ბათუმში, პუშკინის #77-ში მდებარე „რომპეტროლის“ ბანზინგასამართი სადგური მომხმარებელს განახლებული ფორმატით მოემსახურება. ახალი ფორმატის ფარგლებში, სადგურზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის სერვისები და პროდუქტები რაც სხვა რომპეტროლის სადგურებზე მოქმედებს.
„ჩვენს მომხმარებლებს, კორპორატიულ და ფიზიკურ პირებს, ამიერიდან საშუალება ექნებათ განახლებულ სადგურზე გამოიყენონ კორპორატიული FILL&GO ბარათები, ლოიალობის ბარათები და სატალონე მომსახურება. ვფიქრობთ განახლებული მომსახურების ფორმატი დამატებით კომფორტს შეუქმნის ბათუმელებს.“ – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ლოიალობის ბარათის მფლობელები „რომპეტროლ საქართველოს“ ავტოგასამართ სადგურებზე იღებენ ფიქსირებულ კლასიკურ ფასდაკლებას – 8 თეთრის ოდენობით ყოველ შესყიდულ ერთ ლიტრ საწვავზე, პრემიუმ სტატუსის შემთხვევაში ფიქსირებული ფასდაკლება – 12 თეთრს წარმოადგენს, ხოლო გოლდ სტატუსის მქონე ბარათის ფასდაკლება – 15 თეთრია.
რაც შეეხება FILL&GO-ს, ეს არის კომპანიებისთვის საგანგებოდ შემუშავებული ავტოპარკის მოწინავე სისტემა, რომელიც ადაპტირებულია ნებისმიერ ბიზნეს საჭიროებებზე. FILL&GO ბიზნეს კონცეფცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს სრულყოფილად მართოს ავტოპარკი.
საქართველოს მასშტაბით „რომპეტროლის“ 81 ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს, მათ შორის 7 სადგური ბათუმში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია გეგმავს ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და 10-მდე ობიექტის გახსნას 2020 წლის ბოლომდე როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
„რომპეტორლ საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ „KMG International”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და ეწევა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ამავე ჯგუფის მფლობელობაშია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული ყველაზე მსხვილი და ულტრათანამედროვე ნავთობაგადამამუშავებელი ქარხანა „პეტრომიდია“, რომელიც რუმინეთის ქალაქ ნოვოდარში მდებარეობს და რომელიც რომპეტროლს ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის საწვავით ამარაგებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ლეონიძის #2-ში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით ყიდის. გასაყიდი ნაკვეთის ფართობი 1145 კვადრატული მეტრია, საწყისი ფასი – 157 000 ლარი, ხოლო ბიჯი – 4000 ლარი.
სამინისტროს ინფორმაციით, ნაკვეთის ნაწილი დაკავებულია მესამე პირების მიერ და გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, უძრავ ქონებაზე განთავსებულია სამშენებლო მასალები.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში რამდენიმე ნაკვეთს იჯარის წესით ასხვისებს. ელექტრონული აუქციონი გამოცხადებულია 22 526 კვადრატულ მეტრ გამწვანებულ ნაკვეთსა და მის მიმდებარედ არსებულ 816 კვადრატულ მეტრზე. ორივე ნაკვეთს მთავრობა ერთ ლოტად ასხვისებს.
მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებული პირი ნაკვეთით 2039 წლის 10 სექტემბრამდე ისარგებლებს. მიწის ნაკვეთს სასოფლო სამეურნეო დანიშნულება აქვს და სამინისტროს მას სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების პირობით ასხვისებს.
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ოცდაოთხი თვის ვადაში სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთების 80%-ის ათვისება სასოფლო-სამეურნეო ნარგავებით უნდა უზრუნველყოს. აუქციონის პირობით ნაკვეთზე დაშვებულია როგორც ერთწლიანი, ასევე, მრავალწლიანი კულტურების გაშენება.
მყიდველს მოუწევს ასევე ვალდებულებულების აღება, რომ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არაუმეტეს 24 თვეში, არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვეში მყიდველმა ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროებს უნდა წარუდგინოს.
სოფელ ალამბარში თითქმის იდენტური პირობებით, 2039 წლამდე ვადით, იჯარის წესით კიდევ ორ მიწის ნაკვეთს ასხვისებს მთავრობა ელექტრონულ აუციონზე.
საერთო ჯამში, მთავრობა სოფელ ალამბარში 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებს ასხვისებს. ნაკვეთების გასხვისებაზე ელექტრონული აუქციონი 15 აგვისტოს გამოაცხადეს, დასრულების თარიღად 10 სექტემბერია მითითებული.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. სამხედროები სოფელში 2019 წლის 7 აგვისტოს გამოჩნდნენ და რამდენიმე ძელი აღმართეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, 14-15 აგვისტოს, დაწყებული სამუშაოები განაახლეს და ძელებზე ლითონის ბადე გაავლეს.
შედეგად, ორი ოჯახის ქონება, რომლებსაც სახლები აგვისტოს ომის დროს დაენგრათ, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა.
ამ დრომდე, 16 აგვისტო, დილის 12:00 საათი, ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გამოხმაურებიან არც ოფიციალურ ვებგვერდებზე, არც ფეისბუქზე და არც Twitter-ზე.
ასე გამოიყურება პრეზიდენტის ტვიტერის გვერდიპრემიერ-მინისტრს ბოლო პოსტი 8 აგვისტოს აქვს დადებული
დღეს, 16 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში, თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. მამუკა ბახტაძემ ისაუბრა აზიური ფაროსანას დამარცხებაზე, თუმცა არც ამ ტრიბუნიდან, არცერთი სიტყვა არ უთქვამს გუგუტიანთკართან მდგარ რუს სამხედროებზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრის ბოლო პოსტი ფეისბუქზე
საქართველოს მთავრობიდან, რუსი სამხედროების ქმედებას საგარეო საქმეთა სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 7 ივლისს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ, პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი და პრემიერი ოპერატიულად, გადაცემის ეთერში გასვლიდან მალევე გამოეხმაურა.
გუგუტიანთკარში მავთულხართების მონტაჟს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში. საელჩოში აღნიშნავენ, რომ ბორდერიზაციის პროცესი საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს რომ გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.
ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტმა გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” განცხადება გამოაქვეყნა.
დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ მედიკო მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი ასი ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით.
მალხაზ მაჩალიკაშვილი: „გადავწყვიტე გავიდე რეგიონებში და ბათუმიდან დავიწყო 100 000 ხელმოწერის შეგროვება. პარლამენტის 150 დეპუტატისთვის პირადად მქონდა გაგზავნილი წერილი თემირლანის მკვლელობაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მაგრამ პარლამენტმა ჩემი ეს მოთხოვნა ჩააგდო. მინდა, ამ კომისიამ გამოარკვიოს თემირლანის მკვლელობის ნამდვილი მიზეზი, რისი წინააღმდეგიცაა მთელი ხელისუფლება. სურთ საქმე მთლიანად ჩაკლან და ამაზე საუბარიც კი აღარ იყოს. ვაპირებ, შევაგროვო ხელმოწერები, ვაიძულო პარლამენტი, თქვას სიმართლე და გამოიტანოს თემირლანის საქმე სააშკარაოზე“.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება, საქართველოს პარლამენტის წინ, დაღუპულის მშობლებმა 12 ივნისს დაიწყეს.
_______
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” [momxmarebeli.ge], რომელიც სურსათის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, სურსათის 6 ნიმუშში აღმოჩნდა საღებავები, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა.
momxmarebeli.ge-მ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად.
შემოწმების შედეგად 42 დასახელების პროდუქტიდან არასაკვები საღებავები 6 დასახელების პროდუქტში აღმოჩნდა.
მშრალი აჯიკა, თეთნულდი – აღმოჩნდა 2000 მკგ/კგ-ზე მეტი სუდან 1
[/checklist]
პროდუქტები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა
momxmarebeli.ge-ს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.
„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.
„კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას,“ – ნათქვამია momxmarebeli.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავტობუსის გაჩერებების სანფორმაციო დაფებს შეისყიდის. 400 ცალი დაფის შესაძენად კომპანიას 64 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. საინფორმაციო დაფების შესასყიდად ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული.
ტენდერში გამარჯვებულმა 200 ცალი საინფორმაციო დაფა ავტოტრანსპორტს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა მიაწოდოს, დარჩენილი რაოდენობა კი – ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. მიწოდების ბოლო ვადა 2019 წლის 31 დეკემბერია.
საინფორმაციო დაფის ნიმუში სატენდერო დოკუმენტებიდან
გაიზრდება თუ არა საფრთხეები ბათუმის კონცხისთვის მას შემდეგ, რაც მის მიმდებარედ დაგეგმილ მრავალსართულიან 5 კოშკს ააშენებენ – ეს იყო საკითხი, რომელმაც დღეს გამართულ შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმის მერიაში შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წარდგენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საჯარო განხილვა მერიამ დაგეგმა. საკითხი ეხება ბათუმის კონცხთან არსებული 6 ჰექტარის განაშენიანების გეგმას. ეს ტერიტორია შპს „რივიერა ბათუმს“ ეკუთვნის.
შეხვედრას დაინტერესებული მოქალაქეები და „ბათომის“ წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც დაგეგმილ პროექტს რამდენიმე მოტივით ეწინააღმდეგებიან. მათთვის საკმარისი არ არის ამ დრომდე წარმოდგენილი კვლევები და შესაბამისი დასკვნები. ისინი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი პროექტს ეწინააღმდეგებიან კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისითაც, გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორია ისტორიული ბათუმის საზღვრებშია მოქცეული.
პროექტის მოწინააღმდეგეებს კითხვები აქვთ ბათუმის კონცხთან არსებულ კანიონთან მიმართებაში. ისინი შიშობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი სახლების მშენებლობა კიდევ უფრო გაზრდის კანიონთან დაკავშირებულ რისკებს.
„1999 წელს, როცა მიწისძვრა იყო, ჩავარდა იქ 200 მეტრი. მაშინ იყო სამბალიანი მიწისძვრა, ბათუმი არის რვაბალიან ზონაში, ღმერთმა დაგვიფაროს, ბათუმში შვიდი ბალი მიწისძვრა რომ იყოს, თქვენ იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი?“ – ეს კითხვა დღეს გრგ-ს საჯარო განხილვისას შპს „რივიერა ბათუმის“ დირექტორს გიორგი კაპანაძეს ნოდარ ჩხეიძემ დაუსვა. მანამდე მან კომპანიის წარმომადგენელს და აუდიტორიას განუმარტა, რომ სპეციალობით ტექნოლოგია და ამ მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობდა, იცნობს ამ საკითხთან დაკავშირებულ კვლევებს და სხვა სპეციალისტების დასკვნებსაც. თუმცა თქვა ისიც, რომ არ იცნობს პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ბურუნთაბიე ყალიბდებოდა კანიონში ქვიშის დაგროვებით, დაახლოებით ათი ათასი წლის განმავლობაში. არავინ იცის, დაახლოებით რა ფენაა იქ სამოცდაათი მეტრის ქვემოთ. რაც იქ არის, მცოცავია“, – განაცხადა ნოდარ ჩხეიძემ შეხვედრაზე.
ნოდარ ჩხეიძე
„იქ რომც ჩაცოცდეს რაღაც, ვერ ექნება გავლენა ჩვენს შენობებზე და არც ჩვენს შენობებს ექნება გავლენა ინერტული მასალის ჩამოშლაზე,“ – უპასუხა მას გიორგი კაპანაძემ. მისვე თქმით, სწორედ ამას ამტკიცებს იტალიური კვალიფიციური კომპანიის გაანგარიშებები.
შეხვედრაზე უპასუხოდ დარჩა ჰაერის ცირკულაციასთან დაკავშირებული საკითხიც. კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ მიმართულებით კომპანია ახლა მუშაობს და წარმოადგენს დეტალურ პროექტს, თუ როგორ აპირებს კომპანია ჰაერის, ასევე ხელოვნურ ლაგუნასთან მიმართებაში წყლის ცირკულაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას.
„აქ რასაც თქვენ აშენებთ, ამისი ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. თქვენ, უბრალოდ, გინდათ ზღვასთან ააშენოთ სახლები, მაგრამ გამეცით პასუხი კითხვაზე, იქ, სადაცბურუნთაბიე იყო, ფორმირდება ქარის ორი ნაკადი, ერთია მთიდან და მეორე თურქეთიდან მომავალი. თქვენ გექნებათ ძალიან დიდი პრობლემები, თუ ამ ორი ნაკადის გადაკვეთის საკითხი არ გექნებათ შესწავლილი, ეზოს შიგნით წარმოიქმნება უზარმაზარი ქარბორბალას ნაკადი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბათუმში ქარბორბალა, რაც იშვიათია, სულ გვექნება, “ – განაცხადა ნოდარ ჩხეიძემ.
მხარეებს ცხარე დებატები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებითაც, დაფარავს თუ არა 5 მაღლივი კოშკი ისტორიულ ბათუმს. კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ არ დაფარავს, რისიც არ სჯერათ პროექტის მოწინააღმდეგეებს.
გარდა ამისა, კომპანიას დაუწუნეს დაგეგმილი შენობების არქიტექტურაც: „ეს არის „სპიჩკის“ ყუთები, თუ წარმოადგენთ ისეთ პროექტს, როგორიც ეკადრება ქალაქს, მაშინ სხვანაირად განვიხილავთ. არსებობს ასევე ეკოლოგიური არქიტექტურაც. ის, რომ შენობას ექნება მწვანე ფერი, ეს არ ნიშნავს, რომ ეკოლოგიური არქიტექტურაა, რაც არ უნდა მიმტკიცოთ ახლა, რომ გამწვანებული შენობა არის ეკოლოგიური პროექტი, ეს არ არის ასე. მე გეტყვით ეკოლოგიური არქიტექტურა რა არის, რადგან არქიტექტურაში ეკოლოგია არსებობს. ეს არის ბუნებრივი შეთავსება ხელოვნურთან“, – ნოდარ ჩხეიძის ამ შეფასებას გიორგი კაპანაძემ სუბიექტური უწოდა.
შეხვედრაზე დაისვა კითხვები ასევე ტერიტორიაზე დაგეგმილ ხელოვნურ ლაგუნასთან დაკავშირებითაც – როგორ აპირებს კომპანია ტექნიკურად იქ წყლის ცირკულაციის მიღწევას. რივიერას წარმომადგენელმა თქვა ისიც, რომ ის პასუხისმგებელია პროექტზე და კონცხის მდგრადობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თუმცა ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ პროექტს კონცხთან დაკავშირებულ ბუნებრივ პროცესებზე უარყოფითი ზემოქმედება არ ექნება.
„ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა, შეხვედრაზე განაცხადა ისიც, რომ მერიის წარმომადგენლებთანაც ჰქონდათ კითხვები და არგუმენტირებული პასუხები სწორედ მათგან სჭირდებოდათ, თუმცა ასეთი პასუხები ვერ მიიღეს:
„არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა ანაცვალოს სახელმწიფომ უსაფრთხოება ბიზნესპროექტს, რატომ უნდა შესწიროს კონცხი?“
ნინო ინაშვილი და ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი
ასევე „ბათომის“ წარმომადგენელმა შოთა გუჯაბიძემ შეხვედრაზე წაიკითხა ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას შეფასება, სადაც ის საუბრობს პროექტზე კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში და ეს შეფასება დადებითი არ არის.
დღესვე მერიაში დარეგისტრირდა მიმართვა „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც ხელს 650 ადამიანი აწერს.
მომდევნო დღეები ბათუმში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებეით არის დატვირთული. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ფესტივალი გაიმართება. ნახეთ აფიშა:
16-17-18 აგვისტო – შავი ზღვის ღვინის ფესტივალი
„შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ 16 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის ძველ ბულვარში ყოველდღე 12 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ასამდე ღვინის მარანი, (უფასო დეგუსტაცია), ეთნოკულინარიული გამოფენა – ქართული ყველის, ჩირისა და ჩურჩხელის ნაირსახეობები. ჩატარდება ტრადიციული კერძების მასტერკლასი. ფესტივალზე იქნება ქართული რეწვის პროდუქტების ორმოცი მწარმოებელი (თექა, მინანქარი, თიხა და ა.შ.) ასევე გაიმართება ოცდაათი თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენა – გაყიდვა.
ლუდის ფესტივალი – 16-17 აგვისტო
ბათუმის ლუდის ფესტივალი ზღვისპირა ბულვარში, ანბანის კოშკის წინ გაიმართება. ფესტივალზე მისულ სტუმრებს დახვდება: ქართული ლუდი, კერძები, ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ასევე, ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალი 16 აგვისტოს საღამოს 17:00 საათზე დაიწყება,
17 აგვისტოს კი – დილის 11:00 საათზე
17-18-19 აგვისტოს ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ გაიმართება
სამი დღის მანძილზე ბათუმის ცენტრალური პარკი [ყოფილი 6 მაისის პარკი] საფესტივალო ადგილად გადაიქცევა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ფოტო და ნახატების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და კინოჩვენებები, იქნება ცოცხალი მუსიკა.
ფესტივალი 17 აგვისტოს დღის 12:00 საათზე დაიწყება და 19 აგვისტოს გვიან საღამოს დამთავრდება.
დრამატული თეატრი
17-18 აგვისტოს ბათუმის დრამატული თეატრი ახალ სცენაზე წარმოადგენს სპექტალს “სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!”
მონოპიესების VI საერთაშორისო ფესტივალი
17-19 აგვისტოს ბათუმში მონოპიესების VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 17 აგვისტოს საღამოს ხუთ საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსნება სპექტაკლით „ცხრაჯერ მეტი“.
18 აგვისტოს, 15:00 საათზე, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გამომცემლობა “ზებრას” უმასპინძლებს. მაღაზიაში მისულ მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს გამომცემლობის მიერ გამოცემულ ახალ წიგნებს. ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.[/checklist]
საჯარო სკოლებმა მასწავლებლის გამოთავისუფლებული პოზიციების შესავსებად უკვე დაიწყეს ვაკანსიების გამოცხადება. ერთ-ერთი სკოლის დირექტორის თქმით, მალე ქვეყანაში ვაკანსიების ბუმი იქნება.
მაგალითად, ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლამ უკვე გამოაცხადა 15 ვაკანსია სხვადასხვა საგნის მასწავლებლის პოზიციაზე. ამ სკოლას ყველაზე მეტი დაწყებითის მასწავლებელი სჭირდება. ამ პოზიციაზე სკოლა 6 ახალ მასწავლებელს ეძებს.
მე-6 სკოლა ეძებს შემდეგი სპეციალობის მასწავლებლებს:
ქართული ენა
დაწყებითის
ინგლისური ენა
მათემატიკა
ბიოლოგია
ისტორია
მუსიკა
სახვითი და გამოყენებით ხელოვნება
ფიზიკური აღზრდა და სპორტი
ამ სკოლის დირექტორის, ზურაბ ზაქარაძის თქმით, ვაკანსიების გამოწვეულია მათ სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტის მატებით. გასული სასწავლო წელი ბათუმის მე-6 საჯარო სკოლას 1000-ზე მეტი მოსწავლით დაუსრულებია. ახალ სასწავლო წელს კი სკოლას 1300 მოსწავლე ეყოლება.
ზურაბ ზაქარაძე ამბობს, რომ შესაძლოა კიდევ სამი ვაკანსია გაჩნდეს მე-6 სკოლაში – საპენსიო ასაკის სამი პედაგოგი 20 აგვისტოს, სავარაუდოდ, დაწერს განცხადებას სკოლიდან წასვლაზე.
მე-6 საჯარო სკოლაში უკვე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად 19 აგვისტოა განსაზღვრული.
ვაკანსიები აქვს ბათუმის 13-ე საჯარო სკოლასაც – ამ დროისთვის სულ 2 ვაკანსია.
სკოლას სჭირდება:
მათემატიკის
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი
ბოლო ვადად მე-13 სკოლას 23 აგვისტო აქვს განსაზღვრული.
კიდევ ერთ – მე-8 საჯარო სკოლას აქვს ბათუმში 12 პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადებული. ამ სკოლას სჭირდება პედაგოგები:
დაწყებითის
ფიზიკის
ქიმიის
ინგლისური ენის
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გეოგრაფიის
სამოქალაქო განათლების
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
ბუნებისმეტყველების
ფსიქოლოგი
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად მე-8 სკოლას განსაზღვრული აქვს 24 აგვისტო.
ბათუმის სხვა სკოლებს, ჯერჯერობით, არ აქვთ ვაკანსია გამოცხადებული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ დღეებში არ გახდება დამატებით ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი. საპენსიო ასაკის იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ვერ ჩააბარეს პროფესიული გამოცდები, დიდი ალბათობით [სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით] სკოლის დატოვება მოუწევთ.
ამ დროის მონაცემებით [14:00 საათი], საქართველოს მასშტაბით, მასწავლებლის 109 პოზიციაზეა გამოცხადებული ვაკანსია.
საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] თბილისში ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ახალი ოფისი ცირკსა და მდინარე მტკვარს შორის [ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ] არსებულ 8 779 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ეს ნაკვეთი ეროვნული ბანკის საკუთრებაშია 2019 წლის 26 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე [ტერიტორია აქამდე შპს „სითი ცენტრის“ საკუთრებაში იყო].ეროვნული ბანკის A კლასის ახალი სათაო ოფისის შენობის ფართობი კი, ჯამში, 17 000 კვ/მ იქნება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი ლარია.
ახალი სათავო ოფისის შენობა 38-44 თვეში უნდა აშენდეს. აქედან პროექტირებისთვის 6 თვეა განსაზღვრული, 2 თვე ტენდერისთვის – მშენებელი კომპანიის შესარჩევად, 30-36 თვე კი, სავარაუდოდ, – უშუალოდ მშენებლობისთვის. შესაბამისი პროექტისა და დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე [მშენებლის შესარჩევად] ბანკი ტენდერს გამოაცხადებს.
რაც შეეხება ახალი ოფისის შენობის დაპროექტებას და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას, ეროვნულ ბანკში გვითხრეს, რომ ჯერ კონკურსი არ გამოუცხადებიათ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თანხა დასჭირდება ახალი შენობის დაპროექტებას.
ეროვნულმა ბანკმა ახალი სათავო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ბაზრის კვლევაც გამოაცხადა.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესის ზედამხედველობისთვის 6 თვეა გათვალისწინებული. ერთი თვის მომსახურება კი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ლარს. ანუ, მარტო პროექტირების ზედამხედველობისთვის [საკონსულტაციო მომსახურებისთვის] სები მაქსიმუმ 180 ათას ლარს გადაიხდის. მაქსიმუმ 60 ათას ლარს გადაიხდის სები სატენდერო დოკუმენტაციის შედგენასა და წინადადებების შეფასებაში, ხოლო მშენებლობის ეტაპების ზედამხედველობის თანხის ოდენობა, დაინტერესებულმა პირმა ბანკს 2019 წლის 16 აგვისტომდე უნდა შესთავაზოს.
ფასების დადგენის შემდეგ ეროვნული ბანკი ზედამხედველის შესარჩევად ტენდერს გამოაცხადებს.
ტერიტორია ცირკსა და მტკვარს შორის [ყვითლად], სადაც ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისი უნდა აშენდეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – „პერსილისა“ და „არიელის“ სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
adjarabet.com-ის გამარჯვებულთა სიას კიდევ 40 ახალთახალი ავტომობილის მფლობელი შეუერთდა. გამარჯვებულები საზაფხულო აქციის „მობილური ისტორიების“ ფარგლებში გამოვლინდნენ.
გათამაშება 8 კვირის განმავლობაში „რუსთავი 2“-ზე მიმდინარეობდა. adjarabet.com ყოველკვირეულად 5 ერთგულ მომხმარებელს ასაჩუქრებდა. გამარჯვებულები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ.
„მოხარული ვართ, რომ adjarabet.com-ის გამარჯვებულებს კიდევ 40 ჩვენი ერთგული მომხმარებელი შეემატა. მსგავსი მასშტაბის გათამაშება საქართველოში ჯერ არ ყოფილა. გარდა ავტომობილების გათამაშებისა, adjarabet.com მომხმარებელს მთელი ზაფხულის განმავლობაში მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობდა,“ – აცხადებენ adjarabet.com-ში.
adjarabet.com მსგავსი ტიპის გათამაშებებს კვლავაც აგრძელებს. ამჯერად მომხმარებელს პროექტ „არიქას“ ფარგლებში 50 საგზურიდან ერთ-ერთის მოგება შეუძლია, ხოლო მთავარი გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
“ჩემთვის ეს წიგნი არის ამბებზე და ეს ამბები ორი ტიპის – ცუდი და კარგი ამბები. ამბები, რომელიც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს შენს ცხოვრებაში და შეიძლება პანდორას ყუთის სინდრომიც კი ჰქონდეს, რომელმაც გახსნით შეიძლება წაგლეკოს. და ასევე ისეთ ამბებზე, რომელიც მთელი ცხოვრება ძალას გაძლევს.
ზოგადად, ჩვენ ქალებს ორ რამეს გვახვევენ ხოლმე თავს: ერთი – სულ ცდილობენ რაღაც ჩარჩოებში ჩაგვსვან და მეორეა, როდესაც გვეუბნებიან – “შენ არ შეგიძლია, შენ არ გამოგივა”. თუ ბიჭებს ეუბნებიან “შენ უნდა შეძლო”, გოგოებს გვეუბნებიან – “შენ არ გამოგივა”.
მე მაქვს ერთი პატარა ეპიზოდი: ბავშვობაში, სამეგრელოში მდინარეზე წავედით ბავშვები. წინა დღეს მოსული დიდი წვიმის გამო, მდინარე ადიდებული და ტალახიანი იყო, ისეთი, რომ ვერ იბანავებდი. ბიჭებმა გამოიგონეს ასეთი თამაში – უნდა შესულიყავი მდინარის ყველაზე ღრმა, ხმაურიან ადგილას და უნდა გაგეძლო. თან უნდა გეყურებინა მდინარე როგორ მოდის შენსკენ და თავი უნდა შეგემაგრებინა. გოგოები გაგვაფრთხილეს, რომ თქვენ ეს არ გააკეთოთ.
მაშინ ვიყავი ათი წლის. არ ვიცი რა მოხდა ჩემში, საშინელი ბრაზი ვიგრძენი. არ ვიცოდი ცურვა და დღემდე არ ვიცი, მაგრამ მახსოვს, როგორ ჩავყავი ფეხი. თავიდან ფეხზე ვიგრძენი სიცივე და წყლის სიჩქარე, მერე ნაბიჯი გადავდგი და ვიგრძენი, როგორ ცურავს ჩემი ფეხი ამ ქვებზე და ნელ-ნელა მივედი იმ ადგილამდე, სადაც ეს საშინელება ხდებოდა. შევძელი იქ დავმდგარიყავი.
ახლაც, როდესაც რთული მომენტებია ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ვგრძნობ ფეხებში ამ ძალას, რომელიც მაშინ მქონდა ამ დიდი ბარიერის გადალახვის დროს.
ვფიქრობ, ფემინისტი ქალი ჩემში სწორედ მაშინ დაიბადა.
ეს წიგნი ზუსტად ასეთ ამბებზეა, რომელიც რაღაცას განსაზღვრავს შენს ცხოვრებაში და სულ ფეხებში გებლანდება ან კარგად ან ცუდად. ან ძალას გაძლევს ან გართმევს. ეს წიგნი ამ ამბების მონაცვლეობაა, ” – ასე წარადგინა მაღაზია “წიგნები ბათუმში” გამართულ პრეზენტაციაზე მაია ცირამუამ საკუთარი წიგნი – “მშვიდობით, ძია გერშვინ!”.
წიგნის – “მშვიდობით, ძია გერშვინ!” – პრეზენტაცია ბათუმში
ავტორმა წიგნი ოცი წლის წინ დაწერა, თუმცა აქამდე არ გამოუქვეყნებია. წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რომანში აღწერილი, თითქოს დიდი ხნის წინანდელი ამბები ახლაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია. როგორც მაია ცირამუა ამბობს, წიგნში ერთ კაცთან დაკავშირებულ რამდენიმე ქალის ისტორიას აღწერს და ტექსტში ყველანაირი ქალის თავგადასავალს შეხვდებით: ძალადობის მსხვერპლს, მიტოვებულს და ა.შ.
ავტორის თქმით, ტექსტით მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ქალს შეუძლია იყოს ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ დედა, ცოლი და მეოჯახე.
წიგნი გამოსცა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში”. “მშვიდობით, ძია გერშვინ!” სერია “საკუთარი ოთახის” ნაწილია. სერია აერთიანებს იმ ქალ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელთა წიგნებმა, ღირებულებებმა და ცხოვრების წესმა თავისი როლი ითამაშა ადამიანის უფლებების დაცვაში, ქალთა გაძლიერებასა და თანასწორობისთვის ბრძოლაში
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დიქტატორ მუსოლინის მსგავსად წელს ზევით შიშველმა საჯაროდ დაიწყო პოზირება და ფოტოები ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ატვირთა. სალვინის მიერ ფოტოების გამოქვეყნებას გერმანული, ფრანგული თუ იტალიური მედია გამოეხმაურა.
სალვინის ამ ტვიტს საინტერესოდ ეხმაურება ფრანგული გამოცემა TV5 MONDE-ი, რომლის სტატიაშიც ადამიანის უფლებების პროფესორი და იურისტი ალბერტო ალემანო სალვინის პოლიტიკურ ცხოველს უწოდებს და მიაჩნია, რომ მუსოლინის მსგავსად იტალიის შს მინისტრიც მოწოდებულია სრულყოს მითოლოგიური, ქარიზმატული იტალიელის სტერეოტიპული სახე, კარგი იტალიელის, რომელიც პლაჟზე უპერანგოდ დადის. ასეთივე სტერეოტიპს ამყარებდა ბენიტო მუსოლინიც – ალბერტო ალემანოს თქმით, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე, მაგალითად, იტალიელი დიქტატორი 1937 წელს გადაიღეს, ზამთრის კურორტზე ფრანგული ჟურნალისთვის – VU
იტალიის შს მინისტრის ტვიტებიდან საჯაროდ ჩანს მუსოლინის ეპოქის აშკარა ნოსტალგია.
29 ივლისს, მაგალითად, მუსოლინის დაბადების დღეს, სალვინიმ სწორედ იტალიელი დიქტატორის სიტყვების ,,molti nemici, molto onore“ მსგავსი ფრაზა დატვიტა: ,,Tanti nemici, tanto onore“ – ,,ბევრი მტერი ბევრი ღირსებაა“.
მუსოლინის სწორედ ეს გამოთქმა იქცა იტალიაში ფაშისტური რეჟიმის ლოზუნგად.
საინტერესოა ასევე სალვინის რელიგიური სახეცვლილებაც. როგორც ბენიტო მუსოლინი, განსაკუთრებულად რელიგიური ლიდერი სალვინი არ არის, თუმცა იტალიაში კათოლიციზმის გავლენების მნიშვნელობა ესმის და როგორც ევროპულ პრესაში ხშირად აღნიშნავენ, ცდილობს მოხიბლოს იტალიის მორწმუნე კათოლიკეები.
„მატეო სალვინი საშუალო კლასის რესტორნებში, ძირითადად, საშუალო ფენაში ჩნდება, დადის ღამის კლუბებში და იყენებს პირდაპირი, უშუალო საუბრის ფორმას, პოლიტიკურ მიტინგებზე ათწუთიანი გამოსვლებით შემოიფარგლება. მაღალი კლასის ადგილებში სალვინი თითქმის არ ჩნდება. ეს არის ქარიზმატული და პოპულარული ლიდერი, რომელსაც იგივენაირი გემოვნება და მისწრაფებები აქვს, როგორც საშუალოსტატისტიკურ იტალიელს“, – წერს გამოცემა TV5 MONDE-ი.
გერმანულ გამოცემა Die Welt-ს კი სალვინის ქცევამ ვლადიმერ პუტინი გაახსენა. 2017 წელს რუსეთი პრეზიდენტის წელსზემოთ შიშველი კადრები გაავრცელა კრემლის პრესსამსახურმა და სახელმწიფო ტელევიზიებმა. რუსული წყაროები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ პუტინი ციმბირში ისვენებს – დროს თევზაობასა და ნადირობაში ატარებს.
მაშინ, როდესაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურა შუამავალ სარეკლამო კომპანიასთან „საეჭვო შეთანხმების“ გაფორმებაში ედავება, რითაც, მათივე განცადებით, კერძო მაუწყებელმა 7 მილიონი ლარი იზარალა, არავინ ინტერესდება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შუამავალი სარეკლამო კომპანიების გარიგებებით. მაუწყებლის, რომლის საბიუჯეტო მხარაჭერამ 50 მილიონს გადააჭარბა და რომელიც გასულ წელს, სადავო საკანონმდებლო ცვლილებებით, კომერციული დროის გაყიდვის უფლებით კერძო არხებს გაუთანაბრდა, შემოწმებას არ გეგმავს არც აუდიტის სამსახური და არც კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
____
ფილმი მომზადებულია საერთაშორისო აუდიტორიისთვის, შესაბამისად, შეიცავს ბევრ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ქართულმა მაყურებელმა შესაძლოა უკვე იცის.
მადლობა თანამშრომლობისთვის: გაზეთი „ბათუმელები“; საია
მასალა მომზადებულია „ღია მედია ჰაბის“ ფინანსური მხარდაჭერით
ხვალ, 15 აგვისტოს, დილის ათ საათზე, ბათუმის მერია რივიერას პროექტის საჯარო განხილვას იწყებს.
ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. ეს პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.
“საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების წარდგენა განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე ქ. ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთებზე,” – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. მერიის ცნობით, საჯარო განხილვისას პროექტის თაობაზე თავიანთი მოსაზრებებისა და შენიშვნების დაფიქსირების საშუალება ყველა მსურველს ექნება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განცხადებების მიღება დღეს, 14 აგვისტოს, დასრულდა. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ რიგით მესამე კონკურსი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 აპრილს ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა.
ამჯერად მაუწყებლის დირექტორის კონკურსში 8 კანდიდატი დარეგისტრირდა.
კონკურსანტების სია:
შოთა ზოიძე
გიორგი კოხრეიძე
ფირუზ ბოლქვაძე
შოთა გურაბანიძე
თინათინ ცისკარაძე
მერაბ წულუკიძე
ირაკლი კიკვაძე
ირმა ზოიძე
რვა კანდიდატს შესაძლოა დაემატოს მეცხრე კანდიდატიც. როგორც მრჩეველთა საბჭოში განმარტეს, მეცხრე კანდიდატმა “საკონკურსო დოკუმენტაცია შუადღეზე მეილით გააგზავნა, თუმცა ამ დრომდე არაა ასახული. შესაძლოა მეილი გადატვირთული იყოს, “ვარეფრეშებთ” და თუკი ნამდვილად 6 საათამდეა გამოგზავნილი, დაიშვება ეს კონკურსანტი,” – ამბობს თამარ კეკელაშვილი, რომელიც საკონკურსო განაცხადების მიღებას კურირებს.
დირექტორს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოგასაუბრების შემდეგაირჩევს ან ვერ აირჩევს. აქამდე ჩატარებული ორი კონკურსის შედეგად დირექტორი ვერ აირჩიეს. ბოლო კონკურსში 2-2 ხმა მიიღეს მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძემ. დირექტორობის კანდიდატს საბჭოს 3 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით ირჩევენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.
სოციალურ ქსელ „facebook“-ზე განთავსებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური გვერდის პოპულარიზაციის მიზნით, დეპარტამენტი სარეკლამო მომსახურების შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც, შესყიდვების პორტალის მიხედვით, 1 200 აშშ დოლარი აქვს გათვალისწინებული. სარეკლამო მომსახურება 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მიზანშეწონილია დეპარტამენტის საქმიანობის რეკლამირება სოციალურ ქსელ „facebook”-ის მეშვეობით, ვინაიდან საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშნელოვნად აღემატება სხვა სოციალური ქსელების მომხარებელთა რაოდენობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დეპარტამენტთან საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირებისთვის და სამიზნე ჯგუფებისათვის.
აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტი ამ დროისათვის იწყებს საქართველოს ისტორიაში ისეთი უდიდესი პროექტების განხორციელებას, როგორებიც არის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის [ქვეშეთი- კობის მონაკვეთის] მშენებლობა და მრავალი სხვა. ასევე, დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების და კამპანიის განხორციელება და გაშუქება სოციალური მედიის „facebook“-ის მეშვეობით,“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოციალური ქსელის მეშვეობით სარეკლამო მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონედ „facebook“-ს მიიჩნევს და ინტერნეტგამოწერის გზით გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს, თანხმობას კი, შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ინტერნეტგამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვისას, ხელშეკრულების გაფორმება არ არის სავალდებულო“.
„არსებობს ალტერნატიული სოციალური ქსელები, თუმცა აღნიშნულ მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ „facebook“, საქართველოში მისი პოპულარობის და მომხმარებლების რაოდენობის გათვალისწინებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ „facebook“, განსხვავებით სხვა სოციალური ქსელებისაგან, იძლევა საჯაროდ და დახურული (პირადი) კომუნიკაციის საშუალებას, აქვს მომხმარებლების ადგილმდებარეობის, დემოგრაფიული მონაცემების, ინტერესების მიხედვით ფილტრაციის შესაძლებლობა და იძლევა ინფორმაციის/რეკლამის ყველანაირი (ტექსტურ, ვიზუალურ და ვიდეო და სხვა) ფორმით გავრცელების საშუალებას,“ – მიიჩნევენ დეპარტამენტში.
რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [1200 აშშ დოლარი]? – დეპარტამენტის განაცხადში აღნიშნულია, რომ „ყოველთვიურად გადასახდელი თანხა განისაზღვრება სოციალურ ქსელში აქტივობების სხვადასხვა მოცულობის რეკლამის დადგენილი ღირებულებების გათვალისწინებით. აღნიშნულ მომსახურებას, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის აუდიტორიაზე ვგეგმავთ „facebook“-ზე განთავსებული აქტივობის წვდომის უზრუნველყოფას, გააჩნია კონკრეტული ღირებულება.“
———-
2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, თბილისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ამ ანგარიშის მიხედვით, რომელიც დეპარტამენტისგან გამოვითხოვეთ, მიმდინარეობს ბათუმი-სარფის გზის პროექტირება, ასევე, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ანგარიშში არის ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დასრულებული გზის, დაგეგმილი თუ მიმდინარე მშენებლობების შესახებ, თუმცა საერთოდ არ არის ნახსენები ხულო-ზარზმის გზა, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 110 მილიონი ლარი იხარჯება. ამ გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, დეპარტამენტის ინფორმაციებზე დაყრდნობით, 2019 წლის მაისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამუშაოები ხულოს ტერიტორიაზე ამ დრომდე არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება სარფის გზას, ანგარიშის პრეზენტაციისას დეპარტამენტის თავმჯდომარისგან გაჟღერდა, რომ ბათუმი-სარფის გზაზე 8 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება.
„გვირაბის აშენება ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა დეტალური პროექტირების შემდეგ გვირაბი 8 კილომეტრი იქნება თუ 7,5 ამას დღეს დეპარტამენტში ვერავინ იტყვის. ყველა დეტალი პროექტირების დასრულების დროს დაზუსტდება“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიიდან გონიო-კვარიათის გავლით უნდა აშენდეს. თუ დავუშვებთ, რომ ამ მონაკვეთში 8 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება, ეს გვირაბი იქნება სარფიდან [გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან] სარფის, კვარიათისა და გონიოს გავლით, თითქმის სოფელ ახალსოფლამდე.
„ინტენსიური საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები ექსპლუატაციაში და 2021 წელს უკვე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ბათუმი-სარფის მონაკვეთზე“, – ეს განცხადება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 13 აგვისტოს, გააკეთა.
მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზისა და ამ გზაზე ერთ-ერთი გვირაბის მშენებლობა სოფელ მახვილაურთან / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში შედეგების აპელაციის მოთხოვნით აბიტურიენტებმა 2970-მდე განაცხადი შეიტანეს.
Naec.ge-ს ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად აბიტურიენტებმა ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნამუშევრების ხელახალი შეფასებისთვის შეიტანეს.
ყველაზე ნაკლები სააპელაციო განაცხადი სახვით და გამოყენებით ხელოვნების და გერმანული ენის გამოცდის შედეგებზე შევიდა.
სააპელაციო განაცხადების განხილვა მომდევნო კვირის ბოლომდე დასრულდება.
შშმ პირებს მათთვის მოწყობილი ადაპტირებული პლაჟით, ხუთი ტივტივა ეტლით, საშხაპეებითა და გამოსაცვლელებით, სარგებლობა ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 8-მდე შეეძლებათ. იმ შემთხვევაში კი, როცა პლაჟზე ბანაობის ამკრძალველი ნიშანი – წითელი ალმებია აღმართული, პლაჟითა და ტივტივა ეტლებით სარგებლობა აკრძალულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
შესაძლოა ბანაობა დასაშვები იყოს და თეთრი ალმებიც ფრიალებდეს სანაპიროზე, მაგრამ შშმ პირებისთვის გარკვეულ დღეებში მაინც სახიფათო იყოს ბანაობა შიდა დინების გააქტიურების გამო – ბათუმის ბულვარი მსგავს დღეებში, როგორც ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, უფლებას იტოვებს, ტივტივა ეტლები გადაიტანოს დაცულ ადგილას.
„ვინაიდან ტივტივა ეტლები არის ძვირადღირებული და სპეციფიკური მოწყობილობა, დაზიანების ან ვანდალური ფაქტების თავიდან ასაცილებლად, უამინდობისას და საღამოს საათებში, ბათუმის ბულვარი იტოვებს უფლებას, გადაიტანოს ისინი დაცულ ადგილას,“ – ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ადაპტირებული პლაჟით დაინტერესებული პირებისთვის, სსიპ ბათუმის ბულვარის მიერ პლაჟზე განთავსებულია საინფორმაციო დაფა, რომელზეც ტივტივა ეტლებით სარგებლობის წესები და აკრძალვებია მოცემული.
შშმ პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით:
[checklist]
ზღვაში ტივტივა ეტლით ჩასვლის მსურველებმა, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინონ, თუ როგორი ამინდია ზღვისპირას.
ტივტივას შემქმნელი ფრანგული კომპანია სასტიკ გაფრთხილებას იძლევა ზღვის ძლიერი დინებისა და ღელვის დროს ბანაობის აკრძალვის შესახებ.
ბანაობა აკრძალულია დამცავი ჟილეტების გარეშე
ბანაობა იკრძალება ასევე თანმხლები პირის გარეშე
აკრძალულია ტივტივაზე რაიმე მისაბმელის ან დამატებითი აღჭურვილობის გამოყენება.
ტივტივათი სარგებლობა ეკრძალებათ პატარა ბავშვებს.
[/checklist]
შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს სრულად არის მორგებული.
პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება. ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს “ბათუმის ბულვარი“ ახორციელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის საერთო ღირებულება 69 ათასი ლარია.
17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.
მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
17/ 08/2019 თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena– თბილისი #884/883
გასვლა- თბილისი
ჩასვლა-Black Sea Arena
ჩასვლა-ბათუმი
გამოსვლა-ბათუმი
გამოსვლა-Black Sea Arena
ჩამოსვლა- თბილისი
12:40
17:25
18:23
23:50
0:38
5:15
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 17 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 18 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 14 აგვისტოს დილით, ონკანში მღვრიე წყალი მოდიოდა.
შპს „ბათუმის“ წყლის ინფორმაციით, „2019 წლის 13 აგვისტოს ქ. ბათუმში ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაში ავარიულად დაზიანდა დ225 მმ-იანი ცენტრალური წყლის მილი. სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 14 აგვისტოს დილის 05:30 სთ. რის შემდგომაც აღნიშნულ არეალში არსებულ აბონენტებს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელში წყალმომარაგების აღდგენა იწვევს ზოგიერთ მონაკვეთში წყლის ამღვრევას, რაც განპირობებულია მილზე არსებული მინერალური ნადების ჩამორეცხვით“.
კომპანიის განცხადებით, „წყლის ამღვრევის შემთხვევაში საჭიროა ონკანიდან წყლის გამოდინება რამდენიმე წუთის განმავლობაში. აბონენტებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 0422242222 ან 1152 და წყლის ხარისხს შეამოწმებენ ლაბორატორიულადაც.
შპს „ბათუმის წყალი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო“.
ლაბორატორიისთვის წყლის სინჯის აღება ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე. ლაბორატორიის წარმომადგენლის ინფორმაციით, კვლევის სრული შედეგი 72 საათში გახდება ცნობილი / 14.08/2019
ყოველწლიური „ბათუმის ლუდის ფესტივალი“ განახლებული პროგრამით, მდებარეობით, გარემოთი, თუმცა უცვლელი მზისფერი ლუდით, დაგვიბრუნდა 16-17 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარედ.
ფესტივალზე წამორდგენილი იქნება ყველა წამყვანი ქართული ლუდსახარში – „აისი“, „კაიაკი“, „ლუდი ბათუმური“, „ყაზბეგი“, ტანმდემში ქართული ხორც–პროდუქტების მწარმოებელ ლიდერ კომპანია „ვაკესთან“, რომელიც თავისი უგემრიელესი სოსისებით მოგვამარაგებს.
ფესტივალის ორგანიზატორები გვპირდებიან უამრავ სიახლესა და მრავალფეროვან, როგორც გასტორნომიულ, ასევე გასართობ აქტივობას. ცოცხალი მუსიკა სინქრონულად ჩაენაცვლება ელექტრონულს – შეჯიბრებების, სახალისო აქტივობებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვის ფონზე.
ეს ყველაფერი ანბანის კოშკის მიმდებარე, განახლებულ ტერიტორიაზე ალტერნატიული გამოცდილების სივრცე „ბაგსი“–სთან პარტნიორობით გელოდებათ, რომელიც თავის მხრივ გთავაზობთ ქუჩის ქართულ სამზარეულოს (Street Food) და თავისუფალი დროის ალტერნატიულ სივრცეში გატარებას. ასე რომ, თქვენ ისღა დაგრჩენიათ თქვენი უიქენდი დაგეგმოთ „ბათუმის ლუდის ფესტივალთან“ ერთად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი მაისიდან 14 აგვისტომდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა.
„უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა; ქვემო ქართლში – 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12. შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა, გურიაში – 9 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 8. აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო შავ ზღვაზე – 4 ფაქტი. 2019 წლის პირველი მაისიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 165 კგ.-მდე შეადგინა.
„უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ – აცხადებენ დეპარტამენტში.
2019 წლის პირველი მაისიდან [თევზის ქვირითობის დაწყების გამო] ზოგიერთ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა აიკრძალა. აკრძალვა 2019 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
ყოველი წლის აგვისტოში ასტრომოყვარულები მეტეორების წვიმას – პერსეიდებს ელოდებიან. მეტეორებს წარმოქმნის კომეტა სვიფტ-ტატლი, რომელიც 1862 წლის ივლისში 3-დღიანი ინტერვალით აღმოაჩინეს ლუის სვიფტმა და ჰორას პარნელ ტატლიმ. პერსეიდები იმიტომ ჰქვია, რომ პერსევსის თანავარსკვლავედის მიმართულებით ჩანს ცაზე.
დედამიწა ყოველწლიურად კვეთს კომეტის ორბიტას და დაახლოებით ერთი თვის (ივლისი-აგვისტო) მანძილზე იმყოფება მის სარტყელში.
ამის გამო დედამიწის ატმოსფეროში იჭრება მცირე ნაწილები კომეტის კუდისა და ქმნის შთამბეჭდავ სანახაობას.
წელს პერსეიდების პიკი, 11-14 აგვისტო დაემთხვა სავსემთვარეობას. ასეთ დროს მთვარის შუქის გამო ჭირს ასტროდაკვირვებისა და ფოტოგრაფიის წარმოება, თუმცა ერთგულმა ასტრომოყვარულებმა მაინც შეძლეს და გადაიღეს ფოტოები:
The Moon is sinking into the Adriatic Sea beneath the poorly visible Milky Way above it, while a bright Perseid meteor shoots to its right. Taken early this morning over Istra, Croatia, Aug 11th, 2019. pic.twitter.com/U6ZDI7yqrf
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობა ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის [NO2] და მყარი ნაწილაკების [PM10] კონცენტრაციებისა.
სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებმა საშუალო წლიურ ნორმას 1.5-ჯერ გადააჭარბა. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ასევე თბილისში, წერეთლის გამზირსა და ქუთაისში – 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე – 1.3-ჯერ.
✅ 7 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.5-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ, 8 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.4-ჯერ, ხოლო ქუთაისსა და ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ.
9 აგვისტოს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში – 1.6-ჯერ და ქუთაისში – 1.1-ჯერ, 10 აგვისტოს ქუთაისსა და ,,ილიას ბაღში“ – 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 11 აგვისტოს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავსა და ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 7, 8 და 10 აგვისტოს გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად, კერძოდ საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. 6 და 12 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
✅ ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში – აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.
დღეს, 14 აგვისტოს, როლანდ ბლადაძის ოჯახი 15 წლის შემდეგ იმ სახლში დაბრუნდა, რომელიც მათ 2004 წელს ჩამოართვეს. სახლი გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს. ბოლოს 15 წლის განმავლობაში ამ უძრავ ქონებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ფლობდა.
„გარკვეული ნასყიდობის ფასის სანაცვლოდ, მაგრამ გიორგი პაპუაშვილის ნების საფუძველზე ქონება როლანდ ბლადაძეს დაეთმო. ბლადაძე გაასხვისებს ალტერნატიულ ფართობს, რაც მას გადასცა სახელმწიფომ და დაფარავს ნასყიდობის ღირებულებას, რაც ამ სახლის უზრუნველყოფისთვის იქნა შეთანხმებული,“ – განაცხადა დღეს, 14 აგვისტოს, არჩილ კაიკაციშვილმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ [ეს ორგანიზაცია სასამართლოში როლანდ ბლადაძის ინტერესებს იცავდა] ხელმძღვანელმა, რომელიც ნასყიდობის თანხის ოდენობას არ ასახელებს.
2018 წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბინაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. საქმის განხილვა მაშინ მხარეთა მორიგებით დასრულდა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს როლანდ ბლადაძისთვის თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინა [263 კვ.მ] სიმბოლურ ფასად – 1 ლარად უნდა გადაეცა. ამ ბინის ღირებულება იმ დროს 399 ათასი ლარი იყო.
როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას 2004 წელს ჩამოართვეს საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, როგორც დაუსაბუთებელი ქონება. ეს ბინა 2007 წელს გიორგი პაპუაშვილს გადასცეს – საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელ თავმჯდომარეს.
არჩილ კაიკაციშვილის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ [ეს ორგანიზაცია სასამართლოში როლანდ ბლადაძის ინტერესებს იცავდა] ხელმძღვანელის განცხადებით, როლანდ ბლადაძემ ბინის მიღების შემდეგ უშუალოდ გიორგი პაპუაშვილთან დაიწყო მოლაპარაკება.
„როლანდ ბლადაძე გიორგი პაპაუაშვილთან იწყებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ეხება მიღებული ალტერნატიული ფართობის გადაცემის სანაცვლოდ ბათუმში ჩამორთმეული სახლის დაბრუნების პროცესს. ჩვენ გვაქვს სრული მოლოდინი და ურთიერთგაგება იმის თაობაზე, რომ ყოფილი მოსამართლე, ბატონი გიორგი პაპუაშვილი, მოცემული შედეგების გათვალისწინებით, როლანდ ბლადაძესთან მიაღწევს მნიშვნელოვან შეთანხმებას,“ – აცხადებდა ერთი წლის წინ არჩილ კაიკაციშვილი.
მორიგების მიხედვით, როლანდ ბლადაძეს ასევე რჩებოდა უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ხელახლა მიემართა სასამართლოსთვის. „მიმართავს თუ არა ბლადაძე სასამართლოს, მას ამისთვის 3 წელი აქვს და ვნახოთ რას იზამს, ჯერ დაზუსტებით არ ვიცით“ – ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.
გიორგი პაპუაშვილთან ერთად, 2007 წელს, საცხოვრებელი ბინები ბათუმში სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებსაც გადასცეს. სხვა ბინებიც, ასევე, აბაშიძის ოჯახის წევრებსა და მაღალჩინოსნებს ეკუთვნოდათ. გიორგი პაპუაშვილის ქონება სადავო აღმოჩნდა. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, პაპუაშვილმა წერილით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა და გამოხატა მზადყოფნა, დაეთმო სადავო ბინა, თუკი სახელმწიფო მას ალტერნატიული საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფდა.
2013 წელს საქართველოს პროკურატურამ დადგენილება გამოსცა, სადაც ეწერა, რომ როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ 2004 წელს დაწყებული გამოძიება შეწყდა.
ბლადაძეების ოჯახი ადვოკატთან ერთადსადავო ბინა
2015 წლის 17 მარტს გიორგი პაპუაშვილმა სადავო ბინა თავისი ცოლის დის, ეკა ხოფერიას ყოფილ ქმარს, გიორგი ლევიძეს მიჰყიდა 195 ათას დოლარად. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რადგან ამ დროისთვის როლანდ ბლადაძის სარჩელს უკვე განიხილავდა სასამართლო.
გიორგი პაპუაშვილმა მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დავის მონაწილე თვითონ არ არის და საჯარო რეესტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2006-2016 წლებში.
ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე [ვაჟა-ფშაველას გადაკვეთაში], დღეს [11:40] ონკანში მღვრიე წყალი მოდის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მღვრიე წყალი მოდის 26 მაისის ქუჩაზე [მაგალითად, N30-ში და მის მიმდებარედაც].
კომენტარისთვის „ბათუმის წყალს“ დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ადგილზე გამოაგზავნიან ლაბორატორიის წარმომადგენლებს.
კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს სასმელი წყლის დაბინძურების მიზეზი, „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ კონკრეტულ მიზეზს ამ ეტაპზე ვერ დაასახელებენ „თუმცა, მაგ უბანში, გორგილაძის ქუჩაზე, 26-მაისისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის ავარიულად დაზიანდა მილი, რომელიც წუხელ ღამით შეკეთდა. სამუშაოების შესახებ გავავრცელეთ წინასწარ ინფორმაცია და აბონენტებსაც დაეგზავნათ სმს-შეტყობინება“ .
მთავარი ფოტო: ონკანიდან წამოსული წყლის შეფერილობა დღეს
კარიერული მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას ბათუმის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაციაზე, დარბაზიდან მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. პრეზენტაცია 12 აგვისტოს გაიმართა. მთავრობის ინფორმაციით, ამ პრეზენტაციაზე დარბაზში 400-ზე მეტი ახალგაზრდა იმყოფებოდა. იმ დღეს არავის უთქვამს, რომ წელს ამ პროგრამით სარგებლობას მხოლოდ 30 – მდე კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შეძლებს.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დავითაძემ ამავე პრეზენტაციაზე თქვა, კითხვას – როგორ მიიღონ გამოცდილება კურსდამთავრებულებმა, მაშინ, როცა ამ გამოცდილების არქონის მიზეზით ვერ საქმდებიან, სამინისტროს თანამდებობის პირებს ყველაზე ხშირად უსვამენ, წერენ და ესაუბრებიან. მისივე თქმით, ამიტომაც გააკეთეს კარიერული მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემენ. მთავრობა პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ კურსდამთავრებულს ან დამამთავრებელ კურსზე მყოფ სტუდენტს 450 ლარს დაჰპირდა ანაზღაურების სახით.
როგორც ალექსანდრე დავითაძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, პროგრამა საპილოტეა და მთავრობა აპირებს კურსდამთავრებულებისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დასაქმების მიზნით კერძო სექტორთან ითანამშრომლოს. „მოლაპარაკებები კომპანიებთან დაწყებულია და გრძელდება“, – გვითხრა მან. რაც შეეხება ანაზღაურებას, მთავრობა ხელფასის ერთი მესამედის გადახდას გეგმავს, ანუ 450 ლარიდან მხოლოდ 150 ლარს გადაიხდის.
„შეიძლება ხელფასი უფრო მეტიც იყოს, მაგრამ მაქსიმალური ლიმიტი მთავრობის მხრიდან იქნება 150 ლარი“, – ამბობს მინისტრის მოადგილე. ანაზღაურება კი შესაძლებელია იყოს სამთვიანი ან ექვს თვემდეც გაგრძელდეს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები განაცხადებს შეავსებენ, შემდეგ კი აჭარის მთავრობის კომისია შეარჩევს 30-მდე განაცხადს, რომლებსაც დააფინანსებენ. ალექსანდრე დავითაძემ „ბათუმელებთან“ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროგრამის მონაწილეებს პროფესიული მიმართულებით დასაქმებას იმისათვის შესთავაზებენ, რომ მათ მიიღონ გამოცდილება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება 21-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ.
17-19 აგვისტოს ბათუმში მონოპიესების VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 17 აგვისტოს, საღამოს ხუთ საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსნება სპექტაკლით „ცხრაჯერ მეტი“ (ავტორი ლაშა ბუღაძე). 18:00 საათზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „S01E06” (ავტორი – პაატა ციკოლია).
19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში წარმოდგენილი იქნება თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „შიზო ფრენია“.
18-19 აგვისტოს აფიშა კი ასეთია:
18 აგვისტო
17:00 საათი – „შეჭრა“
(ავტორი – კიტა ცხომაია)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი
18:00 საათი – „ბრიფინგი“
(ავტორი – გუგა მგელაძე)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი
19:00 საათი – „სიბნელე“
(ავტორი-ნატალია ბლოკი)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი
19 აგვისტო
17:00 საათი – „ცარიელი ფურცელი“
(ავტორი – ტატო ჩანგელია)
ახალი სცენა
18:00 საათი – „შეშლილი ნიცშე“
(ავტორი – ვალერი ოთხოზორია)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი
19:00 საათი – „ქაღალდის თამრო“
(ავტორი – მეგი კობალაძე)
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი
ბათუმში მცხოვრებ 92 წლის არკადი მელქოიანს, 73 წლის ასლან ჯაფარიძესა და მიხეილ ჯიქიძეს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, მაგრამ სამივე მათგანის პროფესია, მალე, შესაძლოა, უბრალოდ, გაქრეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: მათ საქმიანობაზე მოთხოვნა თანდათან მცირდება და ბოლო რამდენიმე წელია არცერთ მათგანს მოსწავლე არ ჰყავს. ასლან ჯაფარიძე მლესავია, არკადი მელქოიანი მესაათე, მიხეილ ჯიქიძე კი მეწაღე.
შვილთან ჩავედი გერმანიაში და დავდივარ ქუჩებში, ვეძებ, სადმე მეწაღის ჯიხურს მოვკრა თვალი, ვკითხო რამე სიახლეების, ევროპელი მეწაღეების, იქაური მასალების შესახებ. შენც არ მომიკვდე, სადაა გერმანიაში მეწაღე? არაა. ასე გავქრებით აქაც ნელ-ნელა“, – ამბობს მიხეილ ჯიქიძე.
ფეხსაცმელების ყიდვა საბჭოთა ეპოქის ფაბრიკაში ისწავლა, საქმე მალე აითვისა და ოსტატიც მალე გახდა. 1977 წლიდან ფეხსაცმლის ფაბრიკაში მუშაობდა, ბოლო 15 წელია სარდაფს ქირაობს და ასე აგრძელებს საქმეს.
მეწაღე მიხეილ ჯიქიძე
„ბოლო 20 წელია მოსწავლე არ მყოლია, არავინ მოსულა და არ უთქვამს, მასწავლე ფეხსაცმლის კერვაო, შვილი ვერ დავაინტერესე ჩემი საქმით და სხვას ვის დავაძალო ისწავლე-მეთქი? აქ რომ დავიწყე მუშაობა, 15 წლის წინ, რიგი მედგა, ზოგ კლიენტს უარსაც ვეუბნებოდი, ვერ ვასწრებდი კერვას. ახლა ხანდახან თუ შემოივლის ვინმე“, – ამბობს მიხეილ ჯიქიძე, მისი სარდაფი ბარათაშვილის ქუჩაზეა.
73 წლის ასლან ჯაფარიძეს ,,ხმაურიანი“ საქმე აქვს, დანებს და ბასრ იარაღებს, ხელსაწყოებს ლესავს.
მთელი ცხოვრება თბილისის მოედანზე ჰქონდა მოწყობილი მლესავის კუთხე, მაგრამ გასულ ზამთარს ბათუმის მერიამ თბილისის მოედანი და წერეთლის გამზირი ბათუმში გარემოვაჭრეების დახლებისგან გაათავისუფლა.
„შუაღამის 3 საათზე ჩამოიარა მერიის სატვირთომ. ჩვენი, მლესავების სამუშაო იარაღებით სავსე ყუთებიც წაიღეს – ჩემს მეგობარს დაუბრუნეს დამტვრეული, ჩემი დაიკარგა. ბათუმის მერიამ თბილისის მოედანი, ის ადგილი მოასუფთავა მლესავებისგან, სადაც ამ პროფესიის ადამიანები იდგნენ 150 წლის განმავლობაში. მე რომ ახალგაზრდა ვიყავი და ლესვას ვსწავლობდი, ჩემი ოსტატი 70 წლის იყო, მოხუცი მამა ჰყავდა, ისიც მლესავი. იმ კაციდან მოყოლებული სამივე თაობა აქ ვიდექით და არავისთვის შეგვიშლია ხელი. ახლა მითხრეს, რომ ვხმაურობ და ამ ნაქირავებ ოთახში შემომკუჭეს, ხალხიც ვერ მაგნებს“, – ამბობს ასლან ჯაფარიძე.
ნაქირავებ ავტოფარეხში თვეში 200 ლარს იხდის. ამას კომუნალური გადასახადებიც ემატება და ამბობს, რომ თვის ბოლოს გამომუშავებული თანხიდან თითქმის არაფერი რჩება.
მლესავი ასლან ჯაფარიძე
92 წლის არკადი მელქოიანიც საცხოვრებელი სახლთან მოწყობილ პატარა ჯიხურში მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ მხედველობამ რამდენიმე წელია უმტყუნა, მაინც ჩასცქერის საათის მექანიზმის წვრილ დეტალებს.
„სკოლაში მივდიოდი და მესაათის ჯიხურთან შევჩერდი, დიდი ჯიბის საათს აკეთებდა, ვაკვირდებოდი. რას უყურებო, – მკითხა. ვუყურებ როდის გაჩერდება ისრები-მეთქი, ოჰ, ეს 5 წელი მაინც არ გაჩერდება და მაგდენ ხანს გარეთ ხომ ვერ იდგებიო – მითხრა, მოგწონს ეს ხელობაო? კი-მეთქი ვუპასუხე, ჰოდა გასწავლიო და მასწავლა. 2 წელიწადში ყველაფერი ავითვისე“, – იხსენებს 92 წლის მესაათე. ამბობს, რომ ფულის გამომუშავება მისი საქმიანობის მთავარი მიზანი არ არის. თვიდან თვემდე 100 ლარი თუ შევაგროვე მიხარიაო, ამბობს.
„აი ახლა, ვსაუბრობთ და დრო გადის, სახლში რომ დავჯდე, ეს დრო 1 წელი მეგონება და ძნელად გავა. ეს არის, თორემ ფულისთის კი არ ვმუშაობ“, – ამბობს ბათუმის ყველაზე ასაკოვანი მესაათე.
შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე [26 მაისის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში] აბონენტებს შეეზღუდებათ წყლის მიწოდება დღეს, 13 აგვისტოს, ღამის 00:00 საათიდან – 14 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე.
კომპანიის განცხადებით, სასმელი წყლის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი დ=225მმ-იანი მილის ავარიულად დაზიანებაა.
„ინტენსიური საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები ექსპლუატაციაში და 2021 წელს უკვე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ბათუმი-სარფის მონაკვეთზე“, – ეს განცხადება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დღეს, 13 აგვისტოს, გააკეთა.
სად გაივლის ახალი გზა, დეპარტამენტი არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მარშრუტი ცნობილი იქნება დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ. „ბათუმელებს“ მიმდინარე წლის დასაწყისში, გზების დეპარტამენტში არაოფიციალურად უთხრეს, რომ კონკრეტული მარშრუტი რომც იყოს ცნობილი, თუ სად გაივლის ახალი გზა, ვერ იტყვიან იქედან გამომდინარე, რომ დაცული იქნას მესაკუთრის უფლება, ანუ მშენებლობის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონება [მიწა] არ გახდეს ვაჭრობის საგანი – შემდგომში მეტი სარგებლის [კომპენსაციის] მიღების მიზნით.
გზების დეპარტამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ გვითხრეს, რომ ჭოროხი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. რატომ გაჭიანურდა დეტალური პროექტირების დაწყება, კომენტარი დეპარტამენტისგან ვერ მივიღეთ. ამ უწყებაში ვერც იმის გარანტიას იძლევიან, დასრულდება თუ არა ამ გზის პროექტირება 2020 წლამდე.
დღეს, 13 აგვისტოს, ირაკლი ქარსელაძემ თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ამ ანგარიშის მიხედვით, რომელიც დეპარტამენტისგან გამოვითხოვეთ, მიმდინარეობს ბათუმი-სარფის გზის პროექტირება, ასევე ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ანგარიშში არის ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დასრულებული გზის, დაგეგმილი თუ მიმდინარე მშენებლობების შესახებ, თუმცა საერთოდ არ არის ნახსენები ხულო-ზარზმის გზა, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 110 მილიონი ლარი იხარჯება.
ამ გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, დეპარტამენტის ინფორმაციებზე დაყრდნობით, 2019 წლის მაისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამუშაოები ხულოს ტერიტორიაზე ამ დრომდე არ მიმდინარეობს.
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა ივნისში შეაჩერა და ტექნიკაც გაიტანა. გზების დეპარტამენტი „ტოდინს“ გარანტიის წარდგენას ქართული ბანკისგან სთხოვდა. „ტოდინს“ კი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო დამკვეთისთვის არ წარუდგენია. „ტოდინს“ სხვა პროექტში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.
ხვალ, 14 აგვისტოს, 19:00-ზე, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” მაია ცირამუას რომანის, “მშვიდობით, ძია გერშვინ!” პრეზენტაციას გამართავს.
წიგნი ოცი წლის წინ დაიწერა, თუმცა ავტორს აქამდე არ გამოუქვეყნებია და აღმოჩნდა, რომ რომანში აღწერილი, თითქოს დიდი ხნის წინანდელი ამბები ახლაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია. როგორც მაია ცირამუა ამბობს, წიგნში ერთ კაცთან დაკავშირებულ რამდენიმე ქალის ისტორიას აღწერს და ტექსტში ყველანაირი ქალის თავგადასავალს შეხვდებით: ძალადობის მსხვერპლს, მიტოვებულს და ა.შ.
წიგნი ბევრ ტკივილზე, უპირობო სიყვარულსა და ძირითადად, მაინც ქალებზეა. ავტორის თქმით, ტექსტით მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ქალს შეუძლია იყოს ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ დედა, ცოლი და მეოჯახე. შემთხვევითი არ არის, რომ ,,მშვიდობით, ძია გერშვინ!” იმ დროს იწერებოდა, როცა ავტორი შვილს ელოდებოდა. წერა მას რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარა, პერიოდის, რომელზეც საუბარი ერცხვინებათ, რადგან დედობა და შვილებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების სირთულედ განხილვა ცუდ ტონად მიიჩნევა.
„მშვიდობით, ძია გერშვინ!” – ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანში შესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა, თითქოს უწინდელივით სიცოცხლით სავსე და ენერგიულია? რომანის მთავარი პერსონაჟი მზადაა, ყველაფერი დათმოს, რათა გააბედნიეროს ის, ვინც მისთვის ყველაზე ძვირფასია.
“მშვიდობით, ძია გერშვინ!” სერია “საკუთარი ოთახის” ნაწილია. სერია აერთიანებს იმ ქალ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელთა წიგნებმა, ღირებულებებმა და ცხოვრების წესმა თავისი როლი ითამაშა ადამიანის უფლებების დაცვაში, ქალთა გაძლიერებასა და თანასწორობისთვის ბრძოლაში”, – ნათქვამია წიგნის აღწერაში.
ხვალ, 14 აგვისტოს, მაია ცირამუა მკითხველებს შეხვდება და წიგნზე ისაუბრებს. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. მაღაზიაში ,,გამომცემლობა წიგნები ბათუმში” კი. რომანი 30 %-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.