აჭარაში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება. ამის შესახებ დღეს, 10 მარტს, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე არსებობს წინასწარი მონახაზი, რომლის მიხედვითაც, აჭარის მსგავსად სამეგრელო, კახეთი და ქვემო ქართლი 3-3 ოლქად დაიყოფა, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი – 2-2 ოლქად, თითო მაჟორიტარული ოლქი ექნება გურიას, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთს. იმერეთში 4 მაჟორიტარული ოლქი იქნება, თბილისში – 7.
მაჟორიტარული ოლქების ახალი წესით გადანაწილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მმართველ პოლიტიკურ ძალას და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 73-ის ნაცვლად 30 მაჟორიტარი აირჩევა.
ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებს მერია გააფრთხილებს მგზავრთა ჭარბი ნაკადის გადაყვანის გამო. მგზავრების ჭარბი ნაკადის გადაყვანა განსაკუთრებით საღამოს და პიკის საათებშია, განსაკუთრებით კი, ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში.
ბათუმის მერიის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, მიკროავტობუსში იმდენი მგზავრი უნდა იყოს, რამდენი სკამიცაა, მძღოლების უმეტესობა კი ამ რეგულაციებს ხშირად არ იცავს.
ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს დღეს, 10 მარტს, გააფრთხილებენ, რომ მგზავრთა გადაყვანისას დაიცვან რეგულაციები და არ შექმნან ვირუსის გავრცელების საფრთხე.
„მუნიციპალურ ინსპექციას აქვს ვალდებულება რეაგირება გააკეთოს დარღვევებზე და საჭიროების შემთხვევაში დააჯარიმოს კიდეც მძღოლი. დღეს ჩვენ გავაფრთხილებთ ყველა გადამზიდავ კომპანიას, რომ დაიცვან სანებართვო პირობები და მგზავრთა გადაყვანის წესი,“ – ამბობს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე.
რეგულაციების დარღვევის გამო მძღოლების დაჯარიმების უფლებამოსილება აქვს „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციას“, სადაც გვეუბნებიან, რომ „იმ ხაზებზე, სადაც ფიქსირდება მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობით ტრანსპორტირება, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მძღოლებს მიეცემათ გაფრთხილება. დარღვევის შემთხვევაში კი, მძღოლები დაჯარიმდებიან“.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. WHO-ს რეკომენდაციაა, რომ ადამიანებმა თავშეყრის ადგილებში სანიტარულ-ჰიგიენური წესები და გარკვეული დისტანცია დაიცვან.
იმ ქვეყნებში კი, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული, ადამიანები ერიდებიან საქალაქო ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილებას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ამბობს, რომ დიდი ალბათობით ამ ხანძრების მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. გუშინ ღამით მან მოსახლეობას მიმართა:
„ეს ხანძრები დიდი ალბათობით [ამას გამოძიება დაადგენს], დაუდევრობის შედეგია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, საგაზაფხულო სამუშაოების, ხვნა-თესვის მოახლოებასთან დაკავშირებით ნუ მოახდენენ თავიანთი სავარგულების გადაწვას, რადგან ეს იწვევს ძალიან სავალალო შედეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით”.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში.
მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხში, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემო ქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერეში სოფელ ჭალოვანში, სამეგრელოში სოფელ ლიაში. ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000- მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე ბათუმშიც იქნება შესაძლებელი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო სინჯების საკმარისი მარაგებია და მათი შევსება მუდმივად მიმდინარეობს.
ახალ კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებაშიც იქნება შესაძლებელი.
„სინჯების საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს. დღეისთავის 3 000-ზე მეტი ანალიზისთვის საკმარისი მარაგია და შეკვეთილია შემდეგი მარაგები. ახლა ვიწყებთ დეცენტრალიზაციას ანალიზების. იგივე ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს მომზადებული თანამშრომლები, გადავცემთ სინჯებს და ისენიც დაიწყებენ. ასევე, ჩვენი განყოფილებებია, ლუგარის ლაბორატორიის, ბათუმსა და ქუთაისში, ისინიც უკვე მომზადებული არიან, ტრენინგები აქვთ გავლილი. თუ საჭირო იქნება, მზად ვართ მეზობელ ქვეყნებსაც დავეხმაროთ,” – ამბობს პაატა იმნაძე.
ბოლო მონაცემებით (10 მარტი 12:00 საათი), საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინში 178 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში დაკვირვებას კი 56 ადამიანი გადის.
ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შესაძლოა ნაღდი ფული იყოს, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია მის გამოყენებას მოვერიდოთ.
დღესდღეობით ნაღდი ფულის მრავალი ალტერნატივა არსებობს. თიბისი 5 მათგანის შესახებ უზიარებს მომხმარებელს ინფორმაციას:
[checklist]
დისტანციური არხები ნებისმიერი ტრანზაქციისთვის
[/checklist]
თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად სასურველი ტრანზაქციის შესრულება: მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, თანხის გადარიცხვა.
[checklist]
Apple Wallet
[/checklist]
მომხმარებლებს, რომლებსაც Apple-ის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ ელექტრონულ საფულეში დაამატონ თიბისის ნებისმიერი ბარათი და გადაიხადონ ყველგან, სადაც ტერმინალებია განთავსებული.
[checklist]
TBC Wallet
[/checklist]
მომხმარებლებს, რომლებსაც ანდროიდის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ თიბისის ელექტრონული საფულის გამოყენება.
[checklist]
QR კოდით გადახდა
[/checklist]
ნებისმიერ ობიექტში, სადაც QR კოდია განთავსებული, შესაძლებელია QR კოდის მობაილბანკიდან დასკანერება და ნაღდი ფულის გარეშე გადახდა.
[checklist]
ბარათით, სტიკერით ან სამაჯურით გადახდა
[/checklist]
ნაღდი ფულის მაგივრად შესაძლებელია საბანკო ბარათის გამოყენება,რომელზეც არ არსებობს შეზღუდვა მინიმალურ თანხაზე. ასევე, შესაძლებელია სტიკერის მიმაგრება სასურველ ნივთზე, მაგალითად, მობილურ ტელეფონზე. საკმარისია სტიკერის ტერმინალთან მიახლოება და გადახდის დაფიქსირება.
თიბისი სამაჯურით შესაძლებელია ბარათის, სტიკერის ან ელექტრონული საფულის გარეშე გადახდა. სამაჯურის უპირატესობა ის არის, რომ ის სრულად უკონტაქტოა – გადახდისას მომხმარებელს არ უწევს არც ბარათზე და არც ტელეფონზე შეხება. სამაჯურის ტერმინალთან მიახლოებით გადახდა შესრულებულია.
ხულო-გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერები გამოაცხადა. წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ კი დეპარტამენტმა 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში შეწყვიტა. პროექტს ქუვეითის ფონდი აფინანსებდა.
დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა. პროექტის დიდ ნაწილს კვლავ ქუვეითის ფონდი, ხოლო დაახლოებით 5-კილომეტრიან მონაკვეთს, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.
ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 18 227 349 ლარით გამოცხადდა. წინადადებების მიღება 2020 წლის 5 აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება.
აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება გზის დარჩენილ მონაკვეთს, სატენდერო მოწვევა ორ ლოტზე გამოცხადდა: ლოტი I – ხულო-გოდერძის უღელტეხილი [იწყება ხულოდან 5 კილომეტრში და მთავრდება გოდერძის უღელტეხილთან] და ლოტი II – გოდერძის უღელტეხილიდან სოფელ ზარზმამდე. სამუშაოების განხორციელების პერიოდია 730 დღე [ორ წელზე მეტი]. ამ ლოტებზე საერთაშორისო ტენდერია გამოცხადებული.
„საფინანსო ინსტიტუტთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მოხერხდა სატენდერო მოთხოვნების ისე ჩამოყალიბება, რომ ტენდერში მონაწილეობა შეძლოს მეტმა ქართულმა კომპანიამ. ასეთი მიდგომის წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, სადაც 4 ლოტიდან 3-ზე ქართული კომპანია მუშაობს. ქართული კომპანიების მეტი ჩართულობა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, პროექტების უფრო სწრაფად განხორციელებასაც უწყობს ხელს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ხულო-ზარზმის პროექტზე პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირდება 47-კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.
განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო მინიმუმ 1.5 საათით შემცირდება.
—
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს [„ტოდინს“] შორის ხელშეკრულებები ხულო-ზარზმის გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა.
პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].
110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა.
2020 წლის თებერვალში დეპარტამენტმა „ტოდინთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვიტა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 10-11 მარტს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 17-22 გრადუსი
ღამით: 8-13 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 12-17 გრადუსი
ღამით: 3-8 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 12 მარტს ღამით და დილით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, 13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უკრაინის მოქალაქეს, რომელიც გუშინ ბათუმის პორტიდან გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ უთხრა.
„ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით. ბათუმში ჩამოვიდა 8 მარტს. ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას გემით, მაგრამ პორტში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა, ვინაიდან ჰქონდა მცირე ცხელება და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. დღეისთვის ველოდებით ლაბორატორიული კვლევის პასუხს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარაში ამ დროისთვის სულ 30 ადამიანია კარანტინში. ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და მათ ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. „საკარანტინო პერიოდი მოიცავს 14 დღეს, როგორც კი დასრულდება 14 დღე, ისინი დატოვებენ კარანტინს და გაემგზავრებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში კორონავირუსი ამ დროისთვის 15 პირს აქვს დადასტურებული. კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში – 56.
იტალია წითელ ზონად ოფიციალურად გამოცხადდა. რაც ნიშნავს იმას რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა სკოლა და უნივერსიტეტი 2020 წლის 3 აპრილამდე, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება და დაწესდა შეზღუდვები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.
ინფორმაცია ქვეყნის წითელ ზონად გამოცხადების შესახებ დღეს, 9 მარტს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააცნო ჟურნალისტებს. იტალიის მთავრობამ რადიკალური ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადაწყვიტა.
“დრო აღარ არის და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ციფრები გვეუბნება რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ჩვენი ჩვევები უნდა შეიცვალოს. მე ვაპირებ დაუყოვნებლივ გავატარო მკაცრი ზომები. ვაპირებ ხელი მოვაწერო კანონს, რომელიც შეიძლება გაიგოთ ასე – “მე სახლში ვრჩები”. შედეგად (როცა კარანტინი დასრულდება), იტალია აღარ იქნება წითელი ზონა. იტალია იქნება დაცული ტერიტორია,” – განაცხადა ჯუზეპე კონტემ პრესკონფერენციაზე.
შეზღუდვები მთელს ნახევარკუნძულზე სამშაბათიდან, 10 მარტიდან გავრცელდება და 3 აპრილამდე გაგრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლებში და გარეთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.
ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანებმა, მუსიკოსებმა, ბლოგერებმა მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად დაიწყეს ვიდეოების ჩაწერა და სოციალურ ქსელში განთავსება ჰეშთეგით #iorestoacasa – მე სახლში ვრჩები.
სხვადასხვა იტალიური ონლაინ გამოცემები ავრცელებენ კადრებს, თუ როგორ აფრთხილებს ჟანდარმერია მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან და სახლებში დარჩნენ.
იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა – დაავადებულია გუშინდელთან შედარებით 1,598-ით მეტი, გარდაცვლილია 97-ით მეტი. თუმცა, გამოჯანმრთელდა 724 ადამიანი.
„ძალიან მყიფეა ეს მშვიდობა, შეთანხმება დროებითი ზავის ფუნქციას უფრო ასრულებს,“ – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი. მას იდლიბის პროვინციაში სამხედრო დაპირისპირების შესახებ ვესაუბრეთ, ადგილზე, სადაც 27 თებერვალს 33 თურქი ჯარისკაცი მოკლეს, რის შემდეგაც იგივე ტერიტორია თურქეთის სამხედრო ძალებმა დაბომბეს და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. შემდეგ იყო პუტინსა და ერდოღანს შორის შეთანხმება, თუმცა კონფლიქტის განახლებას ისევ ელიან.
იდლიბის პროვინცია საქართველოდან 700 კილომეტრითაა დაშორებული. რა გავლენას ახდენს ქვეყნის ახლო სამეზობლოში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება საქართველოზე და რას უნდა ველოდოთ? – „ბათუმელებმა“ ზურაბ ბატიაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ბატონო ზურაბ, ექსპერტები დასავლეთში, იდლიბის პროვინციაში, ახალ კონფლიქტს ელიან. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დარღვევის ფაქტები უკვე იყო, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის. ამ შეთანხმებაში არის დასაზუსტებელი პარამეტრები, დეტალები… გზაზე, რომელიც აკავშირებს ალეპოს და ლატაკიას, უნდა დაიწყოს ერთობლივი პატრულირება, ასევე უნდა მოეწყოს უსაფრთხოების კორიდორი. რა წესები იფუნქციონირებს ამ კორიდორში, ვინ დაიცავს, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი და ასე შემდეგ… ანკარაში მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები.
ზურაბ ბატიაშვილი
რამდენად არსებობს რესურსი, რომ რუსეთ-თურქეთის შეთანხმების პირობები შესრულდეს?
თურქეთი და რუსეთი არ არიან სტრატეგიული პარტნიორები, მათ განსხვავებული მიდგომები და ინტერესები ამოძრავებთ რეგიონში. შესაბამისად, გრძელვადიანად ეს ვერ იმუშავებს, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ მხოლოდ თურქეთი და რუსეთი არ არიან ამ კონფლიქტის მონაწილეები, იქ არის ასევე „ალქაიდასთან“ დაახლოებული ორგანიზაცია – „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელიც ძირითად საბრძოლო ელემენტს წარმოადგენს, პროირანული, პროქურთული ძალები, რომლებსაც ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათთვის ეს შეთანხმება შესაძლოა მთლად მისაღები არ იყოს. საკმარისია, ერთ-ერთმა ძალამ მაინც მიიჩნიოს საჭიროდ, დაიწყოს სროლა და მეორე აჰყვება… შესაბამისად, ძალიან მყიფეა ეს მშვიდობა, დროებითი ზავის ფუნქციას უფრო ასრულებს, ვიდრე გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას.
რა შეიძლება მოხდეს?
რთულია იმის თქმა, როდის შეიძლება დაირღვეს ეს შეთანხმება და ვინ დაარღვევს ამას… ამ პროცესს, რაც ახლა არსებობს რუსეთსა და თურქეთს შორის, აქვს თავისი ლიმიტები და პროცესმა აჩვენა ეს. ამ ლიმიტების არსებობამ გამოიწვია ეს დაპირისპირებაც. რუსეთსა და თურქეთს შორის ძირითადად შეთანხმება არის ტაქტიკურ საკითხებზე და თანხმობა არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი.
ანუ ისევ არსებობს სამხედრო დაპირისპირების საფრთხე?
გარანტირებული არაფერია, თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გადაჭრით როდის შეიძლება მოხდეს, ძნელი სავარაუდოა, ან რა გარემოებაში შეიძლება მოხდეს და ჩვენთვისაც ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია.
ჩვენზე, საქართველოზე რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი და ახდენს უკვე?
პირველი, რა გავლენასაც უკვე ახდენს, არის ის, რომ საომარი მოქმედებების პირობებში გაუფასურდა თურქული ლირა – ეკონომიკური პრობლემების გამწვავება აისახა ლირის კურსზე. ასეულობით ჩვენი მოქალაქე, რომელიც თურქეთში მუშაობით იღებს ხელფასს თურქულ ლირაში, ყიდულობს უფრო მყარ ვალუტას და აგზავნის საქართველოში, ახლა მათ უფრო მცირე ოდენობის მყარი ვალუტის შეძენა შეუძლიათ. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, კიდევ უფრო ცუდად აისახება ლირის კურსზე.
ამ კონფლიქტს აქვს უსაფრთხოების განზომილებაც: იგივე ჯიჰადისტურ ორგანიზაციებში იბრძვიან კავკასიური წარმოშობის და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები. იმ შემთხვევაში, თუ იდლიბის ტერიტორიაზე რუსეთი და ასადი დაამყარებენ კონტროლს, მათ მოუწევთ გადმოსვლა თურქეთში და ამ შემთხვევაში, როგორც ეს მოხდა ჩატაევის და მის რაზმთან დაკავშირებით, მათ შეიძლება გეზი საქართველოსკენ აიღონ. ესაა უსაფრთხოების განზომილება, რაც იდლიბის კონფლიქტს ჩვენთვის გააჩნია.
იმედია, ამ კონფლიქტს არ ექნება უფრო მეტი ესკალაცია. თუ კიდევ უფრო გაღრმავდა კონფლიქტი, შესაძლოა, შავ ზღვაზე გადმოინაცვლოს ამ დაპირისპირებამ, რაც იმედია, არ მოხდება.
ძირითადად რაზეა დამოკიდებული დღეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება?
ძალიან ძნელია ამ მშვიდობის დამყარება და მისი შენარჩუნება, რადგან ახლო აღმოსავლეთი ბოლო ათეული წლებია დახუნძლულია პრობლემებით, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური, რესურსების, წყლის, ნავთობის, გადაადგილების კუთხით. ეს იმდენად გადახლართულია ერთმანეთში, რომ მათი მოგვარების ალბათობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ამ კონფლიქტმა აჩვენა ისიც, რომ იდლიბში სამხედრო მოქმედებების გააქტიურების შედეგად რუსეთმა აჩვენა საკუთარი როლი, რომ მისი სიტყვა მნიშვნელოვანია.
ნატო რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ამ კონფლიქტში, რადგანაც თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა?
მეხუთე მუხლი, რომელიც მთავარია ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებაში, არ ეხება წევრი ქვეყნების გარეთ არსებულ ტერიტორიებს. შესაბამისად, ეს არ გავრცელდა სირიაზე. რაც გავრცელდა ამ კონფლიქტზე, ესაა მეოთხე მუხლი და მხარდაჭერა მიიღო თურქეთმა, თუმცა ეს არაა სამხედრო მხარდაჭერა. ამ ტიპის მხარდაჭერა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ნატოს პირდაპირ ფუნქციაში ეს თემა არ შედის. ცალკეული განცხადებები იყო იგივე აშშ-ს მხრიდან, თუმცა ეს იყო მხოლოდ განცხადებები დ ამის იქეთ არ წასულა საქმე. ნატო იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ მის წევრ ქვეყანაზე, ანუ თურქეთზე მოხდება თავდასხმა.
თანამეგობრობის რეაქციები და ჩართულობა რამდენად ახდენს გავლენას ამ პროცესზე?
ბუნებრივია, ყველა მიესალმება მშვიდობას, განსაკუთრებით ევროპა, რომელსაც არ სურს ლტოლვილთა ახალი ნაკადი დაიძრას ევროპისკენ. თუმცა, როგორც ნებისმიერი კონფლიქტის დროს ხდება, რეაქციები და მოწოდებები ნაკლებად ახდენს გავლენას მსგავს პროცესზე. უფრო ეფექტურია, როცა კონფლიქტში მონაწილე მხარეები თავად მიიღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას.
ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს [ფიჭვნარი I, II, VII], კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 6 მარტიდან შევიდა ძალაში. ფიჭვნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. XIV- II საუკუნეებით თარიღდება.
ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ფიჭვნარ-ჩოლოქის დასახლებაში გაცილებით დიდი ფართობი უკავია, თუმცა ძეგლის [არქეოლოგიური] სტატუსი დაახლოებით 20 ჰექტარამდე ფართობს მიენიჭა.
აქედან, დაახლოებით 66 000 კვ/მ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, ნაწილი კი [დაახლოებით 140 000 კვ/მ] – კერძო კომპანია „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში.
ეს ტერიტორია იმ 180 ჰექტარში შედის, რომელიც აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულებით „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.
2020 წლის თებერვალში შპს „გრინ რეზორტის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაშინ დააანონსა, როცა აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიას პროექტის ფარგლებში მშენებლობის ნებართვა უკვე მიღებული ჰქონდა.
ტერიტორია ფიჭვნარში [მონიშნულია წითელი ფერით], რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მოყვითალო ფერით მონიშნულია აჭარის [ზემოთ] და „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიებირაც შეეხება ფიჭვნარის ნამოსახლარებს [სამაროვნებს] უძრავი ძეგლის სტატუსი მას 1976 წლიდან ჰქონდა – დაცული ტერიტორია იყო. წინა ხელისუფლებამ ყველა ძეგლს სტატუსი გაუუქმა და მათი ხელახალი აღიარება-რეგისტრაცია დაიწყო.
პარალელურად, „თავისუფალი ტურისტული ზონის“ განვითარების მიზნით, 2010 წელს ქობულეთში „ფიჭვნარის“ ტერიტორიაზე ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.
პროექტის თანახმად, „ფიჭვნარის“ ტერიტორიაზე მიწის 3 ნაკვეთი [11 ჰა-ზე მეტი] გამოიყო, სადაც 30 სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. იმავდროულად, ინვესტორს მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა.
სამთავრობო კომისიამ 8 ინვესტორი გამოავლინა კიდეც. მათ ქობულეთში 15 სასტუმროკომპლექსი უნდა აეშენებინათ, თუმცა შემდგომ ზოგიერთმა ინვესტორმა სასტუმროს აშენებაზე უარი თქვა.
2015 წელს, თავისუფალი ტურისტული ზონის მიმართ დაინტერესების გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ფიჭვნარში სამორინეების გახსნაც შესთავაზეს.
ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში 2010 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ შედგა ფიჭვნარის ნამოსახლარის, როგორც უძრავი ძეგლის პასპორტიც, არქეოლოგებმა მისთვის სტატუსის მინიჭებას ვერ მიაღწიეს [აღსანიშნავია, რომ ასეთი ორი ძეგლია აჭარაში: გონიო-აფსაროსი და პეტრას ციხე].
თეონა თურმანიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი აღარ იქნება. დღეს, 9 მარტს, საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც სამ საათზე გავიდა ეთერში, წამყვანმა თეონა თურმანიძემ თქვა, რომ 8 საათზე მთავარი საინფორმაციოს წაყვანა მას სამის ნახევარზე შესთავაზა საინფორმაციოს უფროსმა გიორგი აბაზაძემ. ტელეწამყვანმა თანხმობა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.
„საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბაზაძემ მისაყვედურა, მასთან შეთანხმების გარეშე რატომ გამოვაცხადე თანხმობა, თუმცა მე ეთერის მიმდინარეობის დროს მისთვის მიწერილი მქონდა თანხმობა. საინფორმაციოს დაწყებამდე [საუბარია საინფორმაციოზე, რომელიც 15 საათზე გავიდა ეთერში] გიორგი აბაზაძე მთხოვდა პასუხს, თუ წავიყვადი მთავარ საინფორმაციოს. ვუთხარი, რომ საინფორმაციოს დასრულებამდე ვეტყოდი მას პასუხს,“ – გვიყვება თეონა თურმანიძემ.
თეონა თურმანიძის ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ გიორგი აბაზაძემ მას უთხრა, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას თავად წაიყვანს.
„ეთერი არ ჩავარდება“, – მოგვწერა გიორგი აბაზაძემ. მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა და არც კითხვაზე გვიპასუხა: ვინ წაიყვანს მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.
თეონა თურმანიძე მონაწილეობდა იმ საპროტესტო აქციაში, რომელიც თავისი კოლეგის – თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გაიმართა ბათუმსა და სხვა ქალაქებში.
მას შემდეგ, რაც თეონა თურმანიძემ დაწერა, რომ ის აღარ წაიყვანს მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე მას ასე გამოეხმაურა: „ანუ ეს რას ნიშნავს? ეგონა, რომ არ დათანხმდებოდა და დემოკრატია გაითამაშა? ეგეც მაგალითია, როგორ დამოუკიდებლად იღებს [გიორგი აბაზაძე] გადაწყვეტილებას.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა ფეისბუქგვერდზე დაპოსტეს ის სავარაუდო მიზეზები, რატომაც შესთავაზეს თეონა თურმანიძეს რვასაათიანი საინფორმაციოს წაყვანა.
———————————
მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი – თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორმა 6 მარტიდან ჩამოაშორა ეთერს. გიორგი კოხრეიძის ბრძანების მიხედვით, თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის ახალდანიშნულ უფროსზე – გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ამავე ბრძანების მიხედვით, დირექტორმა მხოლოდ ახალდანიშნული რედაქტორის – ფირუზ ბოლქვაძის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის კონსულტანტის – ლალი ბერძენიშვილის პოზიციები მოისმინა. დირექტორმა ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას არ მოუსმენია მხარეების, მათ შორის, თეონა ბაკურიძის პოზიცია.
გიორგი კოხრეიძის ბრძანება „ცალსახად უკანონოდ“ შეაფასეს ორგანიზაციებმა: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსთან შორენა ღლონტთან და ყოფილ რედაქტორთან – მაია მერკვილაძესთან ერთად სასამართლოს მიმართავს.
გიორგი აბაზაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 4 მარტს დანიშნეს. მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ პოსტებზე აბაზაძის განმარტება შეგიძლიათ ნახოთ აქ – „ბათუმელების“ მიერ 5 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. 6 მარტს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის დისკრიმინაციული შეხედულებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის სტანდარტს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას რვა საათზე ტელეწამყვანი თეონა თურმანიძე წაიყვანს. ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, სამსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში მიაწოდა მაყურებელს.
“დილიდან ვიცოდით, რომ რვასაათიან გამოშვებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი აბაზაძე წაიყვანდა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა რედაქტორმა ფირუზ ბოლქვაძემ.
თუმცა სამსაათიანი ეთერის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გიორგი აბაზაძემ შემომთავაზა, რომ რვასაათიან ეთერში დავჯდე დღეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილება, რადგან თეონა ბაკურიძესთან დაკავშირებით დირექტორმა გადაწყვეტილება მიიღო პარასკევს, მათ ჰქონდათ სრული ორი დღე, რომ ეს შემოთავაზება გაეკეთებინათ.
თუმცა იმის გამო, რომ მაუწყებელი არის კრიზისში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, ვთანხმდები ამ წინადადებას, მხოლოდ დროებით. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გადაწყვეტილება არც იქნება მიღებული დირექტორის მხრიდან და თეონა ბაკურიძე რამდენიმე დღეში დაბრუნდება ეთერში,” – თქვა თეონა თურმანიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება პარასკევს, 6 მარტს მიიღო.
თეონა თურმანიძე მონაწილეობდა იმ საპროტესტო აქციაში, რომელიც თავისი კოლეგის – თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გაიმართა ბათუმსა და სხვა ქალაქებში.
კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფი ტემპით ზრდის გამო გამო იტალიის ჩრდილოეთით მდებარე 15 რეგიონში კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში ბოლო მონაცემებით 366-მდე გაიზარდა. ერთ დღეში იტალიაში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა: 5883-დან 7375-მდე.
ე.წ. წითელ ზონაში მოექცა ლომბარდია, მოდენა, პარმა, პიაჩენცა, რეჯო ემილია, რიმინი, პეზაროს და ურბინოს პროვინცია, ალესანდრია, ასტი, ნოვარა, ვერბანო-კუსიო-ოსოლა, ვერჩელი, პადუა, ტრევიზო და ვენეცია. კარანტინია მილანსა და ფლორენციაშიც.
წყარო: BBC
იტალიის ამ რეგიონებში 16 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. უსაფრთხოების ნორმების მიხედვით, 3 აპრილამდე მათ სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება ეკრძალებათ. დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. იტალიის მთელ ტერიტორიაზე 10 დღით შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში, დაიხურა ღამის კლუბები, ფიტნესდარბაზები, საცურაო აუზები, მუზეუმები, კურორტები, შეწყდა რელიგიურ-კულტურული ღონისძიებები და ა.შ. კარანტინის წესების დარღვევისთვის სასჯელი 3-თვიანი პატიმრობაა.
მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყურება ახლა იტალიის ჩრდილოეთით, კარანტინის წითელ ზონაში მოქცეული რეგიონები.
მილანის საკათედრო ტაძარი, იგივე Duomo di Milano ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარეობს, ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარია იტალიაში, ხოლო მსოფლიოში — სიდიდით მეოთხე. აქ ყოველთვის ტურისტების სიმრავლეა, თუმცა მას შემდეგ, რაც 8 მარტს იტალიაში 3 აპრილამდე კარანტინი გამოცხადდა, ხალხმრავალი ადგილი ასე გამოიყურება.
ვენეციის მსგავსად, მილანში, ნავიგლის რაიონშიცაა წყლის არხები. ეს ადგილი ყველა ტურისტულ რუკაზეა დატანილი, როგორც აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი. დუომოს მსგავსად აქაურობა ახლა ცარიელია, როცა სხვა დროს არხი ნავებით იქნებოდა სავსე.
Apple-ის ყველაზე დიდი ცენტრი და მაღაზია მილანში 2018 წელს გაიხსნა Piazza Liberty-ზე. ცენტრს ჩვეულებრივ უამრავი ტურისტი და ადგილობრივი სტუმარი ჰყავდა ყოველდღიურად. იტალიის ჩრდილოეთში, კარანტინის წესების თანახმად, თავშეყრის სხვა ადგილების მსგავსად, Apple-ის ცენტრიც დაიხურა.
Corso Buenos Aires – ერთ-ერთი მთავარი ქუჩა მილანის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც 350-ზე მეტი მხოლოდ ტანსაცმლის მაღაზიაა. აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა და ავტომანქანების სიმრავლეა. ქუჩის სტუმრები ხშირად ის ტურისტები არიან, ვინც მილანში დიდი არჩევანის გამო ჩადიან სამოსის შესაძენად. ეპიდემიის მზარდი ტენდენციის გამო ქუჩა ახლა ცარიელია.
ფოტო: Milano today
ქუჩა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ კოდონოში. ქუჩაზე ძირითადად საცხოვრებელი სახლებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოსახლეობას ინფექციის მზარდი ტენდენციის გამო შინ დარჩენისკენ მოუწოდა, ხალხი ქუჩაში გამოსვლისგან თავს იკავებს.
ფოტო: Reuters
ჩვეულებრივ ხალხმრავალი და ახლა დაცარიელებული ტურისტული ქუჩა მილანში, სადაც ტრამვაის ხაზი გადის.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ბათუმში გამოავლინა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების ფაქტი, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე.
აღნიშნული ქმედებით დარღვეულია ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა – “ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დაწყება და დასრულება ექვემდებარება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებას ; შეტყობინების ფორმასა და წესს ამტკიცებს მინისტრი”.
დარღვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სამართალდარღვევა ითვალისწინებს ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონული სამმართველოს ბოლო მონაცემებით, გურიაში 17 ადამიანი იმყოფება იძულებით თვითიზოლაციაში.
ოზურგეთში თვითიზოლაციაში 14 პირი იმყოფება, ჩოხატაურში – 2 და ლანჩხუთში 1 პირი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში არჩილ მჟავია ამბობს „ბათუმელებთან“, გუშინ, 8 მარტს, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა წესები დაარღვიეს, რის გამოც ცენტრის წარმომადგენელს მათ გასაფრთხილებლად საპატრულო ეკიპაჟების ჩართვა მოუხდა.
„შტაბის სხდომა გვქონდა გუშინ და შემოვიდა ინფორმაცია, რომ თვითიზოლირებულები არღვევდნენ წესებს და გარეთ გამოვიდნენ. ამიტომ მოგვიხდა საპატრულო ეკიპაჟის ჩართვა, ჩამოვიარეთ და ადგილზე გადავამოწმეთ ყველა. ასევე, გავაფრთხილეთ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კარანტინში გადავიყვანდით. ჯერჯერობით გვემორჩილებიან,“ – ამბობს არჩილ მჟავია.
საკარანტინო ზონაში ლანჩხუთში ჩინეთის 14 მოქალაქე იმყოფებოდა, ისინი ბათუმი-ხაშურის მაგისტრალის მშენებლობაზე არიან დასაქმებული და საქართველოში ვირუსის გავრცელების შემდეგ შემოვიდნენ.
„საკარანტინო ზონა თვითონ მოაწყეს ჩინელებმა და ზედმიწევნით იცავდნენ რეკომენდაციებს. გუშინწინ ბოლო დღე ჰქონდათ და რადგან ვირუსი არ დაუდასტურდათ, შეუდგნენ მუშაობას,“- გვითხრა არჩილ მჟავიამ.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე იმ სკოლებისთვის, რომლებსაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მექანიკურ დისპენსერებსა და სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ.
5 ათასი ცალი დისპენსერისა და 80 ათასი ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის შესაძენად 745 ათასი ლარი დაიხარჯება.
სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლის თითქმის ნახევარს – 1 299 სკოლას – არ აქვს წყალმომარაგების სისტემა [საპირფარეშოები] შენობის შიგნით. ასეთ სკოლებში 107 101 მოსწავლე სწავლობს.
„ვინაიდან ჰიგიენური ნორმები ნაკლებადაა დაცული იმ საჯარო სკოლებში, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მიზანშეწონილია მექანიკური დისპენსერი და სადეზინფექციო ხსნარი შესყიდულ იქნეს სწორედ ასეთი სკოლებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შესაძლებელია მოსწავლეთა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სადეზინფექციო ხსნარის მოხმარებამ გადააჭარბოს მოლოდინს, შესაბამისად საჭიროა გაიზარდოს შესასყიდი მექანიკური დისპენსერისა და სადეზინფექციო ხსნარის მოცულობა და ნაცვლად 2600 ცალი დისპენსერისა, შესყიდულ იქნეს 5000 ცალი, ხოლო 58 000 ლიტრის ნაცვლად შესყიდულ იქნება 80 000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი,“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
შერჩეული კომპანიისგან დისპენსერებს და ხსნარს სააგენტო ტენდერის გარეშე შეისყიდის.
2020 წლის 16 მარტამდე სკოლებში არდადეგებია. გახანგრძლივდება თუ არა არდადეგეგბი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით ფასთა კვლევა ჩაატარა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაცით, 9 მარტის მონაცემებით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე – რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი, 4-თვიანი უწყვეტი ციკლის შემდგომ პირველად ფასები 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა, რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
FAO-ს ცნობით, ფასების შემცირების მიზეზი კორონავირუსით გამოწეული მოლოდინი იყო, „რომლის თანახმადაც, ეპიდემიას შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით შეემცირებინა მოთხოვნა სავაჭრო პროდუქტებზე“.
ამავე წყაროს ცნობით, თებერვალში მცენარეულ ზეთზე ფასების 10%-ით შემცირების მთავარ მიზეზად, ერთი მხრივ, კორონავირუსით გამოწვეული მოლოდინი სახელდება, ხოლო მეორე მხრივ, ფასის შემცირებას ხელი შეუწყო ინდოეთის მხრიდან მცენარეულ ზეთზე მოთხოვნის კლებამ.
0.9%-ით შემცირდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც. „სხვა მარცვლეულ კულტურებთან შედარებით, თებერვალში ყველაზე დაბალი ფასი ხორბალზე დაფიქსირდა, რაც კულტურის უხვი საბაზრო მარაგებით იყო განპირობებული. მეცხოველეობის სექტორში შემცირებული მოთხოვნის გამო, იკლო სიმინდის ფასების ინდექსმა. ხორბლისა და სიმინდისგან განსხვავებით, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაიზარდა ბრინჯის ფასების ინდექსი“.
სამომხმარებლო კალათის სხვა პროდუქტებთან შედარებით, თებერვლის თვეში 2%-ით შემცირდა ხორცის ფასების ინდექსი „რაც, ძირითადად ჩინეთში შემცირებული იმპორტითა და ახალ ზელანდიაში პროდუქტის დიდი მარაგებით იყო განპირობებული.
4.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ავსტრალიაში ნედლი რძის მარაგის სიმცირით იყო გამოწვეული. ნედლი რძისა და რძის პროდუქტებისგან განსხვავებით, შემცირებულია რძის ფხვნილის ფასები, რისი მიზეზიც, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში არსებული საწარმოო პრობლემები იყო.
იანვრის თვესთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი, რაც ინდოეთსა და ტაილანდში წარმოების შემცირებამ და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა“.
აჭარაში 100 წელს გადაცილებული 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათი უმრავლესობა ქალია. ფოტოპროექტი, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით განახორციელა ფოტოგრაფმა მარია ჩემ [Maria Che], 22 ქალს გაგაცნობთ აჭარიდან. მათგან ორი 1905 წელსაა დაბადებული, ყველაზე უმცროსი კი 100 წლისაა.
ეს ზექიე დავითაძეა, შუახევში, სოფელ ნაღვარევში ცხოვრობს. 1914 წელსაა დაბადებული. ფოტო: Maria Cheაიშე ბერიძე ქედაში, სოფელ აქუცაში ცხოვრობს. დაიბადა 1918 წელს. ფოტო: Maria Cheეს მერიემ მახარაძეა, დაიბადა 1917 წელს. ცხოვრობს სოფელ ძმაგულაში, ხულო. ფოტო: Maria Cheშადიე ხოზრევანიძე 1918 წელს დაიბადა. ცხოვრობს სოფელ დიდაჭარაში, ხულოში. ფოტო: Maria Cheყუდუს შავაძე 1917 წელს დაიბადა. ცხოვრობს დიდაჭარაში, ხულოში. ფოტო: Maria Cheაჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ფიქრიე ირემაძეა. დაბადებულია 1905 წელს. ცხოვრობს ხულოში, სოფელ ირემაძეებში. ფოტო: Maria Cheნინა შაინიძე ყინჩაურში, ხულოში ცხოვრობს. იგი 1919 წელს დაიბადა. ფოტო: Maria Cheშადიე ცეცხლაძე 1919 წელს დაიბადა. იგი თაგოში, ხულოში ცხოვრობს. ფოტო: Maria Cheაიშე დეკანაძე 1919 წელს დაიბადა. ცხოვრობს ხულოში, სოფელ განახლებაში. ფოტო: Maria Cheნაქიფე დავითაძე 1914 წელსაა დაბადებული. ცხოვრობს შუახევში, სოფელ სხეფში. ფოტო: Maria Cheხურმიზ ბოლქვაძე. დაბადებულია 1920 წელს. ცხოვრობს სოფელ ოქტომბერში, ქედაში. ფოტო: Maria Cheფატყუმი ბოლქვაძე. დაიბადა 1917 წელს. ცხოვრობს ქედაში, სოფელ ახოში. ფოტო: Maria Cheზექიე მჟავანაძე. დაბადებულია 1912 წელს. ცხოვრობს სოფელ ხარაულაში, ქედაში. ფოტო: Maria Cheზულეიხი ფუტკარაძე. დაბადებულია 1919 წელს. ცხოვრობს ოლადაურში, შუახევში. ფოტო: Maria Cheგუნეშ ხიმშიაშვილი, დაბადებულია 1918 წელს. ცხოვრობს სოფელ ნიგაზეულში, შუახევში ფოტო: Maria Cheასიე მახარაძე დაიბადა 1920 წელს. ცხოვრობს ფურტიოში, შუახევის მუნიციპალიტეტში. ფოტო: Maria Cheფატი მანელიშვილი 1918 წელს დაიბადა. ყოფილი მასწავლებელია. ცხოვრობს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში. ფოტო: Maria Cheფატყუმე დიასამიძე. დაიბადა1914 წელს. ცხოვრობს დაბა ჩაქვში. ფოტო: Maria Cheფადიმე მალაყმაძე. დაბადებულია1918 წელს. ცხოვრობს სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში, ხელვაჩაურში. ფოტო: Maria Cheფატი საგინაძე, დაიბადა 1919 წელს. ცხოვრობს სოფელ მანიაკეთში, ხულოში. ფოტო: Maria Cheფადიმე ქათამაძე. დაიბადა 1917 წელს. ცხოვრობს დაბა ხელვაჩაურში. ფოტო: Maria Cheმარია შაქარჯანი. დაიბადა 1905 წელს. ცხოვრობს ბათუმში. ფოტო: Maria Che
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს, 9 მარტს, გამართა.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დამნაშავედ მიიჩნია და 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები მ.ხ. იგი ერთ-ერთ ქუჩაზე ქვეითს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა.
განაჩენის მიხედვით, მ.ხ. უკუსვლით მოძრაობდა, როცა იგი ქვეითს დაეჯახა. დაზარალებულს ექიმებმა მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მ.ხ.-მ თავი სრულად დამნაშავედ ცნო და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას, დაზარალებულის ჩვენების გარდა.
მოსამართლემ ამ საქმეზე დაზარალებულის თ.ს.-ს ჩვენებაც მოისმინა, რომელმაც თქვა, რომ „აქვს პრეტენზია ბრალდებულთან, რომელმაც არ აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები და გადასცა მხოლოდ მიზერული თანხა.“
გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის, სამედიცინო დასკვნას. განაჩენში მოსამართლე კანონზეც მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც:
”თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები…“
„საქართველოს ჰყავს ყველაზე არაკომპეტენტური სახალხო დამცველი, რაც აქამდე ჰყოლია. მე პირადად არანაირი ნდობა ნინო ლომჯარიას მიმართ არ მაქვს. ის არც კომპეტენტურია, არც მიუკერძოებელი და არც ყველას უფლებას არ იცავს,“ – ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
„ეს ბევრჯერ დავადასტურე მე. პირველი, რაც მინდა ვთქვა, დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ირაკლი ბარამიძეს სამი წელია შეტანილი აქვს განცხადება, რომ იყო თუ არა მისი გათავისუფლება დისკრიმინაციული სამსახურიდან, ამაზე მიეღო დასკვნა და სახალხო დამცველს სამი წელია დასკვნა არ მიუცია.
ამ დროს, იმ ადამიანს, ვის მიმართაც შეიძლებოდა ჰქონოდა პრეტენზია და ზუსტად იმ ადამიანზე დაწერილიყო ეს დასკვნა, ასე ვთქვათ, უარყოფითი, იმას ქომაგის წოდება მისცეს (ნათია კაპანაძეს, სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის საბჭომ 2018 წელს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა – რედ).
მეორე, 103-მა თანამშრომელმა რომ განცხადება გააკეთა, არ მოუკითხავს სახალხო დამცველს. 13 ოპერატორი რომ გაფიცული იყო, არ მოუკითხავს. როდესაც ნათია კაპანაძესთან მე მქონდა დავა, უნდობლობასთან დაკავშირებით, ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს და ერთი არ მოუკითხავს პრეტენზიები, ამიტომ არანაირი ნდობა, ჩემი პირადი ნდობა სახალხო დამცველისადმი, არის ნულოვანი. ის არ არის მიუკერძოებელი, ის არ არის ყველას სახალხო დამცველი და ის არ არის კომპეტენტური.
მაუწყებლობის შესახებ კანონში ვერც კი ერკვევა. ამიტომ, ამაში ვერ გამოგყვებით, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ სახალხო დამცველი რამე როლს ითამაშებს აქ. ეს არის გაკოტრებული ადამიანი.
ის შერჩევით არჩევს მოქალაქეებს, რომელთა უფლებებსაც დაიცავს,“ – განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.
აჭარის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრი 79 740 ლარის სამედიცინო მოწყობილობებს გადაუდებელი შესყიდვის წესით ყიდულობს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პრევენციაა.
ცენტრი განმარტავს, რომ ამ შესყიდვის გარეშე საფრთხე ექმნება ცენტრის მიერ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების უსაფრთხოდ და სრულყოფილად განხორციელებას, ასევე აჭარის ტერიტორიაზე სამედიცინო პერსონალის და სხვა მაღალი რისკის მოსახლეობის ჯგუფებს.
შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის გადაუდებელი აუცილებლობით საჭირო სამედიცინო მოწყობილობებია:
ნიღაბი, რესპირატორი,ხელთათმანი,ხალათი, ჩაჩი, ბახილი, სათვალე, სახის დამცავი ფარი, ხელის დეზინფექტანტი, დეზინფექტანტები, ნარჩენების პარკი.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით, 16 მარტამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ამ პერიოდში ადმინისტრაციული პერსონალი გააგრძელებს მუშაობას.
ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, დროებით შეაჩერებს მუშაობას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული ბათუმის ამერიკული კუთხეც. “სამწუხაროდ, ამერიკულ კუთხეშიც დროებით ყველა აქტივობა გაუქმებულია. ამ ეტაპზე, 16 მარტამდე, შევაჩერეთ მუშაობა. თუ მთავრობის განკარგულებით კიდევ გაგრძელდება ეს პერიოდი, ჩვენც დავემორჩილებით,” – ამბობს ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი მამუკა საფარიძე.
იხილეთ სამუშაო კლუბების ცხრილი, რომელთა მონაწილეებთან მუშაობას ამერიკული კუთხე 16 მარტიდან განაახლებს:
1. საბავშვო ინგლისურენოვანი კლუბები (ოთხშაბათი 12:00 სთ; ოთხშაბათი 16:30 სთ; ოთხშაბათი 18:00 სთ)
2. Critical Thinking Club (პარასკევი 16.45 სთ)
3. Public Speaking Club (ხუთშაბათი 18:00 სთ)
4. სადისკუსიო ინგლისურენოვანი კლუბი (პარასკევი 18:00 სთ)
5. რობოტექნოლოგიის კლუბი (ორშაბათი 16:00 სთ)
6. ვირტუალური რეინჯერების კლუბი (ორშაბათი 17:30 სთ)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის საქმეებზე სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.
როგორც EMC-ი წერს, მთავარი მოთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენაა.
სასამართლოსთვის მიმართვამდე კი EMC-ი ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული პრობლემური შრომითი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დეტალურ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს.
EMC-ი მიიჩნევს, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია და კრიტიკას ვერ უძლებს როგორც საშტატო განრიგში შეტანილი ცვლილებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, მაია მერკვილაძის რადიოს საინფორმაციო გამოშვებების რედაქტორის პოზიციაზე გადაყვანის ბრძანება.
შორენა ღლონტის საქმეს რაც შეეხება, რომელიც მიმდინარე წლის 28 თებერვალს “სამსახურიდან უხეში დისციპლინური გადაცდომის გამო” გაათავისუფლეს, ორგანიზაცის პირველადი შეფასებით, გამოცემული ბრძანება რამდენიმე მიმართულებითაა პრობლემური, „მათ შორის, პრობლემურია ქმედების დარღვევად შეფასების საკითხი, საქმეში დარღვეულია დისციპლინური წარმოების პროცედურები და წესები, ამასთან გამოყენებული სანქცია არ აკმაყოფილებს პროპორციულობისა და გონივრულობის პრინციპებს“.
EMC-ი ამბობს, რომ გათავისუფლებას წინ უძღვოდა ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ განახლებული დისციპლინური წარმოება, რომელიც მმართველთა საბჭოს წევრის, თამილა დოლიძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიწყო.
შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებით ირკვევა, რომ გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გასული წლის თებერვლის თვეში მასა და NDI-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მომზადებული გადაცემა გახდა. დირექტორის ბრალდებით, სადავოდ გამხდარი გადაცემა მაუწყებლის უფლებამოსილი პირებისა და ფინანსური სამსახურის გვერდის ავლით მომზადდა და შორენა ღლონტმა ფინანსური სარგებელი მიიღო. ორგანიზაციის განცხადებით, დისციპლინური დევნის მექანიზმი დამსაქმებლის ხელში ხშირად თვითნებობის და დასაქმებულის კონტროლის და ექსპლუატაციის იარაღია.
„დამსაქმებლისა და დასაქმებულის ასიმეტრიული ურთიერთობის გათვალისწინებით, მაღალია ამ მექანიზმების დაუსაბუთებლად, დასაქმებულის კონტროლისთვის და დევნისთვის გამოყენების რისკი, რის გამოც არსებითია დისციპლინური წარმოების მექანიზმები, პროცედურები და გადაწყვეტილებები მკაცრი სამართლებრივი კონტროლის ქვეშ მოექცეს,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელევიზიის დირექტორმა დროებით შეუჩერა წამყვანობის უფლება თეონა ბაკურიძეს, ახალი ამბების წამყვანს.
„ბრძანების თანახმად, თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. კერძოდ, ის ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა გ. აბაზაძეს (ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს) განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა დაკავებული პოზიცია. შესაბამისად, თეონა ბაკურიძეს დირექტორის ბრძანებით დროებით აეკრძალა ფაქტის დასრულებამდე შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და დროებით ჩამოშორდა ტელევიზიის ეთერს“.
EMC-ის შეფასებით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია. ცალსახად დარღვეულია თეონა ბაკურიძის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების პროცედურა, რომელშიც არ იქნა უზრუნველყოფილი მხარის სათანადო მონაწილეობა.
„პროცესში მონაწილეობის გამორიცხვით, თეონა ბაკურიძეს არ მიეცა შესაძლებლობა, ემოქმედა საკუთარი ინტერესების შესაბამისად და თავი დაეცვა მის მიმართ წაყენებული ბრალდებისგან, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები, დაემტკიცებინა გარკვეული გარემოებები, საკუთარი პოზიციები გაემყარებინა მოწმეების საშუალებით და ა.შ“-ამბობს EMC-ი.
ორგანიზაციის განცხადებით, მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის შრომითი საქმეების სამართლებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მენეჯმენტის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების მიღება კანონის არსებითი და აშკარა დარღვევით განხორციელდა, რაც დამსაქმებლის მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და შიდა სარედაქციო პროცესში თვითნებური ჩარევისა და ხელყოფის შინაარსს ატარებს.
EMC-ი უახლოეს დღეებში გეგმავს სამოქალაქო დავის ფარგლებში მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურში აღდგენა პირვანდელ თანამდებობებზე.
„ამასთან, თეონა ბაკურიძის საქმეზე ჩვენ მოვითხოვთ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობამდე მისი უფლებამოსილების დროებითი შეჩერების შესახებ ზომის დაუყოვნებლივ შეჩერებას. გარდა ამისა, სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია და ჩვენ გავაგრძელებთ წარმოებას საშტატო განრიგის ცვლილების თაობაზე მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეჩერებას ვთხოვთ სასამართლოს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
_________
ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან
გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.
შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.
ცეცხლი გავრცელებული იყო ქარსაცავ ზოლზე. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ტყის ხანძარია ამბროლაურში სოფელ შუა კრიხის მიმდებარედაც, რომლის ჩაქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული.
რთული რელიეფის გამო კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-მდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეცტექნიკის საშუალებით აქრობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია პირი, რომელიც ბათუმის პორტიდან გადაიყვანეს – ამის შესახებ დღეს, 9 მარტს, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.
„ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით, ბათუმში ჩამოვიდა გუშინ და ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას გემით, მაგრამ პორტში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა, ვინაიდან ჰქონდა მცირე ცხელება და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. დღეისთვის ველოდებით ლაბორატორიული კვლევის პასუხს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ინფექციურში დღეს გადაყვანილი პირი უკრაინის მოქალაქეა.
ნინო ნიჟარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 3 პირი, რომლებიც ჯანმრთელები არიან, კარანტინში იმყოფებიან და დღეს მათ თბილისში, სხვა საკარანტინო ზონაში, გადაიყვანენ.
აჭარაში სულ 30 ადამიანია კარანტინში. ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და მათ ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. „საკარანტინო პერიოდი მოიცავს 14 დღეს, როგორც კი დასრულდება 14 დღე, ისინი დატოვებენ კარანტინს და გაემგზავრებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.
9 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 15 პირია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ორიდან ერთი, ე.წ. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებული პირია, მეორე მოქალაქე კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ესპანეთიდან ჩამოსულ პირს ესპანეთში კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან.
„მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ ეს შეიძლება ჩაითვალოს იტალიის შემთხვევად. ამ ეტაპზე ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა და გამოვლენა ხდება,“ – თქვა მან.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც შემოდის ქვეყანაში, გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა, ქვეყნის და ხალხის წინაშე და ორი კვირის განმავლობაში, დარჩნენ თვითიზოლაციაში. ძალიან გთხოვთ, ყველამ ეს გაითავისეთ. ეს არის ძირითადი საფუძველი, რომელიც ჩვენთან შემოტანილი შემთხვევების გავრცელების პრევენციას მოახდენს,“ – განაცხადა დღეს, ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, მკაცრი რეკომენდაცია ჯერჯერობით მხოლოდ ირანიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან შემოსულ ადამიანებზეა. თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში დაავადების ზრდის გამო შესაძლოა ამ ჩამონათვალს სხვა ქვეყნებიც დაემატოს.
უახლესი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი წევს. აქედან 19 პირს გუშინ, 8 მარტს, ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე. 2 პაციენტის ტესტი დადებითი იყო, 16 პირის – უარყოფითი, ერთი პირის კვლევა კი ჯერჯერობით ისევ გრძელდება. ის პირები, რომელთა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ. დღეს, 9 მარტს, ახალ კორონავირუსზე ტესტი კიდევ 14 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს.
პირველი ნიშანი, რომელიც დაავადებაზე მიუთითებს, არის ტემპერატურის განვითარება ან ნებისმიერი სხვა კლინიკური ნიშანი. ასეთ შემთხვევაში პირმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს.
კორონავირუსი და გრიპი ვირუსული დაავადებებია და მათი სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ახალი ვირუსია და მას სპეციალისტები ახლა აკვირდებიან, რამდენიმე განსხვავება მაინც შეინიშნება. გაეცანით ძირითად განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
კორონავირუსი გრიპთან შედარებით უფრო გვიან ვლინდება – გადადების სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია კორონავირუსსა და გრიპს შორის. გრიპით ინფიცირებისას სიმპტომები უფრო სწრაფად ჩნდება, 3 დღეში, ხოლო COVID-19-ის [კორონავირუსი] შემთხვევაში – 5-6 დღეში. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრეც გავრცელდეს დაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე, ამჟამად, აღნიშნული თვისება არ არის მიჩნეული, როგორც დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.
კორონავირუსის ერთ შემთხვევას, გრიპთან შედარებით, უფრო მეტი შემთხვევის გამოწვევა შეუძლია – კონტაგიოზურობის ინდექსი [ერთი შემთხვევიდან რამდენიმე მეორადი შემთხვევის გამოწვევა] COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2.5-მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ორივე დაავადების შემთხვევაში შეფასება კონტექსტის და დროის ფაქტორის შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც ართულებს პირდაპირი შედარების შესაძლებლობას.
კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი მსუბუქად ან სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს – COVID-19-ის შემთხვევაში, შემთხვევების 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია, 15% – მძიმედ მიმდინარეობს და ოქსიგენოთერაპია [მკურნალობის მეთოდი ჟანგბადით] სჭირდება, ხოლო 5% კრიტიკულად მძიმეა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ხდება აუცილებელი. მძიმე და კრიტიკული შემთხვევები სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს შეიმჩნევა გრიპის შემთხვევაში.
კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები სეზონურ გრიპთან შედარებით უფრო მეტია – COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დადგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ამჟამად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სიკვდილობის უხეში მაჩვენებელი 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევების რაოდენობა გაყოფილი ინფიცირებულთა რაოდენობაზე) სავარაუდოდ უფრო დაბალი აღმოჩნდება. სეზონური გრიპის სიკვდილობა ჩვეულებრივ 0.1%-მდეა. ლეტალობა მეტწილად დამოკიდებულია ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე.
კორონავირუსი უფრო საშიშია ხანდაზმულებისთვის – გრიპით მძიმე ავადობის ყველაზე მაღალი რისკი ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებში, თანმხლები დაავადებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებშია, COVID-19-ის შემთხვევაში კი ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს.
კორონავირუსის ძირითადად ზრდასრულებიდან ვრცელდება და არა ბავშვებიდან – ბავშვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გრიპის საზოგადოებაში გასავრცელებლად. COVID-19-ის შემთხვევაში, ამჟამინდელ ცნობებზე დაყრდნობით, ბავშვებზე, ზრდასრულებთან შედარებით, დაავადება ნაკლებ ზეგავლენას ახდენს და კლინიკური დაზიანებადობის მაჩვენებელი დაბალია 0-19 ასაკობრივ ჯგუფში. ასევე, ჩინეთში ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემებით, ოჯახში დაავადება ვრცელდება მოზრდილებიდან ბავშვებზე და არა პირიქით.
__________________
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონოვარუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 9 მარტს, 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 26 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge.
„რეგისტრაციის გავლამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური 10 ლარი“- ნათქვამია ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ბათუმში, გორგასლის ქუჩის 156 ნომერში, თურქული სამედიცინო ქსელის, აჯიბადემის, ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობითი ოფისი ადამიანებს დაეხმარება ქსელის საავადმყოფოებთან პირდაპირ კომუნიკაციაში.
აჯიბადემი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას და უახლეს მეთოდებს სთავაზობს. ბათუმის ოფისის მეშვეობით, პაციენტები შეძლებენ არსებული დიაგნოზის გადამოწმებას და საჭირო დახმარების მიღებას. საქართველოს მასშტაბით ეს უკვე მეორე ოფიციალური წარმომადგენლობაა, პირველი ოფისი რამდენიმე წლის წინ თბილისში გაიხსნა.
ქეთი მალაყმაძე – ბიზნესის განვითარების სპეციალისტი:
“პაციენტს ჩვენს ოფისში შეუძლია მოიტანოს ყველა ის სამედიცინო დოკუმენტი, რაც ხელთ აქვს, ჩვენ კი ვცდილობთ დავეხმაროთ მას დისტანციურად, ექიმის რეკომენდაციაზე დაყრდნობით. ეს პირველი ეტაპი სრულიად უფასოა და ამაში შედის ასევე დოკუმენტების თარგმნაც.
რეკომენდაციების მიღების შემდგომ, თუ პაციენტი გადაწყვეტს სამკურნალოდ გამგზავრებას, ჩვენ ვახვედრებთ მას სპეციალურ კუთხეებს, ღია ოფისებს, აეროპორტში, მძღოლის მომსახურებას კლინიკამდე, უშუალოდ კლინიკაში კი მას ხვდება თავის ენაზე მოსაუბრე ადამიანი, რომელიც გაამარტივებს კომუნიკაციას ექიმსა და პაციენტს შორის. ასევე სათავო ოფისში პაციენტს ყოველთვის ჰყავს ის კადრი, რომელსაც შეუძლი მიმართოს ნებისმიერ საკითხზე.
აჯიბადემი 26 კლინიკას აერთიანებს, აქედან 21 თურქეთშია, 5 კი საზღვარგარეთ. ჩვენი კლინიკების ქსელი მულტიპროფილურია, ვთავაზობთ პაციენტებს მკურნალობას ონკოლოგიის, კარდიოლოგიის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, ნეიროქირურგიულ და სხვა მრავალი მიმართულებით. არ გვქონია შემთხვევა, როცა ჩვენთან მოსული პაციენტს ვერ შევთავაზეთ სასურველი სერვისი.”
ილიას ბენვენისტე
ილიას ბენვენისტე – საერთაშორისი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი:
“აჯიბადემი 29 წელია რაც არსებობს. ჩვენი წარმატების ფორმულა პასუხია თანამედროვე მედიცინის გამოწვევებზე. ჩვენი ექიმები, ექთნები და ასისტენტები მუდმივად ერთვებიან კვლევებში, მათ ასევე აქვთ საერთაშორისო გამოცდილება. ჩვენს კლინიკებში მომსახურების, ტექნოლოგიების და მედიკამენტების ევროპული სტანდარტი არსებობს, ხშირად კი აჯიბადემი ამ სტანდარტებს წინ უსწრებს. ვცდილობთ, ჩვენი ცნობადობა გავზარდოთ სხვა ქვეყნებშიც და ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენთან მკურნალობა. ჩვენი გასაღები ისაა, რომ მივაწოდოთ კარგი სამედიცინო სერვისები პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ჩვენი განათლების სისტემაც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისია. გვყავს ექიმები, რომლებსაც განათლება აქვთ მიღებული როგორც თურქეთში, ასევე თურქეთს გარეთ.”
ოფიციალურ ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდა თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში, მაქბულე ქოჩაკი:
მაქბულე ქოჩაკი
საქართველო თურქეთის უახლოესი მეზობელია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა შესაძლო სფეროში, მედიცინა კი ნამდვილად არ არის გამონაკლისი. ჩვენ გვაქვს ბევრი მაღალი სტანდარტის მქონე კლინიკა თურქეთში და ვიწვევთ ყველას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა მიიღონ მაღალი კლასის სამედიცინო სერვისები. ამ ახალი ინიციატივას ჩვენ მივესალმებით, რადგან ხშირია ნეგატიური გამოცდილებები, როცა ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, რომ დაუკავშირდნენ უცხოურ კლინიკებს და ამაში უწევთ უფრო მეტის გადახდა, ვიდრე ეს ღირს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სანდრო პარტნიორების არსებობა. ვფიქრობ, აჯიბადემი მათ შორისაა. პაციენტს დასაწყისშივე ექნება ზუსტი ინფორმაცია კლინიკის, ექიმების, სერვისისა და ფასების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
აჯიბადემის ოფისი ბათუმში გორგასლის 156 ნომერში მდებარეობს. სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00-მდე.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი საქართველოში 15-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა განთავსებული. ვებგვერდი საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნა.
ვებგვერდის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 141 პირია გადაყვანილი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 51 ადამიანი რჩება.
სააგენტო BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით ამ დროისთვის ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 366 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცვლილთ რიცხვმა იტალიაში 133-დან 366-მდე ერთ დღეში იმატა.
იტალიაში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 25%-ით გაიზარდა 5883 დან 7375-მდე. ჩინეთის შემდეგ შემთხვევათა ყველაზე დიდი წილი იტალიაზე მოდის.
შემთხვევათ სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთით მდებარე 15 რეგიონში საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა და ამ რეგიონებში მცხოვრებ 16 მილიონამდე ადამიანს 3 აპრილამდე სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება შეუზღუდა. ასევე შეიზღუდა ამ რეგიონებში შესვლა. კარანტინში მყოფ 15 რეგიონში:
არ ჩატარდება საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიები;
შეწყდა რელიგიური და კულტურული ღონისძიებები;
დაიხურა ღამის კლუბები, ფიტნეს დარბაზები, საცურაო აუცები, მუზეუმები და სამთო კურორტები;
რესტორნებსა და კაფეებს მუშაობა შეეძლებათ 06:00 საათიდან 18:00 საათამდე, თუმცა ვალდებულები იქნებიან, მომხმარებლები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციით დასვან;
ადამიანებმა მაქსიმალურად აარიდონ თავი სახლიდან გასვლა.
მას, ვინც კარანტინის ამ წესებს დაარღვევს, 3 თვემდე პატიმრობა ემუქრება.
10 დღით შეწყდა სწავლა მთელი იტალიის სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
დღეს თბილისში, დინამო არენაზე ეროვნულ ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. სტადიონზე ერთმანეთს დაუპირისპირდა „დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი.
მატჩი დასრულდა ფრედ 1:1
ორივე გოლი გუნდებმა მეორე ტაიმში გაიტანეს.
დღევანდელ მატჩში ანგარიში გახსნა „დინამო“ ბათუმმა – 50-ე წუთზე პირველი გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. თუმცა, ზუსტად 5 წუთში ნიკა ნინუას დარტყმული პენალტი ვერ მოიგერია ბათუმელთა მეკარემ და ანგარიში გათანაბრდა.
შემდეგ კვირაში „დინამო“ ბათუმი საკუთარ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლებს.
დღევანდელი მონაცემებით, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი 6 ქულით თბილისის „ლოკომოტივია“.
ავიაკომპანიები მასშტაბური კრიზისის წინაშე არიან კორონავირუსის გამო – წერს BBC-ი. კრიზისის პირველი მსხვერპლი უკვე გახდა ბრიტანული ავიაკომპანია Flybe, რომელიც დიდი ხანია გაკოტრების პირას იყო და კორონავირუსის გამო შემქნილი კრიზისი მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
სხვა ავიაკომპანიები ჯერჯერობით ბაზარზე რჩებიან, თუმცა კრიზისი გარდაუვალია. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ [IATA] განაცხადა, რომ ვირუსის გამო ავიაკომპანიების ბრუნვა 30 მილიარდი დოლარით შემცირდა, 5 მარტს კი ამ რიცხვმა 63 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუ კი ვირუსის გავრცელება ვერ მოხერხდება, დანაკარგი 113 მილიარდს მიაღწევს.
ახალ წლამდე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის თანახმადაც მსოფლიო ავიაციაში 4%-იანი ზრდა და 30 მილიარდის სუფთა მოგება იყო მოსალოდნელი, თუმცა ახალი წლიდან ორი თვის შემდეგ საუბარია არა ავიაკომპანიების მოგებაზე, არამედ კომპანიების გადარჩენაზე.
ბრიტანული ავიაკომპანია Flybe ფრენებს მცირე ზომის, რეგიონალური აეროპორტებიდან ასრულებდა და მისი გაკოტრება არა მარტო 2400 ადამიანს დააკარგვინებს სამსახურს, არამედ ცალკეული რეგიონების ეკონომიკას მიაყენებს ზიანს.
კორონავირუსის გავრცელების ფონზე ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორები არიან: British Airways-ი, KLM-ი, Lufthansa, United-ი და სხვები მარშრუტებს ამცირებენ, ყინავენ ინვესტიციებს და არ აჰყავთ ახალი თანამშრომლები. იმავე ზომებს მიმართავენ დაბალბიუჯეტური კომპანიები: Ryanair-ი, EasyJet-ი და Wizz Air-ი.
თუ ვირუსის გავრცელება გაგრძელდება, ავიაკომპანიებს მასშტაბური კრიზისი ემუქრებათ.