მთავარი,სიახლეები

ქურდული სამყაროს წევრობის საქმეში ტაქსის 3 მძღოლია დაკავებული

22.05.2020 • 2004
ქურდული სამყაროს წევრობის საქმეში  ტაქსის 3 მძღოლია დაკავებული

„ქურდული სამყაროს წევრობის საქმეში“ სამი ტაქსის მძღოლია, ამ საქმეზე სულ 13 პირი დააკავეს. კიდევ ერთ პირს, რომელიც პროკურატურის ვერსიით, კანონიერი ქურდია და ქურდულ გარჩევებში „საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა“, ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინეს – ის საზღვარგარეთ ცხოვრობს და მასზე ძებნა გამოცხადდა.

14-ივე ბრალდებულს დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ის ბათუმში დააკავეს და ტაქსის მძღოლია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი კობა ამბარდიშვილი. ის ამ საქმეში თბილისში მცხოვრები ბრალდებული მამა-შვილის ინტერესებს იცავს, ორივე მათგანი ე.წ. „მინივენით“ ტაქსაობდა ბათუმი-თბილისის მიმართულებით. ამ საქმეში კიდევ ერთი ტაქსის მძღოლია, რომელსაც ასევე, ადვოკატების თქმით, ვალი ჰქონდა ასაღები.

„ამ შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ბათუმში ჩამოიყვანა მგზავრები, როგორც ტაქსის მძღოლმა და მაშინვე დააკავეს. სულ 7 ტომი საქმეა, ჯერ ყველა მტკიცებულებას არ გავცნობივარ,“ – აღნიშნავს კობა ამბარდიშვილი.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ მამა-შვილს ვალი – 2 ათასი ამერიკული დოლარი ჰქონდა ასაღები და მევალეს ვეღარ პოულობდა, დახმარება კი, სხვა მძღოლს სთხოვა, რომელიც ახლა ასევე ბრალდებულია. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ მამა-შვილს ურთიერთობა არ ჰქონიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთან, ვისთანაც პროკურატურის ვერსიით, ეს ქურდული გარჩევები თანხმდებოდა.

„მამა-შვილი, რომელსაც მე ვიცავ, არ აღიარებს, რომ ქურდული სამყაროს წევრები არიან. არც ისაა ცნობილი, ვისაც მიმართა, ის მძღოლი თუ აღიარებს, რომ ქურდია… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისთანავე მიაცემინეს ჩვენება ადვოკატის გარეშე და იქ ამბობს, რომ ვარო, მაგრამ ასე ჩვენების მიღების უფლება არ ჰქონდათ,“ – ამბობს ადვოკატი კობა ამბარდიშვილი.

გამოძიების ვერსიით კი, ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს, მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

საქმეში ერთ-ერთი მოწმე ბიზნესმენია, რომელიც 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც ჰქონდა ამ ბიზნესმენისგან ფული ასაღები და სადღაც ბინაში თუ შეხვდა, რომ გაერკვია, როდის დაუბრუნებდა ვალს, როგორ და ასე შემდეგ, არ ნიშნავს, რომ ეს ქურდული გარჩევაა… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც ბიზნესი აქვს, ის ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს,“ – გვითხრა ადვოკატმა ნიკა სადრაძემ.

ადვოკატის ვერსიით, ვალი ჰქონდა ასაღები კიდევ ერთ ბრალდებულს. მას ადვოკატი გიორგი სამუშია იცავს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სპორტსმენია, მას ვალი ჰქონდა ასაღები და ედავებიან იმას, რომ მიმართა ქურდულ სამყაროს. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, ის დუმილის უფლებას იყენებს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი გიორგი სამუშია.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: