მთავარი,სიახლეები

იმედა ბოლქვაძე ხულოს მერს: ახლა მპირდებით ბილიკს, რადგან ლაივი გავუშვი? – ვადებიც მითხარით

22.10.2019
იმედა ბოლქვაძე ხულოს მერს: ახლა მპირდებით ბილიკს, რადგან ლაივი გავუშვი? – ვადებიც მითხარით

ხულოს მერიის აიპის თანამშრომელმა, იმედა ბოლქვაძემ, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება ორი კვირის წინ მიიღო. გარდა ამისა, მას მერიამ სახლიდან – სოფელ განახლებიდან სოფლის ცენტრამდე ადაპტირებული ბილიკის მოწყობაზეც  უთხრა უარი. დღეს იმედა ამ საკითხების განხილვის მიზნით ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს შეხვდა, შეხვედრის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

https://www.facebook.com/ikakich/videos/1181336098721783/?__tn__=%2CdlC-R&eid=ARCJKwrxKBvh1leWmFJ56faAcI9Pby8PVEVINxdp2F4QsM0kWxxz0Yu_dBuWAIIWmgQo15dWt0AY4BjL&hc_ref=ARTTfwvnJqGleRWwV5o5Kt-mRd-ALUPPJIZUwVW5Z5ykTjaXIcG0atstMPn12z3ikIU

ოფიციალური წერილის მიხედვით, რომლითაც იმედას უპასუხეს, მერია ამ საკითხის განხილვას 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებისას გეგმავდა [2019 წელი სრულდება და, სავარაუდოდ, 2020 წელი იგულისხმეს. ამის შესახებ იმედამ მიუთითა მერს და თან დასძინა – „რა კარგი მერი ხარ, ამდენი შეცდომა გაგეპარა“].

წერილს ხელს თავად მერი აწერს.

როგორც დღევანდელი შეხვედრის ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, მერმა გადაწყვეტილება შეცვალა. ვახტანგ ბერიძე დაჰპირდა იმედას, რომ  მერია მისი სახლიდან სოფლის ცენტრამდე ადაპტირებულ ბილიკს მოაწყობს. „მოვა არქიტექტორი, შეისწავლის ადგილს და მოამზადებს პროექტს“, – უთხრა მას ვახტანგ ბერიძემ.

იმედას თან ჰქონდა მერიისგან მიღებული უარის წერილიც. მან იქვე გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა მერი ბილიკის მოწყობაზე მხოლოდ ლაივჩართვის გამო დათანხმდა. იმედა დაინტერესდა, რატომ მისწერეს მას ოფიციალურად უარი, თუ მერია აპირებს ბილიკის მოწყობას, რაზეც ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. მერმა მას უთხრა, რომ ორ კვირაში დაიწყებს არქიტექტორი პროექტის მომზადებას, ამის შემდეგ კი შეძლებენ ზუსტად უთხრან, როდის დაიწყება და დასრულდება ბილიკის მოწყობა.

შეხვედრას დაესწრო ხულოს საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი  ჯორბენაძეც. მან თქვა, რომ ლაივს უყურებდა და სურვილი გაუჩნდა დასწრებოდა შეხვედრას, რაზეც, როგორც იმედასგან, ასევე მერისგან თანხმობა მიიღო. მან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა ტენდერებიდან გამოთავისუფლებული ეკონომიები სწორედ ადაპტირებული გარემოს მოწყობას მოხმარდეს.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე იმედას სამსახურიდან გათავისუფლების საკითხიც. რატომ გამიშვით სამსახურიდან? – ჰკითხა იმედამ მერს. ვახტანგ ბერიძემ მას განუმარტა, რომ აიპებში დასაქმება-გათავისუფლების საკითხი მერის კომპეტენცია არ არის. გარდა ამისა, უთხრა, რომ მის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.

ამავე თემაზე:

„მოკლედ ჩემს ბრძოლებზე“ – ხულოს აიპის თანამშრომელი მძიმე დიაგნოზით უსამსახუროდ რჩება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: