მთავარი,სიახლეები

აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

22.11.2019 • 2768
აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას განმეორებით კენჭისყრაში მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. საბჭოს ერთმა წევრმა არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

კენჭისყრის პირველ ეტაპზე ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე – 2 ხმა, მაია მერკვილაძე – 1 ხმა, ფირუზ ბოლქვაძე – 1 ხმა. კონკურსში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობდა. ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად საბჭოს სამი წევრის ხმაა საჭირო.

—————–

„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის კონკურსი შეჩერებული იყო და 19 ნოემბერს განახლდა. 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა და ამიტომ იჩივლა სასამართლოში.

გიორგი კოხრეიძემ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის პირველ ორ კონკურსში ვერც ერთი ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ხმის საჭიროებას ადგენს. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ საბჭოს ერთი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას ესწრებოდა, როგორც გარედან მაყურებელი, სხდომაში მონაწილე სამი წევრიდან ორმა კი, მას მხარი დაუჭირა.

სასამართლოს 18 ნოემბრის განჩინების მიხედვით, გიორგი კოხრეიძის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა იგი არჩეული დირექტორი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: