მთავარი,სიახლეები

აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსი გაგრძელდება – სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

18.11.2019 • 1284
აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსი გაგრძელდება – სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გაგრძელდება. გადაწყვეტილება დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ამ დრომდე შეჩერებული იყო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით. გოგა კოხრეიძე მიიჩნევს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ არჩეული დირექტორი თვითონაა.

„კონკურსისთვის განაცხადების მიღება ხვალ დილით 10 საათზე განახლდება და გაგრძელდება ზეგ, 18 საათამდე. პრაქტიკულად დღენახევარი იყო დარჩენილი, როცა კონკურსი შეჩერდა. ამის შემდეგ გვექნება გასაუბრება კანდიდატებთან,“ – გვითხრა გიგა ჩხარტიშვილმა, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ახალმა თავმჯდომარემ.

გიორგი კოხრეიძემ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის პირველ ორ კონკურსში 0 ხმა მიიღო, მესამედ გამოცხადებულ კონკურსში კი – 2 ხმა. საბჭომ მესამედ გამოცხადებული კონკურსიც ჩაშლილად გამოაცხადა მრჩეველთა საბჭოს რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც დირექტორის ასარჩევად 2+1 ხმის საჭიროებას ადგენს. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევდა, რომ საბჭოს ერთი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას ესწრებოდა, როგორც დაინტერესებული პირი, სხდომაში მონაწილე სამი წევრიდან ორმა კი, მას მხარი დაუჭირა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აქცენტი მრჩეველთა საბჭოს სხდომის ვიდეო ჩანაწერზე გააკეთა და მიიჩნია, რომ საბჭოს მაშინდელი წევრი – ბეჟან გობაძე სხდომას არ ესწრებოდა, როგორც მხოლოდ „დამსწრე, დაინტერესებული პირი“.

„დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი – ბეჟან გობაძე ესწრებოდა მოსარჩელე გიორგი კოხრეიძის გასაუბრებას, თუმცა განსხვავებით ამ უკანასკნელის სარჩელში გადმოცემული განმარტებისა, ამავე მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბეჟან გობაძე წარმოადგენდა არა საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე კონკურსის ჩასატარებელ ოთახში უბრალო დამსწრე, დაინტერესებულ პირს, როგორც ამას მოსარჩელე მიიჩნევს, არამედ იგი, როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრი, აქტიურად იყო ჩართული მასთან გასაუბრების პროცესში, რაც ნათლად არის ასახული ვიდეო ჩანაწერში და აბსოლუტურ თანხვედრაშია კერძო საჩივრის ავტორის მიერ გადმოცემულ განმარტებასთან,“ – აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში.

ამ განჩინების მიხედვით, გიორგი კოხრეიძის სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა იგი არჩეული დირექტორი, მანამდე კი, მრჩეველთა საბჭოს უკვე ახალი შემადგენლობა ტელევიზიის ახალ დირექტორს შეარჩევს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: