მთავარი,სიახლეები

ვიმღერებ მანამ, სანამ ღმერთი თავის ხმას მჩუქნის – გიორგი გაგნიძე

09.08.2019 • 1903
ვიმღერებ მანამ, სანამ ღმერთი თავის ხმას მჩუქნის – გიორგი გაგნიძე

ავტორი: ირმა ინარიძე

ფოტო: გია გოგატიშვილი

9 აგვისტოს ქართველ ბარიტონ გიორგი გაგნიძეს 49 წელი უსრულდება. მართალია, ეს მრგვალი თარიღი არ არის, მაგრამ მაინც გვსურს მივულოცოთ უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილ მომღერალს დაბადების დღე და ვუსურვოთ წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ მას აღიარება  ნამდვილად არ აკლია.

არ ვაპირებთ გიამბოთ მისი ბიოგრაფიის ან მთლიანი რეპერტუარის შესახებ. ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ მხოლოდ ამა წლის მარტში პარიზის ბასტილიის ოპერაში ნამღერ იაგოს პარტიაზე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ შევხვდით მას, ინტერვიუ ჩავწერეთ და ფოტოებიც გადავუღეთ. სტატიის გამოსაქვეყნებლად კი მის დაბადების დღეს დაველოდეთ.

2019 წლის 7 მარტს პარიზში, ბასტილიის თეატრში, ვერდის ოპერის „ოტელოს“ პრემიერა გაიმართა. საოპერო სამყაროს ვარსკვლავებთან ერთად სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი გმირის – იაგოს პარტია მსოფლიოში აღიარებულმა ბარიტონმა, გიორგი გაგნიძემ შეასრულა.

„ოტელოში“ გიორგიმ იაგოს არია შეასრულა ოპერის თანამედროვე ვარსკვლავებთან –  რობერტო ალანიასთან (ოტელო) და ალექსანდრა კურსაკთან (დეზდემონა) ერთად. დადგმის რეჟისორი ანდრეი სერბანი თანამედროვე სტილის მიუხედავად,  ერთგული რჩება ვერდის, გამაოგნებელ სცენოგრაფიას და საოცრად ლამაზ კოსტიუმებს გვთავაზობს.

„ოტელოსა და დეზდემონას პირველივე სასიყვარულო დუეტის შემდეგ იაგო უშვებს ფარდას. იაგო დიაბოლური პერსონაჟია, მაგრამ, იმავდროულად, უიმედოდ უბედური. ვოკალურად და სცენურად ძალიან რთული და საინტერესოა ასეთი უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება” – გვიყვება გიორგი და აგრძელებს:

„ასეთი როლების თამაშია ძალიან საინტერესო. მათ ნამღერშია ვოკალური გამოწვევები. ჩემი საიდუმლო, რა თქმა უნდა, ტექნიკურ მონაცემებსა და ვარჯიშშია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთ ხმას მიაგნო, რომლითაც მთელი სხეულით მღერი და ამისთვის არანაირი ფიზიკური ძალდატანება არ გჭირდება. ჩემს პარტნიორებთან – რობერტოსთან და ალექსანდრასთან – მუშაობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ისინი არა მარტო შესანიშნავი ადამიანები და მომღერლები არიან, არამედ ჩვენ დიდი ხნის მეგობრობაც გვაკავშირებს. კურსაკი დიდებული, მშვენიერი მომღერალია. რობერტო ალანია კი ერთ-ერთი დიდი ფრანგი ტენორი, რომლითაც საფრანგეთი ძალიან უნდა ამაყობდეს. ისინი არა მხოლოდ სცენაზე არიან წყვილები, არამედ – ცხოვრებაშიც. ამდენად, ძალიან ავთენტურ სახეებს გვთავაზობენ. და მე ვწუხვარ, რომ მათ საშინელ დრამაში ვითრევ. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ტალანტების სამჭედლო, რომელიც მალავს ბევრ განძს, განსაკუთრებით – ვოკალურს. ვინაიდან ჩვენი ტრადიციული ქართული პოლიფონია ლამაზ ხმებს საჭიროებს, ამდენად ძალიან ბევრი ქართველი მომღერლის ხმაა ადაპტირებული იტალიურ ოპერასთან. მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილი – უშესანიშნავესი ხმა. მე მიმიჩნევენ დრამატულ ბარიტონად, მაგრამ შემიძლია ვიყო ლირიკული ბარიტონიც. ვიმღერებ მანამ, სანამ ღმერთი თავის ხმას მჩუქნის” – ამბობს გიორგი გაგნიძე.

ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 10 მარტს პარიზში.

გიორგის საერთაშორისო კარიერა  2005 წელს იწყება, როდესაც ბუსეტოში პირველი პრიზი აიღო ვერდის კონკურსში. მაშინ ჟიურის თავმჯდომარე ხოსე კარერასი იყო. 2006 წელს მიწვეულ იქნა მსოფლიოს გარშემო ტურნეში ტოსკანინის ორკეტრთან ერთად, რომელსაც ლორენ მააზელი დირიჟორობდა. 2007 წელს შედგა მისი დებიუტი ლასკალაში, შემდეგ იყო რიგოლეტო ვერდის ფესტივალზე და მეტროპოლიტენის თეატრი ნიუორკში, რომლის სცენაზეც მან 100-ჯერ იმღერა. 5-ჯერ წარდგა მაყურებლის წინაშე პარიზის ბასტილიის ოპერაში.

მომავალი სპექტაკლები:

ნაბუქო – 29 სექტემბერი,  2 ოქტომბერი 2019 – დოიჩე ოპერა, ბერლინი.

ოტელო – 26, 30 ოქტომბერი, 3, 4, 11, 16 ნოემბერი 2019 – ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა.

ტოსკა – 26, 29 მარტი, 2, 15, 18 აპრილი 2020 – მეტროპოლიტენ ოპერა, ნიუორკი.

ნაბუქო – 6, 13 ივნისი 2020 – დოიჩე ოპერა, ბერლინი.

ოტელო – 19 ივნისი 2020 – ნაციონალური თეატრი, მანჰეიმი.

 

გადაბეჭდვის წესი