ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

22.10.2019 • 3929
ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

„ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ გზის რეაბილიტაციისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ორბიტას“ ავანსად 188 ათასი ლარი გადაურიცხა. აქედან კომპანიამ მხოლოდ 43 535 ლარის სამუშაოები შეასრულა, დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, დარჩენილი 144 465 ლარის დაბრუნებას კი ვერ ახერხებს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გზების დეპარტამენტს სს „ბაზისბანკიდან“ მოთხოვნილი აქვს გაცემული საბანკო გარანტიის ამოქმედება და შპს „ორბიტაზე“ რიცხული ავანსის − 144 465 ლარის დაბრუნება.

„ბაზისბანკის“ საპასუხო წერილის თანახმად კი, ბანკის მიერ შპს „ორბიტასთვის“ საბანკო გარანტიის გაცემა არ ფიქსირდება და, შესაბამისად, ბანკი უარს ამბობს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე.

„შედეგად, შესაძლოა კონკრეტული პირების ქმედება შეიცავდეს თაღლითობის ნიშნებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გზების დეპარტამენტმა 2018 წლის ივნისში მიმართა აჭარის პროკურატურას და ითხოვა სათანადო რეაგირება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით, აჭარის პროკურატურის მიერ გზების დეპარტამენტიდან ამოღებულია საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით:

ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ორბიტას“ შორის ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება 2018 წლის 21 თებერვალს გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 640 368 ლარი იყო.

ხელშეკრულების შესაბამისად წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე [რომელზეც შემდეგ „ბაზისბანკმა“ განაცხადა, რომ მას საგარანტიო არ გაუცია], „ორბიტას“ გზების დეპარტამენტმა ავანსის სახით გადაურიცხა 188 000 ლარი.

ხელშეკრულების თანახმად, „ორბიტას“ სამუშაოები უნდა დაეწყო არაუგვიანეს 2018 წლის პირველი მაისისა. თუმცა, კომპანიამ სამუშაოების შესრულება დაიწყო დაგვიანებით – 2018 წლის 18 მაისს.

„მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დადგენილ ვადებში არ დაწყებულა, გზების დეპარტამენტს არ გამოუყენებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და არ შეუმოწმებია გაცემული ავანსის ხარჯვის მიზნობრიობა“.

მხარეებს შორის 2018 წლის 31 მაისს გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი და ავანსიდან გამოქვითულია შესრულებული სამუშაოს ღირებულება – 43 535 ლარი.

ამავე თარიღით, შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, შპს „ორბიტასთან“ ცალმხრივად შეწყვეტილია ხელშეკრულება და დარიცხულია პირგასამტეხლო – 7 685 ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: