მთავარი,სიახლეები

კორონავირუსი ესპანეთიდან ჩამოსულ პირს დაუდგინდა: მე-15 შემთხვევა

09.03.2020 • 2883
კორონავირუსი ესპანეთიდან ჩამოსულ პირს დაუდგინდა: მე-15 შემთხვევა

9 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 15 პირია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ორიდან ერთი, ე.წ. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებული პირია, მეორე მოქალაქე კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ესპანეთიდან ჩამოსულ პირს ესპანეთში კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან.

„მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ ეს შეიძლება ჩაითვალოს იტალიის შემთხვევად.  ამ ეტაპზე ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა და გამოვლენა ხდება,“ – თქვა მან.

მარინა ეზუგბაია საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციას აძლევს.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც შემოდის ქვეყანაში, გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა, ქვეყნის და ხალხის წინაშე და ორი კვირის განმავლობაში, დარჩნენ თვითიზოლაციაში. ძალიან გთხოვთ, ყველამ ეს გაითავისეთ. ეს არის ძირითადი საფუძველი, რომელიც ჩვენთან შემოტანილი შემთხვევების გავრცელების პრევენციას მოახდენს,“ – განაცხადა დღეს, ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მკაცრი რეკომენდაცია ჯერჯერობით მხოლოდ ირანიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან შემოსულ ადამიანებზეა. თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში დაავადების ზრდის გამო შესაძლოა ამ ჩამონათვალს სხვა ქვეყნებიც დაემატოს.

უახლესი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი წევს. აქედან 19 პირს გუშინ, 8 მარტს, ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე.  2 პაციენტის ტესტი დადებითი იყო, 16 პირის – უარყოფითი, ერთი პირის კვლევა კი ჯერჯერობით ისევ გრძელდება.  ის პირები, რომელთა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ. დღეს, 9 მარტს, ახალ კორონავირუსზე ტესტი კიდევ 14 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს.

პირველი ნიშანი, რომელიც დაავადებაზე მიუთითებს, არის ტემპერატურის განვითარება ან ნებისმიერი  სხვა კლინიკური ნიშანი. ასეთ შემთხვევაში პირმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან ინფექციურ საავადმყოფოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: