მთავარი,სიახლეები

ქარტია TV 25-ის ჟურნალისტებისადმი მუქარის საქმეზე სამართალდამცველებს მიმართავს

22.10.2019 • 1144
ქარტია TV 25-ის ჟურნალისტებისადმი მუქარის საქმეზე სამართალდამცველებს მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სულხან მესხიძის და ჟურნალისტის, ეკა ბარამიძის მიმართ მუქარას გამოეხმაურა.

საქმე ეხება ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილ გამგის, მედეა მამულაძის მიერ განხორციელებულ მუქარას, რომელიც სამსახურიდან TV 25-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გაათავისუფლეს. ჟურნალისტების ცნობით, მათ მუქარის შეტყობინებები მიიღეს მედეა მამულაძისგან.

„4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება.

ამის პარალელურად 20 ოქტომბერს სულხან მესხიძემ თქვა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ მედეა მამულაძის მუქარა კვლავ გრძელდება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებას, დროულად დაასრულოს დაწყებული გამოძიება, რათა შეწყდეს ჟურნალისტების მიმათ მუქარა და მათ თავისუფლად შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება. აგრეთვე, სამართალდამცავებმა გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს TV 25-ის ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ პროფესიული საქმიანობისას მათი უფლებების შელახვის ფაქტები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული, დამნაშავე დაუსჯელი დარჩება და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე იარსებებს. დაუსრულებელი გამოძიების და საქმის არასათანადოდ შესწავლის შემთხვევაში ჩამოყალიბდება თვითცენზურა – ჟურნალისტები უარს იტყვიან პრობლემების გაშუქებაზე,“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: