მთავარი,სიახლეები

ბაკურიძე, მერკვილაძე და ღლონტი მაუწყებლის დირექტორს სასამართლოში უჩივიან – EMC

09.03.2020 •
ბაკურიძე, მერკვილაძე და ღლონტი მაუწყებლის დირექტორს სასამართლოში უჩივიან – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის საქმეებზე სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

როგორც EMC-ი წერს, მთავარი მოთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენაა.

სასამართლოსთვის მიმართვამდე კი EMC-ი ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული პრობლემური შრომითი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დეტალურ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს.

EMC-ი მიიჩნევს, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია და კრიტიკას ვერ უძლებს როგორც საშტატო განრიგში შეტანილი ცვლილებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, მაია მერკვილაძის რადიოს საინფორმაციო გამოშვებების რედაქტორის პოზიციაზე გადაყვანის ბრძანება.

შორენა ღლონტის საქმეს რაც შეეხება, რომელიც მიმდინარე წლის 28 თებერვალს “სამსახურიდან უხეში დისციპლინური გადაცდომის გამო” გაათავისუფლეს, ორგანიზაცის პირველადი შეფასებით, გამოცემული ბრძანება რამდენიმე მიმართულებითაა პრობლემური, „მათ შორის, პრობლემურია ქმედების დარღვევად შეფასების საკითხი, საქმეში დარღვეულია დისციპლინური წარმოების პროცედურები და წესები, ამასთან გამოყენებული სანქცია არ აკმაყოფილებს პროპორციულობისა და გონივრულობის პრინციპებს“.

EMC-ი ამბობს, რომ გათავისუფლებას წინ უძღვოდა ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ განახლებული დისციპლინური წარმოება, რომელიც მმართველთა საბჭოს წევრის, თამილა დოლიძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიწყო.

შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებით ირკვევა, რომ გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გასული წლის თებერვლის თვეში მასა და NDI-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მომზადებული გადაცემა გახდა. დირექტორის ბრალდებით, სადავოდ გამხდარი გადაცემა მაუწყებლის უფლებამოსილი პირებისა და ფინანსური სამსახურის გვერდის ავლით მომზადდა და შორენა ღლონტმა ფინანსური სარგებელი მიიღო. ორგანიზაციის განცხადებით, დისციპლინური დევნის მექანიზმი დამსაქმებლის ხელში ხშირად თვითნებობის და დასაქმებულის კონტროლის და ექსპლუატაციის იარაღია.

„დამსაქმებლისა და დასაქმებულის ასიმეტრიული ურთიერთობის გათვალისწინებით, მაღალია ამ მექანიზმების დაუსაბუთებლად, დასაქმებულის კონტროლისთვის და დევნისთვის გამოყენების რისკი, რის გამოც არსებითია დისციპლინური წარმოების მექანიზმები, პროცედურები და გადაწყვეტილებები მკაცრი სამართლებრივი კონტროლის ქვეშ მოექცეს,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელევიზიის დირექტორმა დროებით შეუჩერა წამყვანობის უფლება თეონა ბაკურიძეს, ახალი ამბების წამყვანს.

„ბრძანების თანახმად, თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. კერძოდ, ის ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა გ. აბაზაძეს (ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს) განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა დაკავებული პოზიცია. შესაბამისად, თეონა ბაკურიძეს დირექტორის ბრძანებით დროებით აეკრძალა ფაქტის დასრულებამდე შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და დროებით ჩამოშორდა ტელევიზიის ეთერს“.

EMC-ის შეფასებით, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანება ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია. ცალსახად დარღვეულია თეონა ბაკურიძის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების პროცედურა, რომელშიც არ იქნა უზრუნველყოფილი მხარის სათანადო მონაწილეობა.

„პროცესში მონაწილეობის გამორიცხვით, თეონა ბაკურიძეს არ მიეცა შესაძლებლობა, ემოქმედა საკუთარი ინტერესების შესაბამისად და თავი დაეცვა მის მიმართ წაყენებული ბრალდებისგან, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები, დაემტკიცებინა გარკვეული გარემოებები, საკუთარი პოზიციები გაემყარებინა მოწმეების საშუალებით და ა.შ“-ამბობს  EMC-ი.

ორგანიზაციის განცხადებით, მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის შრომითი საქმეების სამართლებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მენეჯმენტის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების მიღება კანონის არსებითი და აშკარა დარღვევით განხორციელდა, რაც დამსაქმებლის მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და შიდა სარედაქციო პროცესში თვითნებური ჩარევისა და ხელყოფის შინაარსს ატარებს.

EMC-ი უახლოეს დღეებში გეგმავს სამოქალაქო დავის ფარგლებში მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურში აღდგენა პირვანდელ თანამდებობებზე.

„ამასთან, თეონა ბაკურიძის საქმეზე ჩვენ მოვითხოვთ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობამდე მისი უფლებამოსილების დროებითი შეჩერების შესახებ ზომის დაუყოვნებლივ შეჩერებას. გარდა ამისა, სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია და ჩვენ გავაგრძელებთ წარმოებას საშტატო განრიგის ცვლილების თაობაზე მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეჩერებას ვთხოვთ სასამართლოს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: