მთავარი,სიახლეები

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

23.01.2020 • 3313
„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან იმ ტერიტორიის ამოღებას ითხოვს, სადაც 15-სართულიანი შენობის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. ასე კომპანია შეძლებს თავიდან აირიდოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოსთან შეთანხმების ვალდებულება, რაც მისთვის ერთგვარი ბარიერია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან სასურველი ნებართვის მისაღებად. სააგენტოში განგვიმარტეს, რომ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მისი განხილვა დღის წესრიგში დგას.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ 15-სართულიანი პროექტი ბათუმის ბულვარში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ, გასულ თვეს არ შეითანხმა. გადაწყვეტილების მიმღებთაგან ბევრმა დააფიქსირა პოზიცია, რომ პროექტი მოსწონს, „აღფრთოვანებულია“, მაგრამ სამსჯელოა, რამდენად შეესაბამება ის ბულვარის განაშენიანებას. ამის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ, მისი აზრით, კომპანიამ უნდა ააშენოს მხოლოდ იმ სიმაღლის შენობა, რაც უკვე შეთანხმებულია.

კომპანიას მხოლოდ 4-სრთულიანი შენობის მშენებლობის, პლუს მიწისქვეშა სამი სართულის აშენების ნებართვა აქვს.

მშენებლობის მასშტაბების საკითხის განხილვისას, ძეგლების საბჭოს სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დაგეგმილია მეხუთე კლასის მშენებლობა, ამიტომაც პროექტს ნებართვის მისაღებად, საბჭოს თანხმობის მიღების შემდეგ, პირდაპირ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში გააგზავნიან.

რატომ შეიძლება ჩაითვალოს 15-სართულიანი შენობა მეხუთე კლასის მშენებლობად სხდომაზე არავის განუმარტავს. მოგვიანებით კი ამ საკითხზე სააგენტოში გვიპასუხეს: „სავარაუდოდ იმიტომ, რომ განიხილება შადრევნის მოწყობა, წყალი ფასადიდან გადმოვა“. აქედან გამომდინარე, ძეგლების დამცველებს მიაჩნიათ, რომ კომპანიას ურჩევნია ნებართვა პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღოს და ეს მისთვის უფრო მარტივ პროცედურა იქნება.

დოკუმენტურად დასტურდება ისიც, რომ საბჭოსთან შეთანხმება პრობლემური იქნებოდა, რაც კომპანიამ გაცილებით ადრე გათვალა.

პროექტში ცვლილების საკითხი ძეგლების საბჭომ 2019 წლის 30 დეკემბერს განიხილა, გაცილებით ადრე, 2019 წლის 28 იანვარს კი „ამბასადორი ბათუმმა“ წერილობით მიმართა სააგენტოს და თავისი ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება ითხოვა.

კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მისწერა, რომ 2015 წელს, ბულვარის საზღვრების დადგენის შემდეგ, ამ საზღვრებში მოაქციეს მისი კერძო საკუთრება, მაგრამ თავად, როგორც დაინტერესებული მხარე, ამ საკითხის განხილვისას არ მიიწვიეს [კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2015 წელს ბათუმის ბულვარის საზღვრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შეცვალა].

კომპანიის მოთხოვნა და არგუმენტები ეროვნული სააგენტოსთვის გაუგებარი აღმოჩნდა. უწყება დაინტერესდა რა მოსაზრება აქვს ამ საკითხზე აჭარის სააგენტოს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც არ მიუღია.

„ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. 2015 წელს ჩვენ ბულვარის საზღვრები დავაკორექტირეთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნით, ამიტომაც გვაინტერესებდა ამ სააგენტოს არგუმენტი, თუ რის საფუძველზე ითხოვს კომპანია საზღვრების დაკორექტირებას. როცა დაინტერესებულ პირს განაცხადი აქვს შემოტანილი, ეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია“, – გვითხრა სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა ალექსი ჩიხრაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის ბულვარის საზღვრებიდან ამოიღებენ ტერიტორიას, რომელიც „ამბასადორი ბათუმს“ ეკუთვნის, მაშინ კომპანია გაცილებით მარტივად შეძლებს 15-საერთულიანი პროექტის ნებართვის მიღებას.

ამავე თემაზე:

ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას 

ორ წელზე მეტია „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ოთხსართულიანი შენობისთვის საძირკველს თხრის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: