მთავარი,სიახლეები

სამხედრო კონფლიქტი საქართველოდან 700 კილომეტრში – „ზავი დროებითია“

09.03.2020 • 2922
სამხედრო კონფლიქტი საქართველოდან 700 კილომეტრში – „ზავი დროებითია“

„ძალიან მყიფეა ეს მშვიდობა, შეთანხმება დროებითი ზავის ფუნქციას უფრო ასრულებს,“ – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი. მას იდლიბის  პროვინციაში სამხედრო დაპირისპირების შესახებ ვესაუბრეთ, ადგილზე, სადაც 27 თებერვალს 33 თურქი ჯარისკაცი მოკლეს, რის შემდეგაც იგივე ტერიტორია თურქეთის სამხედრო ძალებმა დაბომბეს და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. შემდეგ იყო პუტინსა და ერდოღანს შორის შეთანხმება,  თუმცა კონფლიქტის განახლებას ისევ ელიან.

იდლიბის პროვინცია საქართველოდან 700 კილომეტრითაა დაშორებული. რა გავლენას ახდენს ქვეყნის ახლო სამეზობლოში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება საქართველოზე და რას უნდა ველოდოთ? – „ბათუმელებმა“ ზურაბ ბატიაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ზურაბ, ექსპერტები დასავლეთში, იდლიბის პროვინციაში, ახალ კონფლიქტს ელიან. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დარღვევის ფაქტები უკვე იყო, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის. ამ შეთანხმებაში არის დასაზუსტებელი პარამეტრები, დეტალები… გზაზე, რომელიც აკავშირებს ალეპოს და ლატაკიას, უნდა დაიწყოს ერთობლივი პატრულირება, ასევე უნდა მოეწყოს უსაფრთხოების კორიდორი. რა წესები იფუნქციონირებს ამ კორიდორში, ვინ დაიცავს, ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი და ასე შემდეგ… ანკარაში მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები.

ზურაბ ბატიაშვილი

  • რამდენად არსებობს რესურსი, რომ რუსეთ-თურქეთის შეთანხმების პირობები შესრულდეს? 

თურქეთი და რუსეთი არ არიან სტრატეგიული პარტნიორები, მათ განსხვავებული მიდგომები და ინტერესები ამოძრავებთ რეგიონში. შესაბამისად, გრძელვადიანად ეს ვერ იმუშავებს, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ მხოლოდ თურქეთი და რუსეთი არ არიან ამ კონფლიქტის მონაწილეები, იქ არის ასევე „ალქაიდასთან“ დაახლოებული ორგანიზაცია – „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელიც ძირითად საბრძოლო ელემენტს წარმოადგენს, პროირანული, პროქურთული ძალები, რომლებსაც ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათთვის ეს შეთანხმება შესაძლოა მთლად მისაღები არ იყოს. საკმარისია, ერთ-ერთმა ძალამ მაინც მიიჩნიოს საჭიროდ, დაიწყოს სროლა და მეორე აჰყვება… შესაბამისად, ძალიან მყიფეა ეს მშვიდობა, დროებითი ზავის ფუნქციას უფრო ასრულებს, ვიდრე გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას.

  • რა შეიძლება მოხდეს? 

რთულია იმის თქმა, როდის შეიძლება დაირღვეს ეს შეთანხმება და ვინ დაარღვევს ამას… ამ პროცესს, რაც ახლა არსებობს რუსეთსა და თურქეთს შორის, აქვს თავისი ლიმიტები და პროცესმა აჩვენა ეს. ამ ლიმიტების არსებობამ გამოიწვია ეს დაპირისპირებაც. რუსეთსა და თურქეთს შორის ძირითადად შეთანხმება არის ტაქტიკურ საკითხებზე და თანხმობა არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი.

  • ანუ ისევ არსებობს სამხედრო დაპირისპირების საფრთხე? 

გარანტირებული არაფერია, თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გადაჭრით როდის შეიძლება მოხდეს, ძნელი სავარაუდოა, ან რა გარემოებაში შეიძლება მოხდეს და ჩვენთვისაც ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია.

  • ჩვენზე, საქართველოზე რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი და ახდენს უკვე?

პირველი, რა გავლენასაც უკვე ახდენს, არის ის, რომ საომარი მოქმედებების პირობებში გაუფასურდა თურქული ლირა – ეკონომიკური პრობლემების გამწვავება აისახა ლირის კურსზე. ასეულობით ჩვენი მოქალაქე, რომელიც თურქეთში მუშაობით იღებს ხელფასს თურქულ ლირაში, ყიდულობს უფრო მყარ ვალუტას და აგზავნის საქართველოში, ახლა მათ უფრო მცირე ოდენობის მყარი ვალუტის შეძენა შეუძლიათ. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, კიდევ უფრო ცუდად აისახება ლირის კურსზე.

ამ კონფლიქტს აქვს უსაფრთხოების განზომილებაც: იგივე ჯიჰადისტურ ორგანიზაციებში იბრძვიან კავკასიური წარმოშობის და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები. იმ შემთხვევაში, თუ იდლიბის ტერიტორიაზე რუსეთი და ასადი დაამყარებენ კონტროლს, მათ მოუწევთ გადმოსვლა თურქეთში და ამ შემთხვევაში, როგორც ეს მოხდა ჩატაევის და მის რაზმთან დაკავშირებით, მათ შეიძლება გეზი საქართველოსკენ აიღონ. ესაა უსაფრთხოების განზომილება, რაც იდლიბის კონფლიქტს ჩვენთვის გააჩნია.

იმედია, ამ კონფლიქტს არ ექნება უფრო მეტი ესკალაცია. თუ კიდევ უფრო გაღრმავდა კონფლიქტი, შესაძლოა, შავ ზღვაზე გადმოინაცვლოს ამ დაპირისპირებამ, რაც იმედია, არ მოხდება.

  • ძირითადად რაზეა დამოკიდებული დღეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება? 

ძალიან ძნელია ამ მშვიდობის დამყარება და მისი შენარჩუნება, რადგან ახლო აღმოსავლეთი ბოლო ათეული წლებია დახუნძლულია პრობლემებით, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური, რესურსების, წყლის, ნავთობის, გადაადგილების კუთხით. ეს იმდენად გადახლართულია ერთმანეთში, რომ მათი მოგვარების ალბათობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ამ კონფლიქტმა აჩვენა ისიც, რომ იდლიბში სამხედრო მოქმედებების გააქტიურების შედეგად რუსეთმა აჩვენა საკუთარი როლი, რომ მისი სიტყვა მნიშვნელოვანია.

  • ნატო რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ამ კონფლიქტში, რადგანაც თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა? 

მეხუთე მუხლი, რომელიც მთავარია ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებაში, არ ეხება წევრი ქვეყნების გარეთ არსებულ ტერიტორიებს. შესაბამისად, ეს არ გავრცელდა სირიაზე. რაც გავრცელდა ამ კონფლიქტზე, ესაა მეოთხე მუხლი და მხარდაჭერა მიიღო თურქეთმა, თუმცა ეს არაა სამხედრო მხარდაჭერა. ამ ტიპის მხარდაჭერა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ნატოს პირდაპირ ფუნქციაში ეს თემა არ შედის. ცალკეული განცხადებები იყო იგივე აშშ-ს მხრიდან, თუმცა ეს იყო მხოლოდ განცხადებები დ ამის იქეთ არ წასულა საქმე. ნატო იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ მის წევრ ქვეყანაზე, ანუ თურქეთზე მოხდება თავდასხმა.

  • თანამეგობრობის რეაქციები და ჩართულობა რამდენად ახდენს გავლენას ამ პროცესზე? 

ბუნებრივია, ყველა მიესალმება მშვიდობას, განსაკუთრებით ევროპა, რომელსაც არ სურს ლტოლვილთა ახალი ნაკადი დაიძრას ევროპისკენ. თუმცა, როგორც ნებისმიერი კონფლიქტის დროს ხდება, რეაქციები და მოწოდებები ნაკლებად ახდენს გავლენას მსგავს პროცესზე. უფრო ეფექტურია, როცა კონფლიქტში მონაწილე მხარეები თავად მიიღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/397465/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: