მთავარი,სიახლეები

716 მოქალაქის მიმართვა ბათუმის მერიას 5 კოშკის მშენებლობის საკითხზე

09.08.2019 • 1720
716 მოქალაქის მიმართვა ბათუმის მერიას 5 კოშკის მშენებლობის საკითხზე

დაიცავი ძველი ბათუმის წევრებმა დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმის მერიასთან საგანგებო ბრიფინგი გამართეს. დაიცავი ძველი ბათუმის წევრები მერიას მოუწოდებენ არ მიიღოს „ბათუმი რივიერას“ პროექტის სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგან პროექტის დაგეგმარება ეწინააღმდეგება ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას, მის ძირითად მახასიათებლებს და საფრთხის წინაშე აყენებს ბათუმის ეკოლოგიურ მდგომარეობას. დაიცავი ძველი ბათუმის წევრები პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ამ დროისთვის 716 ხელმოწერა შეგროვდა.

მიმართვას ტექსტი უცვლელად გთავაზობთ:

2019 წლის 16 ივლისს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #56 განკარგულების საფუძველზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ბათუმის კონცხის ე.წ. „ბათუმის რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებისთვის.

ჩვენ ქვემორე ხელმომწერებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილი პროექტით დაგეგმარება ეწინააღმდეგება ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას, მის ძირითად მახასიათებლებს და საფრთხის წინაშე აყენებს მის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ამ საკითხთან დაკავშირებული ძირითადი არგუმენტებია:

ბათუმის კონცხი წარმოადგენს ქალაქის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაწილს და შედის ბათუმის ისტორიული დაცვის ზონაში, რაც დასტურდება:

  • ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 14 აგვისტოს=748 დადგენილება – დამტკიცდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 3 ზონა, 154 ადგილობრივი და რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლის სია და ბათუმის ბულვარის (როგორც საბაღე–საპარკო ხელოვნების რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლის) სტატუსი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 02 ნოემბრის=186 დადგენილება „ქალაქ ბათუმის ისტორიული უბნის რეკონსტრუქციის შესახებ“, რითაც ხელმეორედ დამტკიცდა ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვითი ზონის საზღვრები. დადგინდა კონკრეტული რეჟიმი, რითაც აიკრძალა 3 სართულზე მაღალი შენობის აგება.
  • სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ 2007–2017 წლებში მომზადებული/განახლებული სხვადასხვა სახის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია, მათ შორის –„ქალაქ ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა“, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს ქალაქის ისტორიული დაცვის ზონის საზღვრების განახლების საფუძველს.

წარმოდგენილი საპროექტო წინადადება სრულიად უგულებელყოფს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფუნდამენტურ ღირებულებებს. აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე 2010 წლამდე არსებული ციხესიმაგრის – ბურუნთაბიეს/მიხეილის სიმაგრის დიდი ნაწილის განადგურება სწორედ უკანასკნელი მესაკუთრის პირობებში მოხდა. აღსანიშნავია, რომ  ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს (მათ შორის – მომიჯნავედ) მდებარეობს რამდენიმე უძრავი ძეგლი: შუქურა, საზღვაო ვაგზალი, დრამატული თეატრი, ბათუმის ბულვარი; ისტორიულად, საპროექტო ტერიტორია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფუნქციით იყო დატვირთული; მათ შორის – ტერიტორიის  ნაწილი  წარმოადგენდა  საჯარო  სივრცეს.

  1. საპროექტო ტერიტორია განთავსებულია საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში „სსზ–2“. შესაბამისად, უნდა დაპროექტდეს ამ ზონაში ნებადართული ობიექტები. ტერიტორიის ჯამური ფართობი შეადგენს დაახლოებით 6 ჰექტარს, ანუ ინტენსივობის ჯამური ფართობი დაახლოებით 240.000კვ. მეტრია. ბათუმის განაშენიანების წესების თანახმად, უშუალოდ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს 240000:120=2000 ავტომობილი, რასაც სულ მცირე 45.000 კვ.მეტრი დასჭირდება. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა დაახლოებით 10.000 ადამიანია. პროექტის დამცველები, როგორც წესი, ამ საკითხებზე არ საუბრობენ.
  2. მიუხედავად იმისა, რომ მენაშენე კ2 კოეფიციენტის გაზრდას ფორმალურად არ ითხოვს, რეალურად ზრდის ინტენსივობის კოეფიციენტს შემდეგ გარემოებათა გამო:
  • ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ნავსაყუდელის მოწყობა; შესაბამისად – ინტენსივობის ფართობის გამოთვლისას წყლის სარკის ფართობი გაანგარიშებაში გათვალისწინებული არ უნდა იყოს;
  • 2009 წლიდან ტერიტორიას გააჩნია მე–2 საზოგადოებრივ–საქმიანი ზონის („სსზ–2“) სტატუსი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეს უნდა იყოს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, სადაც დომინირებულ  სახეობას  შეადგენს საზოგადოებრივი  დანიშნულების  ობიექტები. ამასთან, დასაშვებია ამ ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების არსებობა. განაშენიანების კოეფიციენტები აქ შემდეგია: კ1=0,7;  კ2=4,0. რეალურად კი  გათვალისწინებულია ისეთი ზონის მოწყობა, სადაც დომინირებული სახეობა საცხოვრებელი დანიშნულების (საცხოვრებელი ბინა, აპარტამენტი, აპარტ–ოტელი, სასტუმრო) იქნება. ასეთია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა  „სზ-6“, სადაც კ1=0,5 და  კ2=2,2;
  1. პროექტის განხორციელება საკმაოდ პრობლემურია ეკოლოგიისა და უსაფრთხოების კუთხით, გამომდინარე იქედან, რომ ქ.ბათუმში (მათ შორის ბათუმის კონცხის გარშემო) მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კლიმატის ცვლილებისა და აგრეთვე მდ.ჭოროხიდან ნატანის ჩამოტანის შეჩერების გამო.

მოგახსენებთ, რომ შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკა ბათუმის კონცხთან საკმაოდ პრობლემურია, როგორც ეს აღნიშნულია არაერთ ნაშრომში და რასაც არაერთი მეცნიერი ამტკიცებს: ბათუმის კონცხი, ისევე, როგორც სხვა აკუმულაციური კონცხები, ძალზე დინამიკური და მგრძნობიარეა ბუნებრივი და ანთროპოგენული მოვლენების მიმართ. გაბატონებული ტალღების სამხრეთ-დასავლეთისა და დასავლეთის რუმბის ღელვების დროს, ბათუმის კონცხის წყალზედა და წყალქვეშა ფერდზე გროვდება ნატანი, ხოლო აკუმულირებული ნატანის ჭარბი მოცულობა იკარგება დიდ სიღრმეებში. ეს პროცესი ძალზე ნეგატიურად მოქმედებს კონცხის მდგრადობაზე, შესაბამისად, საშიში ხდება ქალაქის ამ მონაკვეთის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ აქ ასეთი მასშტაბური მშენებლობის განხორციელებაზე. კონცხის ტექნოგენური დატვირთვა მეწყრული პროცესების პროვოცირება-განვითარების საშიშროებას ქმნის, რასაც რამდენჯერმე ისედაც ჰქონდა ადგილი.

იგივე საშიშროება აღწერილია „აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში“, რომელიც წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოში საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების განუყოფელ ნაწილს. სტრატეგიის ავტორთა განცხადებით, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არ არის მომზადებული ბათუმის სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებებისა და შავი ზღვის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. ეს გეგმა შეძლებდა სრულფასოვნად გაეცა პასუხი საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს და დააცხრობდა მათ შეშფოთებას.

ცნობილია, რომ სანაპიროზე სასტუმროებისა და სახლების მშენებლობა ზრდის გარემოზე ანთროპოგენურ ტვირთს და აუარესებს პლაჟებისა და სანაპირო წყლების ხარისხს.

სამინისტროსა და მერიისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი, თუ დაგეგმილ შენობათა კომპლექსს რა ტიპის ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ქალაქში ჰაერის მასებზე. დეველოპერის მტკიცებით, ამ სახის ზემოქმედება იმიტომ არ იქნება, რომ პროექტით დაგეგმილ ასაშენებელ შენობა-ნაგებობებს შორის დაშორება 80-100 მეტრი იქნება. ეს არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, გვექნება თუ არა აქ ვენტურის ეფექტი (გაზრდილი ქარის სიჩქარე), თუ ის პირიქით შემცირდება. ამასთან, შესასწავლია რა ზემოქმედება ექნება კომპლექსს ქ. ბათუმის ჰაერის ხარისხზე, როგორც მშენებლობის, ასევე მისი ექსპლუატაციის დროს.

შესასწავლია პლაჟის  ნაწილობრივი  დაჩრდილვის საფრთხისა და ლაგუნის  მოწყობასთან  დაკავშირებული  ტექნიკური  და  იურიდიული საკითხები; ამასთან, გასათვალისწინებელია პროექტის არქიტექტურული  მხარე, მათ  შორის – ანსამბლურობა, შენობების  ვიზუალური  გამომსახველობა და სხვა.

ჩვენი შეფასებით, პროექტი საფრთხეს უქმნის ქალაქ ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას, კერძოდ – ისტორიულად  ჩამოყალიბებულ  ხედებსა  და  პანორამებს,  სოციალურ-ეკონომიკურ და  კულტურულ  კონტექსტს. ამასთან,  წარმოდგენილი საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს ქალაქის ისტორიული ნაწილის „გენეტიკურ კოდს“, მისი იდენტურობის განმსაზღვრელ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: განაშენიანების  გეგმარებითი  სტრუქტურა,  მორფოლოგია,  შენობების  მასშტაბი, ხასიათი,  სილუეტი,  იერ-სახე და ლანდშაფტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ:

  1. საპროექტო ტერიტორიის დაგეგმარება მოხდეს ქალაქ ბათუმის ისტორიულ-კულტურული  საყრდენი გეგმისა და  განაშენიანების რეგულირების არსებული მოთხოვნების შესაბამისად;
  2. წარმოდგენილი პროექტი თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას, აუცილებლად მიგვაჩნია პროექტისათვის მოხდეს სრულფასოვანი გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების შეფასების (გსზშ) მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანგარიშის მომზადება გამოცდილი და სპეციფიკურად ამ პროფილის მქონე უცხოეთიდან მოწვეული კომპანიის მიერ. ამ ანგარიშში აუცილებლად უნდა შევიდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი და, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპები და აზიის განვითარების ბანკის მიერ წამოწყებული პროექტის პრინციპები და ძირითადი მიმართულებები;

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: