მთავარი,სიახლეები

ტრაილერის მძღოლის კარანტინი მანქანაში

22.05.2020
ტრაილერის მძღოლის კარანტინი მანქანაში

მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა, ტრაილერის მძღოლები გამონაკლისები არიან მათ შორის, ვინც შეუფერხებლად გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან მეორეში – მძღოლებს წუთითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა. თუმცა გართულდა მათი სამუშაო პირობები. მძღოლებს, თუკი ისინი ტრანზიტულად გადაადგილდებიან, 48 საათში უწევთ ქვეყნის დატოვება, ხოლო თუკი საქართველოა მათი დანიშნულების ბოლო ქვეყანა, მაშინ 14-დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულება აქვთ.

ლევან მადოიშვილი 57 წლისაა. 34 წელია მძღოლია. აქედან 12 წელია, რაც ტრაილერს მართავს. თურქეთი, საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი – ასეთია მისი სტანდარტული მარშრუტი. თავად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობს.

საქართველოში 6 დღის წინ დაბრუნდა და ახლა სავალდებულო კარანტინს ქობულეთში, ტრაილერების სერვისცენტრში მდგარ საკუთარ მანქანაში გადის. ლევან მადოიშვილი ქობულეთში, ციხისძირში ცხოვრობს. მისი თქმით მანქანაში კარანტინის გავლა იმიტომ უწევს, რომ სახლში, თვითიზოლაციისთვის საჭირო პირობები არ აქვს.

„მანქანა რომ სარემონტო არ მყოლოდა კარანტინს ალბათ ფოთში გავივლიდი. კარანტინი მანქანაში ნიშნავს ჯანდაბას… ვხუმრობ, პატარა ერთოთახიანი ბინაა ჩემი ეს მანქანა-მეთქი. პატარა სამზარეულოც მაქვს, წყალიც მაქვს, მაგრამ მძღოლისთვის ყველაზე რთული მანქანაში უსაქმოდ  ჯდომაა,“ – ამბობს ლევან მადოიშვილი.

ე.წ. ბოლო რეისი, რომელიც ლევანმა შეასრულა, რუსეთიდან ტვირთი ჩაიტანა სომხეთში. მისთვის ასეთი მარშრუტები ადვილია. თუმცა ჰყვება რთულზეც.

„ყველაფერი რთულია, როცა ტრაილერის მძღოლი ხარ. ყველანაირი პასუხისმგებლობა ჩვენზეა. ჩაგაბარებენ ტვირთს, უნდა მიიტანო ადგილზე.

მძღოლისთვის ზამთარია ყველაზე ცუდი. ლარსის გაწმენდა თოვლის გამო ვერ ესწრება. ეს არის ჩვენი, მძღოლების პრობლემა.

ქვეყნებიდან სირთულის მიხედვით, ყაზახეთს გამოვყოფდი – ზამთარი ზამთარს არ ჰგავს და ზაფხული – ზაფხულს.

ზამთარში მოგსილავს, დაგფარავს. ორი წლის წინ „სალიარკა“ გამეყინა მანქანაში. საშინელება გამოვიარე. ისევ მძღოლებმა მიშველეს. მაგ გზებზე, როცა გიჭირს მძღოლები თუ დაგეხმარებიან, თორემ ისე არავინ. გრეიდერი იმ გზებზე არ დადის და არაფერი. 500 კილომეტრს ისე გაივლი, აქლემი რომ აქლემია, ის არ შეგხვდება. ზაფხულში კიდევ აუტანელი სიცხეა.

უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს ჩვენი ფირმაც. გზაში არ დავუტოვებივართ არასდროს. თუ რამე დაგვჭირვებია, ყოველთვის აღმოუჩენიათ დახმარება. ეს მნიშვნელოვანია“.

კორონავირუსის გამო თითქმის ცარიელ ავტობანებზე უწევს გადაადგილება. ლევანი ამბობს, რომ ცარიელი ქალაქების გავლაც რთულია.

“არც სასადილოა ღია, არც რამე რესტორანი. არაფერი საერთოდ. დამოკიდებული ხარ მაღაზიაზე. რამე უნდა იყიდო და მერე თავად მოამზადო. თან სულ ცარიელია გზები. უცნაურია ასე ცარიელ გზაზე სიარულიც”.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/242516083511428/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: