ბათუმი,მთავარი,სიახლეები

44 მილიონი ლარი საჯარო მოხელეთა ხელფასებსა და მივლინებებში აჭრის ბიუჯეტიდან – 2018 წელი

22.10.2019 • 1544
44 მილიონი ლარი საჯარო მოხელეთა ხელფასებსა და მივლინებებში აჭრის ბიუჯეტიდან – 2018 წელი

იმ საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება, 2018 წელს საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის 43 160 264 ლარი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო აუდიტის მიხედვით 2 300 400 ლარით მეტია 2017 წელთან შედარებით.

„შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 36 042 935 ლარი, ხოლო „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა ხარჯებმა − 7 117 329 ლარი. მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ხარჯების ზრდა დასაქმებულთა რიცხოვნობისა და თანამდებობრივი სარგოს ზრდის შედეგია“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით, ხელფასის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს ორგანიზაციის ბრძანებები მომუშავეთა მიღების, გათავისუფლებისა და გადაადგილების შესახებ, დამტკიცებული შტატებისა და სარგოების შესაბამისად, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმით [სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ან/და სპეციალური ტექნიკური საშუალება] და შრომითი ხელშეკრულებით ან შრომის შინაგანაწესით [ასეთის არსებობის შემთხვევაში] გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

„აღნიშნული რეგულაციის დაუცველად, 2018 წელს სსიპ − აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ა(ა)იპ − ბათუმის ბიზნესინკუბატორში ნამუშევარი საათების აღრიცხვა არ ხდებოდა. ა(ა)იპ − განათლების ფონდი, დამტკიცებული ტრენინგმოდულების შესაბამისად, საჯარო სკოლის მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადების მიზნით, ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე. 2018 წლის ოქტომბრიდან ტრენინგები უნდა ჩატარებულიყო ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული ტრენინგების ჩატარების განრიგის მიხედვით, რაც, შესაბამისად, აღნიშნულია ტრენერებსა და ფონდს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში. მოპოვებული მტკიცებულებებით, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ტრენინგების ჩატარების განრიგი ფონდის დირექტორის მიერ არ ყოფილა დამტკიცებული. აღნიშნულ პირობებში, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების პირობების დაუცველად, ბიუჯეტიდან გაწეულია ჯამში 7 320 ლარის ხარჯი,“ – აცხადებს აუდიტი.

მივლინებები

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის კონსოლიდებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების მივლინებებზე გაწეულმა საკასო [ფაქტობრივმა] ხარჯებმა შეადგინა 1 299 095 ლარი, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1 046 988 ლარი.

„აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულია ზედმეტად ანაზღაურებული და დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაწეული ხარჯები, რის გამოც ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება 5 032 ლარი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის ფინანსური ანგარიშის მიხედვით:

[checklist]

  • „ა(ა)იპ − ქ. ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ, დირექტორზე მივლინებისთვის ზედმეტად გადახდილია 1 528 ლარი, რომელიც ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია ხარჯებში: სასახლის დირექტორის თურქეთის რესპუბლიკაში მივლინების ხარჯების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომის გამო, ზედმეტადაა ანაზღაურებული და ჩამოწერილია ხარჯებში 608 ლარი; სასახლის დირექტორის უკრაინასა და კვიპროსის რესპუბლიკაში მივლინების ფარგლებში, თვითმფრინავით მგზავრობისთვის ზედმეტად ანაზღაურებული და ხარჯებში ჩამოწერილია ჯამში 920 ლარი.
  • სსიპ − ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორის ბრძანებით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ
    გასტროლთან დაკავშირებით, მივლინებულია სულ 21 თანამშრომელი. სამსუნის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის მთავარ დირექტორატსა და მუსიკალურ
    ცენტრს შორის შედგენილი ოქმის მიხედვით, მუსიკალური ცენტრს უნდა აენაზღაურებინა 20 ხელოვანის დღიური ხარჯი, ხოლო მათ ტრანსპორტირებასა და დაბინავებას დააფინანსებდა თურქული მხარე. შესაბამისად, მივლინებული 21 თანამშრომლიდან მხოლოდ ერთის დაბინავება უნდა უზრუნველეყო მუსიკალურ ცენტრს. წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ღამისთევის ხარჯები ნაცვლად ერთისა, ანაზღაურებული აქვს ორ თანამშრომელს, ჯამში − 794 ლარი.
  • აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ცენტრის ორი თანამშრომლის: ფინანსური მენეჯერის და იურიდიული, საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა მენეჯერის მივლინებაში გამგზავრება არ შეესაბამება მივლინების მიზანს. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მივლინების განმავლობაში „დამატებით გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთის სხვადასხვა ქალაქის სახელოვნებო დაწესებულებებთან…“. აუდიტის ობიექტის განმარტება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მივლინებაში იმყოფებოდნენ ასევე მუსიკალური ცენტრის დირექტორი, მოადგილე შემოქმედებით დარგში, მთავარი ადმინისტრატორი, პიარმენეჯერი და ა.შ. მათი მონაწილეობა მოლაპარაკებების წარმოებაში სრულებით საკმარისი იყო. ფინანსური მენეჯერის და იურიდიული, საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა მენეჯერის მივლინებაში გამგზავრებამ გამოიწვია დამატებითი ხარჯების წარმოშობა. ჯამში, მივლინების ფარგლებში არაეფექტიანად იქნა გახარჯული, მინიმუმ, 1 216 ლარი, რაც არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილების შედეგია.
  • მოპოვებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება სსიპ − აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმის“ დირექტორის 2018 წლის 1 აპრილის N5 ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის დირექტორის და ანსამბლის წევრის მივლინება ქ. თბილისში მივლინების სრულ პერიოდზე [3-10 აპრილი, 2018 წელი]. აღნიშნული  მივლინების ფარგლებში, დღიური და ღამისთევის ხარჯებისთვის ანაზღაურებულია 1 500 ლარი, საიდანაც 1 380 ლარის გადახდა წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ განკარგვას და ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.
  • ანსამბლ „ბათუმის“ დირექტორის 2018 წლის 23 მარტის N4 ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის თანამშრომლების პოლონეთსა და გერმანიაში მივლინების [15-30 მაისი, 2018 წელი] ფარგლებში, შიდა გადაადგილებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანაზღაურებულია 720 ევროს ეკვივალენტი − 2,124 ლარი, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.
  • ანსამბლ „ბათუმის“ დირექტორის 2018 წლის 22 ნოემბრის N18 ბრძანების საფუძველზე, ანსამბლის სხვა თანამშრომლებთან ერთად პოლონეთში მივლინებით იმყოფებოდა ანსამბლის მენეჯერიც. მოპოვებული მტკიცებულებებით, მივლინების ფარგლებში მენეჯერის მოვალეობაში შედიოდა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, მომღერლების შეუფერხებელი გადაადგილება. ანსამბლის მენეჯერის მივლინებით გამგზავრების მიზანშეწონილობა დაუსაბუთებელია, რადგან მიმწვევი მხარე სრულად უზრუნველყოფდა ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებს. შესაბამისად, მივლინებისთვის გადახდილი 2 522 ლარი წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს, რაც არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილების შედეგია.“

[/checklist]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: