ რესურსებს, რომელიც ადამიანს მთვარეზე ფეხის დასადგამად დასჭირდა. ამის მიუხედავად, არსებულ შესაძლებლობებს განვითარების ნაცვლად ყურადღების გადატანაში, სწრაფი მოგების და წამიერი სიამოვნების მიღებაში ვიყენებთ. ყოველ შემთხვევაში, საიბერპანკის მსოფლმხედველობა ამ სულისკვეთებითაა გაჟღენთილი.” 

დავით ლომია

ანა დონდუა – საიბერპანკის მოყვარული:

“ვთვლი, რომ ადამიანებს კიდევ გააჩნიათ იმის რესურსი, რომ საიბერპანკი მომავლის რეალობად არ აქციონ. თუმცა, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება საიბერპანკ ნაწარმოებებსა და დღევანდელ მოვლენებთან.“

როგორი იქნება მომავალი, ამჟამად ამის მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია. მაგრამ ის კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საიბერპანკს და ფანტასტიკის სხვა ჟანრებს მუდმივად ექნებათ არსებობის გამართლება, რათა მუდმივად დაგვაფიქრონ რა და როგორ იქნება მომავალში.

აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დანიშნეს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დანიშნეს. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

მუხრან კაკაბაძე პროფესიით იურისტია. ის  2018 წლიდან დღემდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

მუხრან კაკაბაძე სხვადასხვა წლებში ბათუმის მერიის იურიდიულ სამსახურში, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, აჭარის პროფესიულ კავშირში და კერძო სექტორში იურისტად მუშაობდა, ასევე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.

მას შემდეგ, რაც დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა არჩილ ჩიქოვანმა დატოვა და ის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნეს, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი მოადგილე რაულ ბერიძე ასრულებდა. შესაბამისად, ეს პოზიცია ერთი წლის განმავლობაში ვაკანტური იყო. როგორც აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რაულ ბერიძე მოადგილის თანამდებობაზე რჩება.

რა ფილმების ნახვას შეძლებთ შემდეგი კვირის ბოლოს ბათუმში – არტფესტივალი „არგანი“

არტფესტივალი „არგანი“ ბათუმში 17 აგვისტოდან დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. ფესტივალი ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება და დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ფოტო და ნახატების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და კინოჩვენებები, იქნება ცოცხალი მუსიკაც.
იოგით დაიტერესებულებისთვის კი იოგის კუთხეს მოაწყობენ.
ფესტივალზე რამდენიმე ქართველი დიზაინერის მოდელების ჩვენება, შემდეგ კი გამოფენა-გაყიდვაა დაგეგმილი. ფესტივალზე გაიმართება ღია კინოჩვენებებიც, რასაც საერთაშორისო კინოფესტივალი „CineDoc“ – უზრუნველყოფს.
 17 აგვისტოს ფესტივალის ფარგლებში თბილისის მე-7 დოკუმენტური კინოფესტივალის გამარჯვებულ ფილმს – ბენიამინო ბარესის ,,დედაჩემის გაუჩინარებას” აჩვენებენ.
18 აგვისტოს დაგეგმილია დენიელ ვაშინგტონის ფილმის ,,თბილისიდან ტენესიმდე” ჩვენება.  ეს ფილმი ქანთრი მუსიკის ერთადერთი ქართველ შემსრულებელზე, შოთა ადამაშვილზეა. ჩვენებას თავად შოთა ადამაშვილიც დაესწრება  და  თავის ყველაზე ცნობილ სიმღერებს შეასრულებს.
19 აგვისტოს  ფესტივალს იენს პედერსენის ფილმის, ,,ცხოვრება სანაპიროა” ჩვენებით დახურავენ.

ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში – სანაპიროზე 200 მეტრი სიმაღლის კოშკის აშენება იგეგმება

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შპს „რივიერა ბათუმის“ ერთ-ერთი კოშკი ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.60 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა შპს „რივიერას“ ტერიტორიის მიმდებარედ არსებული პორტა თაუერია. მისი სიმაღლე 150-მეტრამდეა. შესაბამისად, „რივიერა ბათუმის“ ერთ-ერთი კოშკი ამ შენობაზე 50 მეტრზე მეტით მაღალი იქნება.

გარდა ამ კოშკისა, „რივიერა ბათუმი“ ბათუმის კონცხზე კიდევ ოთხ ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ერთი – 42-სართულიანი კოშკის სიმაღლე, რომლის აშენებაც ნაპირთან ყველაზე ახლოს იგეგმება, 159 მეტრი იქნება [კოშკის ზომები – 50×50 მ]. კოშკს ექნება ღრმა საძირკვლები და 40 მ-ზე მეტი სიგრძის ხიმინჯებზე დადგება.

პროექტის რენდერის მიხედვით, პირველი  კოშკი [სანაპირო ზოლთან ყველაზე ახლოს] სანაპირო ხაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 150 მ-ში მდებარეობს.

მესამე 174,10 მეტრი სიმაღლის თაუერი 47-სართულიანი იქნება.

სამშენებლო პროექტი კიდევ ორ თაუერს მოიცავს, რომელთა სიმაღლეები 100,60 [26 სართული] და 114,60 [29 სართული] მეტრი.

მთავარი ფოტო: პროექტის რენდერიდან

 

ათსართულიანი კორპუსი მემედ აბაშიძიდან გორგილაძის კვეთამდე – კომპანიის ჩანაფიქრი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, შპს „როიალ ბილდინგი“ ათსართულიანი მრავალბინიანი სახლის აშენებას გეგმავს. კომპანიას ახალი პროექტი #28-30-ში არსებული ძველი სახლების ათვისების ხარჯზე აქვს დაგეგმილი. კომპანია აქ მცხოვრებ მესაკუთრეებს უკვე მოელაპარაკა და რამდენიმე ფართობი მომავალში სამშენებლო მომსახურების გაწევის პირობით დაირეგისტრირა კიდეც.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ამ ერთსართულიანი სახლისა და გვერდით მდებარე ორსართულიანი სახლის გარდა, კომპანიას გორგილაძის ქუჩამდე სურს ახალი სახლისთვის პერიმეტრის გასუფთავება

ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. მიუხედავად ამისა, კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის ჯერ არ მიუმართავს. შესაბამისად, ჯერ არც მერიისგან აქვს ნებართვა.

„როიალ ბილდინგის“ დირექტორის, ნუკრი ბერიძის ინფორმაციით, კომპანია ამ პროექტის განხორციელებას არასთანადო-არასტანდარტული საცხოვრებლის ათვისების პროგრამის ფარგლებში გეგმავს და შესაბამისი მოლაპარაკებები აქვს მთავრობასთან.

გარდა ამისა, კომპანიას არც აქ მცხოვრებთა სრული თანხმობა მოუპოვებია ჯერჯერობით: „ორი ოჯახი ძალიან ბევრს ითხოვს, ამიტომ ჯერ ნებართვებამდე ვერ მივედით“, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.

 

Exit mobile version