მთავარი,სიახლეები

იტალიის პრემიერმა იტალია წითელ ზონად გამოაცხადა

10.03.2020 • 5209
იტალიის პრემიერმა იტალია წითელ ზონად გამოაცხადა

იტალია წითელ ზონად ოფიციალურად გამოცხადდა. რაც ნიშნავს იმას რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა სკოლა და უნივერსიტეტი 2020 წლის 3 აპრილამდე, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება და დაწესდა შეზღუდვები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.

ინფორმაცია ქვეყნის წითელ ზონად გამოცხადების შესახებ დღეს, 9 მარტს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააცნო ჟურნალისტებს. იტალიის მთავრობამ რადიკალური ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადაწყვიტა.

“დრო აღარ არის და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ციფრები გვეუბნება რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება. ამიტომ ჩვენი ჩვევები უნდა შეიცვალოს. მე ვაპირებ დაუყოვნებლივ გავატარო მკაცრი ზომები.  ვაპირებ ხელი მოვაწერო კანონს, რომელიც შეიძლება გაიგოთ ასე –  “მე სახლში ვრჩები”. შედეგად (როცა კარანტინი დასრულდება), იტალია აღარ იქნება წითელი ზონა. იტალია იქნება დაცული ტერიტორია,” – განაცხადა ჯუზეპე კონტემ პრესკონფერენციაზე.

შეზღუდვები მთელს ნახევარკუნძულზე  სამშაბათიდან, 10 მარტიდან გავრცელდება და 3 აპრილამდე გაგრძელდება. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლებში და გარეთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანებმა, მუსიკოსებმა, ბლოგერებმა მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად დაიწყეს ვიდეოების ჩაწერა და სოციალურ ქსელში განთავსება ჰეშთეგით #iorestoacasa – მე სახლში ვრჩები.

სხვადასხვა იტალიური ონლაინ გამოცემები ავრცელებენ კადრებს, თუ როგორ აფრთხილებს ჟანდარმერია მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან და სახლებში დარჩნენ.

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა – დაავადებულია გუშინდელთან შედარებით 1,598-ით მეტი, გარდაცვლილია 97-ით მეტი. თუმცა, გამოჯანმრთელდა 724 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: