Batumelebi | ბათუმის ინფექციურში 9 მარტს შეყვანილ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა ბათუმის ინფექციურში 9 მარტს შეყვანილ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის ინფექციურში 9 მარტს შეყვანილ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

უკრაინის მოქალაქეს, რომელიც გუშინ ბათუმის პორტიდან გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ უთხრა.

„ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით. ბათუმში ჩამოვიდა 8 მარტს. ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას გემით, მაგრამ პორტში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა, ვინაიდან ჰქონდა მცირე ცხელება და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. დღეისთვის ველოდებით ლაბორატორიული კვლევის პასუხს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში ამ დროისთვის სულ 30 ადამიანია კარანტინში. ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და მათ ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. „საკარანტინო პერიოდი მოიცავს 14 დღეს, როგორც კი დასრულდება 14 დღე, ისინი დატოვებენ კარანტინს და გაემგზავრებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი ამ დროისთვის 15 პირს აქვს დადასტურებული. კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში – 56.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.