განათლება,მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში გაიხსნება გარე დაკვირვების ველი მასწავლებლისთვის – ცვლილება

22.10.2019 • 14011
რა შემთხვევაში გაიხსნება გარე დაკვირვების ველი მასწავლებლისთვის – ცვლილება

პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ შეიცვალონ სტატუსი და გახდნენ წამყვანი მასწავლებლები, აუცილებელია გარე დაკვირვების გავლა. განათლების მინისტრის ბრძანებით, გარე დაკვირვების წესში ცვლილებები შევიდა. რა შემთხვევაში გაეხსნება მასწავლებელს გარე დაკვირვების ველი და რა აუცილებელი აქტივობები მოეთხოვება მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად?

მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერის, ქრისტინა ინგოროყვას განმარტებით, პირველ სემესტრში გარე დაკვირვებაში არსებითად შეიცვალა ის, რომ წინა სემესტრისგან განსხვავებით, ახლა უკვე მოწმდება მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე და მხოლოდ იმ მასწავლებლებს ჩაერთვებათ გარე დაკვირვების ველი, რომელთა მიერ განხორციელებული კვლევა და სამოდელო გაკვეთილები შეფასდება დადებითად.

„წინა წლებში გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების ინსტრუმენტი მოიცავდა ორ კომპონენტს. კერძოდ,  მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ფასდებოდა რვა სხვადასხვა კრიტერიუმით და  ცალკე კრიტერიუმებით ფასდებოდა გაკვეთილის რეფლექსია.

იმისთვის, რომ  მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი შეფასებულიყო დადებითად, მას გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმებით მაქსიმალური 32 ქულიდან უნდა მოეპოვებინა მინიმუმ 24 ქულა, ხოლო მისი რეფლექსია უნდა შეფასებულიყო მაქსიმალური 4 ქულით.

წელს შეიცვალა გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, უფრო სწორად, რუბრიკის მხოლოდ ერთი კომპონენტი – რეფლექსია. ახლა, რეფლექსიის შეფასება რუბრიკას  დაემატება ერთ-ერთ კრიტერიუმად, ცალკე აღარ იქნება გამოყოფილი. იმისთვის, რომ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი შეფასდეს დადებითად, მას მოუწევს მაქსიმალური 36 ქულიდან მინიმუმ 27 ქულის დაგროვება“, – ამბობს ქრისტინა ინგოროყვა.

წინა წლებში, თუ მასწავლებელს ჰქონდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 13 კრედიტქულა და მათ შორის 2 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობაში ჰქონდა მინიჭებული, მას ავტომატურად შეეძლო გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლა.

„წელს ცვლილებები გვაქვს ამასთან დაკავშირებითაც, ახალი წესის მიხედვით, იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს  გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირება, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელი საჭირო მინიმუმ 15 კრედიტქულა მოგროვებული და განხორციელებული ჰქონდეს ყველა სავალდებულო აქტივობა.

კერძოდ, 2 კრედიქტულა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის განხორციელებით  და 2 სამოდელო გაკვეთილების ჩატარებით უნდა ჰქონდეს მინიჭებული. ასევე ყველა სავალდებულო აქტივობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უნდა იყოს შეფასებული დადებითად“, – ამბობს ინგოროყვა.

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია შეუძლია უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელს.

დარჩება თუ არა გარე დაკვირვება ძალაში 2020 წლისთვის აუცილებელ აქტივობად, ამაზე მასწავლებლის სახლში, ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

„ველოდებით ამ გადაწყვეტილებას. ჯერ რეგულირების წესი დამტკიცებული არ არის“, – გვითხრა ქრისტინა ინგოროყვამ. მისი თქმით, ვისაც 2020 წლისთვის სურს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღება, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 2019 წელს უნდა გაიარონ.

ქრისტინე ინგოროყვას თქმით, იმ პედაგოგებისთვის, ვისაც ყველა სავალდებულო აქტივობა ექნება განხორციელებული, გარე დაკვირვების ველი ნოემბრიდან გაიხსნება.

მანამდე კი აუცილებლად უნდა შეფასდეს მასწავლებლის პროფესიული კვლევა, რომელსაც ინგოროყვას თქმით, კონკურსის წესით შერჩეული მკვლევარი შეაფასებს. „ერთი ადამიანი შეაფასებს ერთ კვლევას“, – ამბობს ის.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

ამავე თმაზე:

როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: