მთავარი,სიახლეები

„3 შვილის დედას 720-ლარიანი ხელფასიდან ნახევარს მაჭრიან“ – როგორ აგვარებს დავებს აღსრულება

22.10.2019 • 1419
„3 შვილის დედას 720-ლარიანი ხელფასიდან ნახევარს მაჭრიან“ – როგორ აგვარებს დავებს აღსრულება

„მორიგების 10 ათასამდე შემთხვევა 9 თვეში“, – სტატისტიკური მონაცემები დავების მორიგებით დასრულების შესახებ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. აქვე ნახავთ მოქალაქეების კომენტარებს, რომლებიც კითხულობენ: „ვისი საქმე დასრულდა მორიგებით?“. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც აღსრულების ბიუროს მორიგების თხოვნით მიმართეს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს.

ფეისბუქკომენტარების ავტორები ძირითადად ისინი არიან, ვისაც ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვალი ჰქონდა და მათ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადეს.

„სამი შვილის დედა ვარ, ნაქირავებში ვცხოვრობ, ჩემი ხელფასი 720 ლარია და აქედან 370 ლარს მაჭრის ბანკი ყოველთვიურად… სესხი თავდაპირველად 680 ლარი ავიღე, 3 ათასი უნდა დავაბრუნო ჯამში. იურისტებსაც ვერ მივმართე… აღსრულების ბიუროს მივმართე განცხადებით, იქნებ ხელფასიდან 200 ლარი ჩამომაჭრან და უფრო ხანგრძლივად გადავიხდი-მეთქი, მაგრამ არაო, კომპანიასთანაც  ვერ შემახვედრეს… გარდა ამისა, ხანდახან ახლობელი მირიცხავს დამატებით თანხას, იმასაც მაჭრიან დამატებით,“ – გვითხრა თბილისში მცხოვრებმა ლალი ტოკლიკიშვილმა.

ანალოგიური პრობლემა აქვს გიორგი გ.- საც [მან ვინაობის დაფარვა გვთხოვა]. გიორგისაც ხელფასის ნახევარს აჭრიდნენ, როცა მისი ხელფასი 300 ლარი იყო.

„ვითხოვდი, იქნებ 20 პროცენტი ჩამომაჭრათ-მეთქი, არსებობა ხომ მინდოდა? მიპასუხეს აღსრულებიდან, რომ კრედიტორი არ იყო თანახმა, კანონით აქვს უფლება 50 პროცენტი ჩამოგაჭრასო. თქვენ შეაფასეთ, რა როლი ითამაშა აღსრულებამ. ახალ სამსახურსაც ვერ ვპოულობ. დამსაქმებელი მეუბნება, შენი ანგარიში დაყადაღებულია, რა აზრი ექნება შენს მუშაობასო… თავდაპირველად სესხის სახით 800 ლარი ავიღე. შემდეგ ვერ ვიხდიდი და დავალიანება დამიგროვდა. ადამიანს შიმშილის პირისპირ გტოვებენ, საარსებო მინიმუმის გარეშე,“ -ამბობს გიორგი გ.

„თუ მეორე მხარე არ იქნება თანახმა, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, 50 პროცენტის ჩამოჭრის უფლება კანონით არის განსაზღვრული,“ – გვითხრეს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრში. ამ უწყებაში მორიგებაზე „მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური“ მუშაობს, სადაც არიან იურისტები და სოციალური მუშაკები.

2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, როცა 9 679 საქმე მორიგებით დასრულდა, რამდენმა მოქალაქემ ითხოვა მორიგება, ანუ რამდენი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა? – აღსრულების ბიუროში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მორიგებით დასრულებული საქმეების დიდი ნაწილი – 6 953 საქმე სახელმწიფო ბაჟის და ჯარიმის გადახდაზე მოდის, რასაც მოქალაქეები ბიუჯეტში იხდიან.

„2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 6 953 მოქალაქეს…“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ მოქალაქესა და სახელმწიფო ორგანოს შორის ხშირად მიღწეული მორიგების მიზეზი ისაა, რომ ამ შემთხვევაში ბიუროს აქვს ჩარევის შესაძლებლობა, მაგალითად, ჯარიმის, ან სხვა ფინანსური ვალდებულების განწილვადების კუთხით. ბიუროში ვერ გვითხრეს, მზადდება თუ არა რაიმე სახის ცვლილება კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც ბიუროს შეეძლება იმავე სახის „ჩარევა“, თუკი დავის მეორე მხარე, მაგალითად, ბანკია ან რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, „2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 352 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა. ამავე პერიოდში მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 285 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: