ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის სამთავრობო ავტომანქანებისთვის 4,3 მილიონის ხარჯი რიგ შემთხვევაში დაუსაბუთებელია – აუდიტი

22.10.2019 • 1238
აჭარის სამთავრობო ავტომანქანებისთვის 4,3 მილიონის ხარჯი რიგ შემთხვევაში დაუსაბუთებელია  – აუდიტი

აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის 2018 წელს 4 346 392 ლარი დაიხარჯა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „მოპოვებული მტკიცებულებებით, რიგ შემთხვევებში, ამ ხარჯის გაწევა დაუსაბუთებელია და ვერ დგინდება ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა“.

აუდიტის მიხედვით:

[crosslist]

  • სსიპ − აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და ა(ა)იპ − ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა, გარდა ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, 2018 წელს სარგებლობდა შესაბამისი ორგანიზაციების თანამშრომელთა პირად საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომლებზეც გაწეულმა საწვავის ხარჯებმა შეადგინა 10 860 ლარი.
  • ორგანიზაციების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება, რაც წარმოშობს საჯარო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს.

[/crosslist]

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოქმედი რეგულაციებით, ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემით ხორციელდება ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირება და იდენტიფიცირება. ამით უზრუნველყოფილია ავტოგასამართ სადგურზე შესაბამისი მარკის საწვავის ჩასხმა მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში.

„აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩევით იქნა დათვალიერებული სხვადასხვა ობიექტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება, სულ 68 ერთეული, საიდანაც 20 ერთეულს მოხსნილი ჰქონდა „აგაის“ სისტემა [ჩიპი]. ზემოაღნიშნული წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანაში საწვავის ჩასხმის რისკებს,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

უწყებები აჭარაში, რომელთა ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს, აუდიტის შერჩევითი დათვალიერებით, მოხსნილი ჰქონდათ ჩიპები:

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო − 6 ერთეული, საავტომობილო დეპარტამენტი − 2 ერთეული, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − 2 ერთეული, სსიპ − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი − 2 ერთეული, სოფლის მეურნეობის სამინისტრო − 2 ერთეული, გარემოს დაცვის სამმართველო − 2 ერთეული, სსიპ − ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფოს თეატრი − 2 ერთეული [ერთი ერთეული ინახება დირექტორთან], ა(ა)იპ ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა – 1 ერთეული, სსიპ აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ – 1 ერთეული.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: