მთავარი,სიახლეები

„გვემორჩილებიან“ – გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პატრული ამოწმებს

09.03.2020 • 2898
„გვემორჩილებიან“ – გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პატრული ამოწმებს

დაავადებათა ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონული სამმართველოს ბოლო მონაცემებით, გურიაში 17 ადამიანი იმყოფება იძულებით თვითიზოლაციაში.

ოზურგეთში თვითიზოლაციაში 14 პირი იმყოფება, ჩოხატაურში – 2 და ლანჩხუთში 1 პირი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში არჩილ მჟავია ამბობს „ბათუმელებთან“, გუშინ, 8 მარტს, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა წესები დაარღვიეს, რის გამოც ცენტრის წარმომადგენელს მათ გასაფრთხილებლად საპატრულო ეკიპაჟების ჩართვა მოუხდა.

„შტაბის სხდომა გვქონდა  გუშინ და შემოვიდა ინფორმაცია, რომ თვითიზოლირებულები არღვევდნენ წესებს და გარეთ გამოვიდნენ.  ამიტომ მოგვიხდა საპატრულო ეკიპაჟის ჩართვა, ჩამოვიარეთ და ადგილზე გადავამოწმეთ ყველა. ასევე, გავაფრთხილეთ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კარანტინში გადავიყვანდით. ჯერჯერობით გვემორჩილებიან,“ – ამბობს არჩილ მჟავია.

საკარანტინო ზონაში ლანჩხუთში ჩინეთის 14 მოქალაქე იმყოფებოდა, ისინი ბათუმი-ხაშურის მაგისტრალის მშენებლობაზე არიან დასაქმებული და საქართველოში ვირუსის გავრცელების შემდეგ შემოვიდნენ.

„საკარანტინო ზონა თვითონ მოაწყეს ჩინელებმა და ზედმიწევნით იცავდნენ რეკომენდაციებს. გუშინწინ ბოლო დღე ჰქონდათ და რადგან ვირუსი არ დაუდასტურდათ, შეუდგნენ მუშაობას,“- გვითხრა არჩილ მჟავიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: