ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში პლაჟისთვის 30 500 კუბ/მ ხრეშს გადაიტანენ

23.10.2019
ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში პლაჟისთვის 30 500 კუბ/მ ხრეშს გადაიტანენ

ახალი ბულვარისა და ადლიის მიმდებარე სანაპიროზე პლაჟის აღსადგენად ხრეშს ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიტანენ. სამუშაოები ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო. ამჯერად ხრეშს, მილებითა და ტუმბოს გამოყენებით, „სანრემოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან გადაქაჩავენ. ხრეშის აღება იგეგმება ბათუმის კონცხიდანაც. ამ ეტაპზე ძველი ბულვარის პლაჟიდან ადლიის მიმართულებით, ჯამში, 30 500 კუბ/მ ხრეშის გადატანა იგეგმება.

ასე გამოიყურება ბათუმის პლაჟი პირსის მიმდებარედ

ვინ არჩევს ადგილს ძველ ბულვართან პლაჟზე, თუ სად არის ჭარბი ნატანი, საიდან უნდა მოხდეს ხრეშის ამოღება და რა რაოდენობით? – ამ კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუკავშირდა, რომელიც ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას კურირებს.

„ხრეშის გადატუმბვა, პროექტის მიხედვით, მილებით განხორციელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთით [ძველი ბულვარიდან ახალი ბულვარისკენ]. ადგილებს, სადაც არის ჭარბი ნატანი და საიდანაც ხრეშს ამოიღებენ, ასევე რაოდენობას, განსაზღვრავენ კონტრაქტორი და ზედამხედველი კომპანიები. ისინი არიან ამ საქმის სპეციალისტები.“ – ამბობს რეზო გიგილაშვილი, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

კონტრაქტორი, რომელიც ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს, არის ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP, ხოლო ზედამხედველი და პროექტის ავტორი, იტალიური საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალი“.

„ტექნიკა გავიდა სანაპირო ზოლში, მილები ლაგდება და თვის ბოლოსთვის დაიწყება ხრეშის გადატუმბვა. იქ რაიმე გზა არ კეთდება, ეს არის დროებითი ღონისძიება, ტექნიკა რომ შესულიყო. სამუშაოების დასრულებას, სავარაუდოდ, 2 თვე მაინც დასჭირდება,“ –  ამბობს რეზო გიგილაშვილი.

ბათუმის ნაპირდაცვის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კი მთლიანობაში შესაძლოა 2020 წლის თებერვალში დასრულდეს.

რატომ გახდა დამცავი კედლის აშენება აუცილებელი ადლიის სანაპიროზე, რისთვისაა საჭირო ხრეშის გადაქაჩვა, რას ფიქრობენ სპეციალისტები და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ბათუმის პლაჟების მოვლაზე – ვრცლად იხილეთ ბმულზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: