მთავარი,სიახლეები

სად ირღვევა ყველაზე ხშირად ქალების უფლება? – რაზე ისაუბრეს ქალებმა ბათუმში

09.08.2019 • 2002
სად ირღვევა ყველაზე ხშირად ქალების უფლება? – რაზე ისაუბრეს ქალებმა ბათუმში

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე, გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განხილვის თემა იყო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, ბოლო პერიოდში, საკანონმდებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებები.

ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია ამბობს, რომ ხშირად ქალებმა არ იციან, სად და რა ფორმით ირღვევა მათი უფლება. სწორედ ამისთვისაა საჭირო მათი კარგად ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები ქალები ამბობენ, რომ უფრო ხშირად მათი უფლებები ოჯახში ირღვევა, უცხო ქვეყნებში მცხოვრები ქალების აზრით კი, – საზოგადოებრივ სამსახურებში.

„მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქალთა და კაცთა თანაბარი ხელმისაწვდომობა, რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, იგივე სექსუალური შევიწროება, ადევნება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები. მედიაცია არ გამოიყენებოდა ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით, რაც შეიცვალა, ასევე, შევიდა ცვლილება შრომის სამართლის კოდექსში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება მოვახდინეთ და აქედან გამომდინარე, ძალიან გაფართოვდა ქალთა უფლებების მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობა“, – ამბობს ლიკა საჯაია.

შეხვედრა ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მისივე თქმით, ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან შეხვედრის მიზანია, უკეთ დავინახოთ რა გამოწვევები არსებობს. „ერთი მხრივ, დავინახოთ, საკანონმდებლო ცვლილებები რეალობაში რამდენად კარგად მუშაობს, ხომ არ გვაქვს შემთხვევა, როდესაც კარგი კანონი მხოლოდ და მხოლოდ კანონისთვის მივიღეთ და ხომ არ არის საჭირო რაიმე ღონისძიების გატარება და სხვა კანონში რაიმე ცვლილება“.

ფემიციდის კანონპროექტი, რომელიც აქტიურად განიხილებოდა წინა წლებში და პარლამენტმა ჩააგდო, შესალოა, ისევ გახდეს მსჯელობის საგანი არასამთავრობოების მხრიდან. ასევე, გენდერული კვოტირების თემა, რომელიც ითვალისწინებდა იმ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდას, ვისაც საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 30 პროცენტზე მეტი ქალი  ჰყავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან.

„საინტერესოა, ამ თემაზე რას ფიქრობენ რეგიონში ქალები“, – ამბობს ლიკა საჯაია. მისი თქმით, ასევე საინტერესოა ისიც, რომ ევროკომისია რამდენიმე ასპექტს გამოყოფს,  ქალთა უფლებები უკეთ რომ იყოს დაცული. ერთ-ერთი ასპექტი სწორედ დახვეწილი კანონმდებლობაა, მეორე – კანონის აღსრულება და შემდეგ უნდა არსებობდეს მუდმივი დიალოგი ბიზნესსექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქალების წარმომადგენლებთან და ასე უნდა დაიგეგმოს შემდგომი სხვა ნაბიჯები. ეს ბოლო ეტაპი ჩვენთან სრულყოფილად ვერ სრულდება“.

ლიკა საჯაიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გენდერული ანალიზი, რასაც განვითარებული ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. „ბიუჯეტი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ხელი შეუწყოს ქალთა უფლებების განვითარებას და ქალთა და კაცთა თანაბარ განვითარებას, რაც ჩვენთან არ ხდება“.

ლიკა საჯაიას თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა იმ  სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომლებიც მათ უფლებებს უნდა იცავდნენ.

ამ თემაზე შეხვედრები ბათუმის გარდა სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: