განათლება,მთავარი,სიახლეები

აჭარაში 300-მდე კურსდამთავრებული სავარაუდოდ ოქროს მედალს მიიღებს

22.05.2020 • 2415
აჭარაში 300-მდე კურსდამთავრებული სავარაუდოდ ოქროს მედალს მიიღებს

განათლების სამინისტროს რესურსცენტრების ინფორმაციით, 2020 სასწავლო წლის ბოლოს, აჭარაში შესაძლოა 300-მდე ოქროსმედალოსანი გვყავდეს. ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა რესურსცენტრები სავარაუდო რიცხვს მაინც ასახელებენ.

წინასწარი მონაცემებით, ბათუმში საჯარო და კერძო სკოლების 135 კურსდამთავრებული ელოდება ოქროს მედალს, ხელვაჩაურში – 28, ქედაში – 18, შუახევში – 20, ხულოში – 35, ხოლო ქობულეთს 60-მდე ოქრისმედალოსანი შეიძლება ჰყავდეს.

ზუსტდება მონაცემები ვერცხლის მედალოსნებთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე მხოლოდ ხელვაჩაურის რესურსცენტრიდან მოგვწერეს, რომ დაახლოებით 7 ვერცხლისმედალოსანი ეყოლებათ, ბათუმში კი – 48 ვერცხლისმედალოსანი.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას აჭარის განათლების მინისტრს მაია ხაჯიშვილს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, ოქრისმედალოსნების მიერ სახელმწიფოს სასწავლო გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებით და თუ ეს ციფრი არის დაბალი, ხომ არ ღირდა ამ საკითხზე დაფიქრება.

მინისტრის თქმით, უმაღლესში გრანტის მოპოვების საკითხი ოქროსმედალოსნობასთან პირდაპირ კავშირში არ არის.

„გარკვეული კვლევები არსებობს, მაგრამ ეს არ ასახავს იმას, მოხდა თუ არა სკოლის მხრიდან მოსწავლის აკადემიური ცოდნის შეფასება ადეკვატურად.

ეროვნულ გამოცდებზე სასწავლო გრანტის მოპოვებას თავისი სკალირებული ფორმულა აქვს, ბევრი კომპონენტია გათვალისწინებული. თუნდაც ის, თუ რა მიმართულებას ირჩევს აბიტურიენტი, რომელ უნივერსიტეტში მოხვდება, რამდენად დიდია კონკურენცია და ა.შ. ამიტომ გრანტის საკითხი  მედალოსნობის პირდაპირ პროპორციული არ არის“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი.

მისივე თქმით, ოქროს ან ვერცხლის მედლები არის მოსწავლეებისთვის ერთგვარი მოტივაცია და სკოლებში მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: