მთავარი,სიახლეები

კორონავირუსი და გრიპი – 6 განსხვავება მათ შორის

09.03.2020 • 4126
კორონავირუსი და გრიპი – 6 განსხვავება მათ შორის

კორონავირუსი და გრიპი ვირუსული დაავადებებია და მათი სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ახალი ვირუსია და მას სპეციალისტები ახლა აკვირდებიან, რამდენიმე განსხვავება მაინც შეინიშნება. გაეცანით ძირითად განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. 

კორონავირუსი გრიპთან შედარებით უფრო გვიან ვლინდება – გადადების სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია კორონავირუსსა და გრიპს შორის. გრიპით ინფიცირებისას სიმპტომები უფრო სწრაფად ჩნდება, 3 დღეში, ხოლო COVID-19-ის [კორონავირუსი] შემთხვევაში – 5-6 დღეში. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრეც გავრცელდეს დაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე, ამჟამად, აღნიშნული თვისება არ არის მიჩნეული, როგორც დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

კორონავირუსის ერთ შემთხვევას, გრიპთან შედარებით, უფრო მეტი შემთხვევის გამოწვევა შეუძლია – კონტაგიოზურობის ინდექსი [ერთი შემთხვევიდან რამდენიმე მეორადი შემთხვევის გამოწვევა] COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2.5-მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ორივე დაავადების შემთხვევაში შეფასება კონტექსტის და დროის ფაქტორის შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც ართულებს პირდაპირი შედარების შესაძლებლობას.

კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი მსუბუქად ან სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს – COVID-19-ის შემთხვევაში, შემთხვევების 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია, 15% – მძიმედ მიმდინარეობს და ოქსიგენოთერაპია [მკურნალობის მეთოდი ჟანგბადით] სჭირდება, ხოლო 5% კრიტიკულად მძიმეა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ხდება აუცილებელი. მძიმე და კრიტიკული შემთხვევები სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს შეიმჩნევა გრიპის შემთხვევაში.

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები სეზონურ გრიპთან შედარებით უფრო მეტია  – COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის დადგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ამჟამად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სიკვდილობის უხეში მაჩვენებელი 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევების რაოდენობა გაყოფილი ინფიცირებულთა რაოდენობაზე) სავარაუდოდ უფრო დაბალი აღმოჩნდება. სეზონური გრიპის სიკვდილობა ჩვეულებრივ 0.1%-მდეა. ლეტალობა მეტწილად დამოკიდებულია ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე.

კორონავირუსი უფრო საშიშია ხანდაზმულებისთვის – გრიპით მძიმე ავადობის ყველაზე მაღალი რისკი ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებში, თანმხლები დაავადებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებშია, COVID-19-ის შემთხვევაში კი ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს.

კორონავირუსის ძირითადად ზრდასრულებიდან ვრცელდება და არა ბავშვებიდან – ბავშვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გრიპის საზოგადოებაში გასავრცელებლად. COVID-19-ის შემთხვევაში, ამჟამინდელ ცნობებზე დაყრდნობით, ბავშვებზე, ზრდასრულებთან შედარებით, დაავადება ნაკლებ ზეგავლენას ახდენს და კლინიკური დაზიანებადობის მაჩვენებელი დაბალია 0-19 ასაკობრივ ჯგუფში. ასევე, ჩინეთში ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემებით, ოჯახში დაავადება ვრცელდება მოზრდილებიდან ბავშვებზე და არა პირიქით.

__________________

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონოვარუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული.

ამავე თემაზე: 

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: