“თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, სატრანსპორტო კავშირების განვითარების პანელურ დისკუსიაზე, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
დავით ფერაძის განცხადებით, არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზამ“ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაზრდილია როგორც სატვირთო გადაზიდვებიდან, ასევე მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები, რეკორდულად მაღალი შედეგებია საკონტეინერო გადაზიდვებში.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთის, „შუა დერეფნის” განვითარების და სრულად ათვისების მნიშვნელობას. ამ მხრივ აღსანიშნავია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც გაიზრდება გამტარუნარიანობა, ასევე საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემების მიმოსვლა, რაც ევროპისა და აზიის ტვირთებს რკინიგზით დააკავშირებს.
„ჩვენი ამოცანაა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ვაქციოთ მსხვილ ლოგისტიკურ ჰაბად აზია-ევროპის სატრანზიტო სივრცეში და საქართველოს რკინიგზა აქტიურ როლს თამაშობს ამ მიზნის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ ამ სექტორის განვითარებას არ გულისხმობს. გაზრდილი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარებას,“ – განაცხადა თავის გამოსვლაში სს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.
შპს „ხიდი 2006“-მა რესტორან „სანრემოსა“ და მასთან არსებული პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა. ცვლილების მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა და გზების დეპარტამენტის უარია [ეს დეპარტამენტი კურირებს ნაპირდაცვის საკითხებსაც]. „სანრემოს“ შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია „ხიდი 2006-ს“ 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, რესტორან „სანრემოს“ შენობისა და პირსის რეკონსტრუქცია მხოლოდ არსებული მასშტაბით, ხიმინჯების რაოდენობის მომატების გარეშეა შესაძლებელი. შენობის მდგრადობის მისაღწევად კი, დასაშვები მხოლოდ დეფორმირებული ხიმინჯების შეცვლაა.
ინვესტორი სართულიანობის გაზრდასაც გეგმავდა. სპეციალისტებმა კი, ასეთ შემთხვევაში არსებული პირსის დემონტაჟის რეკომენდაცია გასცეს. გარდა ამისა, საჭიროდ მიიჩნიეს ახალი პროექტის შედგენა ტერიტორიის ჰიდრო და მორფოდინამიკური პირობების გათვალისწინებით.
ამ დასკვნისსაფუძველზებათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა კომპანიას პროექტის სამშენებლო პირობების დამტკიცებაზე უარი უთხრა.
პროექტის პირველი ვერსია შენობის მასშტაბის გაზრდას ითვალისწინებდაამ პროექტზე მერიამ კომპანიას უარი უთხრა
ვიდრე ეს საკითხები გაირკვეოდა, „ხიდი 2006“-მა მერიასთან დადებული პირობა დაარღვია. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას მშენებლობა 2018 წლის ოქტომბერში უნდა დაეწყო და 2019 წლის 31 დეკემბერს დაესრულებინა, ამიტომაც კომპანიას პირგასამტეხლო დააკისრეს.
კომპანიამ პროექტის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. „ხიდი 2006“-ის დირექტორის ჯუმბერ ჭყონიას ინფორმაციით, პროექტის მასშტაბი შეამცირეს.
სანრემოს რეკონსტრუქციის ახალი პროექტი
მერიის მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, რაც კომპანიასთან 2018 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითვალისწინებს, კომპანია დაგეგმილი პროექტის მიმდებარედ, პლაჟზე 3000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას იჯარის წესით ითხოვს. როგორც კომპანიის დირექტორმა ჯუმბერ ჭყონიამ განგვიმარტა, დამატებით მიწის ნაკვეთებს კომპანია არა მშენებლობისთვის, არამედ საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ითხოვს: „რომ განვათავსოთ შეზლონგები და ასე შემდეგ“.
„სანრემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა.
კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 25 ოქტომბერს, ღამის 00:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:
ლუკა ასათიანის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას ქუჩა; 26 მაისის ქუჩა; მელიქიშვილის ქუჩა; ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა; მეტაქსას ქუჩა; სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა; ლერმონტოვის ქუჩა; ფერაძის ქუჩა; ჯავახიშვილის ქუჩა; გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა; მამია ვარშანიძის ქუჩა; შამილაძის ქუჩა; თევრათ გორგილაძის ქუჩა; ორბელიანის ქუჩა; ლადო ასათიანის ქუჩა; მელიქიშვილის შესახვევის; აჭარისწყლის ქუჩა; ურეხის ქუჩა; ურეხის შესახვევი; დიდგორის ქუჩა; მურმან ლებანიძის ქუჩა; კოხტაგორის ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; ბალაძის ქუჩა; სევასტოპოლის ქუჩა; აკ. მამია კომახიძის ქუჩა; ჩოლოყაშვილის ქუჩა; ჩაიკოვსკის ქუჩა; ბესიკის ქუჩა; გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა; პუშკინის; ჭავჭავაძის ქუჩა.
„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აცხადებენ კომპანიაში.
სოხუმში მცხოვრები 32 წლის ბესლან ხვარწკია მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ რეანიმაციაში იმყოფება. ხვარწკიას ცემის მიზეზი სოციალურ ქსელში იმ ქორწილის ქილიკი გახდა, რომელშიც სტუმრებს საქორწილო სუფრაზე შემწვარი ცხოველები დახვდათ. ხვარწკია აუდიომიმართვაში აღნიშნულ ქორწილს შეურაცხმყოფელი ფორმით [козлосвадьба] მოიხსენიებდა.
ინციდენტი 21 ოქტომბერს მოხდა. სოხუმის პოლიციის განყოფილებაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან შეტყობინება შევიდა, რომ მათთან მიიყვანეს ახალგაზრდა კაცი მრავალრიცხოვანი დაზიანებებით სხეულზე. პაციენტს ჰქონდა თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, იარები გულმკერდის არეში, მრავლობითი სისხლჩაქცევები და ა.შ.
პროკურატურა აცხადებს, რომ განცხადების გარეშე საქმეს ვერ აღძრავენ, ფეისბუქზე გავრცელებული ვიზუალური მასალა კი, არც სისხლის სამართლის საქმის დაწყებისა და არც დანაშაულის მტკიცების საფუძველია.
პირი [გვარად აფხაზავა], რომელმაც 21 ოქტომბერს ქორწილი გადაიხადა, სკანდალში პირველად არ გახვეულა. მან რამდენიმე წლის წინ სოხუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრია და მის ადგილას სხვა, მოოქროვილი ჭიშკრითა და ირმებიანი ორნამენტებით შენობა ააშენა. აღნიშნულ ფაქტზე მაშინ პროკურატურამ საქმეც აღძრა, თუმცა, მალევე დახურა.
დაზარალებული ბესლან ხვარწკიას ახლობლები აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიებას თავად ჩაატარებენ.
26 ოქტომბერს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები იწყება, რომელიც საჯარო სკოლებში ტარდება. ამის გამო სკოლებში იძულებითი არდადეგები გამოცხადდება.
გამოცდები 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის გამოც, საქართველოს მასშტაბით, 12 საჯარო სკოლაში არდადეგები უნდა გამოცხადდეს. მოსწავლები გაცდენილ გაკვეთილებს დამატებითი საათების ხარჯზე აანაზღაურებენ, სკოლის მიერ შერჩეული გრაფიკით.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.
„იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები, ასევე მასწავლებლები,“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
იხილეთ სკოლების ჩამონათვალი, სადაც გამოცდების გამო სწავლა დროებით შეწყდება:
[checklist]
თბილისის N147 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
თბილისის N117 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
თბილისის N175 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127) 26.10.2019 –10.11.2019
ბათუმის N10 საჯარო სკოლა V-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 –10.11.2019
მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო I-XII კლასები 26.10.2019 – 10.11.2019
ახალციხის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 -10.11.2019
თელავის N8 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 -10.11.2019
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 -10.11.2019
ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.2019 -10.11.2019
„ძალით გამოგვიყვანეს კაზინოდან, გამოგვყარეს… ვერ გავიგეთ, რატომ მოგვექცნენ ასე. მაისის შემდეგ ბათუმში ვართ და ხშირად დავდიოდით ამ კაზინოში, ჩვენ გვინდა, პოლიციამ რეაგირება მოახდინოს,“ – ამას ცოლ-ქმარი გვიყვება – ოლეგ კრუპნიკი და ზიფა ხუსიაინოვა. ოლეგი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ზიფა – რუსეთის. ისინი ამერიკიდან ბათუმში მაისში ჩამოვიდნენ. ოლეგი 2 წლის ყოფილა, როცა ბათუმი დაუტოვებია.
„მამაჩემი ქართველი ებრაელი იყო, ჩვენი ოჯახი მახინჯაურში ცხოვრობდა. მე ორი წლის ვიყავი, როცა აქედან წავედით… 1989 წლამდე მოსკოვში ვიყავით, შემდეგ გადავედი ამერიკაში საცხოვრებლად. წელს პირველად ვნახე ბათუმი. ის მართლა ისეთია, როგორც მამაჩემი მიყვებოდა – განსაკუთრებით თბილი ხალხით. მე განსაკუთრებით მომწონს აქაურობა. ამდენ ხანს აქ დარჩენას არ ვაპირებდით, მაგრამ შემოვრჩით. აქ მახინჯაურში ვცხოვრობთ, ჩვენს ნათესავებთან,“ – გვითხრა ოლეგ კრუპნიკმა. მისი თქმით, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესითაა დაკავებული და თავის საქმეს ნოემბრიდან დაუბრუნდება.
ოლეგი და ზიფა ბათუმში სხვადასხვა კაზინოს, მათ შორის, „ლეო გრანდის“ ხშირი სტუმრები ყოფილან.
„იმ საღამოსაც, 13 ოქტომბერს, „რულეტკის“ სათამაშოდ მივედით „ლეო გრანდში“, – იწყებს ზიფა ხუსიაინოვა. მისი თქმით, მოლარეს მან საკრედიტო ბარათი გადასცა და 300 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარში გადატანა სთხოვა კაზინოს სათამაშო ბარათზე.
„ვიცოდი, რომ სათამაშო ბარათზე დაგვერიცხა 891 ლარი და ვთამაშობდით. დაახლოებით 4 საათის შემდეგ ჩვენთან მოვიდა მოლარე და თქვა, რომ არასწორად დაირიცხა თანხა, 300 დოლარის ნაცვლად, 100 დოლარი გადავიტანეთ და ისევ უნდა მოგვცეთ საკრედიტო ბარათიო,“ – ამბობს ზიფა ხუსიაინოვა.
„ვუთხარი, რომ შეტყობინება ტელეფონზე მოვიდოდა და ვერ გადავამოწმებდი, რეალურად რამდენი ჩამოიჭრა, რადგან ტელეფონი თან არ მქონდა, ინტერნეტში გადამოწმების საშუალება იქ არ იყო. შევთავაზე, რომ ჩემი ცოლი დარჩებოდა კაზინოში, მივიდოდი სახლში, გადავამოწმებდი, დავბრუნდებოდი და გადავიხდიდი, რაზეც უარი თქვეს. მოლარემ დაუძახა დაცვის თანამშრომელს და ხუთმა კაცმა ძალით გამოგვიყვანა, ძაღლებივით გამოგვყარეს,“ – გვითხრა ოლეგ კრუპნიკმა.
„უხეშად გვექცეოდნენ, არ ვიცი, რას ამბობდნენ, ისინი ქართულად საუბრობდნენ… ძალით როცა გამოვყავდით, მობილურით მინდოდა გადამეღო, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა ამის საშუალება არ მომცა,“ – ამატებს ზიფა.
ცოლ-ქმარს კაზინოსთან პოლიცია გამოუძახებია. ამბობენ, რომ პოლიციელები ადგილზე დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მივიდნენ და ცოლ-ქმარი პოლიციის მე-3 განყოფილებაში გამოკითხეს.
„შემდეგ არავინ დაგვიკავშირდა, არც კაზინოდან და არც – პოლიციიდან. ჩვენ გვინდა, მოხდეს რეაგირება,“ – აღნიშნა ოლეგ კრუპნიკმა საუბრის დასასრულს.
„ეს დღეები აღარ გვითამაშია, შეგვაშინეს. ვფიქრობ, რომ ბათუმს კარგი შესაძლებლობა აქვს განვითარების, მაგრამ სერვისებში, მგონი, ხშირად არის პრობლემა,“ – დასძინა ზიფამ დამშვიდობებამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაწყებულა, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება და გამოკითხეს როგორც პოლიციაზე მიმართვის ინიციატორები, ასევე, კაზინოს თანამშრომლები. საქმისწარმოება დასრულებული არ არის.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კაზინო „ლეო გრანდის“ ადმინისტრაციასაც. აქ გვითხრეს, რომ მომხდარზე კომენტარს არ გააკეთებენ.
თითქმის ნახევარი წელია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს უჩა უჩანეიშვილი ხელმძღვანელობს. ივლისში თანამდებობის ამ პირმა კანონით განსაზღვრული ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო, თუმცა ამ დეკლარაციით ვერ გაიგებთ, სად მუშაობდა აქამდე უჩა უჩანეიშვილი, ფლობდა თუ არა ბიზნესს ან საიდან რა შემოსავლები ჰქონდა.
ამ უწყების წინა ხელმძღვანელის – სულხან ზუმბერიძის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა. მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხელფასი, ამ პოზიციაზე მუშაობის დროს, თვეში 28 475 ლარი იყო.
უჩა უჩანეიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ის წერია, რომ ის ფლობს ერთ საცხოვრებელ ბინას თბილისში და მიწის ნაკვეთს – აბაშაში. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მას დაუგროვებია 49 674 ამერიკული დოლარი, 6 750 ევრო და 14 220 ლარი. გარდა ამისა, ნაღდი ფორმით აქვს 11 ათასი ამერიკული დოლარი. დეკლარაციის მიხედვით არ ჩანს, საიდან მიიღო ეს შემოსავლები უჩა უჩანეიშვილმა.
რატომ არ არის სრულად შევსებული „ელექტროსისტემის“ ახალი ხელმძღვანელის, უჩა უჩანეიშვილის ქონებრივი დეკლარაცია? – „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ „ბატონმა უჩამ სრულად შეავსო დეკლარაცია, მაგრამ საჯარო სამსახურის ბიურომ მონაცემები კანონის შესაბამისად დაფარა“.
„ჩვენ კი გვაქვს ეს მონაცემები, მაგრამ ის არ არის საჯარო. არ საჯაროვდება იმ თანამდებობის პირის მონაცემები, რომელსაც მანამდე, სხვა პოზიციაზე მუშაობის დროს, არ ჰქონდა ვალდებულება, შეევსო ქონებრივი დეკლარაცია,“ – გვითხრა საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა, თემურ ჩიხრაძემ.
ამ დამოკიდებულებით ვერ გავიგებთ, რა ქონებას ფლობდა კონკრეტული ადამიანი თანამდებობაზე დანიშვნამდე, რა იყო მისი შემოსავალი – „შესაძლოა, მას არ სურდეს იმ ხელფასის გასაჯაროება, რასაც მანამდე იღებდა,“ – დასძინა თემურ ჩიხრაძემ. მისი თქმით, გაისად როცა შეავსებს ქონებრივ დეკლარაციას უჩა უჩანეიშვილი, მაშინ გახდება საჯარო, რამდენი იყო მისი ხელფასი.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდის ინფორმაციით, უჩა უჩანეიშვილი გასულ წელს ამავე უწყებაში მუშაობდა და გადაცემის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამ მონაცემების მიხედვით, უჩა უჩანეიშვილი წინა წლებში მუშაობდა ,,საქენერგოში“, ხოლო შემდგომ ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“, დისპეტჩერის, მთავარი დისპეტჩერის და დისპეტჩერიზაციის აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობებზე, ხოლო 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა სსე-ის დისპეტჩერიზაციის მიმართულებას. უჩა უჩანეიშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.
რა ხელფასი აქვს უჩა უჩანეიშვილს? – კითხვაზე ელექტროსისტემის პრესცენტრში თავდაპირველად გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. პრესცენტრის წარმომადგენელს ვუთხარით, რომ ინფორმაცია საჯაროა, რადგან წინა ხელმძღვანელის შემთხვევაში შრომის შემოსავალი ქონებრივ დეკლარაციაში წერია. პრესცენტრში აღნიშნეს, რომ ხელფასის შესახებ მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა სჭირდებოდა.
„ბათუმელები“ ფინანსთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ სამინისტროს თანხმობა არ სჭირდება ამ ინფორმაციის მიღებას. საბოლოოდ, ელექტროსისტემის პრესსამსახურში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა უცნობია – როდის მოგვაწვდიან.
უკვე ცნობილია, ვისი შეყვანა სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში „ქართულ ოცნებას“.
უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“ ბორდის წევრობის კანდიდატად თამილა დოლიძე დაასახელა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით.
ფრაქციის – „ქართული ოცნება – აჭარას“ რჩეული კი, სოსო სტურუა გახდა. სოსო სტურუა „აჭარის მუზეუმის“ დირექტორის მოადგილეა და მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს ხელმძღვანელობდა. მისი დირექტორობის პერიოდში ტელევიზია სარედაქციო დამოუკიდებლბაში ჩარევის მოტივით 2014 წელს დატოვესსაინფორმაციო სამსახურის პროდუსერებმა: ირინე ყურუამ, ქეთი დუმბაძე და სოფო ჟღენტმა, 2015 წელს კი, აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან ჩამოხსნეს აჭარის მთავრობისთვის არასასურველი სიუჟეტი.
ამ ეტაპზე მრჩეველთა საბჭოს კანდიდატები არ დაუსახელებიათ ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატებს. კანდიდატების დასახელების შემდეგ უმაღლეს საბჭოში სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც კანდიდატებს კენჭს უყრიან. ბორდის წევრობისთვის კანდიდატს მინიმუმ 7 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
„ჩვენ მოვითხოვეთ ცალკე გასაუბრება მრჩევლობის კანდიდატებთან, ასევე კომისიის წევრებთან, რომლებმაც ეს კანდიდატები შეარჩიეს, არსებობს კითხვები კომისიასთანაც… თუ ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს, შემდეგ ვისაუბრებთ ფრაქციაში,“ – გვითხრა გია აბულაძემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
ჯერ უცნობია, როდის შეიკრიბება უმაღლესი საბჭო მრჩევლობის კანდიდატების კენჭისყრისთვის. უმაღლესმა საბჭომ სულ მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი უნდა შეარჩიოს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურება 2 900 ლარია, მოადგილის – 2 700 ლარი, წევრის კი – 2 625 ლარი. აჭარის უმაღლესი საბჭო ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ოთხ წევრს: ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ. ბორდის კიდევ ერთი წევრი – გოგა ჩხარტიშვილი უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მრჩევლობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 13 კანდიდატი. ესენი არიან:
რაულ ბერიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნათია სირაბიძე, სოსო სტურუა, არჩილ ხახუტაიშვილი, სტელა ახვლედიანი, რუსლან ბარამიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ დიასამიძე, თამილა დოლიძე, გია ქარცივაძე, გელა ღოღობერიძე და თამარ წილოსანი.
ამ 13 კანდიდატიდან 4 გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი.
ბათუმის მერია ყველა საზედამხედველო ფუნქციის ერთ მუნიციპალურ ორგანიზაციაში გაერთიანებას გეგმავს, ეს ორგანიზაცია კი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ახალი აიპი -„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ იქნება.
აიპის შესაქმნელად მერია თანხმობას საკრებულოსგან ითხოვს და განმარტავს, რომ საზედამხედველო ფუნქციების ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება.
პროექტის განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ ახალი აიპის შექმნასთან ერთად საზედამხედველო მიმართულებით საშტატო ნუსხა გაიზრდება. გარდა ამისა, ორგანიზაციის შესაბამისი ტექნიკის აღჭურვასთან დაკავშირებით, რაზეც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მერიას 2020 წლის ბიუჯეტში სოლიდური თანხის გათვალისწინება დასჭირდება.
ამ დრომდე მერიის საზედამხედველო სამსახურების მიმართ უკმაყოფილებას ბათუმში ხშირად გამოთქვამენ, სამსახურებში კი მუდმივად ამტკიცებენ, რომ კარგად მუშაობენ და პრობლემა მხოლოდ აღსრულებაა.
სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის მიმართულებით თუ განვიხილავთ, როგორც თავად ამ სამსახურის სპეციალისტები განმარტავენ, სამჯერ დაჯარიმების შემდეგ საქმე აღსრულებაში იგზავნება, აღმასრულებელი კი თავის საქმეს ვერ ართმევს თავს. შედეგად, დაწყებული უნებართვო მშენებლობა სრულდება, მოგვიანებით კი შეიძლება ის მერიამ შეითანხმოს და დააკანონოს კიდეც, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიზეზი კანონია: „ კანონი ითვალისწინებს“.
რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ახალი აიპის შექმნას, საშტატო ნუსხის გაზრდას და დამატებითი ხარჯების გაღებას, თუ აღსრულების პრობლემა ისევ დღის წესრიგში დარჩება? – ამ კითხვაზე პასუხი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში არ არის. ჯერ უცნობია, შეცვლის თუ არა ამ მიმართულებით რაიმეს ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც სრულად 2019 წლის დეკემბერში უნდა ამოქმედდეს.
მერიაში მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა სამსახურში გადანაწილებული საზედამხედველო ფუნქციების გაერთიანებითა და „ერთიანი მძლავრი სამსახურის“ შექმნით ეფექტური შედეგის მიღწევას შეძლებენ.
განკარგულების პროექტის მიხედვით, ახალ აიპში ჯამში 160-180 სპეციალისტი მოიყრის თავს. მერიაში ასევე მიიჩნევენ, რომ მერიას სჭირდება ადამიანური რესურსით გაძლიერება როგორც სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, ასევე სწრაფი რეაგირების, გამოტანილი დადგენილებების აღსრულებისა და მონიტორინგის კუთხით.
ახალი აიპის შექმნის პროექტი ითვალისწინებს ასევე რეორგანიზაციას მერიის რამდენიმე სამსახურში, საიდანაც სპეციალისტები მერიის ახალ აიპიში გადავლენ სამუშაოდ. ცვლილებები შეეხება არქიტექტურის, ქონების მართვის, ჯანდაცვის, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს, ბათუმის ავტოტრანსპორტის , ბათუმის სანდასუფთავების, გამწვანების სამსახურებს, გაუქმდება ზედამხეველობისა და კონტროლის მიმართულებით არსებული საშტატო ერთეულები და ახალ ორგანიზაციაში გადავა.
განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ ეფექტური სამსახურის შექმნისათვის აუცილებელი იქნება თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური კუთხით აღჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით, ხელსაწყოებითა და სხვა სახის საშუალებებით [მაგ. პლანშეტები, პროგრამური უზრუნველყოფა, სამხრე ვიდეოკამერები, სპეციალური აპარატურა, რომლითაც აზომავენ სხვადასხვა შენობა-ნაგებობას, შეამოწმებენ ხარისხს და ა.შ.].
გარდა ამისა, მერიაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია თანამშრომელთა ჩაცმულობის ბრენდირება – სპეციალური ფორმებითა და ბრენდირებული ავტომანქანებით, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი ხმოვანი და ნათების მქონე აპარატებით. მერიის განმარტებით ეს ყველაფერი უნდა იყოს „მსგავსად თბილისის ზედამხედველობის სამსახურისა.“
მერიის განმარტებით, ორგანიზაციის დაფინანსებისთვის თანხას 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ, თუმცა ჯერ უცნობია, დაახლოებით რა ოდენობის თანხას მოიაზრებს მერია: „დაფინანსების ოდენობა, ხარჯები დაზუსტდება ბიუჯეტის შედგენის დროს.“
განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მერიამ უკვე მოძებნა შენობა ახალი აიპის ოფისისთვის, თუმცა მისამართი მითითებული არ არის. ასევე, უცნობია, შეარჩია თუ არა უკვე ბათუმის მერიამ აიპისთვის ხელმძღვანელი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგების ხელფასები გაიზარდა. სამინისტროს განცხადებით, ხელფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან.
„2019 წლის ოქტომბრიდან უკვე დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.
პირველ ეტაპზე 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა.
არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება შემდეგნაირად ნაწილდება:
უფროსი მასწავლებელი – 1011 ლარი
წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარი
მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარი
პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით გაეზრდებათ ხელფასი, რაც საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს.
პედაგოგები, რომლებიც მასწავლებლის კომპეტენციას დაადასტურებენ და აიმაღლებენ სტატუსს, წლის ბოლომდე ისინიც გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.
ახალი ბულვარისა და ადლიის მიმდებარე სანაპიროზე პლაჟის აღსადგენად ხრეშს ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიტანენ. სამუშაოები ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო. ამჯერად ხრეშს, მილებითა და ტუმბოს გამოყენებით, „სანრემოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან გადაქაჩავენ. ხრეშის აღება იგეგმება ბათუმის კონცხიდანაც. ამ ეტაპზე ძველი ბულვარის პლაჟიდან ადლიის მიმართულებით, ჯამში, 30 500 კუბ/მ ხრეშის გადატანა იგეგმება.
ასე გამოიყურება ბათუმის პლაჟი პირსის მიმდებარედ
ვინ არჩევს ადგილს ძველ ბულვართან პლაჟზე, თუ სად არის ჭარბი ნატანი, საიდან უნდა მოხდეს ხრეშის ამოღება და რა რაოდენობით? – ამ კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუკავშირდა, რომელიც ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას კურირებს.
„ხრეშის გადატუმბვა, პროექტის მიხედვით, მილებით განხორციელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთით [ძველი ბულვარიდან ახალი ბულვარისკენ]. ადგილებს, სადაც არის ჭარბი ნატანი და საიდანაც ხრეშს ამოიღებენ, ასევე რაოდენობას, განსაზღვრავენ კონტრაქტორი და ზედამხედველი კომპანიები. ისინი არიან ამ საქმის სპეციალისტები.“ – ამბობს რეზო გიგილაშვილი, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
კონტრაქტორი, რომელიც ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს, არის ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP, ხოლო ზედამხედველი და პროექტის ავტორი, იტალიური საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალი“.
„ტექნიკა გავიდა სანაპირო ზოლში, მილები ლაგდება და თვის ბოლოსთვის დაიწყება ხრეშის გადატუმბვა. იქ რაიმე გზა არ კეთდება, ეს არის დროებითი ღონისძიება, ტექნიკა რომ შესულიყო. სამუშაოების დასრულებას, სავარაუდოდ, 2 თვე მაინც დასჭირდება,“ – ამბობს რეზო გიგილაშვილი.
ბათუმის ნაპირდაცვის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კი მთლიანობაში შესაძლოა 2020 წლის თებერვალში დასრულდეს.
რატომ გახდა დამცავი კედლის აშენება აუცილებელი ადლიის სანაპიროზე, რისთვისაა საჭირო ხრეშის გადაქაჩვა, რას ფიქრობენ სპეციალისტები და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ბათუმის პლაჟების მოვლაზე – ვრცლად იხილეთ ბმულზე:
სექტემბერში საქართველოში ოჯახში ძალადობის 665 შემთხვევა აღირიცხა, აქედან 135 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი თბილისის შემდეგ აჭარაში გამოიცა, სულ 88 შემაკავებელი ორდერი 161 ადამიანზე.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
ერთი თვის განმავლობაში აჭარაში აღრიცხული ოჯახში ძალადობის 88 შემთხვევიდან 74 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი იყო.
აჭარაში მსხვერპლი ქალებიდან სამი 16 წლამდე ასაკისაა, 13 ქალი – 17-დან 24 წლამდე, 43 ქალი – 24-დან 44 წლამდე, ხოლო 15 ქალი – 45 წელზე მეტი ასაკისაა.
ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოწერის სექტემბრის სტატისტიკა ასეთია:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 24 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20-25 გრადუსი
ღამით: 10-15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 13-18 გრადუსი
ღამით: 3-8 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 25-26 ოქტომბერს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში ავარიული დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ტაბიძის, ლეონიძის, რურუას და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის აბონენტებს.
„სოკარის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს.
კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზი აბონენტებს ეტაპობრივად 23 ოქტომბრის 10:00 საათიდან მიეწოდება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
„ნუ წაართმევ ბავშვობას!“ – საჯარო სკოლებში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.
კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულის აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამ თემაზე დღეს, 22 ოქტომბერს, პირველი შეხვედრა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა, ხვალ კი შეხვედრა სალიბაურის საჯაროს სკოლაშია დაგეგმილი.
შეხვედრაზე ითქვა, რომ არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ სამართალდამცველთა ინფორმირება შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხდება, „რაც ართულებს ეფექტურ და დროულ რეაგირებას“.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან.
კამპანიის ფარგლებში შსს-მ დაამზადა კლიპი, სადაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ნაადრევი ქორწინებების პრობლემაზე. დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები. კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFRA) პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
კამპანია 18 დღე გაგრძელდება.
შეხვედრებში მონაწილეობენ ადამიანის უფლებათა დამცველი და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, მანდატურები. ასევე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი და სახალხო დამცველის აპარატი.
„ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ გზის რეაბილიტაციისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ორბიტას“ ავანსად 188 ათასი ლარი გადაურიცხა. აქედან კომპანიამ მხოლოდ 43 535 ლარის სამუშაოები შეასრულა, დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, დარჩენილი 144 465 ლარის დაბრუნებას კი ვერ ახერხებს.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გზების დეპარტამენტს სს „ბაზისბანკიდან“ მოთხოვნილი აქვს გაცემული საბანკო გარანტიის ამოქმედება და შპს „ორბიტაზე“ რიცხული ავანსის − 144 465 ლარის დაბრუნება.
„ბაზისბანკის“ საპასუხო წერილის თანახმად კი, ბანკის მიერ შპს „ორბიტასთვის“ საბანკო გარანტიის გაცემა არ ფიქსირდება და, შესაბამისად, ბანკი უარს ამბობს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე.
„შედეგად, შესაძლოა კონკრეტული პირების ქმედება შეიცავდეს თაღლითობის ნიშნებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გზების დეპარტამენტმა 2018 წლის ივნისში მიმართა აჭარის პროკურატურას და ითხოვა სათანადო რეაგირება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით, აჭარის პროკურატურის მიერ გზების დეპარტამენტიდან ამოღებულია საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის მიხედვით:
ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ორბიტას“ შორის ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება 2018 წლის 21 თებერვალს გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 640 368 ლარი იყო.
ხელშეკრულების შესაბამისად წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე [რომელზეც შემდეგ „ბაზისბანკმა“ განაცხადა, რომ მას საგარანტიო არ გაუცია], „ორბიტას“ გზების დეპარტამენტმა ავანსის სახით გადაურიცხა 188 000 ლარი.
ხელშეკრულების თანახმად, „ორბიტას“ სამუშაოები უნდა დაეწყო არაუგვიანეს 2018 წლის პირველი მაისისა. თუმცა, კომპანიამ სამუშაოების შესრულება დაიწყო დაგვიანებით – 2018 წლის 18 მაისს.
„მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დადგენილ ვადებში არ დაწყებულა, გზების დეპარტამენტს არ გამოუყენებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და არ შეუმოწმებია გაცემული ავანსის ხარჯვის მიზნობრიობა“.
მხარეებს შორის 2018 წლის 31 მაისს გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი და ავანსიდან გამოქვითულია შესრულებული სამუშაოს ღირებულება – 43 535 ლარი.
ამავე თარიღით, შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, შპს „ორბიტასთან“ ცალმხრივად შეწყვეტილია ხელშეკრულება და დარიცხულია პირგასამტეხლო – 7 685 ლარი.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილ, პროფესიული გადამზადების სპეციალურ პროგრამაში, 5000-მდე მაძიებელი და პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულ მასწავლებლებთან გასაუბრება 25 ოქტომბერს დაიწყება.
პროგრამის მიზანია გადამზადებული პედაგოგები დასაქმდნენ იმ საჯარო სკოლებში, სადაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.
მასწავლებლებს მომიჯნავე საგნებშიც გადაამზადებენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, სკოლაში ორი ან მეტი საგანი ასწავლონ.
როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ტრენინგების დაწყების წინ, მაძიებლებთან და პრაქტიკოს პედაგოგებთან ხელშეკრულება გაფორმდება, სადაც პირობები გაიწერება.
ცენტრის განმარტებით, პროგრამის საჭიროება პროფესიიდან პენსიონერი პედაგოგების გასვლამ გააჩინა. სახელმწიფომ პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგებს პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ, ფულადი ჯილდო შესთავაზა. პროფესიიდან გასვლის სურვილი კი 11 ათასამდე პედაგოგმა გამოთქვა. შედეგად სკოლებში ვაკანსიები გაჩნდა.
კონკურსების შედეგად სკოლებმა არსებული ვაკანსიები შეავსეს, თუმცა ჯერ კიდევ არის სკოლები, სადაც კვალიფიციური კადრები არ ჰყავთ. პროგრამა სწორედ ასეთი სკოლების დახმარებას ითვალისწინებს.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ხერხემალია. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტიპის კომპანიების განვითარებისთვის? – ცხადია, მათი სრული კონცენტრაცია საკუთარ საქმიანობაზე. ამ პროცესის ეფექტურობას ხშირად აფერხებს ოფიციალური დოკუმენტების წარმოება, იურიდიული საკითხები, გარღვევები ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ფინანსურ დაგეგმარებაში.
სწორედ ამ საკითხების დასარეგულირებლად – მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიების დასახმარებლად შეიქმნა სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგისა” და აუდიტორული, საკონსულტაციო კომპანია ,,ლოიალტეს” ერთობლივი სერვისი. ეს შეთავაზება „ალდაგის“ კლიენტი კომპანიებისთვის ,,ლოიალტეს” მომსახურების განსაკუთრებული პირობებით მიღებას გულისხმობს.
თანამშრომლობის მემორანდუმი ორ კომპანიას შორის დღეს, 22 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში” გაფორმდა.
ფინანსური, საგადასახადო, IT და სამართლებრივი აუდიტი, სრული იურიდიული მომსახურება, ქონების შეფასება და მხარდაჭერა საგადასახადო დავებში – ეს იმ მომსახურების არასრული ჩამონათვალია, რითაც დღეიდან მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიები ისარგებლებენ ,,ალდაგისა” და ,,ლოიალტეს” ახალი პროგრამით.
,,ლოიალტე” აუდიტორულ და საკონსულტაციო სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2019 წლის ოქტომბრიდან კომპანიის მომსახურებით სარგებლობა უკვე აჭარაშიცაა შესაძლებელი – ბათუმის ფილიალი ლუკა ასათიანის ქუჩაზე, #8-ში მდებარეობს. კომპანიის მაღალპროფესიონალი გუნდი კარგად იცნობს ადგილობრივ ბაზარს, მცირე და საშუალო კომპანიების საჭიროებებს და მზად არის მათ ინდივიდუალური, სრულფასოვანი და კვალიფიციური მომსახურება გაუწიოს.
როგორც აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ,,ლოიალტეს” მმართველი პარტნიორი გიგა ფაიქიძე ამბობს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის” ეს აქცია სოციალური პასუხისმგებლობითაა გამოწვეული და ამ შემთხვევაში ორი კომპანიის მიზნები ერთმანეთს დაემთხვა – ორივე აცნობიერებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას.
„იურიდიული საკითხების ცოდნა, სწორად აღრიცხვა ბიზნესპროცესებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია: ეს თავიდან არიდებს მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო ორგანოებთან პრობლემებს, იურიდიული პრაქტიკა ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ კომპანიები იყვნენ წარმატებულები, აკეთონ საქმე, კონცენტრირდნენ საკუთარ მიმართულებაზე და არ ჰქონდეთ საზრუნავი ისეთ რუტინულ თემებზე, როგორიცაა ბუღალტერია და იურიდიული მიმართულებები”, – ამბობს გიგა ფაიქიძე.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ,,ლოიალტეს” მმართველი პარტნიორი გიგა ფაიქიძე
სხვადასხვა ზომისა და მიმართულების კომპანიებისთვის „ლოიალტეს” სპეციალური შეთავაზებები აქვს, რაც ,,ალდაგის” კლიენტი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი იქნება.
რაც ყველაზე მთავარია, მომსახურების ფასები ისეა განსაზღვრული, რომ სერვისები განკუთვნილია საწყის ეტაპზე მყოფი, მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა ბრუნვა აქვს ბიზნესს.
„იმ სერვისების მიღება, რასაც დღეიდან ჩვენ ვთავაზობთ მცირე და საშუალო კომპანიებს, მათ საკმაოდ დიდი ძალისხმევის სანაცვლოდ უწევდათ და ყოველთვის არც იყო გარანტირებული ხარისხი.
ჩვენი ახალშექმნილი გუნდი იმუშავებს კომპანიების განმავითარებელ სერვისებზე და ვეცდებით საკუთარი წვლილი შევიტანოთ ბიზნესკომპანიების ხელშეწყობაში. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ამბობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ კორპორაციული დეპარტამენტის დირექტორი დავით ეჯიბია.
მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, დღეს სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში” მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც დღგ-ს შესახებ კანონში ცვლილებებზე, შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებსა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
„რივიერას“ ტერიტორიის გამოსყიდვა ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა – ამ ინიციატივით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას და ბათუმის საკრებულოს მიმართავს. „ბათუმის რივიერაზე“, სადაც ამ დრომდე არაერთი საპროტესტო აქცია იმართება, დღეს, 22 ოქტომბერს, ენმ-ს წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი მოაწყო.
გიორგი კირთაძე ფიქრობს, რომ კომპანიამ, რომელიც ახლა „რივიერას“ ფლობს, შესაძლებელია მიწის ნაკვეთი ახალი ბულვარის მიმდებარედ მიიღოს, სადაც ტერიტორია თავისუფალია. გონიოს დასახლებაში თავისუფალია 265 ათასი საინვესტიციო ტერიტორია.
„თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც ამ ქალაქის მომავალი აღელვებს, მიუღებელია მსგავსი პროექტის განხორციელება, რომელიც დაუკარგავს პერსპექტივას ჩვენს ქალაქს და სახიფათოა გეოლოგიური პრობლემების გამო. ხელისუფლება გვესაუბრება, რომ თუ არ აშენდება რივიერა, ეს დააზიანებს ბიზნესს და საინვესტიციო გარემოს. რა თქმა უნდა, რეალურად, აღნიშნული პროექტის უკან მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებია და მეტი არაფერი, თუმცა გვინდა „რივიერას“ ამოფარებულ ,,ბიზნესმენ“ ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას შევთავაზოთ გამოსავალი ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესები,“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.
პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ შეიცვალონ სტატუსი და გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, აუცილებელია გარე დაკვირვების გავლა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გარე დაკვირვების წესში ცვლილებები შევიდა. რა შემთხვევაში გაეხსნება მასწავლებელს გარე დაკვირვების ველი და რა აუცილებელი აქტივობები მოეთხოვება მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად?
მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერის, ქრისტინა ინგოროყვას განმარტებით, პირველ სემესტრში გარე დაკვირვებაში არსებითად შეიცვალა ის, რომ წინა სემესტრისგან განსხვავებით, ახლა უკვე მოწმდება მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე და მხოლოდ იმ მასწავლებლებს ჩაერთვებათ გარე დაკვირვების ველი, რომელთა მიერ განხორციელებული კვლევა და სამოდელო გაკვეთილები შეფასდება დადებითად.
„წინა წლებში გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების ინსტრუმენტი მოიცავდა ორ კომპონენტს. კერძოდ, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ფასდებოდა რვა სხვადასხვა კრიტერიუმით და ცალკე კრიტერიუმებით ფასდებოდა გაკვეთილის რეფლექსია.
იმისთვის, რომ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი შეფასებულიყო დადებითად, მას გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმებით მაქსიმალური 32 ქულიდან უნდა მოეპოვებინა მინიმუმ 24 ქულა, ხოლო მისი რეფლექსია უნდა შეფასებულიყო მაქსიმალური 4 ქულით.
წელს შეიცვალა გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, უფრო სწორად, რუბრიკის მხოლოდ ერთი კომპონენტი – რეფლექსია. ახლა, რეფლექსიის შეფასება რუბრიკას დაემატება ერთ-ერთ კრიტერიუმად, ცალკე აღარ იქნება გამოყოფილი. იმისთვის, რომ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი შეფასდეს დადებითად, მას მოუწევს მაქსიმალური 36 ქულიდან მინიმუმ 27 ქულის დაგროვება“, – ამბობს ქრისტინა ინგოროყვა.
წინა წლებში, თუ მასწავლებელს ჰქონდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 13 კრედიტქულა და მათ შორის 2 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობაში ჰქონდა მინიჭებული, მას ავტომატურად შეეძლო გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლა.
„წელს ცვლილებები გვაქვს ამასთან დაკავშირებითაც, ახალი წესის მიხედვით, იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირება, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელი საჭირო მინიმუმ 15 კრედიტქულა მოგროვებული და განხორციელებული ჰქონდეს ყველა სავალდებულო აქტივობა.
კერძოდ, 2 კრედიქტულა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის განხორციელებით და 2 სამოდელო გაკვეთილების ჩატარებით უნდა ჰქონდეს მინიჭებული. ასევე ყველა სავალდებულო აქტივობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უნდა იყოს შეფასებული დადებითად“, – ამბობს ინგოროყვა.
გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია შეუძლია უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელს.
დარჩება თუ არა გარე დაკვირვება ძალაში 2020 წლისთვის აუცილებელ აქტივობად, ამაზე მასწავლებლის სახლში, ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.
„ველოდებით ამ გადაწყვეტილებას. ჯერ რეგულირების წესი დამტკიცებული არ არის“, – გვითხრა ქრისტინა ინგოროყვამ. მისი თქმით, ვისაც 2020 წლისთვის სურს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღება, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 2019 წელს უნდა გაიარონ.
ქრისტინე ინგოროყვას თქმით, იმ პედაგოგებისთვის, ვისაც ყველა სავალდებულო აქტივობა ექნება განხორციელებული, გარე დაკვირვების ველი ნოემბრიდან გაიხსნება.
მანამდე კი აუცილებლად უნდა შეფასდეს მასწავლებლის პროფესიული კვლევა, რომელსაც ინგოროყვას თქმით, კონკურსის წესით შერჩეული მკვლევარი შეაფასებს. „ერთი ადამიანი შეაფასებს ერთ კვლევას“, – ამბობს ის.
„მორიგების 10 ათასამდე შემთხვევა 9 თვეში“, – სტატისტიკური მონაცემები დავების მორიგებით დასრულების შესახებ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. აქვე ნახავთ მოქალაქეების კომენტარებს, რომლებიც კითხულობენ: „ვისი საქმე დასრულდა მორიგებით?“. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც აღსრულების ბიუროს მორიგების თხოვნით მიმართეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს.
ფეისბუქკომენტარების ავტორები ძირითადად ისინი არიან, ვისაც ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვალი ჰქონდა და მათ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადეს.
„სამი შვილის დედა ვარ, ნაქირავებში ვცხოვრობ, ჩემი ხელფასი 720 ლარია და აქედან 370 ლარს მაჭრის ბანკი ყოველთვიურად… სესხი თავდაპირველად 680 ლარი ავიღე, 3 ათასი უნდა დავაბრუნო ჯამში. იურისტებსაც ვერ მივმართე… აღსრულების ბიუროს მივმართე განცხადებით, იქნებ ხელფასიდან 200 ლარი ჩამომაჭრან და უფრო ხანგრძლივად გადავიხდი-მეთქი, მაგრამ არაო, კომპანიასთანაც ვერ შემახვედრეს… გარდა ამისა, ხანდახან ახლობელი მირიცხავს დამატებით თანხას, იმასაც მაჭრიან დამატებით,“ – გვითხრა თბილისში მცხოვრებმა ლალი ტოკლიკიშვილმა.
ანალოგიური პრობლემა აქვს გიორგი გ.- საც [მან ვინაობის დაფარვა გვთხოვა]. გიორგისაც ხელფასის ნახევარს აჭრიდნენ, როცა მისი ხელფასი 300 ლარი იყო.
„ვითხოვდი, იქნებ 20 პროცენტი ჩამომაჭრათ-მეთქი, არსებობა ხომ მინდოდა? მიპასუხეს აღსრულებიდან, რომ კრედიტორი არ იყო თანახმა, კანონით აქვს უფლება 50 პროცენტი ჩამოგაჭრასო. თქვენ შეაფასეთ, რა როლი ითამაშა აღსრულებამ. ახალ სამსახურსაც ვერ ვპოულობ. დამსაქმებელი მეუბნება, შენი ანგარიში დაყადაღებულია, რა აზრი ექნება შენს მუშაობასო… თავდაპირველად სესხის სახით 800 ლარი ავიღე. შემდეგ ვერ ვიხდიდი და დავალიანება დამიგროვდა. ადამიანს შიმშილის პირისპირ გტოვებენ, საარსებო მინიმუმის გარეშე,“ -ამბობს გიორგი გ.
„თუ მეორე მხარე არ იქნება თანახმა, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, 50 პროცენტის ჩამოჭრის უფლება კანონით არის განსაზღვრული,“ – გვითხრეს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრში. ამ უწყებაში მორიგებაზე „მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური“ მუშაობს, სადაც არიან იურისტები და სოციალური მუშაკები.
2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, როცა 9 679 საქმე მორიგებით დასრულდა, რამდენმა მოქალაქემ ითხოვა მორიგება, ანუ რამდენი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა? – აღსრულების ბიუროში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მორიგებით დასრულებული საქმეების დიდი ნაწილი – 6 953 საქმე სახელმწიფო ბაჟის და ჯარიმის გადახდაზე მოდის, რასაც მოქალაქეები ბიუჯეტში იხდიან.
„2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 6 953 მოქალაქეს…“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ მოქალაქესა და სახელმწიფო ორგანოს შორის ხშირად მიღწეული მორიგების მიზეზი ისაა, რომ ამ შემთხვევაში ბიუროს აქვს ჩარევის შესაძლებლობა, მაგალითად, ჯარიმის, ან სხვა ფინანსური ვალდებულების განწილვადების კუთხით. ბიუროში ვერ გვითხრეს, მზადდება თუ არა რაიმე სახის ცვლილება კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც ბიუროს შეეძლება იმავე სახის „ჩარევა“, თუკი დავის მეორე მხარე, მაგალითად, ბანკია ან რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, „2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 352 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა. ამავე პერიოდში მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 285 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სულხან მესხიძის და ჟურნალისტის, ეკა ბარამიძის მიმართ მუქარას გამოეხმაურა.
საქმე ეხება ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილ გამგის, მედეა მამულაძის მიერ განხორციელებულ მუქარას, რომელიც სამსახურიდან TV 25-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გაათავისუფლეს. ჟურნალისტების ცნობით, მათ მუქარის შეტყობინებები მიიღეს მედეა მამულაძისგან.
„4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება.
ამის პარალელურად 20 ოქტომბერს სულხან მესხიძემ თქვა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ მედეა მამულაძის მუქარა კვლავ გრძელდება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებას, დროულად დაასრულოს დაწყებული გამოძიება, რათა შეწყდეს ჟურნალისტების მიმათ მუქარა და მათ თავისუფლად შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება. აგრეთვე, სამართალდამცავებმა გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს TV 25-ის ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას.
მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ პროფესიული საქმიანობისას მათი უფლებების შელახვის ფაქტები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული, დამნაშავე დაუსჯელი დარჩება და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე იარსებებს. დაუსრულებელი გამოძიების და საქმის არასათანადოდ შესწავლის შემთხვევაში ჩამოყალიბდება თვითცენზურა – ჟურნალისტები უარს იტყვიან პრობლემების გაშუქებაზე,“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურშია. ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.
“ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე საქართველოში. გემის სლოგანია “თავისუფლების ჩემპიონი”, ზუსტად თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ეს არის საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი. დიდი მადლდობა მასპინძლობისათვის,” – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკული ხომალდის მეთაურმა ქრეგ ტრენტმა.
ხორუმის მოცეკვავეები ელოდებიან ამერიკული გემის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დაწყებას
გემის ეკიპაჟს ბათუმის პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მოცეკვავეებმა განდაგანა და ხორუმი იცეკვეს, მოგვიანებით კი მრავალჟამიერის ფონზე გემის ეკიპაჟს თითო ფიალა ღვინო მიართვეს.
USS Porter-ის მეთაური ქრეგ ტრენტი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ბათუმის ნავსადგურში ქართულ ღვინოს აგემოვნებენ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.
USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.
ხომალდი USS Porter-ი წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.
ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter ბათუმის ნავსადგურში
ხულოს მერიის აიპის თანამშრომელმა, იმედა ბოლქვაძემ, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება ორი კვირის წინ მიიღო. გარდა ამისა, მას მერიამ სახლიდან – სოფელ განახლებიდან სოფლის ცენტრამდე ადაპტირებული ბილიკის მოწყობაზეც უთხრა უარი. დღეს იმედა ამ საკითხების განხილვის მიზნით ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს შეხვდა, შეხვედრის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ოფიციალური წერილის მიხედვით, რომლითაც იმედას უპასუხეს, მერია ამ საკითხის განხილვას 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებისას გეგმავდა [2019 წელი სრულდება და, სავარაუდოდ, 2020 წელი იგულისხმეს. ამის შესახებ იმედამ მიუთითა მერს და თან დასძინა – „რა კარგი მერი ხარ, ამდენი შეცდომა გაგეპარა“].
წერილს ხელს თავად მერი აწერს.
როგორც დღევანდელი შეხვედრის ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, მერმა გადაწყვეტილება შეცვალა. ვახტანგ ბერიძე დაჰპირდა იმედას, რომ მერია მისი სახლიდან სოფლის ცენტრამდე ადაპტირებულ ბილიკს მოაწყობს. „მოვა არქიტექტორი, შეისწავლის ადგილს და მოამზადებს პროექტს“, – უთხრა მას ვახტანგ ბერიძემ.
იმედას თან ჰქონდა მერიისგან მიღებული უარის წერილიც. მან იქვე გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა მერი ბილიკის მოწყობაზე მხოლოდ ლაივჩართვის გამო დათანხმდა. იმედა დაინტერესდა, რატომ მისწერეს მას ოფიციალურად უარი, თუ მერია აპირებს ბილიკის მოწყობას, რაზეც ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. მერმა მას უთხრა, რომ ორ კვირაში დაიწყებს არქიტექტორი პროექტის მომზადებას, ამის შემდეგ კი შეძლებენ ზუსტად უთხრან, როდის დაიწყება და დასრულდება ბილიკის მოწყობა.
შეხვედრას დაესწრო ხულოს საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ჯორბენაძეც. მან თქვა, რომ ლაივს უყურებდა და სურვილი გაუჩნდა დასწრებოდა შეხვედრას, რაზეც, როგორც იმედასგან, ასევე მერისგან თანხმობა მიიღო. მან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა ტენდერებიდან გამოთავისუფლებული ეკონომიები სწორედ ადაპტირებული გარემოს მოწყობას მოხმარდეს.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე იმედას სამსახურიდან გათავისუფლების საკითხიც. რატომ გამიშვით სამსახურიდან? – ჰკითხა იმედამ მერს. ვახტანგ ბერიძემ მას განუმარტა, რომ აიპებში დასაქმება-გათავისუფლების საკითხი მერის კომპეტენცია არ არის. გარდა ამისა, უთხრა, რომ მის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.
იმ საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება, 2018 წელს საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის 43 160 264 ლარი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო აუდიტის მიხედვით 2 300 400 ლარით მეტია 2017 წელთან შედარებით.
„შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 36 042 935 ლარი, ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა ხარჯებმა − 7 117 329 ლარი. მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ხარჯების ზრდა დასაქმებულთა რიცხოვნობისა და თანამდებობრივი სარგოს ზრდის შედეგია“, – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით, ხელფასის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს ორგანიზაციის ბრძანებები მომუშავეთა მიღების, გათავისუფლებისა და გადაადგილების შესახებ, დამტკიცებული შტატებისა და სარგოების შესაბამისად, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმით [სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ან/და სპეციალური ტექნიკური საშუალება] და შრომითი ხელშეკრულებით ან შრომის შინაგანაწესით [ასეთის არსებობის შემთხვევაში] გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
„აღნიშნული რეგულაციის დაუცველად, 2018 წელს სსიპ − აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ა(ა)იპ − ბათუმის ბიზნესინკუბატორში ნამუშევარი საათების აღრიცხვა არ ხდებოდა. ა(ა)იპ − განათლების ფონდი, დამტკიცებული ტრენინგმოდულების შესაბამისად, საჯარო სკოლის მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადების მიზნით, ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე. 2018 წლის ოქტომბრიდან ტრენინგები უნდა ჩატარებულიყო ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული ტრენინგების ჩატარების განრიგის მიხედვით, რაც, შესაბამისად, აღნიშნულია ტრენერებსა და ფონდს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში. მოპოვებული მტკიცებულებებით, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ტრენინგების ჩატარების განრიგი ფონდის დირექტორის მიერ არ ყოფილა დამტკიცებული. აღნიშნულ პირობებში, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების პირობების დაუცველად, ბიუჯეტიდან გაწეულია ჯამში 7 320 ლარის ხარჯი,“ – აცხადებს აუდიტი.
მივლინებები
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის კონსოლიდებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების მივლინებებზე გაწეულმა საკასო [ფაქტობრივმა] ხარჯებმა შეადგინა 1 299 095 ლარი, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1 046 988 ლარი.
„აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულია ზედმეტად ანაზღაურებული და დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაწეული ხარჯები, რის გამოც ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 5 032 ლარი“, – აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის ფინანსური ანგარიშის მიხედვით:
[checklist]
„ა(ა)იპ − ქ. ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ, დირექტორზე მივლინებისთვის ზედმეტად გადახდილია 1 528 ლარი, რომელიც ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია ხარჯებში: სასახლის დირექტორის თურქეთის რესპუბლიკაში მივლინების ხარჯების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომის გამო, ზედმეტადაა ანაზღაურებული და ჩამოწერილია ხარჯებში 608 ლარი; სასახლის დირექტორის უკრაინასა და კვიპროსის რესპუბლიკაში მივლინების ფარგლებში, თვითმფრინავით მგზავრობისთვის ზედმეტად ანაზღაურებული და ხარჯებში ჩამოწერილია ჯამში 920 ლარი.
სსიპ − ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორის ბრძანებით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ
გასტროლთან დაკავშირებით, მივლინებულია სულ 21 თანამშრომელი. სამსუნის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის მთავარ დირექტორატსა და მუსიკალურ
ცენტრს შორის შედგენილი ოქმის მიხედვით, მუსიკალური ცენტრს უნდა აენაზღაურებინა 20 ხელოვანის დღიური ხარჯი, ხოლო მათ ტრანსპორტირებასა და დაბინავებას დააფინანსებდა თურქული მხარე. შესაბამისად, მივლინებული 21 თანამშრომლიდან მხოლოდ ერთის დაბინავება უნდა უზრუნველეყო მუსიკალურ ცენტრს. წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ღამისთევის ხარჯები ნაცვლად ერთისა, ანაზღაურებული აქვს ორ თანამშრომელს, ჯამში − 794 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ცენტრის ორი თანამშრომლის: ფინანსური მენეჯერის და იურიდიული, საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა მენეჯერის მივლინებაში გამგზავრება არ შეესაბამება მივლინების მიზანს. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მივლინების განმავლობაში „დამატებით გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთის სხვადასხვა ქალაქის სახელოვნებო დაწესებულებებთან…“. აუდიტის ობიექტის განმარტება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მივლინებაში იმყოფებოდნენ ასევე მუსიკალური ცენტრის დირექტორი, მოადგილე შემოქმედებით დარგში, მთავარი ადმინისტრატორი, პიარმენეჯერი და ა.შ. მათი მონაწილეობა მოლაპარაკებების წარმოებაში სრულებით საკმარისი იყო. ფინანსური მენეჯერის და იურიდიული, საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა მენეჯერის მივლინებაში გამგზავრებამ გამოიწვია დამატებითი ხარჯების წარმოშობა. ჯამში, მივლინების ფარგლებში არაეფექტიანად იქნა გახარჯული, მინიმუმ, 1 216 ლარი, რაც არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილების შედეგია.
მოპოვებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება სსიპ − აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმის“ დირექტორის 2018 წლის 1 აპრილის N5 ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის დირექტორის და ანსამბლის წევრის მივლინება ქ. თბილისში მივლინების სრულ პერიოდზე [3-10 აპრილი, 2018 წელი]. აღნიშნული მივლინების ფარგლებში, დღიური და ღამისთევის ხარჯებისთვის ანაზღაურებულია 1 500 ლარი, საიდანაც 1 380 ლარის გადახდა წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ განკარგვას და ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.
ანსამბლ „ბათუმის“ დირექტორის 2018 წლის 23 მარტის N4 ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის თანამშრომლების პოლონეთსა და გერმანიაში მივლინების [15-30 მაისი, 2018 წელი] ფარგლებში, შიდა გადაადგილებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანაზღაურებულია 720 ევროს ეკვივალენტი − 2,124 ლარი, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.
ანსამბლ „ბათუმის“ დირექტორის 2018 წლის 22 ნოემბრის N18 ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის სხვა თანამშრომლებთან ერთად პოლონეთში მივლინებით იმყოფებოდა ანსამბლის მენეჯერიც. მოპოვებული მტკიცებულებებით, მივლინების ფარგლებში მენეჯერის მოვალეობაში შედიოდა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, მომღერლების შეუფერხებელი გადაადგილება. ანსამბლის მენეჯერის მივლინებით გამგზავრების მიზანშეწონილობა დაუსაბუთებელია, რადგან მიმწვევი მხარე სრულად უზრუნველყოფდა ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებს. შესაბამისად, მივლინებისთვის გადახდილი 2 522 ლარი წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს, რაც არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილების შედეგია.“
სახელმწიფო აუდიტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ნივრის პროგრამის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს, რის შედეგადაც, 2018 წელს, ბიუჯეტიდან 180 ათასამდე ლარი არაეკონომიურად დაიხარჯა. აუდიტის მიერ შემთხვევითი შერჩევით გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობა „ნივრის მოსავლით უკმაყოფილოა, ასევე ირკვევა, რომ ბენეფიციართა ნაწილმა ნიორი დარგო წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეპროგრამის მიზნებს, რადგან ქვეპროგრამა უნდა განხორციელებულიყო აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე“.
2018 წლისთვის განისაზღვრა 48 000 კგ „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სარგავი მასალის შესყიდვა. შესყიდვის განხორციელებას და ბენეფიციარების შერჩევას, შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად, ახორციელებდა ა(ა)იპ − აგროპროექტების მართვის ცენტრი. სარგავი მასალა ბენეფიციარებზე გაიცემოდა შესყიდული საქონლის სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის გადახდის პირობით. შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით: „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის ფორმალური კვლევის საფუძველზე განისაზღვრა 528 812 ლარის ოდენობით დღგ-ის გარეშე [სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა წინა წლის თებერვალ-მარტის ფასების გათვალისწინებით]. ტენდერში ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის პირობებში გაიმარჯვა შპს „ქართულმა მოცვმა“, რომლის შეთავაზებულმა ფასმა დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 620 208 ლარი.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სრულმა დანახარჯმა აღნიშნული საქონლის შესყიდვაზე შეადგინა 440 774 ლარი. შესაბამისად, ფასნამატმა შეადგინა 40.7% [179 433.8 ლარი]. ზემოაღნიშნული მკაფიოდ მიუთითებს შესყიდვის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რამაც ბიუჯეტიდან არაეკონომიური ხარჯი გამოიწვია“.
აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან ნიორზე ბენეფიციარების მხრიდან მოთხოვნა მინიმალური იყო, აგროპროექტების მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ნივრის სარგავი/სათესლე მასალა ბენეფიციარებზე გაიცა თანაგადახდის თანხის მოსავლის აღების შემდეგ, 2019 წლის 20 აგვისტომდე გადახდის პირობით. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, 222 ბენეფიციარის კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 201 491 ლარს [გადახდილი იყო მხოლოდ თანაგადახდის მთლიანი თანხის 11%].
„აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ქვეპროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებულმა მნიშვნელოვანმა ხარვეზებმა, კერძოდ, მოსალოდნელი შედეგების შესწავლისა და შეფასების გარეშე ქვეპროგრამის დაგეგმვამ და შესყიდვის ეტაპზე ბაზრის ფორმალურმა კვლევამ, ბიუჯეტიდან არაეფექტიანი ხარჯი გამოიწვია“.
ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.
ყველაზე დაუცველი ტყვიით მოწავმლის დროს ბავშვები არიან, რადგან მათი ნერვული სისტემა განვითარების პროცესშია და ამიტომ 4-5-ჯერ უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მოზრდილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს: გონებრივი ჩამორჩენა; სწავლის უნარის დაქვეითება და ქცევითი პრობლემები.
ოქტომბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს მიმდინარეობს სლოგანით – „აკრძალე ტყვია საღებავებში“.
ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმლებს, ღვიძლს, გულ–სისხლძარღვთა სისტემასა და რეპროდუქციულ სისტემას
ზრდასრულებში ტყვიის ზემოქმედება ზრდის გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის განვითარების რისკს, ორსულებში კი ტყვიის ზემოქმედება აზიანებს სხვადასხვა ორგანოს და ასევე, გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე.
[gray_box]როგორ ხვდება ტყვია ადამიანის ორგანიზმში[/gray_box]
ტყვია ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ტყვიის შემცველი საღებავების წარმოების პროცესში გამომუშავებული ნაწილაკების შესუნთქვით, ტყვიისშემცველი ისეთი ნივთების გამოყენებით, როგორიცაა: ტყვიისშემცველი საღებავებით დამუშავებული კერამიკა, კოსმეტიკა და ხალხური სამედიცინო საშუალებები.
საღებავები, რომელთაც იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – სახლების ფასადის, შიდა კედლების, ავეჯის, სათამაშოების შესაღებად, სხვადასხვა დოზით შეიცავს ტყვიას.
ბავშვებში ტყვიით მოწამვლას იწვევს ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სათამაშოების ღეჭვა, შეღებილი საწოლების მოაჯირების პირით შეხება, საღებავის მტვრის შესუნთქვა და ა.შ.
დაძველებასთან ერთად საღებავი იშლება, გამოყოფს ტყვიის შემცველ მტვერს, რომელიც აბინძურებს გარემოს და ადვილად აღწევს ბავშვის ორგანიზმში თამაშის, დაბინძურებული ხელების ან სათამაშოს პირში ჩადებისას.
ძველი სახლები, რომელთა კედლები შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად რჩება.
ტყვია ასევე აღმოჩენილია სასმელ წყალში, რომელიც მოედინება ტყვიის შემცველი ნიადაგიდან, სადაც იგი ხვდება ავტომობილების გამონაბოლქვიდან.
თუ ბავშვს სწავლა უჭირს, ეს შესაძლოა არა სიზარმაცის, არამედ ტყვიით მოწამვლის შედეგი იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სწავლის უნარის დაქვეითება ბავშვებში ტყვიით მოშხამვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია სხვა, ისეთ სიმპტომებს შორის, როგორიცაა:
[checklist]
დაბალი მაჩვენებლები ინტელექტის შეფასების ტესტებში
ზრდისა და განვითარების პროცესის დარღვევა
ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები
მეტყველების პრობლემები
დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში
კოორდინაციის დარღვევები
სირთულეები კითხვაში
ქცევითი პრობლემები
ჰიპერაქტიულობა
[/checklist]
თუ მიიჩნევთ, რომ ბავშვს აღენიშნება ტყვიით მოშხამვის ნიშნები, მიმართეთ ექიმს. თუ ექიმის მიერ დანიშნულმა სისხლში ტყვიის შემცველობის ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა, ექიმი გაგიწევთ რეკომენდაციას და განახორციელებს შესაბამის მეთვალყურეობას. ტყვიით დაბინძურების შესაძლო წყაროების გამოსავლენად რეკომენდებულია შემოწმდეს საცხოვრებელი ბინა.
პერიოდულად, 6 თვის ასაკიდან, ბავშვს, განსაკუთრებით ინდუსტრიულ რაიონებსა და დიდ ქალაქებში ცხოვრებისას, უნდა ჩაუტარდეს კვლევა სისხლში ტყვიის შემცველობაზე.
[gray_box]როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ტყვიით მოწამვლისგან[/gray_box]
გარკვეული წესების დაცვით შესაძლებელია ტყვიით მოშხამვისგან ბავშვის დაცვა და პრევენცია. ეს რეკომენდაციებია:
[checklist]
ბავშვისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი საღებავის ანათალი/ნაფხეკი ან საღეჭი ზედაპირები, რომლებიც შეღებილია ტყვიით დამზადებული საღებავით
რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ მისი სათამაშოები. ხელების დაბანა ტყვიის დონეს დაახლოებით 2-ჯერ და მეტჯერ ამცირებს
რეგულარულად გაწმინდეთ სველი წესით იატაკი, ფანჯრის დეტალები და ავეჯი. ფანჯრის რაფებსა და კედლებზე შეიძლება იყოს ტყვიის მაღალი შემცველობის მტვერი
დაუშალეთ ბავშვებს მიწის ზედაპირზე თამაში. თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით ბავშვები ქვიშის სათამაშო ყუთით, ხოლო მიწის ზედაპირი დაფარეთ ბალახის საფარით [ან დათესეთ ბალახი], ხმელი ფოთლებით ან ხის ნაფოტებით
მოერიდეთ ისეთი ტრადიციული ხალხური სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ ტყვიას
ტყვიაზე დამზადებულ პროდუქციასთან (მოჭიქული მინა, ტყვიების დამზადება ან სროლა) მუშაობის/შეხების შემდეგ მიიღეთ შხაპი და გარეცხეთ ტანსაცმელი
სახლების გარემონტებისას არ შეიძინოთ ტყვიის შემცველი სამშენებლო საღებავი
არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით
არასასურველია ბავშვისთვის მეტალის ფურცლებში შეფუთული საკვების მიცემა
კალციუმი აძლიერებს ბავშვის ძვლებს და ხელს უშლის ტყვიის შეღწევას ორგანიზმში. კალციუმით მდიდარი საკვებია: იოგურტი/მაწონი და ყველი; მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის „ხუჭუჭა კომბოსტო“, თალგამი, მდოგვი და მწვანე სალათის სახეობები. ასევე, ფორთოხლის წვენი, სოიას რძე და ტოფუ (სოიას ყველი), დაკონსერვებული ორაგული და სარდინი
სისხლში ტყვიის შეწოვას რკინაც უშლის ხელს. რკინით მდიდარი საკვებია: მჭლე წითელი ხორცი; რკინით გამდიდრებული ბურღულეული, პური და მაკარონის ნაწარმი, გამომშრალი ხილი/ჩირი, როგორიცაა: ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი, ლობიო და ოსპი. აქვე, ვიტამინი C ორგანიზმს არამარტო ეხმარება რკინის უკეთ შეწოვაში, არამედ, შესაძლოა, აარიდოს ტყვიაც. ვიტამინი C უხვად არის ციტრუსებში და სხვა ხილ-ბოსტნეულში: კივი, ხენდრო, ნესვი, პომიდორი; კარტოფილი; წიწაკა
ბავშვისთვის არასასურველია ზედმეტად ცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის დიდი ხნით შეჩერებას.
[/checklist]
2019 წლის 23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფლებში ტყვიის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებში.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 23 ოქტომბერს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
[crosslist]
ბარცხანის დასახლებას
იმედაშვილის ქუჩას
ბაქოს ქუჩას
მაქაცარიას ქუჩას
მერკვილაძის ქუჩას
კანდელაკის ქუჩას
შავშეთის ქუჩას
ნონეშვილის ქუჩას
ბაქრაძის ქუჩას
ქათამაძის ქუჩას
თამარ მეფის გამზირს
ჭიჭინაძის ქუჩას
აგარაკის ქუჩას
ლორთქიფანიძის ქუჩას
დიასამიძის ქუჩას
შრომის ქუჩას
კაზინეცის ქუჩას
ქათამაძის შესახვევს
ნობელების ქუჩას
[/crosslist]
„ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის 2018 წელს 4 346 392 ლარი დაიხარჯა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „მოპოვებული მტკიცებულებებით, რიგ შემთხვევებში, ამ ხარჯის გაწევა დაუსაბუთებელია და ვერ დგინდება ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა“.
აუდიტის მიხედვით:
[crosslist]
სსიპ − აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და ა(ა)იპ − ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა, გარდა ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, 2018 წელს სარგებლობდა შესაბამისი ორგანიზაციების თანამშრომელთა პირად საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომლებზეც გაწეულმა საწვავის ხარჯებმა შეადგინა 10 860 ლარი.
ორგანიზაციების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება, რაც წარმოშობს საჯარო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს.
[/crosslist]
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოქმედი რეგულაციებით, ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემით ხორციელდება ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირება და იდენტიფიცირება. ამით უზრუნველყოფილია ავტოგასამართ სადგურზე შესაბამისი მარკის საწვავის ჩასხმა მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში.
„აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩევით იქნა დათვალიერებული სხვადასხვა ობიექტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება, სულ 68 ერთეული, საიდანაც 20 ერთეულს მოხსნილი ჰქონდა „აგაის“ სისტემა [ჩიპი]. ზემოაღნიშნული წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანაში საწვავის ჩასხმის რისკებს,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
უწყებები აჭარაში, რომელთა ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს, აუდიტის შერჩევითი დათვალიერებით, მოხსნილი ჰქონდათ ჩიპები:
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო − 6 ერთეული, საავტომობილო დეპარტამენტი − 2 ერთეული, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − 2 ერთეული, სსიპ − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი − 2 ერთეული, სოფლის მეურნეობის სამინისტრო − 2 ერთეული, გარემოს დაცვის სამმართველო − 2 ერთეული, სსიპ − ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფოს თეატრი − 2 ერთეული [ერთი ერთეული ინახება დირექტორთან], ა(ა)იპ ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა – 1 ერთეული, სსიპ აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ – 1 ერთეული.
„როგორ ვართ? – რა ვიცი, მშივრები არ ვართ, ზოგს ცუდი მანქანა აქვს, შეცვლა უნდა, ზოგს სულ არ აქვს და შეძენა უნდა“, – გვიყვება ედნარ ღოღობერიძე. მისი მაღაზია სოფელ მახუნცეთის ცენტრში დგას და ადგილობრივების თავშეყრის ადგილია. მისი ნისიების რვეული კი – ამ სოფლის მცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი.
ედნარმა ყველაზე კარგად იცის აქ მცხოვრები ოჯახების ბიუჯეტი და ხელფასების განრიგიც: „ხელფასამდე, პენსიამდე ნისიები მაქვს“. ის ამბობს, რომ მისი შემოსავალიც სეზონურად იზრდება და მცირდება, მაშინ როცა სოფლებში ტურისტები გამოჩნდებიან და როცა შემოდგომის მოახლოებასთან ერთად მათი რიცხვი მცირდება.
ედნარმა ნისიების რვეულების გადაღების უფლება არ მოგვცა, სახელებითა და გვარებით მიწერია ყველა და ამას თუ სადმე გამოაჩენთ, ეწყინებათ მეზობლებსო.
ედნარ ღოღობერიძე
ამ დროს მაღაზიაში დაახლოებით 50 წლის ქალი შემოვიდა. ის საუბარში ჩაერთო, თუმცა სახელის გამხელა არ ისურვა, არც ფოტო გადაგვაღებინა. გვითხრა, რომ „ყველა პრობლემას ეშველება, თუ დასაქმების პრობლემა მოგვარდება“, მაგრამ, მისივე აზრით, მხოლოდ ამაშიც არ არის საქმე, რადგან დასაქმებულებს არ ჰყოფნით ხელფასი:
„ხუთასი ლარი მაინც რომ იყოს ხელფასი… ჩემი ხელფასი 280 ლარია, კულტურის ცენტრში ვმუშაობ.“
ედნარის მაღაზიაში ბევრი სხვა მეზობელიც შემოვიდა. როგორც თქვეს, „მარშრუტკის“ მოსვლამდე დროის გასაყვანად შეიკრიბნენ. საუბარი ხურმის მოსავალზე გაგრძელდა. ადგილობრივების მონაყოლით სოფელში ჯამში 100-მდე ტონა ხურმის მოსავალი მოვიდა, მაგრამ არავინ იბარებს.
რამდენიმეწუთიანი დისკუსიის შემდეგ ქალმა, რომელმაც სახელის გამხელა არ სურდა, თქვა, რომ მახუნცეთში აუცილებლად უნდა ავიდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი: „ამოვიდეს აქ და ხურმას გოდრებით გავატანთ. ამოდიან აქ და შეგვხვდით, გვითხარით რა გაწუხებთო… შემდეგ – მაგას ჩვენ ვერ ვიზამთო. თუ რამეს ვერ იზამთ, რატომ უნდა შეგხვდეთ, რატომ უნდა გელაპარაკოთ?“
ედნარის თქმით, ხშირად განხილვის თემაა შეშით მომარაგების საკითხიც. ნისიების რვეულის მიხედვით კი, ყველაზე ხშირად აქ თამბაქოსა და ყავას ითხოვენ: „მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაძვირდა, მოთხოვნა გაიზარდა თამბაქოზე. თამბაქოს ფასმაც შესაბამისად მოიმატა, მაგრამ სიგარეტზე ბევრად იაფია. მეორე ადგილს კი ყავა იკავებს“.
სტუდენტმა დავით ვართმანიძემ კი გვითხრა, რომ სოფელს ინტერნეტი და იმის შესაძლებლობა სჭირდება, რომ აბიტურიენტი აქვე მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. ის მეზღვაურობისთვის ემზადება, თუმცა სოფლიდან წასვლას და სხვაგან ცხოვრებას არ აპირებს. მისი მიზანია სოფელში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს.
21-22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Tbilisi-Marriot-ში, საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ასოციაციაТМТМ) განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ უმასპინძლა. სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო შუა დერეფანში (Middle Corridor) რამდენიმე სახეობის ახალი ტვირთის დამატებასა და ერთიანი, გამჭოლი სატარიფო პოლიტიკის საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება ,,TIS-საკონტეინერო ტერმინალის“ (უკრაინა) და ,,ბაქო გოვსანის საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტის“ (აზერბაიჯანი) ასოციაცია ТМТМ-ში გაწევრიანების შესახებ. ასევე, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება შავ ზღვაზე პორტ კონსტანციდან ბათუმის პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და რეგულარული მიმოსვლის შეთანხმებას.
სხდომაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებს შორის, ინფორმაციის ავტომატიზირებულად გაცვლის შესახებ, რაც შუა დერეფანში გადაზიდვის საერთო ეფექტურობას გაზრდის და საკონტეინერო გადაზიდვებს შეუწყობს ხელს.
სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისაგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფებმა ТМТМ-ის მარშრუტის 2020 წლის სატარიფო პოლიტიკაზეც იმსჯელეს.
თბილისში გამართულ შეხვედრაში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, პოლონეთის, თურქეთისა და საქართველოს სარკინიგზო ადმინისტრაციების, პორტებისა და ლოგისტიკური კომპანიების 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.
აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ ოთხი თვის წინ უთხრეს, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს. შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“.
ახალი ადმინისტრაციული შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსით შეისყიდა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი:
„კონკურსის გამოცხადებამდე განხორციელდა ბაზრის კვლევა, რომლითაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 466 100 ლარით დღგ-ის გარეშე. ბაზრის კვლევის დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პოტენციური მიმწოდებლებისთვის დასმული მთავარი შეკითხვა ვერ უზრუნველყოფდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად დადგენას. კერძოდ, შეკითხვაზე თანდართული ტექნიკური დავალების პროექტი არ მოიცავდა ასაგები შენობა-ნაგებობის სავარაუდო საერთო ფართობს, სიმაღლეს, ოფისების, საერთო და შეხვედრების ოთახების რაოდენობას და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინება შესაძლებელი იყო, მით უმეტეს, სამინისტროს ჰყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტები [შესაბამისი დეპარტამენტის სახით]“.
აუდიტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კი გაიმარჯვა შპს „მეგაპოლისმა“, რომლის მიერ შეთავაზებული ფასი − 542 800 ლარი დღგ-ის ჩათვლით, 82 600 ლარით აღემატება უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტის შეთავაზებას.
„მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო კომისიას ხარისხის შეფასების ეტაპზე პრეტენდენტების ფასების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, შეფასება შესაძლოა შეიცავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების რისკებს, რადგან ფასების უფრო დიდი სხვაობის შემთხვევაშიც, ხარისხის ჯამური ქულის გათვალისწინებით, გაიმარჯვებდა შპს „მეგაპოლისის“ შეთავაზება“, – აცხადებს აუდიტი.
ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ითვალისწინებს 14 835 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომლის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 27 942 970 ლარს, მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოშვებული 2018 წლის მე-3 კვარტალის ფასთა კრებულისა და საბაზრო ფასების მიხედვით.
„მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად იყო, 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აღნიშნული შესყიდვა გათვალისწინებული არ არის. მოპოვებული ინფორმაციით, მისი გათვალისწინება არც 2020 წლის ბიუჯეტში იგეგმება. სამინისტროს უფლებამოსილი პირის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზის შემდეგ. წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ საერთო ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია გარემოებათა დეტალური ანალიზის გარეშე. ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს. შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“, – აცხადებს აუდიტი.
„მძიმეა მისი მდგომარეობა, მაგრამ სტაბილური,“ – გვითხრეს ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში 12 წლის გოგოს შესახებ, რომელსაც გუშინ, 21 ოქტომბერს, გონიოს დასახლებაში, ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, დაშავებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება თავის ტვინის ტრავმით. გოგო კლინიკაში მიყვანის დროს შოკურ მდგომარეობაში იყო.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 12 წლის გოგო ექიმებს კონტაქტური დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ბათუმის ისტორია არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ ისტორიის მონაწილე იყო, ზოგიერთი კი – მოგზაური, რომელიც სულ რამდენიმე დღით ან კვირით იმყოფებოდა ბათუმში, თუმცა ამ ქალაქმა მათზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ამჯერად ხუთი ადამიანის შესახებ მოგიყვებით, რომელთა სახელები ძველ ბათუმს უკავშირდება.
[gray_box]ნორვეგიელი მწერლის მოგზაურობა[/gray_box]
1899 წელს, დილას, ბათუმის რკინიგზის სადგურში, თბილისი-ბათუმის მატარებლიდან შლაპიანი კაცი ჩამოვიდა ხელში მომცრო ჩემოდნით და პენსნე შეისწორა. ბაქანზე ხალხი ირეოდა, ბათუმელები ჩამოსულებს ხვდებოდნენ, იყო გადაძახილ-გადმოძახილი და მოკითხვები.
კაცს კნუტ ჰამსუნი ერქვა, ნორვეგიელი იყო და მართალია, ბათუმში ცოტას თუ გაეგო მისი სახელი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი – „შიმშილი“ – უკვე დაწერილი ჰქონდა.
ჰამსუნი კავკასიაში მოგზაურობდა. ბათუმში ჩამოსვლამდე უკვე იყო ბაქოსა და თბილისში. პატარა, ზღვისპირა ქალაქში ჩამოსვლა, სადაც იმ დროისათვის 18 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, არ შედიოდა მის გეგმებში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჰამსუნი აქ ჩამოვიდა და მოგვიანებით ეს მოგზაურობა აღწერა კიდევ წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“.
კნუტ ჰამსუნი. ფოტო: ვიკიპედია
ჰამსუნის სამოგზაურო ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ის ზღვის პირას ცხოვრობდა სასტუმრო „ბელ ვიუში“ და ფანჯრიდან ხედავდა ზღვაში მობანავე ხალხს.
ბათუმში კნუტ ჰამსუნი ბევრს სეირნობდა ქალაქის ქუჩებში, აკვირდებოდა ხალხს, შედიოდა სავაჭრო დუქნებსა და რესტორნებში. ბათუმის ცხოვრების რიტმმა და განსაკუთრებით ბათუმის ბულვარმა, მას ამერიკის სამხრეთის შტატები გაახსენა.
„საღამოობით აქ ხალხი და ეტლები დასეირნობენ. ფიცხი ცხენები, აბრეშუმის სამოსლის შრიალი, ქოლგები, ქალიშვილების ღიმილი, მისალმების რევერანსები – ყველაფერი ისეა, როგორც სამხრეთის შტატების ქალაქებში. არიან აქ კუდაბზიკებიც, ფრანტებიც – მაღალი, მანჟეტისმაგვარი საყელოებით, აბრეშუმის პერანგებით, გვერდზე მოგდებული ქუდებით და მსხვილი ხელჯოხებით…
…სასტუმროს რესტორანში ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი საზოგადოება იყრის თავს – ევროპულ კერძებს უკვეთავენ და შამპანურს სვამენ…. სამხრეთის შტატების მცხოვრებთა ჩვევები აქ განსაკუთრებით მაშინ მჟღავნდება, როცა სტუმრები რესტორანში ანგარიშს ასწორებენ. საჭიროა თუ არა, მსხვილი კუპიურებით უყვართ გადახდა. კელნერი იძულებულია, ეს კუპიურა რესტორნის პატრონს დაახურდავებინოს. სამაგიეროდ, უხვად მას ასაჩუქრებენ. ბოთლებსა და ჭიქებში უსათუოდ სასმელს ტოვებენ“.
სასტუმრო „ბელ ვიუ“ და „ორიენტალი“ ძველ ბათუმში
ჰამსუნი წერს, რომ სწორედ ბათუმის ბულვარში ნახა ფრანტი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე წვრილჭვინტიანი ლაქის ფეხსაცმელი ეცვა.
ბათუმში ჩამოსულ კნუტ ჰამსუნს ციებამ შეუტია, რამდენჯერმე ქალაქის ქუჩებში სეირნობის დროს ცუდადაც კი გამხდარა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც აღტაცებული საუბრობს აქაურ კლიმატზე. ციებამ ბათუმიდან გამგზავრების წინა საღამოსაც დაასუსტა. წამალი აღარ ჰქონდა, ამიტომ სასტუმროს წინ, დუქანში, კონიაკი იყიდა და ასე „იმკურნალა“.
„ამაზე უფრო მშვენიერი ზღაპარი აღარ გადამხდება, ალბათ, არასოდეს“, – სწერდა კნუტ ჰამსუნი თავის მეგობარს. „ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია და მთები კიდევ – მაღალი“.
კნუტ ჰამსუნის ბათუმში მოგზაურობისას ამ ქალაქში უკვე ცხოვრობდა ოჯახი, რომლის გვარიც ჰამსუნის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ბათუმში ერთმანეთს არ შეხვედრიან, თორემ 20 წლის შემდეგ, როცა ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, მას უთუოდ გაახსენდებოდა ბათუმი, სადაც გაიცნო ამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გვარის, ნობელის ოჯახის წევრი.
[gray_box]ძმები ნობელების ისტორია ბათუმში[/gray_box]
1879 წელს რობერტ ნობელი ბაქოში ჩავიდა და ნავთობის ჭაბურღილებით დაინტერესდა. სწორედ იქ დაებადა იდეა, შეექმნა ძმები ნობელების ამხანაგობა და ამის შესახებ ძმას, ლუდვიგს მისწერა. ლუდვიგ ნობელს იდეა მოეწონა, პროექტის განხორციელებაში კი ძმებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნობელი, ალფრედი დაეხმარა, რომლის სახელსაც დინამიტის გამოგონება და ნობელის პრემიის დაარსება უკავშირდება. ალფრედ ნობელს ნავთობის მიმართ ინტერესი მანამდე არ ჰქონია, იგი ძმების კომერციულ ალღოს ენდო. ასე შეიქმნა ძმები ნობელების ამხანაგობა, რომელმაც ბათუმის ისტორიაში დიდი როლი შეასრულა.
„ბრანობელი“ – ასე უწოდებდნენ შემოკლებით ნობელების კომპანიას ბათუმში.
1905 წელს ძმები ნობელების ამხანაგობამ ბაქო-ბათუმის თითქმის 900-კილომეტრიანი ნავთობსადენის მშენებლობა დააფინანსა, რამაც ტვირთბრუნვა და ნობელების შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმის შემოგარენში, ახლა უკვე თამარის დასახლებად წოდებულ ადგილას, ორსართულიანი შენობა გამოჩნდა, – ძმები ნობელების სააგარაკო სახლი.
საბჭოთა ბათუმში ამ სახლს „მდიდრის“ ან „გუბერნატორის სახლს“ ეძახდნენ. XX საუკუნის შუა წლებამდე ნობელების სახლს კუპიდონებით მოხატული ჭერი და იშვიათი მასალით მოპირკეთებული ღუმელი ჰქონდა, სადაც, ზამთარში, ბათუმური დაუსრულებელი წვიმის დროს, ალფრედ ნობელს ვარდის მურაბიანი ჩაის დალევა ჰყვარებია.
მოგვიანებით ღუმელი დაანგრიეს და მოხატული ჭერი შეათეთრეს. 2007 წლიდან აქ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი გაიხსნა, რომლის დათვალიერებაც შეგიძლიათ.
ნობელების სახლი ბათუმში
მუზეუმის პირველ სართულზე, კედელზე, ძმები ნობელების ამხანაგობის რუკაა გაკრული, მასზე წითლადაა აღნიშნული ის ადგილები, სადაც ნობელებს კომერციული ინტერესები ჰქონდათ, მათ შორისაა ბათუმიც, ნავსადგური, საიდანაც მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიო ნავთობის 25 პროცენტზე მეტი გადიოდა და ძმები ნობელები არ იყვნენ ერთადერთნი, რომელთა ინტრესები ამ ქალაქს უკავშირდებოდა. მრავალ გვარს შორის იყო კიდევ ერთი, ნობელებზე არანაკლებ ცნობილი გვარი – ალფონს როტშილდი როტშილდების ცნობილი დინასტიიდან.
[gray_box]მილიონერი ბარონის სახლი ბათუმში [/gray_box]
„კასპია -შავი ზღვის ნავთობსამრეწველო და სავაჭრო ორგანიზაცია“ – ასე ეწოდებოდა ალფონს როტშილდის კომპანიას, რომელსაც თავდაპირველად ნავთის ბიდონების ქარხანა ჰქონდა ბათუმში, შემდეგ კი კომპანიამ საქმიანობა გააფართოვა და ქარხნის გარდა საკუთარი ნავმისადგომებიც კი ჰქონდა ბათუმის ნავსადგურში.
ბარონ როტშილდის სახელი ბათუმის ისტორიას 1880-იან წლებში დაუკავშირდა, როცა ბათუმი, როგორც მსოფლიო რუკაზე მონიშნული ნავსადგური, სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. ბათუმის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო რკინიგზა, რომლითაც ბათუმი თბილისსა და ბაქოს დაუკავშირდებოდა და ბათუმიდან ნავთობის გადაზიდვას კიდევ უფრო მომგებიანს გახდიდა. ბარონ როტშილდს რკინიგზის მნიშვნელობა კარგად ესმოდა, ამიტომაც მან სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 10 ათასი აშშ დოლარით დააფინანსა.
როტშილდის სახლის მშენებლობა ბათუმში. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.
მე-19 საუკუნის ბოლოს ალფონს როტშილდმა ბათუმში, ბულვართან ახლოს, სახლის აშენება დაიწყო. სახლი ზღვას და ბულვარს უყურებდა. სამშენებლო მასალა საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, ორსართულიანი სახლი მდიდრულად გამოიყურებოდა და დღემდე ასეა.
როტშილდის სახლმა ისტორიის ბევრ განსაცდელს გაუძლო და დღესაც დგას ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ოღონდ მას არა როტშილდის, არამედ ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის სახელით იცნობენ.
[gray_box]ბათუმელი საბედისწერო ქალის შეხვედრა ნობელიანტ მწერალთან [/gray_box]
1919 წელს ბათუმში კიდევ ერთი ნობელიანტი, ცნობილი ბერძენი მწერალი, ნიკოს კაზანძაკისი ჩამოვიდა. მის ბათუმში ყოფნის პერიოდს მოგზაურობას ვერ დავარქმევთ, მწერალს საგანგებო მისია ჰქონდა, იგი საბერძნეთის მთავრობამ ბათუმში ბერძენი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხის შესასწავლად გამოგზავნა.
ბათუმში ნიკოს კაზანძაკისმა ორი კვირა დაჰყო და ეს პერიოდი საბედისწერო აღმოჩნდა არა მარტო მისთვის, არამედ ერთი ბათუმელი ქალისთვისაც. „მშვენიერი ქართველი ქალი, ბარბარე ნიკოლოზის ასული“ – ასე მოიხსენიებს მას კაზანძაკისი. ხანმოკლე რომანი კაზანძაკისმა აღწერა თავის უკანასკნელ წიგნში – „აღსარება გრეკოსთან“, რომელიც 74 წლის ასაკში დაწერა. წიგნის ერთ-ერთ თავს, სადაც ბათუმელ ქალთან შეხვედრაა აღწერილი, „კავკასია“ ეწოდება.
ნიკოს კაზანძაკისი. ფოტო: ვიკიპედია
„არასდროს შემხვედრია უფრო ლამაზი ქალი. არა, ლამაზი კი არა, რაღაც სხვა იყო, რასაც ვერ იტევენ სიტყვები – თვალები მწვანე, მომნუსხველი და საშიში, და ვითარცა გველის, ხმა ოდნავ ხრიწიანი, სავსე დაპირებებით, უარყოფით და სიტკბოთი. ვუცქერდი და ვფიქრობდი: ეს წუთი აღარასოდეს განმეორდება. ამ ქალს ვეღარასოდეს შევხვდები. მილიარდობით წლებმა იღვაწეს, ურიცხვმა თავგადასავლებმა, შემთხვევებმა, ბედისწერამ, რომ შობილიყო ეს ქალი და ეს კაცი და ერთმანეთს შეხვედროდნენ კავკასიის ერთ სანაპიროზე, ამ არაბული ლერწმებით მორთულ ეზოში. რა ვქნათ, გავუშვათ ეს ღვთაებრივი წამი?
ქალი შემობრუნდა, მილულა თვალები.
– ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მითხრა, გინდა გავიქცეთ?
ავცახცახდი, რასაც ვნატრობდი და თქმას ვერ ვბედავდი, ქალმა გაბედა და თქვა.
– გავიქცეთ! ვუთხარი, სად წავიდეთ?
– სადმე შორს აქედან, მომბეზრდა ჩემი ქმარი, აქ ვიხრჩობი, ვჭკნები, მენანება ჩემი სხეული ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მენანება, მოდი გავიქცეთ.
ბარბარე ნიკოლოზის ასული
– და მერე მოვალეობა ბარბარა ნიკოლაევნა, ათასობით ადამიანი ჩემსგან რომ ელის შველას?
– მოვალეობა! თქვა სარკასტულად. ერთი რამ ისწავლე ჩემგან, ერთი მოვალეობა გაკისრია: ნუ მისცემ საშუალებას, რომ ბედნიერება გაგექცეს. ხელი სტაცე თმაში. მტაცე ხელი თმაში, ნიკოლაი მიხაილოვიჩ, ვერავინ გვხედავს.
ვუცქერდი ზღვას. მხოლოდ დემონები იბრძოდნენ ჩემში. არც ერთი ანგელოსი. ბედისწერა ჩამსაფრებოდა და მელოდა. გავიდა ხანი. წამოფრინდა ქალი მთლად ფერგამკრთალი.
მორჩა! – მითხრა, – არ დამთანხმდი მაშინვე, აწონ-დაწონე სარგებელი და დანაკარგი, მორჩა! ახლა რომ მოინდომო, მე აღარ დაგთანხმდები“. [წიგნიდან „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“. ავტორი: თამარ მესხი]
ბერძნეთა რეპატრიაციის საქმე მწერალმა დაასრულა, მაგრამ მოგონება ბარბარე ნიკოლოზის ასულზე მას მოსვენებას მთელი ცხოვრება არ აძლევდა.
თავის ბოლო ნაწარმოებში კაზანძაკისი წერს:
„ათასი წლის შემდეგ, გაუხარელი სიბერის ჟამს, ვხუჭავ თვალებს და კვლავ იზრდებიან არაბული ლერწმები, ეხეთქება შავი ზღვა ჩემს საფეთქლებს, მოდის ბარბარე ნიკოლოზის ასული და დამიჯდება წინ, სკამზე კი არა, ფეხმორთხმული, თეთრ კენჭებზე: ვუცქერ, ვუცქერ და ვფიქრობ: ნეტავ, სწორად მოვიქეცი, რომ არ ვსტაცე ღვთაებრივ წამს ხელი თმაში?!“
[gray_box]„შაგანე, ჩემი შაგანე“ – ლექსი, რომელიც ბათუმელ ქალს ეძღვება[/gray_box]
ბათუმს უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი პოეტი კაცისა და ბათუმელი ქალის ისტორია. კაცს სერგეი ესენინი ერქვა და იმ დროისათვის უკვე ძალიან ცნობილი პოეტი იყო.
ესენინი ბათუმში 1924 წლის დეკემბერში
სახლი მელიქიშვილის (ყოფილი ენგელსის0 ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდა ესენინი. ფოტო შოთა გუჯაბიძის არქივიდან
ჩამოვიდა, ცივ და თოვლიან ზამთარში. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა თოვლის სიმაღლე ბათუმში ერთ მეტრს ასცდა.
„ასე ბევრი და ასე ადვილად ცხოვრებაში ძალიან იშვიათად იწერება, ძალიან კარგად ვმუშაობო“, – სწერდა პოეტი მოსკოველ მეგობარს. მართლაც, ორი თვის განმავლობაში ესენინმა „სპარსულ მოტივებზე“ და „ანა სნეგინაზე“ მუშაობა დაასრულა და რამდენიმე ლექსიც დაწერა.
29 წლის ცისფერთვალება, ცნობილი პოეტი ალბათ ბათუმელი გოგოების ყურადღებას იოლად იქცევდა, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთს მიუძღვნა ლექსი, რომელიც ესენინის პოეზიის ყველა თაყვანისმცემელმა კარგად იცის.
ლექსს ჰქვია „შაგანე, ჩემო შაგანე“ და იგი ბათუმელ მასწავლებელს, შაგანე ტალიანს მიუძღვნა პოეტმა.
შაგანე
ესენინი ხშირი სტუმარი იყო შაგანეს სახლში, ყვავილებს ჩუქნიდა და ერთ დღესაც თავისი ახალი ლექსი წაუკითხა. პოეტმა მას თავისი ლექსების კრებულიც აჩუქა წარწერით: „ჩემო ძვირფასო შაგანე, თქვენ სასიამოვნო და სანდომიანი ხართ ჩემთვის“.
მოგვიანებით შაგანე ტალიანი მოგონებებში წერდა, ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც პატარა ბავშვზე, მეძახდა „ძვირფასო შაგანეს“ და ხშირად მივყავდი სასეირნოდ ქალაქის ქუჩებშიო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტომანქანაში, სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები.
წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
„როცა მჭირდება რჩევა და მე თვითონ ვხვდები ამას, საბჭო ყოველთვის მზადაა დამეხმაროს. მაგრამ ახლა ჩვენ სხვა ფორმატი გვჭირდება, შესაძლოა მერი ვერ ხვდება, რომ რჩევა სჭირდება – ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ, რადგან მერის კაბინეტიდან ყველაფერს ვერ დაინახავ. ამიტომაც არის საჭირო მოსახლეობის ჩართულობა და აქ მთავარი რგოლი უნდა იყოს მრჩეველთა საბჭო“, – ასე ახსნა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ მრჩეველთა საბჭოს როლი თავის საქმიანობაში.
სწორედ ამ საბჭოს ორგანიზებით დღეს, 21 ოქტომბერს, სოფელ მახუნცეთში მოსახლეობისა და მერის უშუალო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსახლეობის პრობლემების და, პირველ რიგში, მოსაგვარებელი საკითხების განხილვა იყო.
უსაფრთხო გზა ერთ-ერთია მათ შორის, რაც დღეს ქედაში, სოფელ მახუნცეთში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ ყველაზე მწვავე პრობლემად დაასახელა.
ცენტრალური გზის გასწვრივ მცხოვრებლები ყვებიან, რომ გზაზე მანქანები, მათ შორის მძიმე სატვირთოებიც კი, დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან, ხშირია როგორც ავარიები, ასევე საავარიო სიტუაციები.
ადგილობრივების თქმით, გზაზე გადაადგილება არამხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსებისთვისაც საშიში და დამაბნეველია.
„ვერასდროს ვერ მიხვდები, შეგიძლია თუ არა გადახვიდე ზებრაზე. ისეთი სისწრაფით მიდიან, რომც მოინდომონ, ალბათ, ვერ გააჩერებენ მანქანას. ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა სახლის ჭიშკარში შევარდა მანქანა მოულოდნელად“, – გვითხრა ნათელა ბერიძემ.
მოსახლეობამ დღეს ქედის მერს სთხოვა ე.წ. სიჩქარის შემანელებელი ბარიერების დამონტაჟება გზებზე, თუმცა მერმა თქვა, რომ წინააღმდეგია:
„მძღოლები რომ დაინახავენ ამ ბარიერს, უფრო უმატებენ სისწრაფეს, რომ სწრაფად გადავიდნენ. გარდა ამისა, მერი მიიჩნევს, რომ არ არის სასურველი ამ ბარიერზე სასწრაფოს მანქანებს „გადახტომა მოუწიოთ“.
ლევან გორგილაძე ასევე მიიჩნევს, რომ უმჯობესია დაამონტაჟონ ჭკვიანი კამერები, რაც ამ გზაზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმების სტატისტიკას გაზრდის, ეს კი ხელს შეუწყობს უსაფრთხოების წესების დაცვას.
დღევანდელ შეხვედრაზე სოფელ ბზუბზუში გარე განათების დამონტაჟების აუცილებლობაზეც ისაუბრეს, განიხილეს სასმელი წყლისა და სოფლის შიდა გზების მოწესრიგების პრობლემაც. მერმა მოქალაქეებს ურჩია ეს საკითხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დააყენონ დღის წესრიგში. მან განმარტა ასევე, რომ ცენტრალური გზების მოვლა საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივაა, რაც შეეხება შიდა გზებს, მერის თქმით, მისთვის პრიორიტეტია იმ გზების მოწესრიგება, სადაც წვიმისა და თოვლის დროს სასწრაფოს მანქანასაც კი უჭირს გადაადგილება.
დღევანდელ შეხვედრაზე მერმა ისაუბრა იმაზეც, რომ სოფლის კრებებს მცხოვრებთა მხოლოდ 20 პროცენტი ესწრება, ამიტომაც დანარჩენი 80 პროცენტის აზრი მისთვის ხშირად უცნობია. მერმა თქვა, რომ აქვს იდეა, აქტიურმა მოქალაქეებმა თავიანთი იდეების მხარდაჭერა სხვებს წერილობით დაადასტურებინონ და შევსებული ბლანკები შემდეგ მერიაში დატოვონ.
შეხვედრის დასასრულს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინტერნეტის პრობლემაზე ისაუბრა – ითხოვა ინტერნეტზე მინდა საუბარი და არ დამცინოთო:
„ახლა არ მითხრათ ყველაფერი მოგვარებულია და რა დროს ინტერნეტზეა საუბარიო. ბევრი რამე გაკეთდა ამ ბოლო დროს ჩემს სოფელში და მრცხვენია ინტერნეტზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ…“
მოქალაქე მერმა შეაჩერა – ნუ გეშინია, ისაუბრე, სასირცხვილო არაფერია, ინტერნეტიც საჭიროაო. „დღეს ინტერნეტი არ არის ფუფუნების საგანი, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფული იშოვოს ადამიანმა. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ერთი პროვაიდერი გვყავს მხოლოდ და ეს მისი გასაკეთებელია, თვითონაც უნდა იყოს დაინტერესებული, უფასო ხომ არაა ინტერნეტი… არის რაღაც საკითხები, რომლებსაც მე ვერ გავწვდი. მასე რომ იყოს საქმე, ყველაფერი შემეძლოს რაღა მიჭირს“, – განაცხადა მერმა.
შეხვედრაზე სოფლების ცენტრების მოწყობის საკითხიც დააყენეს: „მინდა, რომ ცენტრი ისე იყო მოწყობილი, რომ იქ მისვლა სასიამოვნო იყოს“.
ქედის მერის მრჩეველთა საბჭოს პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს, სადაც საბჭოს წევრებთან საკონტაქტო ინფორმაციაც არის მოცემული.
მრჩეველთა საბჭოებმა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მოამზადეს პროექტი [მოიპოვეს დაფინანსება], რომლის ფარგლებშიც ჩაატარებენ შეხვედრებს. ამან საბჭოების ცნობადობასა და გავლენის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი. პროექტს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანასებს.
დღევანდელ შეხვედრას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენლები – ასლან ჭანიძე და მერაბ ცინდელიანიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ასლან ჭანიძემ მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და მათ მოუწოდა მაქსიმალურად ითანამშრომლონ მრჩეველთა საბჭოსთან.