ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის ახალი შენობის 542 800-ლარიანი პროექტის სარგებელს აუდიტი ეჭვქვეშ აყენებს

22.10.2019 • 1439
აჭარის მთავრობის ახალი შენობის 542 800-ლარიანი პროექტის სარგებელს აუდიტი ეჭვქვეშ აყენებს

აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ ოთხი თვის წინ უთხრეს, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს. შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“.

ახალი ადმინისტრაციული შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსით შეისყიდა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი:

„კონკურსის გამოცხადებამდე განხორციელდა ბაზრის კვლევა, რომლითაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 466 100 ლარით დღგ-ის გარეშე. ბაზრის კვლევის დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პოტენციური მიმწოდებლებისთვის დასმული მთავარი შეკითხვა ვერ უზრუნველყოფდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად დადგენას. კერძოდ, შეკითხვაზე თანდართული ტექნიკური დავალების პროექტი არ მოიცავდა ასაგები შენობა-ნაგებობის სავარაუდო საერთო ფართობს, სიმაღლეს, ოფისების, საერთო და შეხვედრების ოთახების რაოდენობას და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინება შესაძლებელი იყო, მით უმეტეს, სამინისტროს ჰყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტები [შესაბამისი დეპარტამენტის სახით]“.

აუდიტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კი გაიმარჯვა შპს „მეგაპოლისმა“, რომლის მიერ შეთავაზებული ფასი − 542 800 ლარი დღგ-ის ჩათვლით, 82 600 ლარით აღემატება უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტის შეთავაზებას.

„მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო კომისიას ხარისხის შეფასების ეტაპზე პრეტენდენტების ფასების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, შეფასება შესაძლოა შეიცავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების რისკებს, რადგან ფასების უფრო დიდი სხვაობის შემთხვევაშიც, ხარისხის ჯამური ქულის გათვალისწინებით, გაიმარჯვებდა შპს „მეგაპოლისის“ შეთავაზება“, – აცხადებს აუდიტი.

ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ითვალისწინებს 14 835 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომლის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 27 942 970 ლარს, მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოშვებული 2018 წლის მე-3 კვარტალის ფასთა კრებულისა და საბაზრო ფასების მიხედვით.

„მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად იყო, 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აღნიშნული შესყიდვა გათვალისწინებული არ არის. მოპოვებული ინფორმაციით, მისი გათვალისწინება არც 2020 წლის ბიუჯეტში იგეგმება. სამინისტროს უფლებამოსილი პირის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზის შემდეგ. წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ საერთო ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია გარემოებათა დეტალური ანალიზის გარეშე. ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს. შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“, – აცხადებს აუდიტი.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობის ახალი შენობის აშენებას 28 მილიონი ლარი დასჭირდება – პროექტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: