მთავარი,სიახლეები

ქედის მერი მოსახლეობას: ყველაფერი რომ შემეძლოს, რაღა მიჭირს

21.10.2019 • 1537
ქედის მერი მოსახლეობას: ყველაფერი რომ შემეძლოს, რაღა მიჭირს

„როცა მჭირდება რჩევა და მე თვითონ ვხვდები ამას, საბჭო ყოველთვის მზადაა დამეხმაროს.  მაგრამ ახლა ჩვენ სხვა ფორმატი გვჭირდება, შესაძლოა მერი ვერ ხვდება, რომ რჩევა სჭირდება – ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ, რადგან მერის კაბინეტიდან ყველაფერს ვერ დაინახავ. ამიტომაც არის საჭირო მოსახლეობის ჩართულობა და აქ მთავარი რგოლი უნდა იყოს მრჩეველთა საბჭო“, – ასე ახსნა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ მრჩეველთა საბჭოს როლი თავის საქმიანობაში.

სწორედ ამ საბჭოს ორგანიზებით დღეს, 21 ოქტომბერს, სოფელ მახუნცეთში მოსახლეობისა და მერის უშუალო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსახლეობის პრობლემების და, პირველ რიგში, მოსაგვარებელი საკითხების განხილვა იყო.

უსაფრთხო გზა ერთ-ერთია მათ შორის, რაც დღეს ქედაში, სოფელ მახუნცეთში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ ყველაზე მწვავე პრობლემად დაასახელა.

ცენტრალური გზის გასწვრივ მცხოვრებლები ყვებიან, რომ გზაზე მანქანები, მათ შორის მძიმე სატვირთოებიც კი, დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან, ხშირია როგორც ავარიები, ასევე საავარიო სიტუაციები.

ადგილობრივების თქმით, გზაზე გადაადგილება არამხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსებისთვისაც საშიში და დამაბნეველია.

„ვერასდროს ვერ მიხვდები, შეგიძლია თუ არა გადახვიდე ზებრაზე. ისეთი სისწრაფით მიდიან, რომც მოინდომონ, ალბათ, ვერ გააჩერებენ მანქანას. ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა სახლის ჭიშკარში შევარდა მანქანა მოულოდნელად“, – გვითხრა ნათელა ბერიძემ.

მოსახლეობამ დღეს ქედის მერს სთხოვა ე.წ. სიჩქარის შემანელებელი ბარიერების დამონტაჟება გზებზე, თუმცა მერმა თქვა, რომ წინააღმდეგია:

„მძღოლები რომ დაინახავენ ამ ბარიერს, უფრო უმატებენ სისწრაფეს, რომ სწრაფად გადავიდნენ. გარდა ამისა, მერი მიიჩნევს, რომ არ არის სასურველი ამ ბარიერზე სასწრაფოს მანქანებს „გადახტომა მოუწიოთ“.

ლევან გორგილაძე ასევე მიიჩნევს, რომ უმჯობესია დაამონტაჟონ ჭკვიანი კამერები, რაც ამ გზაზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმების სტატისტიკას გაზრდის, ეს კი ხელს შეუწყობს  უსაფრთხოების წესების დაცვას.

დღევანდელ შეხვედრაზე სოფელ ბზუბზუში გარე განათების დამონტაჟების აუცილებლობაზეც ისაუბრეს, განიხილეს სასმელი წყლისა და სოფლის შიდა გზების მოწესრიგების პრობლემაც. მერმა მოქალაქეებს ურჩია ეს საკითხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დააყენონ დღის წესრიგში. მან განმარტა ასევე, რომ ცენტრალური გზების მოვლა საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივაა, რაც შეეხება შიდა გზებს, მერის თქმით, მისთვის პრიორიტეტია იმ გზების მოწესრიგება, სადაც წვიმისა და თოვლის დროს სასწრაფოს მანქანასაც კი უჭირს გადაადგილება.

დღევანდელ შეხვედრაზე მერმა ისაუბრა იმაზეც, რომ სოფლის კრებებს მცხოვრებთა მხოლოდ 20 პროცენტი ესწრება, ამიტომაც დანარჩენი 80 პროცენტის აზრი მისთვის ხშირად უცნობია. მერმა თქვა, რომ აქვს იდეა, აქტიურმა მოქალაქეებმა თავიანთი იდეების მხარდაჭერა სხვებს წერილობით დაადასტურებინონ და შევსებული ბლანკები შემდეგ მერიაში დატოვონ.

შეხვედრის დასასრულს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინტერნეტის პრობლემაზე ისაუბრა – ითხოვა  ინტერნეტზე მინდა საუბარი და არ დამცინოთო:

„ახლა არ მითხრათ ყველაფერი მოგვარებულია და რა დროს ინტერნეტზეა საუბარიო. ბევრი რამე გაკეთდა ამ ბოლო დროს ჩემს სოფელში და მრცხვენია ინტერნეტზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ…“

მოქალაქე მერმა შეაჩერა – ნუ გეშინია, ისაუბრე, სასირცხვილო არაფერია, ინტერნეტიც საჭიროაო. „დღეს ინტერნეტი არ არის ფუფუნების საგანი, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფული იშოვოს ადამიანმა. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ერთი პროვაიდერი გვყავს მხოლოდ და ეს მისი გასაკეთებელია, თვითონაც უნდა იყოს დაინტერესებული, უფასო ხომ არაა ინტერნეტი… არის რაღაც საკითხები, რომლებსაც მე ვერ გავწვდი. მასე რომ იყოს საქმე, ყველაფერი შემეძლოს რაღა მიჭირს“, – განაცხადა მერმა.

შეხვედრაზე სოფლების ცენტრების მოწყობის საკითხიც დააყენეს: „მინდა, რომ ცენტრი ისე იყო მოწყობილი, რომ იქ მისვლა სასიამოვნო იყოს“.

ქედის მერის მრჩეველთა საბჭოს პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს, სადაც საბჭოს წევრებთან საკონტაქტო ინფორმაციაც არის მოცემული.

მრჩეველთა საბჭოებმა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მოამზადეს პროექტი [მოიპოვეს დაფინანსება], რომლის ფარგლებშიც ჩაატარებენ შეხვედრებს. ამან საბჭოების ცნობადობასა და გავლენის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი. პროექტს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანასებს.

დღევანდელ შეხვედრას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენლები – ასლან ჭანიძე და მერაბ ცინდელიანიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ასლან ჭანიძემ მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და მათ მოუწოდა მაქსიმალურად ითანამშრომლონ მრჩეველთა საბჭოსთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: