მთავარი,სიახლეები

„მოკლედ ჩემს ბრძოლებზე“ – ხულოს აიპის თანამშრომელი მძიმე დიაგნოზით უსამსახუროდ რჩება

14.10.2019 • 4243
„მოკლედ ჩემს ბრძოლებზე“ – ხულოს აიპის თანამშრომელი მძიმე დიაგნოზით უსამსახუროდ რჩება

„მოკლედ დავწერ ჩემს დიაგნოზსა და ბრძოლებზე… მთავრობამ კონტრაქტი გამიჩერა და მეუბნება სახლში იჯექიო… დრო ყველას წაგვშლის, ამიტომ დედა, რა მეშველება და ვკვდები და ა.შ. მსგავს შტერობებზე ფიქრს მირჩევნია, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი გავაკეთო“, – წერს სოციალურ ქსელში იმედა ბოლქვაძე.

ის ამ დრომდე ხულოს მერიის აიპის – „კურორტი ბეშუმის“ პიარსპეციალისტად მუშაობდა და თავის საქმეს დისტანციურად აკეთებდა. როგორც თვითონ გვითხრა, დისტანციურად მუშაობის მიზეზი მისი დაავადებაა, რომელიც დღითი დღე პროგრესირდება. ამის მიუხედავად იმედა ამ დრომდე თავის საქმეს თავს კარგად ართმევდა და დიზაინისა და პიარის მიმართულებით სხვა შეკვეთებიც ჰქონდა:  „შეკვეთები მქონდა, ლოგოების დახატვასა და სხვა პიარმასალებზე“.

10 დღის წინ ის გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან ათავისუფლებენ, მიზეზი მისთვის არ აუხსნიათ.

იმედას ხულოს მერიამ ადაპტირებული გარემოს შექმნაზეც  უთხრა უარი:

„ხულოს მერიას ვთხოვე სახლიდან გამოსვლის შანსი მომეცით და ადაპტირებული 40-მეტრიანი ბილიკი გამიკეთეთ-მეთქი. დარწმუნებულმა, რომ ეს ნამდვილად გაკეთდებოდა, ელექტროეტლი დავქოქე და ბიზნესსესხიც ავიღე. ხულოს მერიამ მიპასუხა, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის! დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანები, თან საკუთარი ქვეყნის მთავრობიდან, ასეთ სისულელეს არ მიპასუხებდნენ. აქ, ამ რაიონში, მინდა დამოუკიდებლობა, სადაც დავიბადე და 22 წელი მოვათრიე და არა ქალაქში!“- წერს იმედა.

იმედა გვიყვება, რომ ამ ეტაპზე მას დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აღარ აქვს, რადგან მისი დაავადება პროგრესირდება:

„მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში დადგა ის პერიოდი, რომლისაც მართლა მეშინოდა, პროგრესი ვიგრძენი. დაიწყო იქიდან, რომ წიგნის კითხვა იძულებით დავთმე,მხედველობის პრობლემა შემექმნა. მერე კოდების წერას დამანებებინა თავი. როგორც უკვე ვთქვი, წუწუნისგან შორს ვარ, დავიწყე ფრილენსერობა, ამჯერად გრაფიკაში წავედი. ლოგოებს ვხატავდი, ასე ვშოულობდი ფულს, სანამ ხელების მოძრაობაც არ დაირღვა. ხატვაც დავთმე და წავედი მარკეტინგში, წავედი ხმამაღალი ნათქვამია.“

იმედა ხულოს მერიიდან ოფიციალურ პასუხებს ელოდება, თუ რატომ ათავისუფლებენ სამსახურიდან და იმაზეც თუ, რატომ არ შეუძლია სახელმწიფოს თავისი მოქალაქისთვის მინიმუმის გაკეთება, როგორიცაა 40 მეტრი სიგრძის ადაპტირებული ბილიკი.

„მერიაში მითხრეს შენი სახლიდან გზა ვიწროა და ბილიკს ვერ მოვაწყობთო“, – გვითხრა იმედამ.  ის სოციალურ ქსელში წერს იმაზეც, რომ არ იცის, როგორ წარმართავს თავის ცხოვრებას, როცა სამსახურის გარეშე დარჩება:

„ერთი კვირაა ვფიქრობ ზუსტად, რა ვქნა. აღარც დისტანციური სამსახური მაქვს და აღარც ის ფიზიკური უნარები, რომ ისევ ძველ საქმეებს დავუბრუნდე.
გადავწყვიტე, დიდ მკვდარ ბიზნესში წავიდე. მაგრამ არ მინდა რაიონიდან წასვლა ქალაქისკენ, იქ ეტლით უფრო დიდი შანსია, რომ სადმე გავიდე მარტო. არ მაქვს იდეა ჯერ, როგორ ან რა ვქნა და არც იმის თქმა მგონია ახლა სწორი, რომ მე არ დავნებდები, იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ…“

იმედას პოსტი სოციალურ ქსელში მთავრდება მადლობით: „მადლობა. სხვა რა მეთქმის“, – წერს ის.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან, ასევე ააიპ „კურორტ ბეშუმიდან“ პასუხებს მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: