მთავარი,სიახლეები

ინვესტორმა სანრემოსა და პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა

24.10.2019
ინვესტორმა სანრემოსა და პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა

შპს „ხიდი 2006“-მა რესტორან „სანრემოსა“ და მასთან არსებული პირსის რეკონსტრუქციის პროექტი შეცვალა. ცვლილების მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა და  გზების დეპარტამენტის უარია [ეს დეპარტამენტი კურირებს ნაპირდაცვის საკითხებსაც]. „სანრემოს“ შენობა და  მისი მიმდებარე ტერიტორია „ხიდი 2006-ს“ 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, რესტორან „სანრემოს“  შენობისა და პირსის რეკონსტრუქცია მხოლოდ არსებული მასშტაბით, ხიმინჯების რაოდენობის მომატების გარეშეა შესაძლებელი. შენობის მდგრადობის მისაღწევად კი, დასაშვები მხოლოდ დეფორმირებული ხიმინჯების შეცვლაა.

ინვესტორი სართულიანობის გაზრდასაც გეგმავდა. სპეციალისტებმა კი, ასეთ შემთხვევაში არსებული პირსის დემონტაჟის რეკომენდაცია გასცეს. გარდა ამისა, საჭიროდ მიიჩნიეს ახალი პროექტის შედგენა ტერიტორიის ჰიდრო და მორფოდინამიკური პირობების გათვალისწინებით.

ამ დასკვნის საფუძველზე ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა კომპანიას პროექტის სამშენებლო პირობების დამტკიცებაზე უარი უთხრა.

პროექტის პირველი ვერსია შენობის მასშტაბის გაზრდას ითვალისწინებდა

ამ პროექტზე მერიამ კომპანიას უარი უთხრა

ვიდრე ეს საკითხები გაირკვეოდა, „ხიდი 2006“-მა  მერიასთან დადებული პირობა დაარღვია. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას მშენებლობა 2018 წლის ოქტომბერში უნდა დაეწყო და 2019 წლის  31 დეკემბერს დაესრულებინა, ამიტომაც კომპანიას პირგასამტეხლო დააკისრეს.

კომპანიამ პროექტის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. „ხიდი 2006“-ის დირექტორის ჯუმბერ ჭყონიას ინფორმაციით, პროექტის მასშტაბი შეამცირეს.

სანრემოს რეკონსტრუქციის ახალი პროექტი

მერიის მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, რაც კომპანიასთან 2018 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებას ითვალისწინებს, კომპანია დაგეგმილი პროექტის მიმდებარედ, პლაჟზე 3000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას იჯარის წესით ითხოვს. როგორც კომპანიის დირექტორმა ჯუმბერ ჭყონიამ განგვიმარტა, დამატებით მიწის ნაკვეთებს კომპანია არა მშენებლობისთვის, არამედ საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ითხოვს: „რომ განვათავსოთ შეზლონგები და ასე შემდეგ“.

„სანრემოს“ შენობა პირსის ჩათვლით [1416,7 კვ.მ] და მიმდებარე ტერიტორია [11 138 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ეს ქონება 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული კომპანია „ხიდი 2006“-ს. კომპანიის 100% წილი ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წელს შეისყიდა.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/125460/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: