მთავარი,სიახლეები

4-კილომეტრიანი სუფრა ბულვარში, განდაგანას ძეგლი და სექსი ბათუმში – 30 იდეა ბათუმს

13.11.2019 • 2985
4-კილომეტრიანი სუფრა ბულვარში, განდაგანას ძეგლი და სექსი ბათუმში – 30 იდეა ბათუმს

ქუჩის მხატვრობა, სპორტული ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროექტები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ იდეებისა, რომლებიც კონკურსში – „შენი იდეა ბათუმს“ იღებენ მონაწილეობას. ეს კონკურსი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. კონკურსში იდეების მიღება ოქტომბრის ბოლოს დასრულდა და დარეგისტრირდა 30 იდეა.

სანამ კონკურსის პირველ ეტაპზე საუკუთესო ათი პროექტი შეირჩევა, რომლებსაც ხმას მოსახლეობა მისცემს, „ბათუმელები“ გთავაზობთ თვალი გადაავლოთ რამდენიმე იდეას, რომლის განხორციელებსაც იდეის ავტორები ქალაქს სთავაზობენ.

მოქალაქე ინდირა ბერიძე მერიას „განდაგანას“ ქანდაკების დადგმას სთავაზობს საზაფხულო თეატრთან ახლოს ან ევროპის მოედანზე, სადაც ყოველწლიურად იმართება სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“. „ეს იქნება ერთგვარი საჩუქარი უპირველესად ბათუმელებისათვის… ამასთანავე, მნიშვნელოვანია ტურისტული განვითარების თვალსაზირისითაც, რადგანაც, როგორც ცნობილია, აჭარულ და ზოგადად ქართულ ცეკვას არაერთხელ დაუკრეს ტაში უცხოელებმა და აღიარეს მისი უნიკალურობა. …პირველად ქართულ რეალობაში შეიქმნება ქორეოგრაფიული კულტურის გამომხატველი დინამიკური ქანდაკება, რომელიც კიდევ ერთხელ და უკვე განსხვავებულად წაროაჩენს ქართულ, კერძოდ, აჭარულ კულტურულ მრავალფეროვნებას. მართლაც, სხვაგან სად უნდა იყოს ქანდაკება „განდაგანა“თუ არა ბათუში?!“ – კითხულობს იდეის ავტორი. იგი მიიჩნევს, რომ ამ იდეის განსახორციელებლად 85 000 ლარი იქნება საჭირო.

SIB – Sex in Batumi – ასე ჰქვია ირაკლი კიკვაძის იდეას, რომლის განხორციელებაც მას ასე წარმოუდგენია: „ძალიან ინოვაციური, სახალისო, საინტერესო, შემეცნებით-გასართობი პროექტი “სექსი ბათუმში”. სერიალის გადაღება გაგრძელდება 9 თვის განმავლობაში, თითო სერია იქნება 3- წუთიანი, რომლითაც ბათუმის ღირსშესანიშნაობებს ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: კახაბერ ცისკარიძე, ნატალია ეპრიკიანი (Comedy Women), ზურაბ ცინცქილაძე, ილო ბეროშვილი, ანა ჩირაძე და სხვა, ეს უკანასკნელი საჭიროა პროექტის ცნობადობის ასამაღლებლად“. იდეის განსახორციელებლად 180 000 ლარი იქნება საჭირო.

მოქალაქე გიორგი დოლიძე ბათუმში მსოფლიო რეკორდის დამყარების იდეით გამოდის. იგი მერიას სთავაზობს „ბათუმობის“ დღესასწაულზე ბულვარში 4-კილომეტრიანი სუფრა გაიშალოს. „ამ პროექტის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ვაზიაროთ სუფრის კულტურას და ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ, ქართველები, სუფრას ვშლით მათთვის და ვსხდებით ერთ მაგიდასთან მათთან ერთად, ვინც იმსახურებს და ითვლება ჩვენ ოჯახის წევრად. ხოლო საქართველო, კერძოდ ჭარა არის ის დიდი ოჯახი, სადაც ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში,“ – წერს იდეის ავტორი. ამ იდეის ბიუჯეტი 250 000 ლარია.

„სუფრა“

ლევან გელიაშვილის იდეა ეხება მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე კედლის გადაკეთებას ქუჩის გალერეად. იდეის ავტორის აზრით, ეს  გამორჩეულ, თანამედროვე ტურისტულ ადგილს შექმნის ბათუმში. „ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს, ტრადიციულ კულტურულ სანახაობებთან ერთად, უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი თანამედროვე ხელოვნების გაცნობის შესაძლებლობა. დღეს ასეთი ლოკაციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფში. ასევე, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ხელოვანებმა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ნამუშევრები გააცნონ ფართო საზოგადოებას,“ – მიიჩნევს იდეის ავტორი. ამ იდეის ბიუჯეტი 40 000 ლარია.

გაბრიელ ღვინიანიძე ბათუმს „ჭარტის“ იდეას სთავაზობს. ჭარტი ქალაქში არსებული საკანალიზაციო ჭის ლუქების მოხატვას ითვალისწინებს ბათუმის სხვადასხვა უბანში.  იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ ასე ფეხით გადაადგილება ბათუმში გახდება ბევრად უფრო საინტერესო, ქალაქის ქუჩებში პოზიტიური განწყობა შეიქმნება და, ამავდროულად, ეს საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. გაბრიელ ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ პირველ ეტაპზე „ჭარტი“ უნდა გამოჩნდეს მწვანე კონცხზე, თამარის დასახლებაში – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და გონიო-კვარიათში. იდეის სავარაუდო ბიუჯეტი 46 000 ლარია.

„ჭარტი“

ანა ღოღობერიძე ბათუმს გარეუბნების უსახური კედლების მოხატვას სთავაზობს. იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ ასე პოპულარიზაციას გაუწევენ ქუჩის მხატვრობას, სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. „გაფერმკრთალებული კედლების გამოცოცხლებით გამვლელებიც დაინტერესდებიან და ტურისტების ყურადღებასაც მიიქცევენ, რითაც ხელი შეეწყობა გარეუბნების განვითარებას“, – წერს ანა. იდეის განხორციელებისთვის იგი 45 300 ლარს ითხოვს.

სოფიო დუმბაძე კი ქალაქს სთავაზობს იდეას სახელწიდოებით – „ვინტაჟური ბათუმი“. იდეის თანახმად, ბათუმობის დღესასწაულზე ძველი ბათუმის ერთ-ერთი ქუჩა მოეწყობა ვინტაჟურ სტილში, იმავე ქუჩის მცხოვრებლები თავიანთი ძველი სამოსებითა და უშუალო მონაწილეობით შექმნიან კრეატიულ დეკორაციებს, რომელიც უბნის ისტორიისა და კულტურული მეხსიერების გათანამედროვებულ ნიმუშს წარმოადგენს. ძირითადად გამოყენებული იქნება ტანსაცმელი, განათება და მუსიკა. იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად 33 480 ლარი იქნება საჭირო.

„შენი უსაფრთხო ნაბიჯი ჩვენს ქალაქში“ – ასე ეწოდება მინდია დანელიას პროექტს, რომელიც, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ტრენინგცენტრის მეშვეობით შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და რეკომენდაციების გაცემას ისახავს მიზნად. იდეის ბიუჯეტი 124 750 ლარია.

სულაბერიძის ქუჩის გამწვანებას ითხოვს მოქალაქე მაია დოლიძე. „პროექტი გულისხმობს სულაბერიძის ქუჩის შუა ზოლის გამწვანებას იტალიური ფიჭვებით. ქუჩის და გამყოფი ზოლის (გაზონის) სიგანე იძლევა საშუალებას, დაირგოს აღნიშნული ხემცენარეები. იტალიურ ფიჭვს ახასიათებს ქოლგისებრი ვარჯი და სიმაღლეში იზრდება 20-30 მმ, ამიტომ ის ხელს არ შეუშლის ტრანსპორტის მოძრაობას და ასევე, მზეს არ დაუჩრდილავს მთელი დღით სულაბერიძის ქუჩის მცხოვრებლებს. ამავდროულად ქუჩას მიეცემა ერთიანი იერსახე. ამჟამად აღნიშნულ ზოლში უწესრიგოდ და კანტი-კუნდატ ამოსულია სხვადასხვა სახის რამდენიმე ხემცენარე,“ – წერს იდეის ავტორი. იდეის ბიუჯეტი 45 000 ლარია.

მოქალაქე მევლუდ საბაშვილი კი ძაღლების პარკის შექმნას ითხოვს ბათუმში. მსგავსი პარკი ბათუმში არ არის, რაც ძაღლის ბევრი მეპატრონისთვის არის პრობლემური საკითხი. მოქალაქე მიიჩნევს, რომ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა შეირჩეს ადგილი, რომელიც მოშორებული იქნება საცხოვრებელ ზონებს და მისი რელიეფი ხელს შეუწყობს ძაღლების უსაფრთხო აქტიურობას; ადგილზე უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ძაღლებისთვის გასართობი დანადგარები სკამები მეპატრონეებისათვის, ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი და აღჭურვილი კომპლექსური შესასვლელით, რათა ცხოველებმა დამოუკიდებლად არ შეძლონ შესვლა-გამოსვლა. მევლუდ საბაშვილის აზრით, პროექტის განხორციელებისათვის საბაზისოდ საჭიროა 55 000 ლარი.

ფოტო: charlestoncvb.com

კონკურსში რამდენიმე იდეა სპორტულ აქტივობებსაც ეხება. მაგალითად, მოქალაქე გივი გაგუა ბათუმში ქალთა საფეხბურთო გუნდის შექმნას სთავაზობს ქალაქს. იგი თავის იდეას იმით ასაბუთებს, რომ ქალთა ფეხბურთი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება და ფიფას ინფორმაციით,  წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში, მილიარდზე მეტმა ადამიანმა უყურა. „ქალთა საფეხბურთო გუნდი დინამო ბათუმი მეოთხე სეზონია ასპარეზობს საქართველოს ქალთა ლიგაში და პლაჟის ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გოგონებმა ენთუზიაზმის ხარჯზე მიაღწიეს მეტ-ნაკლებად ხელშესახებ შედეგებს. მათ შორის ორგზის ჩემპიონობას პლაჟის ფეხბურთში. სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მიწვეული იქნა 4 ბათუმელი ფეხბურთელი. გოგონებმა უანგარო შრომის ხარჯზე მოიზიდეს გულშემატკივარი,“ – წერს იდეის ავტორი. მისი გათვლით, ამ იდეის განხორციელებას 215 000 ლარი დასჭირდება.

ნიკოლოზ კიკვაძე კი ბათუმში ქუჩის კალათბურთის განვითარების იდეით გამოდის. „ბათუმში ავარჩევთ 10 საკალათბურთო მოედანს სხვადასხვა უბანში, აღნიშნული მოედნები მოემსახურება ვარჯიშების ჩატარებას ლოკალური უბნის ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც ექნებათ სურვილი, უფასოდ მიიღონ საკალათბურთო განათლება, წესები. ასევე აირჩევა 10 ადგილობრივი ახალგაზრდა, რომლებიც შეასრულებენ მწვრთნელის მოვალეობებს… ვარჯიშები გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს შეთანხმებულ დროს მოედანზე და მიიღოს უფასოდ საკალათბურთო განათლება. მესამე ეტაპზე ზემოთ აღნიშნულ საკალათბურთო ნაკრებებს შევუკერავთ ფორმებს, რომელსაც ეწერება უკან ნომერი და წინ უბნის სახელწოდება, მოთამაშეებს მოვუწყობთ განსაკუთრებულ ფოტოსესიებს და დავბეჭდავთ ბანერებზე, რომლებსაც გავაკრავთ მთელი ქალაქის მასშტაბით სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში. ასეთი მიდგომით პროექტის ბენეფიციარებს ვაჩუქებთ უამრავ დადებით ემოციას. პროექტის ბოლო, მე-4 ეტაპზე კი გუნდები დაიწყებენ მატჩების გამართვას ერთმანეთთან, რომელიც გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში. … ამ ყველაფერს თან უნდა აფორმებდეს DJ არტისტი, რადგან შევქმნათ ნადვილი საკალათბურთო ზეიმი! ტურნირი გაიმართება ოლიმპიური სისტემით, ხოლო ფინალის დღეს მოწვეული იქნება საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი ცინცაძე, ეს იქნება დამატებითი სტიმული სპორტსმენებისთვის, ხოლო ტურნირს დაასრულებს პოპულარული და ახალგაზრდების საყვარელი რეპერი ზაზა ნოზაძე,“ – წერს იდეის ავტორი. იგი მიიჩნევს, რომ ამ იდეის განსახორციელებლად 40 600 ლარი იქნება საჭირო.

მოქალაქე როშაგ კირთაძის იდეა ძველი ქართული ანბანის პოპულარიზაციას ეხება. იდეის ავტორი მიიჩნევს, რომ ამისათვის საჭიროა ანბანის კოშკის ერთ ზოლზე განლაგებული მხედრული ასო-ნიშნები, შეიცვალოს ხუცური დამწერლობით. იდეის ბიუჯეტი 266 000 ლარია.

იდეები ჯერ განხილვის პროცესშია. კონკურსის პირველ ეტაპზე ბათუმის მერია ახორციელებს მოქალაქეთა ან/და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების მიერ მოწოდებული საპროექტო განაცხადების პირველად ანალიზს. განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელებადია მომდევნო წლის განმავლობაში, მიზანშეწონილობის შეფასების მიზნით, გადაეცემა მერის მრჩეველთა საბჭოს. სწორედ მრჩეველთა საბჭო გამოავლენს საუკეთესო განაცხადებს საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, მაქსიმუმ 10 პროექტს, რის შემდეგაც იწყება იდეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა.

სწორედ მოქალაქეები წყვეტენ ვებგვერდზე ხმის მიცემით, საბოლოოდ რომელი იდეები უნდა განხორციელდეს.  გამარჯვებულად პროექტები, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები – ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) , პური მსოფლიოს (Bread for the World) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: