გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივლისის 21 საათიდან 3 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 17 – 22 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.
მომდევნო 2 დღეს, 4-5 ივლისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
2 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„8 პაციენტიდან ერთი გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 არის ყველა შემოტანილი. ამ 7-დან 6 სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთი კი, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მოქალაქეა,“ – ამბობს ეზუგბაია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.
სულ საქართველოში კორონავირუსის 939 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 817 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
ამჟამად კარანტინში იმყოფება 3080 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.
დღეს, 2 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო აპირებს სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებების შეტანას, რის შემდეგაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს ერთჯერადად გადაუვადებენ.
„მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ერთწლიანი ან რამდენიმეთვიანი და ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რადგან ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, რომ შეიძინონ პროფესია“, – თქვა გახარიამ.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, წელს, პანდემიიდან გამომდინარე, პროფესიულ სასწავლებლებში მისაღები გამოცდები მხოლოდ შემოდგომაზე იქნება. ტრადიციულად კი, პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტებს იღებენ წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
წელს პროფესიულ სასწავლებლებში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა. ამ სტანდარტების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პროფესიულ განათლებასთან ერთად სრული ზოგადი განათლებაც მიიღონ.
ხულოს მუნიციპალიტეტმა სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 384 232 ლარია გამოყოფილი.
ახალი ადმინისტრაციული შენობა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 168 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. თუმცა არასამუშაო დღეებია: 2020 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 56 დღის შემდგომი პერიოდი 2020 წლის ბოლომდე და 2021 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი.
ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 15 ივლისს დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, „დიდაჭარაში ასაშენებელი სოფლის სახლის წინა ნაწილი ორსართულიანია, უკანა – ერთსართულიანი, რომლის ქვეშ განთავსებულია სარდაფის ტიპის სათავსო. საძირკვლები წერტილოვანია. გათვალისწინებულია საძირკვლის კოჭებიც. სვეტები
უნდა მოეწყოს მონოლითური რკინაბეტონისგან… შენობის დახურვა დაპროექტებულია ერთქანობიანი თუნუქის სახურავის სახით, რომელიც მოეწყობა დახერხილი ხის მასალებისგან მოწყობილ კარკასზე. შენობის კედლების მოწყობა გათვალისწინებულია მსუბუქი პემზა ბლოკებისაგან; გრუნტები სეისმური თვისებებით მიეკუთვნებიან მეორე კატეგორიას. ანგარიშში გათვალისწინებულია 7 ბალის შესაბამისი სეისმური ზემოქმედება“.
ადმინისტრაციული შენობა სოფელ დიდაჭარაში / ხულო / ფოტომონტაჟი ტენდერიდანადმინისტრაციული შენობა სოფელ დიდაჭარაში / ხულო / ფოტო ტენდერიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეროვნულ გამოცდაზე შესულ აბიტურიენტს შეუძლია პირბადე მოიხსნას.
„იქედან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შეუძლია პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული,“ – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, „იმ შემთხვევაში, თუკი საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა +30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაცია ჩვენ მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან“.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყება. გამოცდები ჩატარდება 24 საგამოცდო ცენტრში. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 55 ათასზე მეტი პირი დარეგისტრირდა, მათ შორის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია, 3 600-ზე მეტი სტუდენტი და 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატ.
საქართველოში რამდენიმე სექტორი, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, საფრთხის მაღალი რისკის გამო, ჯერ ისევ გაჩერებულია: აკრძალულია კულტურული ღონისძიებები, სარიტუალო მომსახურება, საბავშვო ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირება.
სპორტული დარბაზები და ბავშვთა გასართობი ცენტრები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებადაა მიჩნეული და მათი გახსნა მეექვსე, ბოლო ეტაპზე იგეგმებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შეხვედრები ფიტნესდარბაზების, აუზების გახსნისთვის მოსამზადებლად. 22 ივნისს ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან უსაფრთხოების წესების, რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს. თუმცა არც სამთავრობო უწყებების, არც ბიზნესობუდსმენის გვერდებზე არაფერია ნათქვამი, მუშავდება თუ არა რეგულაციები საბავშვო ცენტრების ასამოქმედებლად, ასევე ნამდვილად 7 ივლისს გაიხსნება თუ არა ცენტრები, როგორც ეს დადგენილების თავდაპირველ ვარიატში იყო მოცემული.
ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბავშვთა გასართობი ცენტრის – ,,გარფილდის“ მფლობელი აკაკი წოწონავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ცენტრების გახსნის გაურკვეველი დროით გადავადებამ მას ბევრი პრობლემა შეუქმნა, რასაც სახელმწიფო და ბიზნესომბუდსმენი ვერ უგვარებს.
„ბანკის სესხი გვაქვს, ქირაში ცალკე თანხა გვაქვს გადასახდელი. ადამიანს, ვისგანაც იჯარით გვაქვს აღებული ეს კომერციული ფართობი, სხვა შემოსავალი არ აქვს, ცდილობს მაქსიმალურად გაიგოს ჩვენი მდგომარეობა და აქამდე არ გვატოვებინებს შენობას, ითვალისწინებს, რომ 60 ათასი ლარის ხარჯი გვაქვს მხოლოდ რემონტისა და ინვენტარიზაციისთვის გაწეული.
ბანკი აღარ გვაძლევს საშუალებას რამდენიმეთვიანი შეღავათით ვისარგებლოთ, პირდაპირ გვითხრა კრედიტოფიცერმა, გახარიას პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების მიხედვით თუ მოხვედით სესხის გადასავადებლად ან რესტრუქტურიზაციისთვის, დაივიწყეთ ეს ამბავი და სხვა რამეზე იფიქრეთო. გადაფარული სესხის პროცენტი კიდევ გამრავლებული ორზე – ასე უნდა გადავიხადო, გამოდის, რომ 35 ათას ლარის სესხი მაქვს და 73 ათასის დაბრუნება მიწევს. 10 ივლისიდან ითხოვს ბანკი თანხის დაბრუნებას საპროცენტო განაკვეთით, რით უნდა გადავიხადოთ? ცენტრი გაჩერებულია, არანაირი სხვა შანსი არ გვაქვს”, – ამბობს ,,გარფილდის“ მეპატრონე.
მისი თქმით, ცენტრების გახსნა ბევრი მშობლის სურვილია, რადგან მხოლოდ მის ცენტრს დღეში 10 მომხმარებელი მაინც ურეკავს და ეკითხება, როდის გაიხსნება ,,გარფილდი“.
აკაკი წოწონავას ბავშვთა ცენტრის შიდა სივრცე 400 კვადრატული მეტრია, სადაც, როგორც თავად ამბობს, თავისუფლადაა შესაძლებელი ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. თუმცა რა რეკომენდაციები გაიცემა ბავშვთა გასართობი ცენტრებისთვის, ჯერჯერობით უცნობია, ან გაიხსნება თუ არა 7 ივლისს.
„რომც გაიხსნას 7 ივლისს ცენტრები, დაგვიანებულია – ერთი კვირაა დარჩენილი მხოლოდ და ჯერ რეკომენდაციები და წესები არ ვიცით. ამისთვის დრო ხომ მჭირდება – ხსნარები და სპეციალური ინვენტარი მაინც რომ შევიძინო? ან საერთოდ გაიხსნება კი 7 ივლისს ცენტრები? ვფიქრობ, თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდება. ამ კითხვებით უამრავ სახელმწიფო ინსტანციას მივმართე, მაგრამ არსად პასუხი არ აქვთ: მივმართეთ ბათუმის მუნიციპალურ სამსახურებს, არ დამიტოვებია ბათუმის არც ერთი სამთავრობო უწყება. ვერ მეუბნებიან, როდის მაქვს უფლება გავხსნა ცენტრი, არაფერს მთავაზობენ. ჯანდაცვის სამინისტროს კანცელარიაში კი ამ დროს პირბადის გარეშე სხედან და უაზროდ გამისამართებენ ერთიდან მეორე ადგილზე.
დავუკავშირდი ბიზნესომბუდსმენსაც, საიდანაც ამომწურავ პასუხებს ვიღებდით ყოველთვის. მას შევთავაზეთ, რომ საბავშვო ცენტრების ნაწილს შეგვიძლია გარე სივრცეშიც ჩავატაროთ დაბადების დღეები და გაგვიწიონ ანგარიში, მოგვცენ მუშაობის უფლება, ისევე, როგორც კაფე-რესტორნები ამუშავებენ ღია სივრცეებს“, – ამბობს აკაკი წოწონავა. როგორც თავად ამბობს, ბიზნესომბუდსმენისგან პასუხად მიიღო, რომ პირველივე ქვითრის ამობეჭდვისას, თუკი ცენტრი ამუშავდება, მათ ჯარიმა 15 ათასი ლარი დაერიცხებათ.
გასართობ ცენტრში აკაკი წოწონავას 12 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, თუმცა მათ ხელფასს ვეღარ უხდის და ფიქრობს, რომ ცენტრის გახსნის შემთხვევაშიც ზოგიერთი თანამშრომლის დათხოვნა მოუწევს.
ინტერნეტში განთავსებული მონაცემების მიხედვით, ბათუმში ათამდე ბავშვთა გასართობი ცენტრი იძებნება. ახლა ყველა დახურულია. ,,ბათუმელები” 6 გასართობ ცენტრს დაუკავშირდა: ,,გარფილდს” „როიალ ფემილის”, „მიკის სახლს”, „ბუბუს”, „ტოპო-ტიპის” და ,,ქენდი ლენდს”. თანამშრომლები ყველა ცენტრმა დაითხოვა მუშაობის შეჩერებისთანავე. გასართობი ცენტრების მეპატრონეთა უმრავლესობა ქირას უხდის ფართობის მეპატრონეებს და საბანკო ვალდებულებები აქვთ. ექვსივე ცენტრის მეპატრონე აცხადებს, რომ პანდემიის გამო ცენტრების დახურვამ მათი ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა უარესობისკენ. ხელისუფლებისგან ისინი ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნის ზუსტ თარიღს და უსაფრთხოების ნორმების დროულად შემუშავებას ითხოვენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05 დაკავშირება „ბათუმელებისთვის“ შეუძლებელი აღმოჩნდა – უწყებისთვის გვინდოდა გვეკითხა, როდის იგეგმება ზუსტად ბავშვთა ცენტრების გახსნა ან მუშავდება თუ არა უსაფრთხოების წესები სპეციალურად ამგვარი ცენტრებისთვის.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვთა გასართობი ცენტრები ცალკე არ განიხილება და შიდა კვების ობიექტებადაა მოხსენიებული. კვების ობიექტებს კი გარე სივრცის ამუშავების უფლება აქვთ, თუმცა ბავშვთა ცენტრებზე იგივე კოვიდინსტრუქციები არ ვრცელდება, რაც კაფე-ბარებსა და რესტორნებზე.
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა, ბათუმის ოფისში, კომპანია MGL Georgia-სთვის ტვირთების დაზღვევასა და გადამზიდავი კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მიზანი იყო MGL Georgia-ს მომხმარებელი კომპანიებისათვის დაზღვევის პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რათა ამ კომპანიებმა სრულფასოვნად შეძლონ ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა.
MGL Georgia ქართულ-ბულგარული სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც ფლობს „ა“კლასის გადამზიდავის სტატუსს და აქვს NVOCC ლიცენზია. არის საერთაშორისო ორგანიზაციების WCA, FIATA, AFG, NSBS წევრი და კოპანიებს სთავაზობს საერთაშორისო გადაზიდვებს რკინიგზით, ხმელეთით, ჰაერით და ზღვით, ასევე სასაწყობე მომსახურეობას და საბაჟო სერვისს.
MGL Georgia-სთან ალდაგს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. კომპანია წლების განმავლობაში სარგებლობს ალდაგის სადაზღვევო პროდუქტებით, როგორიცაა: კონტეინერების დაზღვევა, გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევა, ტვირთების დაზღვევა, ავტომობილების დაზღვევა.
„MGL Georgia ალდაგის სტრატეგიული პარტნიორია. ალდაგი ერთი მხრივ აზღვევს MGL Georgias პასუხისმგებლობას, და მეორე მხრივ, MGL Georgia-ს კლიენტებს სთავაზობს ტვირთების დაზღვევას და სხვა სადაზღვევო გადაწყვეტებს, რომლებიც მათ ტვირთს სხვადასხვა სატრანსპორტო რისკებისგან დააზღვევს, შეხვედრის მიზანი იყო MGL Georgia-სთვის ალდაგის პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რათა მათ შეძლონ უზრუნველყონ თავისი კლიენტები დაზღვევის სრულფასოვანი პაკეტებით,“- განაცხადა ალდაგის ბათუმის ოფისის დირექტორმა, ნონა ბარამიამ.
„MGL ჯგუფი მრავალი წელია სთავაზობს ბაზარს რისკების სწორად შეფასებას და მათ პრევენციას. გამოცდილი და სანდო პარტნიორების მეშვეობით ჩვენი კომპანია ნერგავს ბაზარზე უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია სწორი ინფორმაციის გაცვლაზე,“- განაცხადა MGL Geogria-ს დირექტორმა ლალი ოყუჯავამ.
ჩემი სახელია მეისუნ ალტაჰერ ავდალა. 41 წლის ვარ. სამი შვილის დედა სუდანიდან. რვა წელია საქართველოში ვარ, აქედან 2 წელი თბილისში ვიცხოვრე, ბათუმში კი მეექვსე წელია, რაც ვცხოვრობთ.
საქართველოში ისეთი განცდა მაქვს, რომ თითქოს ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ. როგორ აგიხსნათ, მე ვერ ვგრძნობ, რომ უცხოელი ვარ აქ. მინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებიც ჩამოვიდნენ და აქ იცხოვრონ. ჩემი და ცხოვრობს ჰოლანდიაში. მითხრა ჩამოდიო. იქ მეტი ფულია, შრომის მეტი ანაზღაურება, მაგრამ ფული ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის. მე არ შემიძლია ამ გარემოსთან განშორება.
ბავშვობა და ცხოვრების 20 წელი საუდის არაბეთში გავატარე. მამაჩემი მუშაობდა იქ. ბედნიერი ცხოვრება მქონდა. შემდეგ საცხოვრებლად სამშობლოში, სუდანში დავბრუნდი და უნივერსიტეტი იქ დავამთავრე. ფიზიკა-მათემატიკის მაგისტრი ვარ. შემდეგ გავთხოვდი და საცხოვრებლად ეგვიპტეში წავედით. მერე ისევ სუდანში დავბრუნდით. დედაქალაქში ვცხოვრობდით – ხარტუმში. ჩემს ქმარსაც კარგი განათლება აქვს – ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. 2010 წელს მივხვდით, რომ სუდანი უნდა დაგვეტოვებინა.
ჩემს ქვეყანას 30 წელი მართავდა კაცი (ომარ ალ-ბაშირი, სუდანის პრეზიდენტი 1989-2019 წლებში), რომელმაც ქვეყანაში მოსპო განსხვავებული აზრი. ადრე, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, ჩემი ქვეყანა კარგი ქვეყანა იყო. სუდანი ყველაზე დიდია აფრიკის კონტინენტზე და თან რესურსებით მდიდარი. ორი დიდი მდინარე გვაქვს – თეთრი ნილოსი და ლურჯი ნილოსი. მიწათმოქმედებისთვის საუკეთესო პირობებია ჩემს ქვეყანაში. მაგრამ რეჟიმის 30-წლიანმა მმართველობამ ყველაფერი შეცვალა, ყველაფერი გაფუჭდა.
სუდანში ცხოვრება ასეთია – თუ ხელისუფლების მხარეს ხარ, ყველაფერი კარგად გაქვს, თუ არა და – იდევნები. საჭირო არაა პოლიტიკურ მოძრაობაში იყო ჩართული, უბრალოდ, არ მოგწონს ხელისუფლება და განსხვავებული აზრი გაქვს? – უკვე მიუღებელი ხარ მათთვის.
2010 წელს ჩემს ქმარს, ფაკირ აბდინს, მისი იდეების გამო ქონებაც ჩამოართვეს. სამსახურს ვერ პოულობდა. ძნელი გახდა სუდანში ცხოვრება. პოლიტიკოსი არ ყოფილა ფაკირი. არც ოპოზიციაში. უბრალოდ ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა და ეს მისი აზრები მიუღებელი იყო სუდანის მთავრობისთვის.
გადაწყვეტილება მივიღეთ და სუდანი დავტოვეთ. მალაიზიაში წავედით. ჩემი უმცროსი გოგო ნუნი, სუდანიდან რომ წამოვედი, მხოლოდ ერთი კვირის იყო. ნურანი და მუჰამედიც პატარები იყვნენ. მალაიზიაში დიდხანს ვერ გავჩერდით. თავიდან ძალიან გვიჭირდა, მერე სამსახურიც ვიშოვე, თითქოს ყველაფერი კარგად გვქონდა, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა ვერ ავაწყვე. მათთვის არავინ ვიყავით, უცხოელები ვიყავით და მორჩა.
ნუნი აბდინი
რატომ საქართველო?
თავიდან ბევრი არაფერი ვიცოდით საქართველოზე. უბრალოდ, უვიზოდ შეგვეძლო შემოსვლა და როცა ვეძებდით ქვეყანას, სად შეიძლებოდა წავსულიყავით, ამიტომ ავირჩიეთ საქართველო. ძალიან კარგად მიგვიღო ამ ქვეყანამ. ყველა ღიმილიანი და კეთილი იყო ჩვენ მიმართ. მახსოვს, თავიდან ენა რომ არ ვიცოდი, მაღაზიაში მე და გამყიდველი მაინც ყველაფერს ვაგებინებდით ერთმანეთს. პირველი დღიდან მივხვდი, რომ აქ ის ხალხი იყო, ვისთან ცხოვრებაც მინდოდა. ყველგან გვიღიმოდნენ. კარგად მიგვიღეს.
ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე მარტყოფში ვცხოვრობდით. იქ ძალიან მაგარი ქალი, მაგარი მასწავლებელი მყავდა – ქეთი. სამწუხაროდ, მისი გვარი აღარ მახსოვს. მისი დახმარებით ვისწავლე ენა.
თავიდან ქართულად წერა ჩემთვის იყო ზღაპარი. უფრო ხატვას ჰგავს ქართულ ენაზე წერა, მაგრამ ვიცოდი, რომ საქართველოში ცხოვრება თუ მინდოდა, ქართული უნდა მესწავლა ძალიან კარგად. ღამეებს ვათენებდი და ვსწავლობდი. მერე ბავშვები სკოლაში რომ შევიდნენ, უფრო გამიადვილდა.
მახსოვს, პირველი ოქროს სიტყვები, რომელიც ქართულად ვისწავლე იყო „მადლობა“, „როგორ ხარ?“…
მარტყოფიდან თბილისში გადავედით. იქ ცხოვრების პერიოდში ბევრი ბინა გამოვიცვალეთ უფულობის გამო.
თბილისი სხვანაირი ქალაქია, სხვა გარემოა. სხვანაირი ხალხი ცხოვრობს. მარტო ვცხოვრობდით. ხალხთან ურთიერთობები ვერ ავაწყვე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა.
იმდენად არ ვიყავი კარგად, ვიფიქრე, მოდი, წავალ თურქეთში ჩემს ოჯახთან ერთად… თითქოს აღარ მინდოდა საქართველოში ცხოვრება. არავინ მყავდა თბილისში, სულ მარტო ვიყავი, ამიტომ ჩამოვედით ბათუმში.
მაგრამ ბათუმში კარგი ადამიანები გავიცანი და დარჩენა გადავწყვიტე. ბათუმში გადმოსვლის პირველი ეტაპი ყველაზე რთული იყო. არაფერი არ გვქონდა საერთოდ. აღარც ფული. აღარც ტანსაცმელი.
მაგრამ აქ დაგვხვდნენ კარგი ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გადაგვატანინეს.
მახსოვს, როცა ბათუმში გადმოვედით, ერთხელ, 10 დღე არ გვქონდა შუქი, რადგან გადასახადი ვერ გადავიხადეთ. აფხაზეთის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში გვქონდა ნაქირავები ბინა მაშინ. მეზობლებმა გაიგეს, ფული შეაგროვეს და შუქის ფული გადაგვიხადეს. გვითხრეს, როგორ შეიძლება, აქ, ჩვენ გვერდით ცხოვრობდეთ და შუქი არ გქონდეთო. ამის შემდეგ ეს ქვეყანა შემიყვარდა ძალიან.
ჩემი ნათესავები სუდანში ცხოვრობენ. პირველი ორი წელი რთული იყო მათთვის. გამუდმებით აკითხავდა პოლიცია და ჩვენ შესახებ ეკითხებოდა. სად არიან? რატომ წავიდნენ? ძალიან რთული იყო მათთვისაც და ჩვენთვისაც. თან მაშინ ინტერნეტით საუბარი ასე ხელმისაწვდომი არ იყო. ახლა უფასოდ შეგვიძლია დავრეკოთ, დავინახოთ. კონტაქტი უფრო გაადვილდა.
ბათუმში საქართველო თავიდან აღმოვაჩინე. ჩემი შვილები 13 წლის ნურანი, 11 წლის მუჰამედი და 9 წლის ნუნი მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ბავშვები სახლში თამაშობენ ქართულად, ჩხუბობენ ქართულად, სწავლობენ ქართულ სკოლაში და იღებენ ქართულ განათლებას. არაბულს ვასწავლი, რადგან მათი მშობლიური ენაა და უნდა იცოდნენ. სულ ქართველ თანატოლებთან აქვთ ურთიერთობა.
ჩემი სახლი სულ სავსეა ბავშვებით. მიხარია, რომ კარგი მეგობრები ჰყავთ. მთელ დღეს მათთან ატარებენ. ყველაზე ხშირად ჩემი შვილების ნახვა ფეხბურთის სათამაშო მოედანზე შეიძლება. სულ მეგობრებთან უნდათ ყოფნა.
მუჰამედ და ნუნი აბდინები მეგობრებთან ერთად ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ქართული სახელმწიფო გვეხმარება. ლტოლვილთა სამინისტროსგან თვეში 45 ლარი გვაქვს ოჯახის თითო წევრს. 225 ლარი გამოგვდის თვეში.
სხვაგან წასვლა არ მინდა. სულ მინდა აქ ვცხოვრობდე. მე მინდა საქართველოში გაიზარდონ ჩემი შვილები. კი, ჩვენ მუსლიმები ვართ და ქვეყანა ქრისტიანულია, მაგრამ მე განსხვავებას ვერ ვგრძნობ. აქ სხვანაირი ხალხია. ერთმანეთის პატივისცემა იციან. სხვაგან არ წავალ.
ფარიკ აბდინი
შვილების უსაფრთხო ქვეყანაში გაზრდა – ეს იყო მთავარი, როცა მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში საბოლოოდ დარჩენის გადაწყვეტილება მივიღეთ. ხანდახან გვიანობამდე მიწევს მუშაობა. ამ დროს ბავშვები სახლში მარტო არიან და მე არ მეშინია, რომ ჩემს შვილებს მარტო ვტოვებ სახლში. მსგავსი რამ სუდანში წარმოუდგენელია. ძალიან კარგი მეზობლები მყავს და აქ თავს დაცულად ვგრძნობ.
სუდანში წასვლის საშუალება რომ იყოს, წავალ ორი-სამი დღით, მაგრამ დავბრუნდები ისევ საქართველოში.
მართალია, ახლა სუდანში ახალი პრეზიდენტი გვყავს, მაგრამ სულ ერთი წელია, რაც თანამდებობაზეა. მანამდე 30 წელი ქვეყანა არასწორად იმართებოდა რეჟიმის მიერ. ერთ წელში რთულია რაიმეს ძირეულად შეცვლა.
რას ვსაქმიანობ?
საქართველოში ჩამოსვლისთანავე ენის სწავლის პარალელურად სამსახურის ძებნა დავიწყე. დასაქმების სააგენტოში ვიყავი. ქართული არ ვიცოდი, მაგრამ მაინც ვუთხარი, რომ ძალიან მჭირდებოდა სამსახური. მანამ, სანამ სამსახურს ვიპოვიდი, ორი წლის განმავლობაში სახლში ბავშვებს ვამეცადინებდი ინგლისურში. ორი წლის მერე დამირეკეს დასაქმების სააგენტოდან და გამოჩნდა ის საქმე, სადაც ახლა ვმუშაობ – თბილისის ბიზნესცენტრში თარჯიმანი ვარ.
არაბული ჩემი მშობლიური ენაა. ვიცი ინგლისური, ფრანგული, ქართული და ვსწავლობ რუსულს. ხშირად მეძახიან სასამართლოში, პოლიციაში, თარჯიმნად. ახლა მართლა კარგად ვარ.
ახლა თავად შემიძლია ვიზრუნო ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში, მძიმე მდგომარეობაში მყოფს დამეხმარნენ.
ახლა ჩემს სახლში ცხოვრობს აგვისტოს ომის ვეტერანი, თავის მეუღლესთან ერთად. ის ერთ-ერთი პირველი ქართველია, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა ბათუმში გავიცანით.
ახალი გადმოსულები ვიყავით ბათუმში. ახალი წლის შემდეგი დღეები იყო. გვიან დავრჩი ქუჩაში ბავშვებთან ერთად. ავტობუსის ფული მქონდა მხოლოდ, ტაქსის არა. ძალიან გვიანი იყო და ავტობუსები აღარ მუშაობდა.
რომ დამინახა ბავშვებთან ერთად, სახლში მიყვანა შემომთავაზა. ამ სიცივეში ცოდო ხარო. უფასოდ წაგვიყვანა სახლში. შემდეგ ეს ტაქსისტი მოვძებნე, ფული მივეცი და მის ცოლთან ერთად დავპატიჟე სტუმრად. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და დღეს ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. პანდემიის გამო ეს კაციც და მისი ცოლიც უმუშევარი დარჩნენ. ქირით ცხოვრობდნენ და ფული ვერ გადაიხადეს. მე მათ ჩემი სახლის კარი გავუღე.
წლების მანძილზე ბათუმის სათნოების სახლში მოხალისეობრივად ვმუშაობდი. ახლა მეგობართან ერთად ვაპირებ მოხუცთა თავშესაფარი გავხსნა. ამისთვის ფინანსებს ვეძებ. დაფინანსების მოსაპოვებლად საუდის არაბეთის და ყატარის საელჩოებსაც კი მივმართე. თუმცა, ჯერჯერობით, საჭირო თანხა არ მაქვს. პანდემია დაემთხვა და ამან შეგვიშალა ხელი.
შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ საქართველოში ცხოვრების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველ დღე, როდესაც ფანჯარას ვაღებ და ჩემი მეზობლები მეუბნებიან – „გამარჯობა, როგორ ხარ?“ ვხვდები, რომ აქ მინდა მხოლოდ ცხოვრება და არსად სხვაგან.
ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, „ჯიპის“ და „მერსედესის“ ტიპის ავტომანქანების შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომებს აღენიშნებოდათ დაზიანება.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაზიანება მიიღო სამმა პირმა, მათგან ერთი, თავის ტრავმით გადაყვანილია კლინიკაში.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.
დღეს, პირველ ივლისს, სარფის საბაჟოსთან დილიდანვე შეიკრიბნენ ქალები, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც თურქეთში სამსახური კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით თურქეთთან ჩაკეტილი საზღვრის შედეგად დაკარგეს.
როდის გაიხსნება თურქეთთან საზღვარი? როგორ ვარჩინო ოჯახი? – ეს ის კითხვებია, რომელიც ამ ქალებს, და, ასევე, საქართველოს იმ ათასობით მოქალაქეს აწუხებს, რომლებიც ყოველდღიურ ან სეზონურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული თურქეთში. ოთხი თვეა მათ შემოსავალი არ მიუღიათ.
აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეაქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1 ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეაქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1 ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ნუნუ მჟავანაძე ერთ-ერთია იმ ასობით ქალიდან, რომელიც თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ.
აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
„პენსიონერი ვარ, სამსახურს ვერ ვპოულობ. დასაქმებული ვიყავი თურქეთში, 6-სულიანი ოჯახი მყავს. 3 მარტის შემდეგ საზღვარი აღარ გადაგვილახავს. კომუნალური გადასახადები გადაგვიხადეს, მაგრამ ეს ამოიწურა, ამ თვიდან ჩვენ არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ გადასახადები გადავიხადოთ. რით ვიარსებოთ? რით ვარჩინო ოჯახი? ჩემს ოჯახს მე ვარჩენდი. ვის აქვს დანაზოგი, რომ 4-5 თვე, ერთი წელი თავი ვირჩინოთ? თუ საზღვარი არ იხსნება, მაშინ დაგვეხმარონ, მინიმალურად, რომ საჭმელი მაინც ვიყიდოთ და ოჯახები გადავარჩინოთ. გვითხრან, როდის დაგვადგება საშველი, რომ საარსებო წყარო გქონდეს,“ – გვითხრა ნუნუ მჟავანაძემ, რომელიც პენსიონერია.
აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
„რა გავაკეთოთ ჩვენ? მეოთხე თვეა სახლში ვზივართ სხვის კისერზე, როგორ ვიცხოვრო?“ – გვკითხა ირინამ, რომელმაც გვითხრა, რომ გორიდან ჩამოვიდა აქციაზე დასასწრებად.
„გაგვაგებინონ, როდის გახსნიან საზღვარს. მძევლები ვართ ამ ქვეყნის? აღარც სამსახური, აღარც არაფერი, მშიერი ხალხი რას იზამს, არავინ არ იცის. რა ვუპასუხოთ ჩვენს შვილებს? ნისიასაც აღარ გვაძლევენ მაღაზიაში,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილე ქალმა.
აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძეაქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
მალე აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გამოჩნდა. „ყველა ქალი ხართ?“ – ჰკითხა მან აქციის მონაწილეებს. „ქალები ვართ, ქალი არჩენს ახლა ოჯახს,“ – ასე უპასუხეს მას.
აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ქალებმა, რომლებიც თურქეთში არიან დასაქმებული ყოველდღიურ და სეზონურ სამუშაოზე, ბათუმში ბოლო პერიოდში არაერთი აქცია გამართეს. მათი აქტიურობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაეცა კომპენსაცია300 ლარის ოდენობით, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია როდის გაიხსნება თურქეთის საზღვარი და როდის შეძლებენ ისინი დასაქმებას.
საქართველოში დაახლოებით 130 ათასი ადამიანია, ვისაც საზღვარგარეთ თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარებით შეუძლია ისარგებლოს, მათი უმრავლესობა სწორედ თურქეთში იყო დასაქმებული.
დღეს აქციაზე არაერთხელ ითქვა ისიც, რომ კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის პროცესში ხარვეზებია.
აქციის მსვლელობისას „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა მთავრობის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებთან შეხვედრას. მთავრობაში გვითხრეს, რომ საკითხი გადაწყვეტილი არ იყო, თუმცა აქციის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ თენეიშვილი და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ კახიძე შეხვდნენ. აქციის მონაწილეებთან მათი შეხვედრა დაპირისპირების ფონზე შედგა.
აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ზურაბ თენეიშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ საზღვრის გახსნის საკითხი მის კომპეტენციაში არ შედიოდა, 300-ლარიანი, ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად კი მოქალაქეებს აჭარის დასაქმების სააგენტო დაეხმარებოდა რეგისტრაციაში. თემურ კახიძე აქციის მონაწილეებს დასაქმების ბაზაში რეგისტრაციას დაჰპირდა და მათ გადამზადება შესთავაზა, რომ აქციის მონაწილეებმა საქართველოში სცადონ დასაქმება, თუმცა მათ პასუხმა აქციის მონაწილეები გააღიზიანა. „ხუთი წელი ვიყავი დასაქმების ბაზაში, ვიცი, რაც არის,“ – შეეპასუხა თემურ კახიძეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქცია რამდენიმე საათში დაიშალა. ქალები შეთანხმდენ, რომ მორიგი აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან გაიმართება უახლოეს დღეებში. ამჯერად ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, თორნიკე რიჟვაძისგან მოითხოვენ პასუხს კითხვებზე: „როგორ ვარჩინო ოჯახი? როდის გაიხსნება საზღვარი?“
აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
აიშე შაინიძე 80 წლისაა. ის დღეს სარფის საბაჟოსთან თურქეთში დასაქმებული ქალების აქციას შეუერთდა. შინ შვილიშვილი დატოვა და დემონსტრანტებთან ერთად სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას ითხოვდა. ყოველდღიური სამუშაო თურქეთში მისი შემოსვლის ერთადერთი წყარო იყო პანდემიამდე, პენსიასთან ერთად. სამთვე-ნახევარია ვეღარ მუშაობს და მისი ერთადერთი შემოსავალი ახლა პენსიაა, რითაც ოჯახი უნდა არჩინოს. ვერც მთავრობის მიერ პანდემიისას გასაცემი ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო ჯერ.
„რაც საზღვარი გაიხსნა, მას შემდეგ თურქეთში ვმუშაობ და ალბათ გზაში მოვკვდები. არ მინდა მაგათი 300 ლარი. გახსნან საზღვარი და მე ყოველდღე ვნახავ ჩემს გზას, უმუშევრად არ დავრჩები თურქეთში თუ გადავალ.
ვმუშაობდი ჩაიში, ვწმენდდი ეკლებს, ბალახს ვგვიდი, ქუჩასაც, მშიერი რომ არ დავრჩენილიყავი და რამე მეკეთებინა. ამ ხნის ქალი დავდივარ იქ, რისი იმედი უნდა მქონდეს. შვილი მომიკვდა, სამი ბიჭი, ბადიში დამრჩა. ადრე შვილიშვილს ვეხვეწებოდი, ლევანიკო ჭამე-მეთქი, ახლა ცარიელი პურიც რომ ნახოს, დაჯდება და ჭამს.
დავიფიცო? გუშინ პურის ფულიც არ მქონდა, მეზობელს სამი ლიტრი რძე ვთხოვე, ბრინჯი მქონდა, ფაფა გავაკეთე, დავტოვე სახლში და წამოვედი. ახლა აქციიდან სახლამდე რომ დავბრუნდე, იმის ფულიც არ მაქვს. სოციალური დახმარება ქმარი რომ მომიკვდა, მომიხსნეს, მერე წელიწად-ნახევარში შვილი მომიკვდა. ისევ არაფერი – ავეჯი დაინახეს, სახლში რომ იდგა და არ გეკუთვნისო. რა უნდა ვქნა, რა გავაკეთო. კარგია, რომ გაზის და შუქის ფული გადაგვიხადეს, მადლობა ამისთვის, მაგრამ ოჯახს ეს არ ჰყოფნის – თურქეთში რომ არ გადავიდე, მშიერი მოვკვდები. თქმა მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა? ერთი ლარი რომ არ გექნება სახლში პურის საყიდლად, ესაა ცხოვრება? 80 წლის ვარ, მაგრამ თურქეთში სამუშაოს ვნახავ.
მოვიდეს ვინმე ჩემთან და გამოაღოს მაცივარი – ერთი ბოთლი ტყემალი დგას. რაც ახლა დამიდგა, ასეთი ცხოვრება მე ჯერ არ მქონია, აქამდე გაზსაც ვიხდიდი, ბანკსაც. რა დანაზოგიც გვქონდა საჭმელში დაიხარჯა, თქმაც მრცხვენია, ხალხი გაიგებს, ასე რომ დავრჩი. დღეს რომ მივალ, შავი პური დევს მარტო სახლში, გაჭირვებასაც აქვს საზღვარი. ესაა გაჭირვება, დილა რომ თენდება და ფიქრობ ბავშვს რა აჭამო?“ – ამბობს ,,ბათუმელებთან“ 80 წლის აიშე შაინიძე.
საქართველო – თურქეთის საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო 15 მარტიდანაა ჩაკეტილი, ამ ხნის, სამთვე-ნახევრის განმავლობაში თურქეთში დასაქმებული ქალები ვეღარაფერს გამოიმუშავებენ, მათი უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ თურქეთში მუშაობა იყო. ქალები, რომლებიც დღეს, პირველ ივლისს, სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნას ითხოვდნენ, ძირითადად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები: კაფე-ბარებში, მაღაზია-რესტორნებში, საცხობებსა და ჩაის, თხილის პლანტაციებში.
საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ირაკლი შაქარიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევას.
ირაკლი შაქარიშვილს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ცოლი ადანაშაულებს. პოლიციელის ცოლთან ინტერვიუ „მთავარმა“ გაავრცელა, სადაც ქალი ამბობდა, რომ ძალადობის გამო ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა და მას პოლიციელი ქმარი ნათესავების სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება ირაკლი შაქარიშვილის საქმეზე პროკურატურამ 25 ივნისს დაიწყო. უწყებაში გვითხრეს, რომ შაქარიშვილი უკვე გამოკითხეს და გამოძიება გრძელდება.
გართულდა თუ გამარტივდა სქემა? რა არის აუცილებელი მოთხოვნა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის ახალი სქემის მიხედვით და ვინ წყვეტს, ეკუთვნის პედაგოგს ახალი სტატუსი თუ არა. რა ელოდებათ პრაქტიკოს და მაძიებელ პედაგოგებს – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე საუბრობს.
ბატონო ბერიკა, განმარტეთ, რა არის სიახლე პედაგოგებისთვის ახალ სქემაში?
ფუნდამენტური ცვლილებაა ის, რომ აღარ იარსებებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და იქნება მხოლოდ უფროსი, მენტორი და წამყვანი მასწავლებელი. მეორე, – უქმდება ეს ყბადაღებული კრედიტქულები და მასწავლებლები აღარ იქნებიან დაკავებული ამ კრედიტების ატვირთვა-ჩამოტვირთვით.
მასწავლებლის პროფესიული განვითარება გადადის სკოლის ბაზაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის პროფესიული საჭიროება უნდა დაადგინოს სკოლაში მოქმედმა ხარისხის განვითარების ჯგუფებმა. ასევე, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში რესურსცენტრებთან არსებულმა 14-კაციანმა ჯგუფმა და ეს ყველაფერი დაეხმარება მასწავლებელს, რომ დაადგინოს რა ესაჭიროება მას პროფესიული განვითარებისთვის.
საგნობრივი კომპეტენციის განვითარება უნდა, პროფესიული, გამჭოლი მიმართულებებით განვითარება, მაგალითად, ინკლუზიაში ან კვლევაში, ისტის მიმართულებით თუ დემოკრატიულ კულტურაში, ეს ყველაფერი დადგინდება.
როგორც დადგენილებაში წერია, მათ რჩებათ ტრენინგების გავლის ვალდებულება პროფესიული განვითარების მიმართულებით.
დიახ, კონკრეტული საათები მითითებულია. მაგალითად, უფროს მასწავლებელს მოეთხოვება წელიწადში გაიაროს 20-საათიანი ტრენინგი პროფესიულ განვითარებაში, წამყვანმა 12 და მენტორმა 6 საათი. ამაზე კიდევ ვმუშაობთ და დავაკორექტირებთ საათებს. სწორედ ხარისხის ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, ასევე პედაგოგმა, თუ რაში გაივლის ტრენინგს ამ საათების მიხედვით.
როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მას ამ საჭიროების გამო არავინ გამოიჭერს და სამსახურიდან არავინ გაუშვებს, როცა მშვიდ გარემოში ეტყვი, რომ მოდი, გაიარე ტრენინგი საგნობრივი კომპეტენციის გაძლიერებისთვის, ყველა მოგებული დარჩება – მასწავლებელიც, მისი მოსწავლეც და სისტემაც. ამიტომ, ეს პროფესიული განვითარება აღარ იქნება ატვირთე-ჩამოტვირთე, გამოცხადდება ტრენინგი, დაესწრება პედაგოგი და შემდეგ შეფასდება როგორია მისი ჩართულობა, ჩათვლა-არჩათვლის ფორმატით.
რამდენად გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად წარიმართება ეს ჩათვლა-არჩათვლის პროცესი. თქვენი აზრით, რა იქნება ამის ბერკეტი?
ახლა დადგა დრო, რომ სისტემას დირექტორებისა და მასწავლებლების მიმართ მეტი ნდობა აქვს – თუ არ ენდე, არ გამოვა. ეს დამსჯელი მექანიზმებით სირბილი ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა. თუ ადამიანს დასაჭერად დასდევ, დადგამს სპექტაკლს. როცა ეუბნები, რომ არ მინდა შენი სპექტაკლი და, უბრალოდ, მითხარი რაში გჭირდება დახმარება, რომ უკეთესი გაკვეთილი ჩაატარო, ეს სხვა რამეა. ხარისხის ჯგუფი იმიტომ არის კარგი, რომ თუ პედაგოგს ადგილზე აქვს რაიმე პროფესიული საჭიროება და ვერ აკეთებს კარგად, სკოლის დონეზე არის ექსპერტი, რომელიც პედაგოგს დაეხმარება. თუ ის ვერ შეძლებს დახმარებას, შემდგომ უკვე რესურსცენტრის დონეზეა 14-კაციანი ჯგუფი და იქ დაეხმარებიან.
მოდით, დავაკონკრეტოთ, გარდა ამ სავალდებულო საათებისა, კიდევ რა მოეთხოვება პედაგოგს სტატუსის ასამაღლებლად ახალი სქემით?
მომავალი წლიდან პედაგოგმა სტატუსის შესაცვლელად უნდა ჩააბაროს გამოცდა მხოლოდ პროფესიულ უნარებში, რადგან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს. ეს იქნება შესაბამისი გამოცდა წამყვანისა და მენტორისთვის.
მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ სტატუსის შესაცვლელად პედაგოგმა გამოცდაზე მინიმუმ 50-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს. ასეა?
ბარიერი ჯერ არ ვიცით, რადგან ამას ნაეკი აკეთებს, მაგრამ იქნება პროფესიული გამოცდა – მენტორისთვის ცალკე იქნება და წამყვანისთვის ცალკე. სხვადასხვა სირთულის ტესტი იქნება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოცდას მარტივად აბარებენ, მაგრამ შემდეგ ეს არ აისახება მათ პროფესიულ საქმიანობაში. ამიტომ გამოცდა იქნება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. საკმარისი პირობა იქნება ის, როცა სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი, რესურსცენტრის დონეზე არსებული ჯგუფი დაადგენს, პედაგოგის კონკრეტულ საჭიროებებს და პედაგოგი ამ საჭიროებებში კომპეტენციას აიმაღლებს.
დავუბრუნდები პრაქტიკოსების თემას, როგორც ვიცით, სისტემაში ამ დროისთვის მინიმუმ 6 ათასი პრაქტიკოსი პედაგოგია. ბევრი მათგანი რამდენიმეჯერ გავიდა გამოცდაზე, თუმცა ვერ გადალახა ბარიერი. რადგან ახალი სქემით გაუქმდა ცნება „პრაქტიკოსი“, რა იქნება შემდეგ, თუკი 2020 წლის შემოდგომაზე ეს ხალხი ისევ ვერ დაადასტურებს კომპეტენციას?
მათ 2020 წლის შემოდგომის გამოცდაზე მიეცათ ბოლო შანსი.
იმავეს ამბობდით 2019 წელსაც, თუმცა დატოვეთ ისინი სისტემაში.
იმიტომ, რომ შუა სასწავლო წელში დეფიციტს ვერ შევქმნიდით.
2021 წლის იანვარში არ იქნება შუა სასწავლო წელი?
ზაფხულის გამოცდაზე მასწავლებლობის 12 ათასი მსურველია დარეგისტრირებული. ამას ემატებიან ისინი, ვინც მასწავლებლის ეროვნული აკადემია გაიარა და აპირებს მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამის გავლას. აქედან, მინიმუმ 4 ათასმა რომ დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია, სისტემაში კრიზისი აღარ შეიქმნება, თუკი პრაქტიკოსები დატოვებენ სკოლას. თუ ახლა ვეღარ ჩააბარებენ პრაქტიკოსები გამოცდას, მათი ადგილი მომავალი წლის ივნისში ვაკანტურად გამოცხადდება.
როცა პროფესიულ წინსვლაზეა საუბარი, მაძიებლები ხშირად წერენ ხოლმე სოციალურ ქსელში, რომ ისინი არავის ახსოვს და მათ განვითარებაზე არავინ საუბრობს. მათი კარიერული წინსვლა როგორ იგეგმება ახალი სქემით?
მაძიებლებს ჰყავთ ტუტორი, აქვთ პროგრამა, რაც უნდა გაიარონ, იციან, რომელი გამოცდა უნდა ჩააბარონ და გახდებიან მასწავლებლები. მეტი რა ხსომება უნდათ.
დიდი ვნებათაღელვაა პედაგოგებში იმის გამო, რომ პანდემიის პირობებში ვერ მოახერხეს გაზაფხულზე გარედაკვირვების გავლა. შეძლებენ ისინი წლის ბოლომდე ამ აქტივობის გავლას?
დისტანციური სწავლება, როგორც სწავლების ერთ-ერთი ფორმა, ახლა აღიარა სახელმწიფომ. ამას სჭირდებოდა საკანონმდებლო ცვლილება და პარლამენტის თანხმობა, ჩვენ ვერაფერს ვიზამდით. გარედაკვირვებას როგორ ჩავატარებდით იმაზე, რაც არ მოხდებოდა. ახლა ვფიქრობთ გზაზე, როგორ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი.
კითხვები აქვთ პედაგოგებს იმაზე, რომ თუკი ვერ მოასწრებენ ადრე დაგეგმილი აქტივობების გავლას, ახალი სქემით ხომ არ მოსთხოვს მათ სამინისტრო სტატუსის ცვლილებას?
ის, რა პროცესიც დაიწყეს მასწავლებლებმა ახალი სქემის დამტკიცებამდე, სახელმწიფო მათ აძლევს შანსს, რომ ეს პროცესი დაასრულონ იმ პირობით, რა პირობითაც ჩვენ დავთქვით ურთიერთობა. ახალი გამოცდა და პირობები არის სხვებისთვის. ამიტომ, სექტემბრიდან, იმედია სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში და გავაკეთებთ ჩვეულებრივ გარედაკვირვებას, თუ არ გაგრძელდება, ამაზეც ვიფიქრეთ და მოვიფიქრებთ ონლაინგარედაკვირვების ფორმას.
ახალ სქემაში პედაგოგის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმიათვითშეფასება, რომელიც ცვლილებების შეტანამდეც იყო სქემაში, თუმცა ყველა აღიარებდა, რომ არ იმუშავა ამ მოდელმა და ფორმალურად ავსებდნენ პედაგოგები. ისევ რატომ დატოვეთ ეს მოთხოვნა?
თვითშეფასება არის ნებაყოფლობითი. შეუძლიათ ეს გააკეთონ ან არა. ამაზე არავინ პასუხს არ მოსთხოვს.
დადგენილებაში არ წერია, რომ ნებაყოფლობითია?
ვალდებულება აქვთ მხოლოდ სპეცმასწავლებლებს, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ ცოტა მეტი გამოცდილება გვჭირდება. გვინდა, მომავალი წლიდან ყველა მასწავლებელმა გაიაროს გადამზადება ინკლუზიაში და სპეციალურ განათლებაში, რადგან ბავშვთა პოპულაცია გვეზრდება საქართველოში და მხოლოდ სპეცმასწავლებლები ამ დატვირთვას ვერ გაუძლებენ.
ეთნიკურ უმცირესობებზე მინდა გკითხოთ. ისინი ჩივიან, რომ რადგან არ იციან კარგად ქართული ენა, ვერ ასწრებენ უნარების ტესტის დროულად წაკითხვას და გააზრებას. შესაბამისად, ვერ აბარებენ გამოცდას. სისტემაში ასეთი პედაგოგი გყავთ 4 162. ანუ მათ მომავალ წელს სკოლის დატოვება მოუწევთ?
რა გავაკეთოთ, აბა? მე ვთვლი, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული. თუმცა სამინისტრო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის სპეციალურად ქმნის ჯგუფს, რომ შეისწავლოს ამ სკოლების და მათი პედაგოგების საჭიროება. პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია სექტემბერში იგეგმება. ამასობაში, 4+1 სტუდენტების რაოდენობაც იზრდება. ახლა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს რამე, რომ ამ ადამიანებს ქართული ენის სწავლაში დაეხმაროს.
რომ შევაჯამოთ, საბოლოოდ, გართულდა თუ გამარტივდა სქემა პედაგოგებისთვის?
სქემა გახდა პედაგოგზე ორიენტირებული. პედაგოგს ვეუბნებით, რომ დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი, მიიღე სკოლაში დახმარება, რესურსცენტრის დონეზე მიიღე დახმარება, მოდი, ვითანამშრომლოთ და ვენდოთ ერთმანეთს. ეს არის სქემის თავი და ბოლო.
ვიმეორებ, რომ პედაგოგი წყვეტს, რაში გამოიყენოს ტრენინგებისთვის განკუთვნილი საათები.
თუ ის იტყვის, რომ, ვთქვათ, ეს 12 საათი მას სჭირდება იმისთვის, რომ ისწავლოს კვლევა, კი, ბატონო, დავეხმარებით. ახალი წესით იქნება სტატუსის შესაბამისი, რასაც ემატება მასწავლებლის საქმიანობის შეფასება. ხომ უნდა ვკითხოთ მშობლებს, მოსწავლეებს, მის კოლეგებს, როგორია ეს მასწავლებელი, ეს სხვანაირი პროცესია. ახალ სქემას მალე მოჰყვება მასწავლებლის პროფესიული რეგულირების წესი, სადაც კიდევ უფრო დაზუსტდება მიდგომები და ყველა იქნება მასწავლებლის სტანდარტზე მორგებული.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულისგან ერთნაირად უარყოფითი პასუხი მიიღო, როცა თითოეულ მათგანს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?
დღეს, პირველ ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეზო წულუკიძის, ელდარ ანთაძისა და ვაჟა კონცელიძის საქმის განხილვა დაიწყო. მათ ხულიგნობას ედავება გამოძიება. ვაჟა კონცელიძე წინასწარ პატიმრობაში არ არის.
ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. მათი ახლობლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ, რადგან ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დანით დაჭრეს და ისინი, დაპირისპირებული მხარისგან განსხვავებით, წინასწარ პატიმრობაში არიან.
15 ივნისს, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართა, ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად ხვდებოდა და წინასაარჩევნოდ დახმარებას სთხოვდა. “თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, პოლიციის განყოფილებაში შეგვხვდა და არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა, ჩვენ სპორტსმენები ვართ… უარი ვუთხარით და სამაგიერო ასე გადაგვიხადეს,” – ამბობდა ფირუზ წულუკიძე, ის მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში.
ელდარ ანთაძის ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დღევანდელ პროცესზე ახალი მტკიცებულება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ელდარ ანთაძე იმავე ჩხუბის ფაქტზე პროკურატურამ დაზარალებულადაც მიიჩნია.
“ეს სხვა საქმეა, ცალკე ნომერი აქვს…” – უპასუხა ადვოკატს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.
ამ ჩხუბის დროს დანით დაჭრეს ელდარ ანთაძე. “მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ძალიან მძიმეა… მას არ უტარებენ კვლევებს და არასწორი მედიკამენტებით მკურნალობენ… ახალაიას რეჟიმი დაბრუნდა ციხეში,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.
ადვოკატმა მოსამართლის დარწმუნება იმაში სცადა, რომ ამ საქმეზე პოლიტიკური ინტერესი არსებობს და მაშინ, როცა ციხეში შეხვედრისთვის ადგილი თავისუფალია, ბრალდებულს არ ახვედრებენ.
“ასეთ ბარიერებს გვიქმნიდნენ წინა ხელისუფლების დროს, როცა პოლიტიკური პატიმრები არსებობდნენ… ბარიერებს მიქმნიან, ვიდრე ჟურნალისტებს არ დავურეკავ, საპატიმროში არ მიშვებენ,” – თქვა დავით ჯაფარიძემ.
პროკურორმა ადვოკატს მიუთითა, რომ ამ განცხადებებს დასაბუთება სჭირდება და შესაბამისი დასკვნები, რითაც დადასტურდება, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
“ბრალდებულის ოჯახის წევრისთვის ყველაზე სანდოა ადვოკატი, მას მოსამართლის არ სჯერა, პროკურორის მით უმეტეს…” – დაიწყო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და დარბაზში მყოფ ბრალდებულის მეუღლეს გახედა.
“ადვოკატი კი ამბობს, რომ ეს ადამიანი კვდება…” – განაგრძო მოსამართლემ და ადვოკატს კონკრეტული დოკუმენტი მოსთხოვა.
“თუ არ მაძლევენ დოკუმენტს, რა მოვიტანო?” – იკითხა ადვოკატმა.
“პირველ მოსამართლეზე და თქვენზეც არის ზემოქმედება…” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ. მან ასევე თქვა, რომ საქმე პოლიტიკურია და მოსამართლე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
მას შემდეგ, როცა პროცესზე დისტანციურად ჩართული რეზო წულუკიძის გაჩუმება მოსამართლემ ვერ შეძლო, ჯერ ბრალდებულს მიკროფონი გამოურთეს, ხოლო შემდეგ ის მოსამართლემ სხდომიდან გააძევა.
“მეც გამაძევეთ ბარემ აქედან, ეს რა არის, რა სასამართლოა?” – ყვირილი დაიწყო დარბაზში ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმამ – ფირუზ წულუკიძემ. მას მანდატურებმა დაატოვებინეს სხდომათა დარბაზი. პროცესი ბრალდებულის მამამაც დატოვა, თუმცა მას არაფერი უთქვამს.
რეზო წულუკიძის ადვოკატმა, ნონა დუმბაძემ მოსამართლეს ბრალდებულის სხდომაზე დაბრუნება სთხოვა.
პროცესის დასრულებამდე მოსამართლემ დარბაზში დარჩენილებს უთხრა, რომ თუ ასე გაგრძელდა, სხდომას საერთოდ დახურავს და მხოლოდ ჟურნალისტებს დაუშვებს.
ამ ინციდენტამდე ბრალდებულები და პროკურორიც დღევანდელ პროცესს დისტანციურად, ელექტრონული პროგრამის საშუალებით ერთვებოდნენ.
“თქვენ იმყოფებით პირობითი მსჯავრის ქვეშ, კარგი არ არის ეს, მინდა გითხრათ,” – მიმართა ბრალდებულებს მოსამართლემ და განუმარტა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მას სასჯელის დამატება მოუწევს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ხულიგნობის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთა ელით ორიდან ხუთ წლამდე, ჯარიმის გადახდა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180-დან 200 საათამდე.
როზო წულუკიძის სასამართლო პროცესიდან დავით მამისეიშვილმა ბრალდებულის ძმა და მამა გააძევა
პირველი ივლისიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებსა და ოჯახის ექიმებს ხელფასი ასი ლარით გაეზრდებათ – ამის შესახებ დღეს, პირველ ივლისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი და ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი და დიდი სურვილი მაქვს, სამომავლოდაც მხოლოდ სურვილით არ შემოვიფარგლოთ,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 165 626 თვითდასაქმებული. ინფორმაციას ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო 104 547-მა თვითდასაქმებულმა, სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ცნობით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს.
სააგენტო აცხადებს, რომ კომპენსაციის თანხა მოქალაქეებს ეტაპობრივად ერიცხებათ.
აჭარის კონსტიტუციაში ცვლილება არჩევნების შერეული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 15 ხმით დაამტკიცა, სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია.
ცვლილება ითვალისწინებს 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამი დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას. სამაჟორიტარო ოლქების საზღვრები კი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის განსაზღვრულ საზღვრებს დაემთხვევა.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ განხილულია მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების მოდელი, შერეული მოდელის დამტკიცებით კი, გარდა იმისა, რომ თავად არ ეთანხმებიან ამ მოდელს, ირღვევა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. კანონი ითხოვს ცვლილების საჯარო განხილვას, შემდეგ კი საკომიტეტო მოსმენების გავლას.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ დღეს, პირველ ივლისს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ გასულ წელს საჯარო შეხვედრების დროს განიხილეს ცვლილებების ორივე მოდელი და არა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში თითქმის სრულად წაიკითხა ოქმი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული განხილვების დროს შეადგინეს. მაშინ დავით გაბაიძე აცხადებდა, რომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას ჰქონდა მზაობა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტში იმავე სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდა, უმაღლესმა საბჭომაც გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნების წესთან მიახლოებული მოდელისთვის დაეჭირა მხარი.
უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგონა ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით.
სულ მცირე 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრით და დამთავრებული ქალწულობის შემოწმებით, მიჩნეულია ადამიანის უფლების დარღვევად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშის თანახმად, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სამ ყველაზე გავრცელებულ საზიანო პრაქტიკაზე: ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ბავშვთა/ადრეული ქორწინება და ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება.
წელს, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 4,1 მილიონი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი; 18 წლამდე ასაკის 33 000 გოგონა იძულების წესით დაქორწინდება მასზე ასაკით უფროს მამაკაცზე. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენციამ ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის გავრცელებას, ან გოგონების უგულებელყოფას, რაც, რიგ შემთხვევაში, გოგონების სიკვდილით მთავრდება და რისი შედეგიც არის მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი „გაუჩინარებული გოგონა“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბავშვთა ქორწინება არალეგალურადაა მიჩნეული და შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს, თუმცა რეგიონის ზოგიერთ ნაწილში აღნიშნული პრაქტიკა ჯერ ისევ ფართოდ არის გავრცელებული – ზოგიერთ ქვეყანაში 18 წლამდე ასაკში დაქორწინებულ გოგონათა წილი 15%-მდეა; ხოლო ზოგიერთ თემში, თითქმის ყოველი მეორე ქალი 18 წლამდე ასაკში ქორწინდება.
ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული, რამაც სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის სერიოზული დარღვევა გამოიწვია, რადგან დაბადებული ვაჟების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დაბადებული გოგონების რაოდენობას.
„ქვეყნებს, რომლებმაც მოახდინეს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენცია, ეკისრებათ საზიანო პრაქტიკის აღკვეთისა და დასრულების ვალდებულება. ბევრმა ქვეყანამ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი კანონები შემოიღო, თუმცა, მხოლოდ კანონების შემოღება საკმარისი არ არის“ – აღნიშნულია ანგარიშის შესახებ მომზადებულ პრესრელიზში.
ათწლეულების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ამ მიმართულებით წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ე.წ. „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომები გაცილებით ეფექტურია ცვლილებების მისაღწევად, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, ბავშვთა ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა 10 წლის ვადაში არის შესაძლებელი ისეთი გზებით, როგორიცაა გოგონებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შექმნა, მათთვის ცხოვრებისეული უნარების სწავლება და სოციალური ცვლილებების განხორციელების ძალისხმევაში ბიჭებისა და მამაკაცების ჩართვა. ანგარიშის თანახმად, 2030 წლამდე, 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობის წლიური ინვესტიცია ამ ორი საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ამით დასრულდება, დაახლოებით, 84 მილიონი გოგონას ტანჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია, COVID-19-ის პანდემია საფრთხეს უქმნის ამ მიღწევებს და ზრდის პრობლემის გამწვავების რისკს. უახლესი კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიწოდება და პროგრამები ექვსი თვით შეჩერდება დღევანდელი დღიდან 2030 წლამდე პერიოდში, დამატებით 13 მილიონი გოგონა გახდება იძულებული ადრეულ ასაკში დაქორწინდეს და 2 მილიონზე მეტი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი.
ანგარიშში ასევე ნთქვამია, რომ პანდემიამ შესაძლოა გამოიწვიოს იძულებით ადრეული ქორწინების რისკის ზრდა, რომელიც გარკვეულ საზოგადოებებში ოჯახის ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქების სტრატეგიად არის მიჩნეული. იზოლაცია, სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა არღვევს მოზარდი გოგონების ყოველდღიური ცხოვრების რიტმს და იმ სისტემების რღვევას უწყობს ხელს, რომლებიც მათ ამ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შენარჩუნებაში ეხმარება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 3 ახალ შემთხვევას შორის 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი მანამდე დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია.
სულ საქართველოში კორონავირუსის 931 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 795 გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა.
დღეის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.
დღეს, პირველ ივლისს, სარფში აქცია მიმდინარეობს თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით.
აქციაში ის ადამიანები, ძირითადად ქალები, მონაწილეობენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში და საზღვრის დაკეტვის შემდეგ უსახსროდ დარჩნენ.
საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან.
ქალებმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმში. მათი აქტიურობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაეცა კომპენსაცია300 ლარის ოდენობით, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.
სპორტსმენი ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ ის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. იგი ბოლო დღეებში აცხადებდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად, საიდუმლოდ ხვდებოდა და წინასაარჩევნოდ დახმარებას სთხოვდა.
„…პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა გამომკითხონ. თქვეს, რომ ეს უკავშირდება მედიაში ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვუთხარი, რომ დღეს სასამართლო პროცესის შემდეგ მივალ,“ – ამბობს ფირუზ წულუკიძე „ბათუმელებთან“.
დღეს, პირველ ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლო არსებით განხილვას დაიწყებს იმ საქმეზე, სადაც ფირუზ წულუკიძის ძმა – რეზო წულუკიძე ბრალდებულია. ფირუზ წულუკიძის თქმით, რეზოს და მის მეგობარს – ელდარ ანთაძეს ხელისუფლება წინასაარჩევნო დახმარებაზე უარის თქმის გამო სჯის.
ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დააკავეს და კონფლიქტის მეორე მხარეს ვინც იყო და ბრალდებულები დაჭრა კიდეც, არ დაუკავებიათ.
დაიწყო თუ არა გამოძიება იმ ფაქტზე, რაზეც ფირუზ წულუკიძე საუბრობს, ან რა პროცედურის ფარგლებში დაიბარეს ფირუზ წულუკიძე გამოკითხვაზე? – პროკურატურის ინფორმაციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.
აქ.ახლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (ფიზიკური პირები) თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო.
სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის სწრაფი გადახდის ტერმინალებს შეეხება. ამ დრომდე, მომხმარებელს 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდა.
„თიბისი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი სტრატეგიაა ისეთი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას გაუმარტივებს და დაუზოგავს დროს. არსებული გამოწვევის ფონზე, თიბისი მაქსიმალურად ცდილობს კიდევ უფრო წაახალისოს მომხმარებლები, ისარგებლონ ციფრული პროდუქტებით/სერვისებით და დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განახორციელონ სასურველი საბანკო ოპერაცია. საკომისიო გადასახადის გაუქმებაც ამ სტრატეგიის ნაწილია“, – ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებზე ახალი პირობებით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დღეიდან შეძლებენ.
„საკრებულოში მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო იმის ნიშანი, რომ ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი ხელისუფლებას,“ – ასე ახსნა თემურ კახიძემ თავისი სიჩუმე ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში. ის 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრია და ბოლოს ბათუმის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო. დღეს, პირველ ივლისს, თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.
ვიდრე „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ბრიფინგზე შეიკრიბებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადების გავრცელება მოასწრო, თემურ კახიძე გავრიცხეთ პარტიიდანო. პარტიიდან გარიცხვის მიზეზი სულიკო თებიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ „ბათუმელებთან“ ასე ახსნა:
„კი, ასეა, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან ჰქონდა მოლაპარაკებები… დანარჩენი „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს ჰკითხეთ, არ ვიცი, მე ყველას თავმჯდომარე ვარ,“ – გვითხრა სულიკო თებიძემ.
„გუშინ ღამით აწრიალდნენ, მაგრამ როცა ნახეს, რომ ბატონი თემური იყო პრინციპული, ძირდამპალი ხელისუფლების კლასიკურ-ქრესტომათიული ჟანრის მიხედვით იმოქმედეს – ბატონი თემური დილაადრიან გარიცხეს ფრაქციიდან…“ – აღნიშნა ბრიფინგზე გიგი უგულავამ.
ბრიფინგზე თემურ კახიძემ თქვა, რომ „ოცნებიდან“ წამოსვლის მთავარი მიზეზი ქვეყნის დინამიკა იყო და მას საუბარი მმართველ პოლიტიკურ გუნდთან პოლიტიკურ მომავალზე არ ჰქონია, ანუ იმაზე, თუ რა თანამდებობა ექნებოდა მას არჩევნების შემდეგ.
თემურ კახიძეს შევახსენეთ, რომ 8 წლის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ისეთ პროექტებსაც უჭერდა მხარს, რაზეც საზოგადოებას პროტესტი ჰქონდა. თემურ კახიძემ სამოქალაქო აქტივისტებს დღევანდელ ბრიფინგზე „პროტესტანტები“ უწოდა და თქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ რიგებიდანაც მხარს დაუჭერს, მაგალითად, ისეთ პროექტს, როგორიც „ბათუმის რივიერაა“. ბათუმის სანაპიროზე რამდენიმე ცათამბჯენის აშენება თემურ კახიძეს „ქალაქის განვითარებად“ მიაჩნია.
„…რივიერას „ევროპული საქართველოს“ რიგებიდანაც მხარს დავუჭერ, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, პოლიტიკურ ელფერს არ ვძენ არანაირ ინვესტიციას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის და ქვეყნის განვითარება… მე ტელევიზიაში უკვე ვისაუბრე, რატომ ვუჭერ მხარს ან არ ვეთანხმები ამ პროტესტანტებს… ყველას გვაქვს უფლება, რაღაცაში დავეთანხმოთ და რაღაცაში არ დავეთანხმოთ,“ – თქვა თემურ კახიძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბულვარში დაგეგმილ „ამბასადორ ბათუმის“ პროექტს მან უმრავლესობაში ყოფნის დროს მხარი არ დაუჭირა.
რატომ აღმოჩნდა თემურ კახიძე საინტერესო კადრი „ევროპული საქართველოსთვის“? – კითხვაზე ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ გვიპასუხა, რომ ეს „საერთო ღირებულებებია“ და თემურ კახიძე კოალიცია „ქართულ ოცნებაშიც“ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდა. ამ პოლიტიკურ ძალასთან კი „ევროპული საქართველო“ ბოლო წლებია თანამშრომლობს.
თემურ კახიძემ „თავისუფალი დემოკრატები“ 2016 წელს დატოვა. 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე, თემურ კახიძე ბათუმის საკრებულოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ სიაში იყო.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ბათუმში კლინიკა „მედალფას“ ნაცვლად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმკურნალებენ.
კოვიდინფიცირებულ ორ პაციენტს, რომლებსაც კორონავირუსი ორი დღის წინ, 29 ივნისს დაუდგინეს, დღეს „მედალაფადან“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
კლინიკა „მედლაფას“ აჭარა-გურიის რეგიონული ხელმძღვანელი ლევან ანთაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ „მედალფა“ ჩვეულ რეჟიმში აპირებს დაბრუნებას.
„ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ჩვენც ჩვეულ რეჟიმში გვინდოდა დაბრუნება. დაფინანსების თემებიც არის. ერთი თვე ჩვენ პაციენტი არ გვყოლია, სახელმწიფო აფინანსებდა და ბიუჯეტიდან მოჭრილ თანხას გვიხდიდა. ამ დაფინანსებით ვერ ვიმუშავებთ ჩვენ ფიზიკურად. რესპუბლიკურში კი შესაძლებელია და ალბათ დააფინანსებენ ცალკეულ პაციენტებს – რამდენიც შევა, იმდენს დააფინანსებენ.
პაციენტებს უსაფრთხოდ გადაიყვანენ,“ – გვითხრა ლევან ანთაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, სოლომონ ფუტკარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საავადმყოფოში ყველაფერი მზადაა კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად.
„გვაქვს ორი ბოქსირებული პალატა, გვაქვს სხვადასხვა კაბინეტი პაციენტთა მართვისთვის, ასევე ცალკე შესასვლელიდან ვახორციელებთ მძღოლების კოვიდ შემოწმებას, ასევე დამოუკიდებელი შესასვლელიდან მოხდება პაციენტების გადაყვანა და რეფერალი, რომელიც ჩვენთან მოვა სხვა კლინიკიდან, თუ ჩვენი კლინიკიდან მოთავსდება პაციენტი სხვა განყოფილებაში. მეხუთე სართულზე, თერაპიის განყოფილებაა, სადაც იქნებიან პაციენტები. ეს განყოფილება აღჭურვილია ყველანაირი ინვენტარით, რაც უნდა იყოს პალატაში, ასევე აღჭურვილია ბუფეტის ნაწილით, რაც საჭიროა, მაცივარი, სამზარეულო და ა.შ. ასევე იქნება მედპერსონალი. მზად ვართ,“ – ამბობს სოლომონ ფუტკარაძე.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში, მეხუთე სართულზე, ერთ ფლიგელში მოთავსდებიან. ერთ ფლიგელში 22 საწოლია. ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოს ერთდროულად 170 კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება და მართვა შეუძლია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს მასშტაბით, 29 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს.
„დიზელის საწვავის 43 ერთეულ სინჯზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმას, ხოლო ერთ ნიმუშში გადაჭარბებული იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც.
საავტომობილო ბენზინის 49 ერთეული სინჯიდან 18-ში დაფიქსირებული ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი ასევე არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის მიერ.
ამავე წყაროს ცნობით, არსებული შედეგების გათვალისწინებით, გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა, 2020 წლის მაისში, ქვეყნის მასშტაბით 251 ავტოგასამართი სადგურიდან 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი აიღო და ამ ეტაპზე ამ სინჯების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული სანქციების მიუხედავად, დარღვევები არსებობს და კანონმდებლობის გამკაცრება აუცილებელია.
„საწვავის ხარისხის რეგულირების კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში მოხდება. ცვლილებები შედის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის მიერ.
ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით, დღეს ძალადაკარგულად გამოცხადდა დადგენილება, რომელიც ბათუმში გარევაჭრობის საფასურის გაზრდას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ.
2020 წლის თებერვალში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე განმარტავდა, რომ დაბალი გადასახადი ხშირად ტროტუარების დიდი მასშტაბით ათვისების მიზეზი იყო, რაც ქალაქში პრობლემებს ქმნიდა. კომერციული ობიექტები, ძირითადად რესტორნები, ტროტუარებს გარევაჭრობის მიზნით ითვისებდნენ, მიუხედავად იმისა, სჭირდებოდათ ეს თუ არა.
ლაშა კომახიძე იმედოვნებდა, რომ ფასების გაზრდა ობიექტების მესაკუთრეებს მომავალში ამ სივრცეების ზომიერად ათვისების სურვილს გაუჩენდა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, პანდემიის პირობებში, ღია სივრცეების მაქსიმალურად ათვისებაა სასურველი.
გარევაჭრობის საფასურის გაზრდაზე მერიის ინიციატივა საკრებულომ თებერვალში დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, საზოგადოებრივი სივრცის გარევაჭრობისთვის გამოყენების მოსაკრებელი ერთ კვადრატულ მეტრზე ზონების მიხედვით გადანაწილდა – პირველი ქვეზონისთვის 40 ლარით, მეორე ზონისთვის – 30, მესამე ზონისთვის კი 20 ლარით განისაზღვრა.
ამჯერად შიდა ტურიზმის წახალისებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ღია სივრცეების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა – გარევაჭრობის გადასახადს არც ძველი ტარიფით აღარ გადაიხდიან: მერია იჯარის წესის შესაბამისად, სარგებლობის წლიურ საფასურზე შეუთანხმდება კომერციული ობიექტების მესაკუთრეებს.
გარდა ამის, მერიას დაევალა, უახლოეს პერიოდში მოამზადოს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი ბათუმში და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს.
იპოთეკურ სესხებს დაახლოებით 4 პროცენტი, სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში, სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ჩამოაკლდება. მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია, თუმცა კომერციულ ბანკებთან ჯერ კონტრაქტები არ გაფორმებულა. სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირობაა ისიც, რომ საცხოვრებელი ბინა დეველოპერული კომპანიისგან უნდა შეისყიდო.
„ბათუმელები“ დღეს, 30 ივნისს რამდენიმე კომერციულ ბანკს დაუკავშირდა. ბანკებში გვითხრეს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით და როდიდან ისარგებლებენ მოქალაქეები სესხის პროცენტის სუბსიდიით, რაც მთავრობამ დააანონსა.
საქართველოს მთავრობამ პროგრამა – „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“, 2020 წლის 26 ივნისს მიიღო. ამ დადგენილების მიხედვით, სუბსიდია იმოქმედებს ყველა იპოთეკურ სესხზე, რომელიც 26 ივნისიდან გაიცემა წლის ბოლომდე.
საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, სესხებს 4 პროცენტი სავარაუდოდ შემდეგი ორშაბათიდან, ანუ 6 ივლისიდან ჩამოაკლდება.
„პირობები უკვე ცნობილია, ზუსტდება ტექნიკური დეტალები, ვმუშაობთ აქტიურად… ეს იქნება „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი პროდუქტი და უკვე იწყება კომერციულ ბანკებთან კონტრაქტების გაფორმება. ბანკების ჩართვა პროგრამაში ნებაყოფლობითია, მაგრამ ლოგიკურია, რომ ყველა ერთვება. პირიქით, იმდენად დიდი ინტერესია, რომ მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა შეაჩერა კიდეც სესხების გაცემა, ვიდრე სრულად არ ჩაეშვება ეს პროდუქტი და არ ამოქმედდება რეალურ რეჟიმში… ამ სქემის მონაწილე მხოლოდ ის ბანკები არ გახდებიან, რომლებსაც იპოთეკური პროდუქტი არ აქვთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.
საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, რომ კონტრაქტების გაფორმება დაახლოებით კვირის ბოლომდე დასრულდება და კომერციულ ბანკებს სუბსიდირების ამოქმედებისთვის ცალკე პროდუქტის მომზადება არ დასჭირდებათ,
„სესხები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სუბსიდირების ნაწილს, ავტომატურად მოხვდებიან სუბსიდირების პროგრამაში…“ – დასძინა ალექსანდრე ძნელაძემ.
ალექსანდრე ძნელაძე აზუსტებს, რომ სუბსიდირებით მხოლოდ ის ფიზიკური პირები ისარგებლებენ, რომლებსაც ბანკიდან იპოთეკური სესხი – 200 ათას ლარამდე გამოაქვთ. გარდა ამისა, სესხს 4 პროცენტი იმ შემთხვევაში ჩამოაკლდება, თუკი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია, ხოლო თუ ეს განაკვეთი „მცურავია“, მაშინ სუბსიდირების პროცენტი იცვლება.
„ამ შემთხვევაში, სესხზე რეფინანსირების განაკვეთს მინუს ოთხ-ნახევარი პროცენტი გამოაკლდება,“ – აღნიშნა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ „ბათუმელებთან“.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ უცხოეთში თვითდასაქმებულები ერთჯერადი კომპენსაციის სახით 300 ლარს მიიღებენ, ასობით მოქალაქე აცხადებს, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციას ვერ ახერხებს. არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა „ბათუმელებს“ – ისინი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებაში დახმარებას ითხოვენ და აქვთ სხვა კითხვებიც, რომლებიც კომპენსაციის მიღებას უკავშირდება.
„ბათუმელებმა“ მოქალაქეებისგან ორი დღის განმავლობაში შემოსული ყველა კითხვა დაუსვა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.
ნახეთ მოქალაქეების კითხვებზე სააგენტოს პასუხები:
ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ აქვთ სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრაციის პრობლემა.
პორტალზე იყო ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ძირითადად აღმოიფხვრა. სპეციალისტები ამ კუთხით მუშაობენ.
ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ დახმარებისთვის, თუ ვერ ახერხებს დარეგისტრირებას?
უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისებს ან დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505, კითხვების არსებობის შემთხვევაში.
ეკუთვნის თუ არა კომპენსაცია პირს, რომელიც 30 დღე [ან, ვთქვათ, 40, 60 დღე] იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არა 120 დღე სრულად [მაგალითად, მუშაობდა თურქეთში მაღაზიაში და თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ კვეთდა საზღვარს]?
კი, ეკუთვნის და აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/) კომპენსაციის მიმღებ პირად 15 ივლისამდე.
ეკუთვნის თუ არა კომპენსაცია პირს, ვინც 2019 წელს იყო საზღვარგარეთ მთელი წელი, იქ მუშაობდა და პანდემიის გამო დაბრუნდა საქართველოში 2020 წელს? ან, ვთქვათ, 6 თვე მუშაობდა რომელიმე უცხო ქვეყანაში?
სახელმწიფო ეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ. კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციართა წრე გაფართოვდება სწორედ იმ დასაქმებულებით, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ. აღნიშნულ კატეგორიაზე გაიცემა დახმარება, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, კომპენსაციის მიმღებ პირებად არ არიან მიჩნეულნი და მათზე კომპენსაციის გაცემა არ არის გათვალისწინებული.
რეგისტრაციის დროს მოქალაქემ აუცილებლად საკუთარი საბანკო ანგარიშის ნომერი უნდა მიუთითოს? შეიძლება თუ არა სხვისი ანგარიშის მითითება?
უნდა მიუთითოს აუცილებლად საკუთარი საბანკო ანგარიში.
მოქალაქეს რეგისტრაციისთვის სჭირდება თუ არა რაიმე დოკუმენტის ასლის ატვირთვა ან სხვა რაიმე ცნობის, თუნდაც საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან?
ჯანდაცვის სარეგისტაციო პორტალზე დარეგისტრირებისას, მოქალაქეს დამატებითი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ ესაჭიროება, მხოლოდ პირადი საბანკო ანგარიში უნდა მიუთითოს. ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსებისას მოქალაქე ადასტურებს, რომ თანახმაა მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ პროგრამამ დამატებით რაიმე ცნობის ატვირთვა მოითხოვა, მოქალაქეს შეუძლია, მაგალითად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი ატვირთოს, რომ პროგრამამ გააგრძელოს მუშაობა და მომდევნო ეტაპზე გადავიდეს.
300 ლარის კომპენსაციის მიღება იმოქმედებს თუ არა სოციალურ დახმარებებზე [ამის გამო ხომ არ შეუწყდებათ დახმარება]?
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომპენსაციის მიღება სოციალურ დახმარების მიღებაზე არ აისახება. მოქალაქე აიღებს კომპენსაციასაც და სოციალურ დახმარებასაც – თუ ის ფულადი სოციალური დახმარების მიმღებია.
ვისაც საბანკო ანგარიშები დაყადაღებული აქვს, ის ასეთ ანგარიშზე დარიცხულ კომპენსაციას აიღებს თუ ვერა? როგორ უნდა მოიქცეს?
სახელმწიფოს მხრიდან დადებული ინკასოები არ იქნება შემაფერხებელი გარემოება კომპენსაციის მისაღებად. სხვა მიზეზით დაყადაღებული კი, ჩვენს კომპეტანციას სცილდება.
ვინც გასულ წელს თურქეთში მუშაობდა, მაგრამ ამჟამად დასაქმებულია საქართველოში – ასეთი კატეგორია მიიღებს კომპენსაციას?
აღნიშნული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სარეგისტრაციო პორტალზე – მათ განცხადებას განიხილავს და იმსჯელებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მიიღებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:
[checklist]
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ, ან/და
2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით.
[/checklist]
ასეთ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად.
მთავრობის დადგენილებით, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირების ბოლო ვადა 2020 წლის 15 ივლისია.
რაც შეეხება იმ კატეგორიის თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ მუშაობდნენ საზღვარგარეთ და მუშაობდნენ საქართველოში, მათთვის რეგისტრაციის ვადა დღეს, 30 ივნისს იწურება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, „2020 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი. მათგან 104 547 პირმა უკვე მიიღო 300- ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.“
პანდემიის პირობების მიუხედავად, ბათუმის მერია შეეცდება ბულვარში არსებული ატრაქციონი, „ეშმაკის ბორბალი“ და მასთან არსებულ 1419 კვ.მ. ტერიტორია ელექტრონული აუქციონით გაასხვისოს. ყოფილ მოიჯარეს, შპს „პანორამა 2018“-ს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. ამ ქონებით სარგებლობის წლიური საიჯარო ფასი 383 000 ლარი იქნება.
ქონების აუქციონის წესით გასხვისებას დღეს ბათუმის საკრებულოში მხარი დაუჭირეს, თუმცა გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა პანდემიის პირობებში ეს აუქციონიც ჩავარდეს, როგორც სხვები.
დღესვე საკრებულომ მხარი დაუჭირა იმ მოიჯარეებისთვის ქონების პირდაპირი წესით გადაცემას, რომლებიც ბულვარში სეზონურად მუშაობენ და წელს მათ აუქციონებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
რაც შეეხება პანორამულ ბორბალს, მერიაში განმარტეს, რომ მის გასხვისებასთან დაკავშირებით აუქციონი არ ყოფილა გამოცხადებული: „ხომ შეიძლება შედგეს“, ამიტომაც მისი პირდაპირი წესით განკარგვა არ განუხილავთ.
„ჩვენ ბეტონის ქალაქში ვცხოვრობთ, ნახევარზე მეტი ბეტონის ქალაქია“ – გვეუბნება ბათუმის პატარა სკვერში, ძელსკამზე ჩამომჯდარი ბათუმელი, ქეთო ყაჩნაველი. პატარა სკვერი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მისთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, მშვიდად დასვენების და სულის მოთქმის საშუალებაა. 20 წელია აქ დავდივარ ყოველდღეო, – ამბობს ქეთო.
ქეთოს გაუმართლა, რომ სკვერთან ახლოს ცხოვრობს. ბევრ ბათუმელს უახლოეს სკვერთან ან პარკთან მისასვლელად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევს კორპუსებსა და სამშენებლო მტვრით დაბინძურებულ ქალაქში.
სკვერები, გამწვანებული და დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები განსაზღვრავს, რამდენად კომფორტულია ამ ქალაქში ცხოვრება, შეძლებენ თუ არა ადამიანები თავი დააღწიონ კორპუსებს, ჩაკეტილ სივრცეებს, ბინებს, რომელთა აივნებიდან ხშირად არც თუ ისე სასიამოვნო ხედი იშლება და ცოტა ხნით მაინც დაისვენონ ხეების ჩრდილში, ისაუბრონ მეგობრებთან ერთად ღია სივრცეში, გაასეირნონ ძაღლი, ან უბრალოდ, ძელსკამზე ჩამოსხდნენ და ჩუმად მოუსმინონ ჩიტების ჟღურტულს.
სკვერები და პარკები თაობათა შეხვედრის ადგილიცაა, სადაც ერთ სივრცეში იკრიბებიან ახალგაზრდები და მოხუცები, ბავშვები და მშობლები. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმელი ლუკა ბოლქვაძე:
„მოხუცებისთვის და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი სივრცეების არსებობა, რომ ერთმანეთს პირისპირ დავუდგეთ, გავესაუბროთ, ამბები მოვყვეთ“ – ამბობს ლუკა.
სულ რამდენი „ამბების მოსაყოლი ადგილი“, სკვერი და პარკია ბათუმში? – ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით. ბათუმის მერიის სხვადასხვა უწყებას სხვადასხვა მონაცემები აქვს. მაგალითად, კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ბათუმში 40-მდე მცირე ზომის სკვერია, თუმცა სკვერების უმრავლესობა, ძირითადად ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი და დასასვენებელი სივრცე ქალაქის სხვადასხვა უბანში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არ არის.
ბათუმის სკვერებსა და პარკებს სტუმრები წელიწადის არც ერთ დროს არ აკლია. ზაფხულში ყველა ჩრდილქვეშ გაგრილებას ცდილობს, გაზაფხულზე – მწვანე ბალახითა და ყვავილებით ტკბობას, შემოდგომაზე – ფერად, ჩამოცვენილ ფოთლებში სიარულს, ზამთარში კი აქ კარგ ამინდში მზეს მიფიცხებულ ადამიანს ნახავთ, ხოლო თუ გათოვდა – სკვერები და პარკები საგუნდაო მოედნებად იქცევა.
გასეირნება ბათუმის სკვერებსა და პარკებში ცენტრალური პარკიდან დავიწყოთ. პირველი, რაც ამ პარკის სახელის გაგონებისთანავე ალბათ გაგახსენდებათ, მფრინავი ქალის ძეგლია პარკის შესასვლელთან და ბავშვების ჟრიამული.
ცენტრალურ პარკში ატრაქციონებია, ამიტომაც მას განსაკუთრებით ბევრი ბავშვი სტუმრობს. და, რასაკვირველია, ეს ადგილი სტუდენტების საყვარელი სივრცეცაა, რადგან სწორედ პარკის წინ მდებარეობს ბათუმის უნივერსიტეტი. პარკმა ბევრჯერ შეიცვალა სახელი, პირველად, ჯერ კიდევ 1888 წელს, ალექსანდრეს ბაღი ეწოდებოდა, შემდეგ, სხვადასხვა დროს – ლენინის პარკი, პიონერთა პარკი, ახლა კი ბათუმის ცენტრალური პარკის სახელს ატარებს.
ცენტრალური პარკი
ტბა შუაგულ პარკში, ბილიკებით დასერილი მწვანე მინდვრები, მრავალწლოვანი ხეები – ზამთარ-ზაფხულ ეს პარკი ბათუმში საუკეთესო დასასვენებელი ადგილია.
შემოდგომა ცენტრალურ პარკში
„საოცრებათა პარკი“
ზღვის პირას, ბათუმის ნავსადგურსა და ბულვარს შორის, ნინოშვილის ქუჩაზე, „საოცრებათა პარკი“ მდებარეობს. ეს, ძირითადად, თინეიჯერებისა და ველომოყვარულების თავშეყრის ადგილია. მიუხედავად გამწვანების სიმცირისა, გაშლილი სივრცე ბევრ ადამიანს იზიდავს.
ამ ტერიტორიაზეა ბათუმის უძველესი შუქურა, აქვეა პანორამული ბორბალი და ალი და ნინოს ცნობილი ქანდაკება. „საოცრებათა პარკში“ განსაკუთრებული ხალხმრავლობა საღამოობითაა, როცა ზღვიდან ნიავი უბერავს და პარკის ყველა სტუმარი პოულობს მისთვის საინტერესო გასართობს – ზოგი სკამზე ისვენებს, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგიც ველოსიპედით დაქრის.
„საოცრებათა პარკი“
მიუხედავად იმისა, რომ ეს დასვენების პოპულარული ადგილია, იგი საფრთხის ქვეშაა. პარკის გვერდითაა დაგეგმილი „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც აქ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს და „საოცრებათა პარკს“ მშენებლობის მტვერი და ცათამბჯენების ჩრდილქვეშ მოქცევა ემუქრება. ბათუმში „რივიერას“ მშენებლობას არაერთი ადამიანი აპროტესტებს, სწორედ იმ მოტივით, რომ ქალაქი კარგავს კიდევ ერთ ღია სივრცეს.
გაზაფხული „საოცრებათა პარკში“
„შინდისის“ პარკი – ბათუმის ახალი პარკი 4 ჰექტარზე
ბათუმში, ბოლო წლებში გახსნილ სკვერებს შორის გამორჩეულია შინდისის გმირების პარკი. ამ ადგილმა ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებთა გარდა, იმ ადამიანების ცხოვრებაც შეცვალა, რომლებსაც მანამდე ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებულ პარკებზე წვდომა არ ჰქონიათ. ადგილი სრულად ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის და აქვე განთავსებულია ადაპტირებული საპირფარეშოც.
შინდისის გმირების სახელობის პარკი 2016 წლის აპრილში გაიხსნა. სკვერი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული და განსხვავებული კონცეფციითაა გაკეთებული. პარკის 7 000 კვ/მეტრი ახალი ნარგავებითაა გამწვანებული. ისევე, როგორც სხვა ახალ სკვერებში, აქაც ნარგავები ჯერ კიდევ მცირე ზომისაა, ამიტომაც მისი ხშირი სტუმრები იმედოვნებენ, რომ ორი ან სამი წლის შემდეგ, როცა ეს ხეები გაიზრდება, სკვერი კიდევ უფრო გალამაზდება.
შინდისის გმირების სკვერი
ახალ სკვერებში მოსწონთ სპეციფიკური, თანამედროვე განათება, აქ ბავშვების ჟრიამული არც დღისით წყდება და არც ღამით. გოგონები თუ ბიჭები ველოსიპედებით ან სკეიტბორდებით დაჰქრიან, სპორტულ მოედანზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით კალათბურთის ან ფეხბურთის მოყვარულებს.
თუმცა შინდისის გმირების პარკი მხოლოდ ბავშვების საყვარელი ადგილი არ არის – აქ ყველას აქვს არჩევანის შესაძლებლობა, ხანდაზმულები შედარებით მყუდრო ადგილებს ირჩევენ, ახალგაზრდებს კი ყველგან შეხვდებით.
პატარა სკვერები – ბათუმის მწვანე კუნძულები
თავისი მუდმივი სტუმრები ჰყავს ბათუმის პატარა სკვერებსაც. მცირე ზომის გამწვანებულ ადგილებს ორი მიზეზით სტუმრობენ, პირველი – გეოგრაფიული არეალი, მისასვლელად მოხერხებული მდებარეობაა – „ახლოსაა სახლთან, სასწავლებელთან, სამსახურთან“, მეორე კი – გემოვნების საკითხია.
სკვერი ხელოვნების მუზეუმთან
მცირე ზომის სკვერებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია ორი სკვერი გორგილაძის ქუჩაზე, ბათუმის ხელოვნების მუზეუმთან. ეს სკვერები მუზეუმს ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩების მხრიდან ესაზღვრებიან. ამ ადგილს სტუმრობენ ისინი, ვისაც უყვარს დიდი, დაბურული ხეები და ამავდროულად, ხალხმრავლობა არ მოსწონთ. ზოგს ამ სკვერებში შადრევნებთან ჯდომა და წიგნის კითხვა უყვარს, ზოგიერთს კი – აქ მიმოფანტულ ფერად ფოთლებში ფოტოების გადაღება. გორგილაძის ქუჩაზე არაერთი გამვლელი სწორედ აქ ისვენებს, ცოტა ხნით ყოვნდება ხეების ჩრდილში და ისე აგრძელებს გზას.
მცირე სკვერებს მერია პერიოდულად უტარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხან ახალი კონცეფციის შესაბამისად სკვერის მოწყობას ნარგავებიც ეწირება. მოსახლეობა ხშირად ითხოვს, რომ ხეები არავინ არც უნდა გაჩეხოს და არც დააზიანოს.
ბათუმის ბულვარი – უფრო მეტი, ვიდრე მწვანე ზოლი ზღვის ნაპირას
უცნაური იქნება ბულვარი რომ არ ვახსენოთ, რომელიც ბათუმელებისთვის კიდევ უფრო მეტია ვიდრე მწვანე ხეივნები, შადრევნები ბულვარის შესასვლელთან და ზღვის სანაპირო.
ქალაქის სავიზიტო ბარათად მიჩნეული ბულვარი ბათუმის ყველაზე მწვანე ადგილია [თუ არ ჩავთვლით ბოტანიკურ ბაღს] და ზამთარ-ზაფხულ მას არც ტურისტები აკლია და არც სამსახურიდან ბულვარში სასეირნოდ წასული ბათუმელების, თინეიჯერების, შეყვარებული წყვილებისა და ნარდისა და ჭადრაკის მოყვარული ხანდაზმულების სტუმრობა. ესაა ადგილი, რომელსაც ყველა ბათუმელის ბავშვობა უკავშირდება და, ალბათ, ვერ იპოვით ქალაქში ადამიანს, რომელსაც ბულვარში არ გადაუღია ფოტო.
ფოტო: ბათუმის ბულვარი FB
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბოლო წლებში ბათუმელებს არაერთხელ დასჭირდათ მის დასაცავად აქციების გამართვა. პირველად – 2011 წელს, როცა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მწვანე ნარგავები გაჩეხეს და ცათამბჯენის აშენება დაიწყეს, შემდეგ – 2016 წელს, როცა ბულვარის განაშენიანება მთავრობამ ახალი კონცეფციითგადაწყვიტა და საზოგადოებრივი პროტესტი ბულვარის დასაცავად გრძელდება ახლაც – ამჯერად კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ითხოვსბულვარში 15 სართულის აშენების ნებართვას.
___
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რის მიხედვითაც, მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსი იქნება არა „პრაქტიკოსი“, არამედ „უფროსი“ მასწავლებელი, შედარებით მაღალი სტატუსია „მენტორი“.
როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით?
მასწავლებელს სტატუსი – „უფროსი“ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილ ზღვარს.
სტატუსი – „წამყვანი“ შესაძლოა მიენიჭოს მასწავლებელს იმ შემთხვევაში, თუკი უფროს მასწავლებელს, „უფროსის“ სტატუსის მისანიჭებლად საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით.
ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად“, – წერია ბრძანებაში.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც გულისხმობს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას.
პრაქტიკული საქმიანობის შეფასება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
[checklist]
გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას;
[/checklist]
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.
როგორ ფასდება მასწავლებლის პორტფოლიო?
პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში;
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. „პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი“, – წერია ბრძანებაში.
ასევე, მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში;
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.
რა მოეთხოვება მენტორს?
სტატუსი – „მენტორი“ შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:
[checklist]
მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;
ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას;
[/checklist]
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად;
მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება ამ სქემის მე-4 მუხლით და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე;
ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში;
მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის განათლების მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.
პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი;
როგორ ხდება მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა?
როგორ მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის მიერ შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს მასწავლებლის გარე დაკვირვებას, ატარებს სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებას და აფასებს მასწავლებლის პორტფოლიოს.
ასევე, მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირი.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით შეფასებიდან ორი კვირის ვადაში ელექტრონულად/მატერიალურად წერილობითი ფორმით წარმოადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელს ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ პორტფოლიოში.
პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის ბოლოს, იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება
[checklist]
მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.
საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
[/checklist]
საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო
საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისთვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვ.ვ.-ს. მას ხელვაჩაურის პროკურატურა ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებას ედავებოდა.
პროკურატურის ვერსიით, შემთხვევა 2019 წლის 4 დეკემბერს მოხდა. „ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ვ.-მ, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ.
სამართალდამცველებმა ვ.ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინერტული მასალის რეალიზაცია, უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეშის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, მათ გამგებლობაში არსებული, აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების სახელით, გააყალბეს სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც ურთიერთშორის თითქოსდა განახორციელეს ქვიშა-ხრეშის მიწოდებები.
აღნიშნული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, კანონიერი სახე მიეცა და სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა უკანონოდ მოპოვებული 154 857 მ3 – ქვიშა-ხრეში, რითაც ხსენებულმა კომპანიებმა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს 1 931 617 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.
ამავე დროს, ფიქტიური ოპერაციების შედეგად, დამატებითი ღირებულების გადასახადში შეიქმნეს უსაფუძვლო – ყალბი აქტივი 246 461 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 154 857 ლარი,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების მეორე ნაწილებით, 185-ე და 194-ე მუხლების მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის ბულვარში სეზონურად სხვადასხვა სახის კომერციულ საქმიანობას ეწევიან, ბათუმის ბულვარი ხელშეკრულებებს 2020 წლის ნოემბრამდე გაუგრძელებს. ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით მათ ამ სეზონზე მუშაობის გაგრძელებისთვის ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევთ. გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა.
„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მათი უმეტესობა ინდმეწარმე და თვითდასაქმებულია. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2020 წლის 15 ივნისს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ახალი ხელშეკრულებების დასადებად ელექტრონულ აუქციონზე სუვენირების 30 დახლი გაიტანა, თუმცა აქედან 11 შემთხვევაში აუქციონი ჩაიშალა, გასხვისდა მხოლოდ 19 დახლი – ამ შემთხვევაშიც მონაწილემ მხოლოდ ერთი ბიჯით გაზარდა საიჯარო თანხა.
განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოიჯარეებისგან, რომლებიც გასულ წელს ბულვარში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ, მერიამ რამდენიმე კოლექტიური წერილი მიიღო, სადაც მოიჯარეები პანდემიის პირობების გათვალისწინებით გარკვეულ შეღავათებს ითხოვდნენ.
მერიის განმარტებით, ქვეყანაში და მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის და ტურისტების მცირე ნაკადის ფონზე გადაწყდა გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება და, შესაბამისად, მოიჯარეებისთვის ამ დრომდე მათ სარგებლობაში არსებული ქონების 2020 წლის ნოემბრამდე პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა.
ყოველ წელს ბულვარში მუშაობის გასაგრძელებლად აუქციონებში ძირითადად ერთი და იგივე პირები მონაწილეობენ.
აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბერში, ახალ სასწავლო წელს, სკოლის სივრცეში სწავლის განახლების რამდენიმე მოდელი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს.
„ანუ, რამდენიმე დღეს სასწავლო პროცესი იქნება სკოლის სივრცეში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად გაგრძელდება.
რაც შეეხება მეორე ვერსიას, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ დაწყებითი საფეხურის კლასებს. განსაკუთრებით კი პირველ და მეორე კლასებს, რომ ისინი ყოველდღიურად იყვნენ სკოლაში, უფროსკლასელები კი კვირაში რამდენიმე დღით ისწავლიან სკოლის შენობაში“, – ამბობს მაია ხაჯიშვილი.
მისი თქმით, ამ ვერსიებს განიხილავენ საქართველოს განათლების სამინისტროში და საბოლოო გადაწყვეტილება 20 აგვისტოს უნდა იყოს ცნობილი.
„როცა პედაგოგები ამ დროისთვის დაბრუნდებიან სკოლაში და დაიწყება მუშაობა კონკრეტულ სასწავლო გეგმაზე“, – ამბობს ხაჯიშვილი.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ის სკოლები, სადაც ორი ცვლაა, ხომ არ დადგებიან გარკვეული სირთულეების წინაშე? მაია ხაჯიშვილი ამბობს, რომ ორცვლიანი სკოლებიც იმავე პრინციპით იმუშავებენ, რაზეც საუბარია ამ ორ მოდელში.
აჭარაში სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე დგას სველი წერტილების, წყლით მომარაგების პრობლემა. განათლების მინისტრს ვკითხეთ, შეისწავლა თუ არა ეს საკითხი და როგორ დაეხმარება ასეთ სკოლებს იმისთვის, რომ მათ სექტემბრისთვის შეძლონ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოსწავლეების სკოლის სივრცეში მიღება.
„ეს ინფორმაცია დამუშავებული გვაქვს და ეს არის ის პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს სკოლებში და ამის ერთიანად მოგვარება გაგვიჭირდება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმ სკოლების, სადაც სველი წერტილები მოუწესრიგებელია. ამიტომ წელს აქტიურად დავიწყებთ, რომ მაქსიმალურად მეტ სკოლაში მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა“, – ამბობს ხაჯიშვილი. თუმცა მინისტრი ამ ეტაპზე არ ასახელებს იმ სკოლების კონკრეტულ რაოდენობას, სადაც მოუწესრიგებელია სველი წერტილები და სხვა მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.
მინისტრის თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში. „ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის ვიყოთ მზად. თუ ვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ სკოლებში სრულად განვაახლოთ სასწავლო პროცესი, ბუნებრივია უკეთესი იქნება“, – ამბობს ხაჯიშვილი.
მან დღეს განათლების სამინისტროს დებულებაში შესულ ცვლილებაზეც ისაუბრა, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს უფლებამოსილებას უზრდის გარკვეული მიმართულებით. ეს გულისხმობს შემდეგს – თუკი საჯარო სკოლის დირექტორი ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მიიღებს გაფრთხილებას, აჭარის განათლების სამინისტროს უფლება ექნება, თანამდებობიდან დაითხოვოს სკოლის დირექტორი, ან მიმართოს სამეურვეო საბჭოს მისი დათხოვნის თხოვნით.
ცვლილება შეეხება პარალელურ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრასაც, რაც გულისხმობს გამონაკლისების დაშვებას. ასევე, სარეგისტრაციო ვადების ამოწურვის შემდეგ, „ობიექტური გარემოებების შემთხვევაში“, აჭარის განათლების სამინისტრო უფლებას იტოვებს ჩარიცხოს მოსწავლე საჯარო და კერძო სკოლაში.
მაია ხაჯიშვილი
სამინისტრომ მიიღო დელეგირებული უფლება, რომ გასცეს თანხმობა საათობრივ დატვირთვასთან დაკავშირებით დადგენილ შეზღუდვებზე, კერძოდ, ათ საათზე მეტი საათის მიცემაზე. ეს შეზღუდვა ძირითადად სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის გარკვეულ თანამშრომლებზე ვრცელდება.