მთავარი,სიახლეები

ვინ არის კანონიერი ქურდი, რომელიც „საბოლოო გადაწყვეტილებას“ იღებდა

22.05.2020
ვინ არის კანონიერი ქურდი, რომელიც „საბოლოო გადაწყვეტილებას“ იღებდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 14 ბრალდებულს, რომლებიც „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ დააკავეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 22 მაისს, ჩატარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესს მხოლოდ ერთი ბრალდებული არ ესწრებოდა, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ქურდული გარჩევების დროს საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს ბრალდებული საზღვარგარეთ იმყოფება და მასზე ძებნა უკვე გამოაცხადეს.

გამოძიების ვერსიით, 14-დან ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთ მყოფი გ.ღ-ა. რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით, კანონიერ ქურდად ცნობილი გიორგი ღოღელიანი, იგივე მეტსახელად „ნიკალაა“.  პროკურატურის მტკიცებით ამ ქურდულ გარჩევებში საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ღოღელიანი იღებდა.

ბათუმში, თბილისში, ცაგერსა და ხაშურში „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ 13 პირი 20 მაისს დააკავეს. გუშინ ამავე საქმეზე გიორგი ღოღელიანს წარუდგინეს ბრალი დაუსწრებლად. პროკურატურას ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა საქმის მასალების მიხედვით, „საზღვარგარეთ მცხოვრები კანონიერი ქურდი“ გიორგი ღოღელიანია. დღევანდელ პროცესზე ღოღელიანს ადვოკატი არ ჰყავდა. მასაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ – გ.ღ. -ს, რომელიც სხვადასხვა დავასთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეში ერთ-ერთი მოწმე ბიზნესმენია, რომელიც 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გიორგი ღოღელიანი, მეტსახელად „ნიკალა“, 2005 წელსაც იყო კანონიერი ქურდობის მუხლით დაკავებული. ადვოკატების თქმით, იგი ამ დროისთვის საბერძნეთშია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: