„როგორ ვართ? – რა ვიცი, მშივრები არ ვართ, ზოგს ცუდი მანქანა აქვს, შეცვლა უნდა, ზოგს სულ არ აქვს და შეძენა უნდა“, – გვიყვება ედნარ ღოღობერიძე. მისი მაღაზია სოფელ მახუნცეთის ცენტრში დგას და ადგილობრივების თავშეყრის ადგილია. მისი ნისიების რვეული კი – ამ სოფლის მცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი.
ედნარმა ყველაზე კარგად იცის აქ მცხოვრები ოჯახების ბიუჯეტი და ხელფასების განრიგიც: „ხელფასამდე, პენსიამდე ნისიები მაქვს“. ის ამბობს, რომ მისი შემოსავალიც სეზონურად იზრდება და მცირდება, მაშინ როცა სოფლებში ტურისტები გამოჩნდებიან და როცა შემოდგომის მოახლოებასთან ერთად მათი რიცხვი მცირდება.
ედნარმა ნისიების რვეულების გადაღების უფლება არ მოგვცა, სახელებითა და გვარებით მიწერია ყველა და ამას თუ სადმე გამოაჩენთ, ეწყინებათ მეზობლებსო.
ამ დროს მაღაზიაში დაახლოებით 50 წლის ქალი შემოვიდა. ის საუბარში ჩაერთო, თუმცა სახელის გამხელა არ ისურვა, არც ფოტო გადაგვაღებინა. გვითხრა, რომ „ყველა პრობლემას ეშველება, თუ დასაქმების პრობლემა მოგვარდება“, მაგრამ, მისივე აზრით, მხოლოდ ამაშიც არ არის საქმე, რადგან დასაქმებულებს არ ჰყოფნით ხელფასი:
„ხუთასი ლარი მაინც რომ იყოს ხელფასი… ჩემი ხელფასი 280 ლარია, კულტურის ცენტრში ვმუშაობ.“
ედნარის მაღაზიაში ბევრი სხვა მეზობელიც შემოვიდა. როგორც თქვეს, „მარშრუტკის“ მოსვლამდე დროის გასაყვანად შეიკრიბნენ. საუბარი ხურმის მოსავალზე გაგრძელდა. ადგილობრივების მონაყოლით სოფელში ჯამში 100-მდე ტონა ხურმის მოსავალი მოვიდა, მაგრამ არავინ იბარებს.
რამდენიმეწუთიანი დისკუსიის შემდეგ ქალმა, რომელმაც სახელის გამხელა არ სურდა, თქვა, რომ მახუნცეთში აუცილებლად უნდა ავიდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი: „ამოვიდეს აქ და ხურმას გოდრებით გავატანთ. ამოდიან აქ და შეგვხვდით, გვითხარით რა გაწუხებთო… შემდეგ – მაგას ჩვენ ვერ ვიზამთო. თუ რამეს ვერ იზამთ, რატომ უნდა შეგხვდეთ, რატომ უნდა გელაპარაკოთ?“
ედნარის თქმით, ხშირად განხილვის თემაა შეშით მომარაგების საკითხიც. ნისიების რვეულის მიხედვით კი, ყველაზე ხშირად აქ თამბაქოსა და ყავას ითხოვენ: „მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაძვირდა, მოთხოვნა გაიზარდა თამბაქოზე. თამბაქოს ფასმაც შესაბამისად მოიმატა, მაგრამ სიგარეტზე ბევრად იაფია. მეორე ადგილს კი ყავა იკავებს“.
სტუდენტმა დავით ვართმანიძემ კი გვითხრა, რომ სოფელს ინტერნეტი და იმის შესაძლებლობა სჭირდება, რომ აბიტურიენტი აქვე მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. ის მეზღვაურობისთვის ემზადება, თუმცა სოფლიდან წასვლას და სხვაგან ცხოვრებას არ აპირებს. მისი მიზანია სოფელში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს.