მთავარი,სიახლეები

ბათუმს 8 ელექტროავტობუსს ბელარუსული კომპანია მოაწვდის

23.08.2019
ბათუმს 8 ელექტროავტობუსს ბელარუსული კომპანია მოაწვდის

ბელარუსულმა ჰოლდინგმა Belkommunmash-მა გაიმარჯვა ბათუმის ავტობუსების ტენდერში, რომლის საფუძველზეც ბელარუსის მხრიდან რვა ელექტროავტობუსის შესყიდვა მოხდება – ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა და მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც განაცხადეს, რომ საბოლოო დოკუმენტაცია ჯერ ტენდერში გამარჯვებულის შესახებ არ მიუღიათ, შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულთან არც ხელშეკრულებაა გაფორმებული.

რა თანხას გადაიხდიან 8 ელექტროავტობუსში, „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.

მიმდინარე წლის 13 ივნისს, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) 30 დღის განმავლობაში უნდა განეხილა და გამარჯვებული დაესახელებინა.

ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2019 წლის იანვარში გამოაცხადა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ტენდერის პირველ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაცია სამმა კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი წინადადებების განხილვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა განახორციელეს. პირველი ეტაპი სამივე კომპანიამ გადალახა, თუმცა მეორე ეტაპზე დოკუმენტაცია მხოლოდ ორმა კომპანიამ წარადგინა.

ელექტროავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი სესხითა და მოპოვებული გრანტის საშუალებით ხორციელდება. ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მაშინ ასევე განაცხადეს, რომ ელექტროავტობუსების ფერის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

____________________

მთავარი ფოტო: მინსკის საავტომობილო ქარხანა / ფოტო: საქართველოს მთავრობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: