მთავარი,სიახლეები

როგორ გამოიყურება ეპიდემიის გამო დახურული ჩრდილოეთ იტალიის წითელი ზონა [ფოტო]

09.03.2020 • 3732
როგორ გამოიყურება ეპიდემიის გამო დახურული ჩრდილოეთ იტალიის წითელი ზონა [ფოტო]

კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფი ტემპით ზრდის გამო გამო იტალიის ჩრდილოეთით მდებარე 15 რეგიონში კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში ბოლო მონაცემებით 366-მდე გაიზარდა. ერთ დღეში იტალიაში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა: 5883-დან 7375-მდე.

ე.წ. წითელ ზონაში მოექცა ლომბარდია, მოდენა, პარმა, პიაჩენცა, რეჯო ემილია, რიმინი, პეზაროს და ურბინოს პროვინცია, ალესანდრია, ასტი, ნოვარა, ვერბანო-კუსიო-ოსოლა, ვერჩელი, პადუა, ტრევიზო და ვენეცია. კარანტინია მილანსა და ფლორენციაშიც.

წყარო: BBC

იტალიის ამ რეგიონებში 16 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. უსაფრთხოების ნორმების მიხედვით, 3 აპრილამდე მათ სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება ეკრძალებათ. დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. იტალიის მთელ ტერიტორიაზე 10 დღით შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში, დაიხურა ღამის კლუბები, ფიტნესდარბაზები, საცურაო აუზები, მუზეუმები, კურორტები, შეწყდა რელიგიურ-კულტურული ღონისძიებები და ა.შ. კარანტინის წესების დარღვევისთვის სასჯელი 3-თვიანი პატიმრობაა.

მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყურება ახლა იტალიის ჩრდილოეთით, კარანტინის წითელ ზონაში მოქცეული რეგიონები.

მილანის საკათედრო ტაძარი, იგივე Duomo di Milano ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარეობს, ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარია იტალიაში, ხოლო მსოფლიოში — სიდიდით მეოთხე. აქ ყოველთვის ტურისტების სიმრავლეა, თუმცა მას შემდეგ, რაც 8 მარტს იტალიაში 3 აპრილამდე კარანტინი გამოცხადდა, ხალხმრავალი ადგილი ასე გამოიყურება.

ვენეციის მსგავსად, მილანში, ნავიგლის რაიონშიცაა წყლის არხები. ეს ადგილი ყველა ტურისტულ რუკაზეა დატანილი, როგორც აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი. დუომოს მსგავსად აქაურობა ახლა ცარიელია, როცა სხვა დროს არხი ნავებით იქნებოდა სავსე.

Apple-ის ყველაზე დიდი ცენტრი და მაღაზია მილანში 2018 წელს გაიხსნა Piazza Liberty-ზე. ცენტრს ჩვეულებრივ უამრავი ტურისტი და ადგილობრივი სტუმარი ჰყავდა ყოველდღიურად. იტალიის ჩრდილოეთში, კარანტინის წესების თანახმად, თავშეყრის სხვა ადგილების მსგავსად, Apple-ის ცენტრიც დაიხურა.

Corso Buenos Aires – ერთ-ერთი მთავარი ქუჩა მილანის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც 350-ზე მეტი მხოლოდ ტანსაცმლის მაღაზიაა. აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა და ავტომანქანების სიმრავლეა. ქუჩის სტუმრები ხშირად ის ტურისტები არიან, ვინც მილანში დიდი არჩევანის გამო ჩადიან სამოსის შესაძენად. ეპიდემიის მზარდი ტენდენციის გამო ქუჩა ახლა ცარიელია.

ფოტო: Milano today

ქუჩა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ კოდონოში. ქუჩაზე ძირითადად საცხოვრებელი სახლებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოსახლეობას ინფექციის მზარდი ტენდენციის გამო შინ დარჩენისკენ მოუწოდა, ხალხი ქუჩაში გამოსვლისგან თავს იკავებს.

ფოტო: Reuters

ჩვეულებრივ ხალხმრავალი და ახლა დაცარიელებული ტურისტული ქუჩა მილანში, სადაც ტრამვაის ხაზი გადის.

ქუჩა მილანში


გადაბეჭდვის წესი


ასევე: