მთავარი,სიახლეები

შენობაში სველი წერტილის არმქონე სკოლებისთვის 745 000 ლარის სადეზინფექციო ხსნარს იყიდიან

09.03.2020 • 2986
შენობაში სველი წერტილის არმქონე სკოლებისთვის 745 000 ლარის სადეზინფექციო ხსნარს იყიდიან

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე იმ სკოლებისთვის, რომლებსაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მექანიკურ დისპენსერებსა და სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ.

5 ათასი ცალი დისპენსერისა და 80 ათასი ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის შესაძენად 745 ათასი ლარი დაიხარჯება.

სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლის თითქმის ნახევარს – 1 299 სკოლას – არ აქვს წყალმომარაგების სისტემა [საპირფარეშოები] შენობის შიგნით. ასეთ სკოლებში 107 101 მოსწავლე სწავლობს.

„ვინაიდან ჰიგიენური ნორმები ნაკლებადაა დაცული იმ საჯარო სკოლებში, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მიზანშეწონილია მექანიკური დისპენსერი და სადეზინფექციო ხსნარი შესყიდულ იქნეს სწორედ ასეთი სკოლებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შესაძლებელია მოსწავლეთა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სადეზინფექციო ხსნარის მოხმარებამ გადააჭარბოს მოლოდინს, შესაბამისად საჭიროა გაიზარდოს შესასყიდი მექანიკური დისპენსერისა და სადეზინფექციო ხსნარის მოცულობა და ნაცვლად 2600 ცალი დისპენსერისა, შესყიდულ იქნეს 5000 ცალი, ხოლო 58 000 ლიტრის ნაცვლად შესყიდულ იქნება 80 000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი,“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

შერჩეული კომპანიისგან დისპენსერებს და ხსნარს სააგენტო ტენდერის გარეშე შეისყიდის.

2020 წლის 16 მარტამდე სკოლებში არდადეგებია. გახანგრძლივდება თუ არა არდადეგეგბი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით ფასთა კვლევა ჩაატარა.

ამ თემაზე:

არდადეგები დაიწყო – სკოლებში ჩატარდება დეზინფექცია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: