მთავარი,სიახლეები

რა ანაზღაურება აქვს ელექტროსისტემის ახალ უფროსს? – წინა დირექტორი თვეში 28 475 ლარს იღებდა  

23.10.2019
რა ანაზღაურება აქვს ელექტროსისტემის ახალ უფროსს? – წინა დირექტორი თვეში 28 475 ლარს იღებდა  

თითქმის ნახევარი წელია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს უჩა უჩანეიშვილი ხელმძღვანელობს. ივლისში  თანამდებობის ამ პირმა კანონით განსაზღვრული ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო, თუმცა ამ დეკლარაციით ვერ გაიგებთ, სად მუშაობდა აქამდე უჩა უჩანეიშვილი, ფლობდა თუ არა ბიზნესს ან საიდან რა  შემოსავლები ჰქონდა.

ამ უწყების წინა ხელმძღვანელის – სულხან ზუმბერიძის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა. მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხელფასი, ამ პოზიციაზე მუშაობის დროს, თვეში 28 475 ლარი იყო.

უჩა უჩანეიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ ის წერია, რომ ის ფლობს ერთ საცხოვრებელ ბინას თბილისში და მიწის ნაკვეთს – აბაშაში. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მას დაუგროვებია 49 674 ამერიკული დოლარი, 6 750 ევრო და 14 220 ლარი. გარდა ამისა, ნაღდი ფორმით აქვს 11 ათასი ამერიკული დოლარი. დეკლარაციის მიხედვით არ ჩანს, საიდან მიიღო ეს შემოსავლები უჩა უჩანეიშვილმა.

რატომ არ არის სრულად შევსებული „ელექტროსისტემის“ ახალი ხელმძღვანელის, უჩა უჩანეიშვილის ქონებრივი დეკლარაცია? – „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ „ბატონმა უჩამ სრულად შეავსო დეკლარაცია, მაგრამ საჯარო სამსახურის ბიურომ მონაცემები კანონის შესაბამისად დაფარა“.

„ჩვენ კი გვაქვს ეს მონაცემები, მაგრამ ის არ არის საჯარო. არ საჯაროვდება იმ თანამდებობის პირის მონაცემები, რომელსაც მანამდე, სხვა პოზიციაზე მუშაობის დროს, არ ჰქონდა ვალდებულება, შეევსო ქონებრივი დეკლარაცია,“ – გვითხრა საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა, თემურ ჩიხრაძემ.

ამ დამოკიდებულებით ვერ გავიგებთ, რა ქონებას ფლობდა კონკრეტული ადამიანი თანამდებობაზე დანიშვნამდე, რა იყო მისი შემოსავალი – „შესაძლოა, მას არ სურდეს იმ ხელფასის გასაჯაროება, რასაც მანამდე იღებდა,“ – დასძინა თემურ ჩიხრაძემ. მისი თქმით, გაისად როცა შეავსებს ქონებრივ დეკლარაციას უჩა უჩანეიშვილი, მაშინ გახდება საჯარო, რამდენი იყო მისი ხელფასი.

„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდის ინფორმაციით, უჩა უჩანეიშვილი გასულ წელს ამავე უწყებაში მუშაობდა და გადაცემის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამ მონაცემების მიხედვით, უჩა უჩანეიშვილი წინა წლებში მუშაობდა ,,საქენერგოში“, ხოლო შემდგომ ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“, დისპეტჩერის, მთავარი დისპეტჩერის და დისპეტჩერიზაციის აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობებზე, ხოლო 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა სსე-ის დისპეტჩერიზაციის მიმართულებას. უჩა უჩანეიშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

რა ხელფასი აქვს უჩა უჩანეიშვილს? – კითხვაზე ელექტროსისტემის პრესცენტრში თავდაპირველად გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. პრესცენტრის წარმომადგენელს ვუთხარით, რომ ინფორმაცია საჯაროა, რადგან წინა ხელმძღვანელის შემთხვევაში შრომის შემოსავალი ქონებრივ დეკლარაციაში წერია. პრესცენტრში აღნიშნეს, რომ ხელფასის შესახებ მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა სჭირდებოდა.

„ბათუმელები“ ფინანსთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ სამინისტროს თანხმობა არ სჭირდება ამ ინფორმაციის მიღებას. საბოლოოდ, ელექტროსისტემის პრესსამსახურში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა უცნობია – როდის მოგვაწვდიან.

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 76 მილიონის ზარალის პირობებში 12 მილიონი პრემიად გასცა – აუდიტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: