მთავარი,სიახლეები

როგორ ვარჩინო ოჯახი? როდის გაიხსნება საზღვარი? – აქცია სარფში [ფოტო, ვიდეო]

01.07.2020 • 3131
როგორ ვარჩინო ოჯახი? როდის გაიხსნება საზღვარი? – აქცია სარფში [ფოტო, ვიდეო]

დღეს, პირველ ივლისს, სარფის საბაჟოსთან დილიდანვე შეიკრიბნენ ქალები, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც თურქეთში სამსახური კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით თურქეთთან ჩაკეტილი საზღვრის შედეგად დაკარგეს.

როდის გაიხსნება თურქეთთან საზღვარი? როგორ ვარჩინო ოჯახი?  – ეს ის კითხვებია, რომელიც ამ ქალებს, და, ასევე, საქართველოს იმ ათასობით მოქალაქეს აწუხებს, რომლებიც ყოველდღიურ ან სეზონურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული თურქეთში. ოთხი თვეა მათ შემოსავალი არ მიუღიათ.

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1 ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1 ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ნუნუ მჟავანაძე ერთ-ერთია იმ ასობით ქალიდან, რომელიც თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ.

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

„პენსიონერი ვარ, სამსახურს ვერ ვპოულობ. დასაქმებული ვიყავი თურქეთში, 6-სულიანი ოჯახი მყავს. 3 მარტის შემდეგ საზღვარი აღარ გადაგვილახავს. კომუნალური გადასახადები გადაგვიხადეს, მაგრამ ეს ამოიწურა, ამ თვიდან ჩვენ არანაირი საშუალება არ გვაქვს, რომ გადასახადები გადავიხადოთ. რით ვიარსებოთ? რით ვარჩინო ოჯახი? ჩემს ოჯახს მე ვარჩენდი. ვის აქვს დანაზოგი, რომ 4-5 თვე, ერთი წელი თავი ვირჩინოთ? თუ საზღვარი არ იხსნება, მაშინ დაგვეხმარონ, მინიმალურად, რომ საჭმელი მაინც ვიყიდოთ და ოჯახები გადავარჩინოთ. გვითხრან, როდის დაგვადგება საშველი, რომ საარსებო წყარო გქონდეს,“ – გვითხრა ნუნუ მჟავანაძემ, რომელიც პენსიონერია.

აქციის მონაწილეები დღეს ითხოვდნენ მთავრობიდან პასუხს კითხვაზე – როდის გაიხსნება საზღვარი.

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

„რა გავაკეთოთ ჩვენ? მეოთხე თვეა სახლში ვზივართ სხვის კისერზე, როგორ ვიცხოვრო?“ – გვკითხა ირინამ, რომელმაც გვითხრა, რომ გორიდან ჩამოვიდა აქციაზე დასასწრებად.

„გაგვაგებინონ, როდის გახსნიან საზღვარს. მძევლები ვართ ამ ქვეყნის? აღარც სამსახური, აღარც არაფერი, მშიერი ხალხი რას იზამს, არავინ არ იცის. რა ვუპასუხოთ ჩვენს შვილებს? ნისიასაც აღარ გვაძლევენ მაღაზიაში,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილე ქალმა.

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

მალე აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გამოჩნდა. „ყველა ქალი ხართ?“ – ჰკითხა მან აქციის მონაწილეებს. „ქალები ვართ, ქალი არჩენს ახლა ოჯახს,“ – ასე უპასუხეს მას.

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ქალებმა, რომლებიც თურქეთში არიან დასაქმებული ყოველდღიურ და სეზონურ სამუშაოზე, ბათუმში ბოლო პერიოდში არაერთი აქცია გამართეს. მათი აქტიურობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაეცა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია როდის გაიხსნება თურქეთის საზღვარი და როდის შეძლებენ ისინი დასაქმებას.

საქართველოში დაახლოებით 130 ათასი ადამიანია, ვისაც საზღვარგარეთ თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარებით შეუძლია ისარგებლოს, მათი უმრავლესობა სწორედ თურქეთში იყო დასაქმებული.

დღეს აქციაზე არაერთხელ ითქვა ისიც, რომ კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის პროცესში ხარვეზებია.

აქციის მსვლელობისას „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა მთავრობის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებთან შეხვედრას. მთავრობაში გვითხრეს, რომ საკითხი გადაწყვეტილი არ იყო, თუმცა აქციის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ თენეიშვილი და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ კახიძე შეხვდნენ. აქციის მონაწილეებთან მათი შეხვედრა დაპირისპირების ფონზე შედგა.

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ზურაბ თენეიშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ საზღვრის გახსნის საკითხი მის კომპეტენციაში არ შედიოდა, 300-ლარიანი, ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად კი მოქალაქეებს აჭარის დასაქმების სააგენტო დაეხმარებოდა რეგისტრაციაში. თემურ კახიძე აქციის მონაწილეებს დასაქმების ბაზაში რეგისტრაციას დაჰპირდა და მათ გადამზადება შესთავაზა, რომ აქციის მონაწილეებმა საქართველოში სცადონ დასაქმება, თუმცა მათ პასუხმა აქციის მონაწილეები გააღიზიანა. „ხუთი წელი ვიყავი დასაქმების ბაზაში, ვიცი, რაც არის,“ – შეეპასუხა თემურ კახიძეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქცია რამდენიმე საათში დაიშალა. ქალები შეთანხმდენ, რომ მორიგი აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან გაიმართება უახლოეს დღეებში. ამჯერად ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, თორნიკე რიჟვაძისგან მოითხოვენ პასუხს კითხვებზე: „როგორ ვარჩინო ოჯახი? როდის გაიხსნება საზღვარი?“

აქცია სარფის საბაჟოსთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით. 1-ლი ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: