მთავარი,სიახლეები

სარა ჯოზეფინა ბეიკერი – ქალი, რომელმაც 90 ათასამდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

22.05.2020 • 1532
სარა ჯოზეფინა ბეიკერი – ქალი, რომელმაც 90 ათასამდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

მეოცე საუკუნის დასაწყისში მიკრობების თეორიას და პროფილაქტიკურ მედიცინას ალმაცერად უყურებდნენ, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თავდაპირველად სრულიად რიგითმა წარმომადგენელმა, დაავადებების გამომწვევი მიკრობების რეალური  საფრთხე დაანახა ფართო საზოგადოებას ნიუ იორკში, შემდეგ კი მთელ ამერიკაში და თავისივე ინიციატივებით გატარებული ცვლილებებით ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა. მეოცე საუკუნის დასაწყისში სარა ჯოზეფინა ბეიკერმა დედათა და ბავშვთა მედიცინაში შემოიღო პროგრამები, რომლებიც დღემდე მოქმედებს არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ვრცელი სტატია ბეიკერის შესახებ BBC-მ მოამზადა. ,,ბათუმელები” ამ მასალის შემოკლებულ თარგმანს გთავაზობთ.

,,სიკვდილის ზონა“ – ასე ეძახდნენ ნიუ იორკის ჯანდაცვის ინსპექტორები მანჰეტენის ისტ-საიდს, ღარიბთა უბანს, სადაც პატარ-პატარა სახლებში უამრავი ადამიანი ცხოვრობდა ერთად. ამ დასახლებაში მუცლის ტიფის, წითელას, დიზენტერიის და სხვა ინფექციური დაავადებების ბევრი მატარებელი იყო. მუშათა მრავალბინიანი, მჭიდრო დასახლება, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები არ იყო დაცული, დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების გავრცელებისთვის კარგ პირობებს ქმნიდა.

ასეთი დასახლებების პრობლემებს ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ყურადღების მიღმა ტოვებდა. 1908 წელს ბავშვთა ჰიგიენის დეპარტამენტის დირექტორი სარა ჯოზეფინა ბეიკერი გახდა და პრაქტიკული მიდგომების გამოყენება დაიწყო: გადაწყვიტა მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების შესწავლა, დააარსა რძის პუნქტი – საიდანაც მშობლებს შვილებისთვის ნატურალური რძის წაღება შეეძლოთ, შეკრიბა მომზადებული მედდები, გათვითცნობიერებული დედები და მათი საქმიანობა ბავშვთა ჰიგიენის, მიკრობებით გამოწვეული დაავადებების პრევენციისკენ მიმართა.

იმ დროს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. მხოლოდ ნიუ-იორკში ბავშვების მესამედი ხუთ წლის ასაკამდეც ვერ აღწევდა. ყოველ წელს საშუალოდ 1500 ბავშვი იღუპებოდა ქალაქში.

ბეიკერმა შენიშნა, რომ კოლეგა ინსპექტორები დაავადებულ ბავშვებს დაუდევრად აღრიცხავდნენ და ქალაქის ყველა რაიონში არ დადიოდნენ შესამოწმებლად.

ბეიკერი თავად დადიოდა უბნებში, სადაც სხვა დროს არავინ დადიოდა, 30-წლიანი სამუშაო კარიერა მან მთლიანად მიუძღვნა ნიუ-იორკის ღარიბთა უბნების, მუშათა დასახლებების შესწავლას, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას და ბავშვთა ჰიგიენის სწავლებას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, ბეიკერმა მთელი ძალისხმევა მრავალბინიანი, ღარიბთა დასახლებებისკენ მიმართა, სადაც მიკრობული დაავადებების კერები იყო. /ფოტო: bbc; Hulton Archive/Getty Images

1930 წლისთვის, როცა ბეიკერი პენსიაში გავიდა, ამერიკული პრესა წერდა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში მისი წვლილის შედეგად ნიუ იორკში 90 ათასამდე ბავშვი გადაურჩა სიკვდილს. ბეიკერის შემდეგ ნიუ იორკის ღარიბთა უბნებისთვის ,,სიკვდილის ზონა“ აღარავის უწოდებია. მან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით შექმნა პრეცედენტი, რაც შემდეგ სხვა ქალაქებშიც დაინერგა.

ბეიკერს მედიცინა მაღალი იდეებისა და სიკეთის კეთების სურვილის გამო არ აურჩევია, მიზეზი ბევრად პროზაული იყო: გოგოს მამა და ძმა ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა, მცირეწლოვანი დის აღზრდა და დედის მოვლა მის პასუხისმგებლობად იქცა. უარი თქვა ვასარის კოლეჯზე და ნიუ იორკის ლაზარეთში დაიწყო სწავლა ქალთა მედიცინის სკოლაში.

სწავლის დამთავრების შემდეგ, 1898 წელს, ერთწლიანი სტაჟირება გაიარა ბოსტონის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში. დიდი ქალაქის ყველაზე ღარიბ მოსახლეობასთან მუშაობამ მას ბევრი რამ დაანახა. ბავშვების შესამოწმებლად ბინიდან ბინაში სიარულისას ის ხედავდა როგორ ცხოვრობდა მუშათა ღარიბი კლასი მიტოვებულ უბნებში, ანტისანიტარიასა და შეუფერებელ პირობებში, სადაც შეუძლებელი იყო ბავშვების ნორმალურად აღზრდა.

სტაჟირების შემდეგ ბეიკერი დაბრუნდა ნიუ იორკში და მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბავშვთა ჰიგიენის მიმართულების დირექტორი გახდა, შეუდგა თანამშრომელთა გათვიცნობიერებას, რომ ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად გადამწყვეტი იყო მიკრობების თეორიისა და ბაქტერიოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა.

მე-19 საუკუნეში ფრანგმა მეცნიერმა, ლუი პასტერმა, მიკრობების თეორია შეიმუშავა, რომელიც აჩვენებდა, რომ მიკროორგანიზმები და მათი გამრავლება რიგ შემთხვევებში იწვევს დაავადებებს. მალევე აღმოაჩინეს ტუბერკულოზის, ქოლერის, მუცის ტიფისა და შავი ჭირის გამომწვევი მიკრობებიც. ნაცვლად დაავადებებთან ბრძოლისა, თანდათან დაინერგა აცრის კულტურა, რაც ამ დაავადებებისგან დაიცავდა ადამიანებს.

მედიცინის ამ სამეცნიერო მიღწევების წყალობით ბეიკერსა და მის კოლეგებს შეეძლოთ ჩაეტარებინათ ბაქტერიოლოგიური ტესტები, აღმოეჩინათ დაავადებულები და აეცრათ ადამიანები. ბეიკერმა აღმოაჩინა, რომ მისი კოლეგები ზოგ ინსტრუმენტს არცკი იყენებდა ხელმისაწვდომობის მიუხედავად.

მისი პირველი დავალება იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსპექტორებს მოევლოთ სკოლები და დაავადებების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში წაეყვანათ ბავშვები სახლში, შემდეგ კი ეცნობებინათ ბიუროსთვის და აღერიცხათ ისინი. ამის ნაცვლად ინსპექტორების დიდი ნაწილი მხოლოდ რამდენიმე სკოლას შემოივლიდა და სკოლების უმრავლესობის დირექციას ტელეფონით ურეკავდა. ეკითხებოდნენ იყო თუ არა რომელიმე ბავშვი ავად და სულ ეს იყო.

ასეთი ინსპექტორები ბეიკერმა დაითხოვა და მთავარი დამკვირვებლების დამხმარე თავად გახდა.

1907 წელს ბეიკერი ჯანდაცვის კომისრის მოადგილედ დანიშნეს, რის შემდეგაც კიდევ უფრო მასშტაბური გახდა მისი საქმიანობა, რაც სრულად იყო მიმართული ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისკენ, მათი სიკვდილიანობის მიზეზების კვლევისა და მდგომარეობის გამოსწორებისკენ.

ბეიკერი იყო პირველი ქალი შტატებში, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში იმ დროისთვის ასეთი მაღალი პოზიცია ეკავა.

ბეიკერის უფლებამოსილება მთელ ქალაქზე ვრცელდებოდა, თუმცა მისი მთავარი ამოცანა მანჰეტენის დასავლეთით მდებარე ღარიბთა დასახლებები იყო.

ამ ადგილს „ჯოჯოხეთის სამზარეულოსაც“ ეძახდნენ. მჭიდრო დასახლებაში ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი წყლის სისტემა იყო, არ არსებობდა კომუნალური მომსახურება, ახლომდებარე ქარხნებიდან კვამლი ბოლავდა და უბანს შავ ნისლში ხვევდა. დასახლების მცხოვრებთა უმრავლესობა ევროპელი იმიგრანტები იყვნენ, რომლებსაც დიდ ქალაქში დამკვიდრების გამოცდილება არ ჰქონდათ. დასახლების მცხოვრებლების ჯანმრთელობის პრობლემებს ნიუ იორკის მაშინდელი ჯანდაცვის სისტემა უგულებელყოფდა და  მდგომარეობა „უიმედო შემთხვევად“ იყო შეფასებული.

ბეიკერს სხვა დამოკიდებულება ჰქონდა, მას მიაჩნდა, რომ თუ ამ დასახლებაში მცხოვრებ დედებს ბავშვების მოვლის თანამედროვე მეთოდებზე გაუწევდა ვინმე რეკომენდაციას, შესაძლებელი იქნებოდა ჩვილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის მრავალი შემთხვევის თავიდან აცილება.

1911 წლისთვის ბავშვთა სიკვდილიანობა ნიუ იორკში 40%-ით შემცირდა.

ბეიკერის დროს პროფილაქტიკური მედიცინა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სიახლე იყო, მთელი ზაფხული მიუძღვნა მან მედდების მომზადებას, რომლებიც დადიოდნენ ღარიბთა დასახლებებში, რომ დედებისთვის მიკრობების და მათი გავრცელების საშიშროებაზე ეცნობებინათ. პასტერის მიკრობების თეორია ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო სამეცნიერო წრეების მიღმა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.

დედებს აცნობდნენ, რომ ძუძუთი კვების დროს, რეკომენდებული იყო რძის ბაქტერიებით ინფიცირების რისკის შემცირება, თავიდან აცილება, რომ ზაფხულში აუცილებელი იყო ჩვილების მსუნთქავ, ბუნებრივ, გრილ სახვევებში გახვევა, ბავშვების ხშირად დაბანა და სახლის განიავება.

ამ მცირედმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაზე. იმავე წლის ზაფხულს ყოველწლიურად მომაკვდავი ბავშვების რიცხვი 1500-დან  1200-მდე შემცირდა. 1911 წელს კი ბავშვთა სიკვდილიანობამ მთელ ნიუ იორკში 40%-ით იკლო.

გარდა შინ ექთნების ვიზიტებისა, ბეიკერმა დანერგა საბავშვო სამედიცინო პუნქტების ტრადიცია, სადაც დედებისთვის ხელმისაწვდომი იყო სწორი მეთოდებით პასტერიზებული, მიკრობებისგან დაცული რძე, აქვე ხდებოდა ბავშვების შემოწმება და წონის კონტროლი.

ბეიკერის მიერ შექმნილი საბავშვო პუნქტი, სადაც დედებს სუფთა, სწორად პასტერიზებული რძე ურიგდებოდათ ბავშვებისთვის/ფოტო: bbc; Hulton Archive/Getty Images

ბეიკერმა შეიმუშავა პირველი საბავშვო საკვები, ნარევი ჩვილებისთვის, რომელთა დედებიც მოკლებულნი იყვნენ ძუძუთი კვების შესაძლებლობას. ის იყო ასევე მეანი ქალების ლიცენზირების ინიციატორი, რადგან ხშირ შემთხვევაში მამაკაც ექიმებთან ორსული და მშობიარე ქალები თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ.

მომუშავე დედებისთვის  შეღავათი რომ გაეწიათ, ბეიკერმა შექმნა სპეციალური კლუბი, სადაც 20-დან 16 წლამდე გოგოებს პატარა დების და ძმების სწორად მოვლას ასწავლიდნენ, ვიდრე მშობლები სამსახურში იქნებოდნენ. გოგოები თითქმის ისეთივე ცოდნას იღებდნენ ბეიკერის კლუბში, რასაც სტუდენტი მედიკოსები. გადიოდნენ 20-გაკვეთილიან სწავლებას, რის შემდეგაც იცოდნენ რძის სწორად მომზადება, დაავადებების პროფილაქტიკა და ავადმყოფი ბავშვების მოვლა.

1915 წლისთვის ნიუ იორკში უკვე 25 ათას გოგოს ჰქონდა გავლილი ბეიკერის ეს კურსი.

ბეიკერის პროგრამებმა წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა: 1923 წელს ნიუ იორკში ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო ამერიკის და ევროპის სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით. ამერიკის 35 შტატში ნიუ იორკის წარმატების შემდეგ დანერგეს ბეიკერის პროგრამები დედათა და ბავშვთა მედიცინის დარგში.

მომუშავე დედებისთვის რომ შეღავათი გაეწიათ, ბეიკერმა შექმნა სპეციალური კლუბი, სადაც 20-დან 16 წლამდე გოგოებს პატარა დების და ძმების სწორად მოვლას ასწავლიდნენ ვიდრე მშობლები სამსახურში იქნებოდნენ. 1915 წლისთვის ნიუ იორკში უკვე 25 ათას გოგოს ჰქონდა გავლილი ეს კურსი./ფოტო:bbc; Hulton Archive/Getty Images

ბეიკერმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფორმატორ თანამოაზრეებთნ ერთად მხარი დაუჭირა შეპარდ-ტაუნერის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შეიქმნებოდა ეროვნული პროგრამები და ფედერალური ფინანსებით იქნებოდა უზრუნველყოფილი დედათა და ბავშვთა სამედიცინო სერვისები.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო ამერიკის მედიცინის ასოციაციის წარმომადგენელი:

„ჩვენ ამ კანონპროექტის წინააღმდეგი ვართ. თუ ქალებსა და ბავშვებს გადაარჩენთ სახელმწიფოს ხარჯზე, რამ უნდა წაახალისოს ახალგაზრდა მამაკაცები შეისწავლონ მედიცინა?“ განაცხადა კონგრესის სხდომაზე ამერიკის მედიცინის ასოციაციის ერთ-ერთმა ექიმმა.

ნაკლები დაავადებული ქალი და ბავშვი იმდროინდელ ამერიკაში სამედიცინო ბიზნესის ნაკლებ შემოსავალს ნიშნავდა კაცი ექიმებისთვის.

ბეიკერის წინააღმდეგ შედგა პეტიციაც, სადაც ეწერა, რომ „ბავშვების მასობრივმა გამოჯანმრთელებამ სამედიცინო პრაქტიკის ჩამოშლა გამოიწვია“. ამ მოტივით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ქალაქის მერს ბეიკერის ბავშვთა ჰიგიენის ბიუროს გაუქმებას სთხოვდნენ.

,,ეს პეტიცია იყო პირველი კომპლიმენტი, რაც ბავშვთა ჰიგიენის ბიუროს შექმნისთვის მივიღე“, – წერდა ბეიკერი მოგვიანებით. – კრიტიკა ნიშნავდა, რომ მისმა პროგრამებმა კარგად იმუშავა.

გარდა ამგვარი კრიტიკისა, ის სექსიზმის მსხვერპლიც გახდა, როცა ქალებს ამერიკაში ჯერ კიდევ არ შეეძლოთ საუნივერსიტეტო განათლების მიღება.

1915 წელს უნივერსიტეტის დეკანმა მას სთხოვა წაეკითხა ბავშვთა ჰიგიენის კურსი ახლადჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორებისთვის, რაზეც ბეიკერმა უარი განაცხადა.

,,მე უარი ვთქვი წამეკითხა ლექციები დაწესებულებაში, სადაც ქალებს სწავლის საშუალება არ ეძლევათ და ჩემნაირებს სწავლისთვის გამოუსადეგარებად თვლიან. ვერავინ დამადანაშაულებს უსაფუძვლო გადაწყვეტილებაში“, –  წერდა ის. მაგრამ როცა დეკანმა სხვა ვერავინ იპოვა, ბეიკერს შესთავაზა ჩაწერილიყო პროგრამაში, რომლის საშუალებითაც ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარისხს მიიღებდა. ბეიკერი დათანხმდა და ლექციების კითხვა დაიწყო. ამის შემდეგ უნივერსიტეტი იძულებული გახდა სხვა სტუდენტი გოგოებიც მიეღო სასწავლებლად.

სარა ჯოზეფინა ბეიკერი/ფოტო:bbc; Hulton Archive/Getty Images

ამ სასწავლებელში ბეიკერი 15 წელი კითხულობდა ლექციებს. ჩანაწერებში ის იხსენებს ლექციების პირველ დღეებს და შემდგომ პერიოდსაც, თუ როგორი დამამცირებელი და ირონიული იყო სტუდენტი კაცების დამოკიდებულება მისი, როგორც ქალი ლექტორის მიმართ.

ბავშვთა ჰიგიენის ბიურო ბეიკერმა 1923 წელს დატოვა. ხუთი წიგნისა და ასობით სტატიის ავტორია, რომლებიც იმდროინდელ სამედიცინო ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

ბავშვთა ჰიგიენის ბიუროს გარდა მან დააარსა ბავშვთა ჰიგიენის ამერიკული ასოციაცია, რომლის პრეზიდენტი იყო 1917 წლიდან, 1935 წლიდან კი ქალთა მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი გახდა.

ცხოვრების უკანასკნელი წლები სარა ჯოზეფინა ბეიკერმა ნიუ ჯერსის ფერმაში გაატარა და  1945 წელს კიბოთი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: