მთავარი,სიახლეები

დღეს სიტყვის თავისუფლება დამარცხდა – ასლან ჭანიძე მაუწყებლის დირექტორის არჩევაზე

22.11.2019 • 1347
დღეს სიტყვის თავისუფლება დამარცხდა – ასლან ჭანიძე მაუწყებლის დირექტორის არჩევაზე

აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევას თვალყურს ადევნებდნენ რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევას აფასებენ, როგორც „დემოკრატიის მარცხს“.

ერთ-ერთი მათგანი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე, ასლან ჭანიძე აჭარის ტელევიზიასთან აცხადებს, რომ არჩევნები იყო დადგმული სპექტაკლი.

„გადაწყვეტილი იყო ეს ამბავი და გაითამაშეს, რადგან თუ დააკვირდებით, მაია მერკვილაძემ [კონკურსანტი] ერთი ხმა აიღო [პირველი ტურში] და მეორე ტურში საერთოდ თავი შეიკავა იმან, ვინც მაია მერკვილაძეს მისცა ხმა. ძალიან სამწუხაროა და ისტორია განსჯის ამას. ჩვენ გავიარეთ ის პერიოდი, როცა მაუწყებელი იყო ხელისუფლების რუპორი და მე აღარ მინდა, ეს პერიოდი თავიდან დაიწყოს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ასლან ჭანიძეს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა:

„მე შემიძლია ვიმსჯელო ახალი დირექტორის განცხადებებით, როდესაც პრეზენტაციის დროს თქვა, რომ დიქტორები [მე დიდი ხანია არ გამიგია, ეს ტერმინი და ალბათ წამყვანებს გულისხმობდა] არ უნდა იყვნენ აგრესიულები, რომ წამყვანის განწყობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული… აცხადებდა, რომ ბოდიშებს მოუხდიან, როდესაც ნახავენ, რომ ის არ არის ასეთი ადამიანი.

პრეზენტაციაში ჩანდა, რომ ეს ადამიანი [გიორგი კოხრეიძე] თვლიდა, რომ ეს არხი არის ოპოზიციური. რას ნიშნავს დიქტორის განწყობა? კრიტიკული კითხვის დასმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს ებრძვი. კრიტიკული კითხვა გამომდინარეობს საზოგადოებიდან“.

ასლან ჭანიძის აზრით, მაუწყებლის მიუკერძოებლობის შენარჩუნება ახლა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ არხზე:

„ ეს [კრიტიკულ კითხვებს მოსმენა] დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ ამ ტელევიზიაში და იმაზე, რამდენად შეძლებენ გაუწიონ წინააღმდეგობა. მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული ადამიანები ღიად ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. იმის მტკიცება, რომ პროცესი იქნება დემოკრატიული, ძალიან რთულია, რადგან კენჭისყრამ და დირექტორის არჩევნების პროცესებმა აჩვენა, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი“.

გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის დირექტორად დღეს სამი ხმით აირჩიეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: