მთავარი,სიახლეები

მთავარი საინფორმაციოს წამყვანობიდან თეონა თურმანიძეც მოხსნეს – აჭარის ტელევიზია

09.03.2020 • 3903
მთავარი საინფორმაციოს წამყვანობიდან თეონა თურმანიძეც მოხსნეს – აჭარის ტელევიზია

თეონა თურმანიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი აღარ იქნება. დღეს, 9 მარტს, საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც სამ საათზე გავიდა ეთერში, წამყვანმა თეონა თურმანიძემ თქვა, რომ 8 საათზე მთავარი საინფორმაციოს წაყვანა მას სამის ნახევარზე შესთავაზა საინფორმაციოს უფროსმა გიორგი აბაზაძემ. ტელეწამყვანმა თანხმობა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

„საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბაზაძემ მისაყვედურა, მასთან შეთანხმების გარეშე რატომ გამოვაცხადე თანხმობა, თუმცა მე ეთერის მიმდინარეობის დროს მისთვის მიწერილი მქონდა თანხმობა. საინფორმაციოს დაწყებამდე [საუბარია საინფორმაციოზე, რომელიც 15 საათზე გავიდა ეთერში] გიორგი აბაზაძე მთხოვდა პასუხს, თუ წავიყვადი მთავარ საინფორმაციოს. ვუთხარი, რომ საინფორმაციოს დასრულებამდე ვეტყოდი მას პასუხს,“ – გვიყვება თეონა თურმანიძემ.

თეონა თურმანიძის ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ გიორგი აბაზაძემ მას უთხრა, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას თავად წაიყვანს.

„ეთერი არ ჩავარდება“, – მოგვწერა გიორგი აბაზაძემ. მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა და არც კითხვაზე გვიპასუხა: ვინ წაიყვანს მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.
თეონა თურმანიძე მონაწილეობდა იმ საპროტესტო აქციაში, რომელიც თავისი კოლეგის – თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გაიმართა ბათუმსა და სხვა ქალაქებში.
მას შემდეგ, რაც თეონა თურმანიძემ დაწერა, რომ ის აღარ წაიყვანს მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე მას ასე გამოეხმაურა: „ანუ ეს რას ნიშნავს? ეგონა, რომ არ დათანხმდებოდა და დემოკრატია გაითამაშა? ეგეც მაგალითია, როგორ დამოუკიდებლად იღებს [გიორგი აბაზაძე] გადაწყვეტილებას.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა ფეისბუქგვერდზე დაპოსტეს ის სავარაუდო მიზეზები, რატომაც შესთავაზეს თეონა თურმანიძეს რვასაათიანი საინფორმაციოს წაყვანა.

———————————

მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი – თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორმა 6 მარტიდან ჩამოაშორა ეთერს. გიორგი კოხრეიძის ბრძანების მიხედვით, თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის ახალდანიშნულ უფროსზე – გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ამავე ბრძანების მიხედვით, დირექტორმა მხოლოდ ახალდანიშნული რედაქტორის – ფირუზ ბოლქვაძის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის კონსულტანტის – ლალი ბერძენიშვილის პოზიციები მოისმინა. დირექტორმა ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას არ მოუსმენია მხარეების, მათ შორის, თეონა ბაკურიძის პოზიცია.

გიორგი კოხრეიძის ბრძანება „ცალსახად უკანონოდ“ შეაფასეს ორგანიზაციებმა: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. თეონა ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსთან შორენა ღლონტთან და ყოფილ რედაქტორთან – მაია მერკვილაძესთან ერთად სასამართლოს მიმართავს.

გიორგი აბაზაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 4 მარტს დანიშნეს. მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ პოსტებზე აბაზაძის განმარტება შეგიძლიათ ნახოთ აქ – „ბათუმელების“ მიერ 5 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. 6 მარტს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის დისკრიმინაციული შეხედულებები ეწინააღმდეგება მაუწყებლის სტანდარტს.

____

თეონა თურმანიძე აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციოს წაიყვანს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: