ბათუმი,მთავარი,სიახლეები

დღემდე საპატრიარქოს 17 მილიონი კვ.მეტრი ტყე აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან 

22.05.2020 • 2365
დღემდე საპატრიარქოს 17 მილიონი კვ.მეტრი ტყე აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან 

დღეს, 22 მაისს, საქართველოს პარლმანეტმა 79 ხმით დაამტკიცა კანონი, რომლის საშუალებითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საშუალება ექნება ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

ამ კანონის მიღებამდე საპატრიარქოს სახელმწიფო ტყეს მიჩენის წესით გადასცემდა მართვაში, 20 წლის ვადით.

ამ დრომდე, იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც „ბათუმელებმა“ მოიძია, საქართველოს საპატრიარქოსთვის [სხვადასვა ეპარქიისთვის] სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოყოფილია ჯამში 1717,26 ჰექტარის ფართობის მიჩენილი უბანი. მათ შორის დაცულ ტერიტორიებზეც.

დღეს მიღებული კანონით კი, საპატრიარქოს უფლება აქვს, ამ მიჩენილი უბნების ნახევარზე მეტი [920 ჰექტარი ტყე] შეისყიდოს და საკუთრებაში დაირეგისტრიროს.

დოკუმენტების მიხედვით, საპატრიარქოსთვის ტყის მიჩენილი უბნების გამოყოფა „რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებების ხელშეწყობისათვის“ ხდებოდა. ეს ღონისძიებები კი დაკონკრეტებული არ არის.

თუმცა, არის ორი გამონაკლისი, მაგალითად ზესტაფონში მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნად ეკლესიის მშენებლობაა დასახელებული; ხოლო მიჩენილი უბანი თბილისის წმინდა საბაგანწმენდილის მამათა მონასტრის მიმდებარედ, სამომლოცველო რეკრეაციული ცენტრის შექმნის მიზნით გამოიყო.

ამასთან, ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებით, „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე შეიძლება შეიზღუდოს ან მთლიანად აიკრძალოს ტყითსარგებლობა და მოქალაქეთა ტყეში ყოფნა, თუ ეს მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზანთან შეუთავსებელია“.

აჭარის ტერიტორიაზე, იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც მოვიძიეთ, საპატრიარქოსთვის „რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით“, ჯამში 22 ჰექტარამდე ფართობის ორი მიჩენილი უბანია გამოყოფილი:

10 ჰექტარი – კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში მდებარე ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან და 11,6 ჰექტარი – ასევე კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში მდებარე ხინოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ირგვლივ.

საპატრიარქოსთვის მიჩენილი ზოგიერთი ტყის ფართობი საკმაოდ მოცულობითი ტერიტორიაა. მაგალითად, კახეთში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ეროვნულ პარკში მდებარე – შავი მთის მონასტრის მიმდებარედ – 180 ჰექტარი; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოყოფილია 194,4 ჰექტარი ფართობის მიჩენილი უბანი; ალავერდის მონასტრის მიმდებარედ – 259 ჰექტარი; დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნიდან – 279.5 ჰექტარი და სხვა.

ამ თემაზე:

[red_box]საპატრიარქოსთვის ტყეების დაკანონებას წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს – თამთა მიქელაძე[/red_box]

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: