მთავარი,სიახლეები

ინციდენტი სასამართლოში – წულუკიძის ძმა დარბაზიდან გააძევეს

01.07.2020 • 3263
ინციდენტი სასამართლოში – წულუკიძის ძმა დარბაზიდან გააძევეს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულისგან ერთნაირად უარყოფითი პასუხი მიიღო, როცა თითოეულ მათგანს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

დღეს, პირველ ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეზო წულუკიძის, ელდარ ანთაძისა და ვაჟა კონცელიძის საქმის განხილვა დაიწყო. მათ ხულიგნობას ედავება გამოძიება. ვაჟა კონცელიძე წინასწარ პატიმრობაში არ არის.

ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. მათი ახლობლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ, რადგან ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დანით დაჭრეს და ისინი, დაპირისპირებული მხარისგან განსხვავებით, წინასწარ პატიმრობაში არიან.

15 ივნისს, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართა, ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ თქვა, რომ მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად ხვდებოდა და წინასაარჩევნოდ დახმარებას სთხოვდა. “თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, პოლიციის განყოფილებაში შეგვხვდა და არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა, ჩვენ სპორტსმენები ვართ… უარი ვუთხარით და სამაგიერო ასე გადაგვიხადეს,” – ამბობდა ფირუზ წულუკიძე, ის მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში.

ელდარ ანთაძის ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ დღევანდელ პროცესზე ახალი მტკიცებულება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული ელდარ ანთაძე იმავე ჩხუბის ფაქტზე პროკურატურამ დაზარალებულადაც მიიჩნია.

“ეს სხვა საქმეა, ცალკე ნომერი აქვს…” – უპასუხა ადვოკატს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

ამ ჩხუბის დროს დანით დაჭრეს ელდარ ანთაძე. “მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ძალიან მძიმეა… მას არ უტარებენ კვლევებს და არასწორი მედიკამენტებით მკურნალობენ… ახალაიას რეჟიმი დაბრუნდა ციხეში,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ადვოკატმა მოსამართლის დარწმუნება იმაში სცადა, რომ ამ საქმეზე პოლიტიკური ინტერესი არსებობს და მაშინ, როცა ციხეში შეხვედრისთვის ადგილი თავისუფალია, ბრალდებულს არ ახვედრებენ.

“ასეთ ბარიერებს გვიქმნიდნენ წინა ხელისუფლების დროს, როცა პოლიტიკური პატიმრები არსებობდნენ… ბარიერებს მიქმნიან, ვიდრე ჟურნალისტებს არ დავურეკავ, საპატიმროში არ მიშვებენ,” – თქვა დავით ჯაფარიძემ.

პროკურორმა ადვოკატს მიუთითა, რომ ამ განცხადებებს დასაბუთება სჭირდება და შესაბამისი დასკვნები, რითაც დადასტურდება, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

“ბრალდებულის ოჯახის წევრისთვის ყველაზე სანდოა ადვოკატი, მას მოსამართლის არ სჯერა, პროკურორის მით უმეტეს…” – დაიწყო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და დარბაზში მყოფ ბრალდებულის მეუღლეს გახედა.

“ადვოკატი კი ამბობს, რომ ეს ადამიანი კვდება…” – განაგრძო მოსამართლემ და ადვოკატს კონკრეტული დოკუმენტი მოსთხოვა.

“თუ არ მაძლევენ დოკუმენტს, რა მოვიტანო?” – იკითხა ადვოკატმა.

“არ გაძლევენ რამე დოკუმენტს, მიმართეთ სასამართლოს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება,” – უთხრა მოსამართლემ ადვოკატს.

“პირველ მოსამართლეზე და თქვენზეც არის ზემოქმედება…” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ. მან ასევე თქვა, რომ საქმე პოლიტიკურია და მოსამართლე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

მას შემდეგ, როცა პროცესზე დისტანციურად ჩართული რეზო წულუკიძის გაჩუმება მოსამართლემ ვერ შეძლო, ჯერ ბრალდებულს მიკროფონი გამოურთეს, ხოლო შემდეგ ის მოსამართლემ სხდომიდან გააძევა.

“მეც გამაძევეთ ბარემ აქედან, ეს რა არის, რა სასამართლოა?” – ყვირილი დაიწყო დარბაზში ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმამ – ფირუზ წულუკიძემ. მას მანდატურებმა დაატოვებინეს სხდომათა დარბაზი. პროცესი ბრალდებულის მამამაც დატოვა, თუმცა მას არაფერი უთქვამს.

რეზო წულუკიძის ადვოკატმა, ნონა დუმბაძემ მოსამართლეს ბრალდებულის სხდომაზე დაბრუნება სთხოვა.

“ეს მისი უფლებაა,” – თქვა ადვოკატმა.

“არ არის უფლება, მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენო,” – მოკლედ უპასუხა ადვოკატს მოსამართლემ.

პროცესის დასრულებამდე მოსამართლემ დარბაზში დარჩენილებს უთხრა, რომ თუ ასე გაგრძელდა, სხდომას საერთოდ დახურავს და მხოლოდ ჟურნალისტებს დაუშვებს.

ამ ინციდენტამდე ბრალდებულები და პროკურორიც დღევანდელ პროცესს დისტანციურად, ელექტრონული პროგრამის საშუალებით ერთვებოდნენ.

“თქვენ იმყოფებით პირობითი მსჯავრის ქვეშ, კარგი არ არის ეს, მინდა გითხრათ,” – მიმართა ბრალდებულებს მოსამართლემ და განუმარტა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მას სასჯელის დამატება მოუწევს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ხულიგნობის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთა ელით ორიდან ხუთ წლამდე, ჯარიმის გადახდა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180-დან 200 საათამდე.

როზო წულუკიძის სასამართლო პროცესიდან დავით მამისეიშვილმა ბრალდებულის ძმა და მამა გააძევა

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობის პასუხი 2000 ლარის ჩარიცხვაზე – დახმარება თუ „ზონდერჯგუფის“ წახალისება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: