მთავარი,სიახლეები

ბათუმში მძღოლებს ჭარბი ოდენობით მგზავრთა გადაყვანისთვის დააჯარიმებენ – COVID19

10.03.2020 • 3624
ბათუმში მძღოლებს ჭარბი ოდენობით მგზავრთა გადაყვანისთვის დააჯარიმებენ – COVID19

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებს მერია გააფრთხილებს მგზავრთა ჭარბი ნაკადის გადაყვანის გამო. მგზავრების ჭარბი ნაკადის გადაყვანა განსაკუთრებით საღამოს და პიკის საათებშია, განსაკუთრებით კი, ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში.

ბათუმის მერიის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, მიკროავტობუსში იმდენი მგზავრი უნდა იყოს, რამდენი სკამიცაა, მძღოლების უმეტესობა კი ამ რეგულაციებს ხშირად არ იცავს.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს დღეს, 10 მარტს, გააფრთხილებენ, რომ მგზავრთა გადაყვანისას დაიცვან რეგულაციები და არ შექმნან ვირუსის გავრცელების საფრთხე.

„მუნიციპალურ ინსპექციას აქვს ვალდებულება რეაგირება გააკეთოს დარღვევებზე და საჭიროების შემთხვევაში დააჯარიმოს კიდეც მძღოლი. დღეს ჩვენ გავაფრთხილებთ ყველა გადამზიდავ კომპანიას, რომ დაიცვან სანებართვო პირობები და მგზავრთა გადაყვანის წესი,“ – ამბობს მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე.

რეგულაციების დარღვევის გამო მძღოლების დაჯარიმების უფლებამოსილება აქვს „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციას“, სადაც გვეუბნებიან, რომ  „იმ ხაზებზე, სადაც ფიქსირდება მგზავრთა გადაჭარბებული რაოდენობით ტრანსპორტირება, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მძღოლებს მიეცემათ გაფრთხილება. დარღვევის შემთხვევაში კი, მძღოლები დაჯარიმდებიან“.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სანებართვო პირობების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. WHO-ს რეკომენდაციაა, რომ ადამიანებმა თავშეყრის ადგილებში სანიტარულ-ჰიგიენური წესები და გარკვეული დისტანცია დაიცვან.

იმ ქვეყნებში კი, სადაც კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული, ადამიანები ერიდებიან საქალაქო ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილებას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი 15 ადამიანს  დაუდასტურდა.

ბათუმის მერიამ მიკროავტობუსების დეზინფექცია დაიწყო – კორონავირუსის პრევენცია

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: